Monday, October 8, 2001

მძიმე ყოფაქცევის გოგონები თანამედროვე პლასტმასის მუსიკის წინააღმდეგ

ქართული მძიმე როკი „ემბრიონის“ მდგომარეობაშია
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის შვილი და მისი მეგობრები სიყვარულს პრობლემას უწოდებენ

სამმა პატარა ქართველმა გოგონამ გადაწყვიტა ეხმაურა და შეესრულებინა სუსტი სქესისთვის ცოტა არ იყოს უჩვეულოდ მძიმე მუსიკა. მიუხედავად ამისა, გოგონები ნიჰილისტები არ არიან და ხმამაღლა აცხადებენ: „ჩვენ ჩვენი თაობის ნორმალური წარმომადგენლები ვართ“. სხვათა შორის, გოგონათა როკ-ჯგუფები არა მარტო საქართველოში, მთელს მსოფლიოში იშვიათობაა.

„ემბრიონის“ სამივე გოგონა 1983 წელს არის დაბადებული. ჯგუფის შემადგენლობა: ნინო ლეშენკო (ვოკალი, გიტარა), მაკა ბაქრაძე (ბას-გიტარა) და სოფო ფრუიძე (დასარტყამები).



















„ემბრიონი“ 1999 წლის 3 მარტს სოფომ და ნინომ შექმნეს. ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ და 14 წლიდან სურდათ ჯგუფის შექმნა. მაკა ჯგუფში სოფოს და ნინოს გიტარის მასწავლებელმა მიიყვანა. ნინოს აზრით, სამივენი ერთმანეთს ძალიან შეეწყვნენ და ერთი ბირთვი შეკრეს, ამიტომ სხვა არც არავინ მოუწვევიათ. სიმღერებს და ტექსტებს ნინო წერს. „ემბრიონის“ გამოსვლამ ფესტივალ „მზიურიზე“ ბევრი მუსიკის მოყვარული აღაფრთოვანა და გააკვირვა. „გოგონები და ასეთი მძიმე?“ – გაკვირვებას ვერ ფარავდა ფესტივალის წამყვანი.

ახლახანს გოგონებმა „სოფთ იჯექტის“ სტუდიაში თავიანთი პირველი სინგლი ჩაწერეს და უკვე რადიოებში გაავრცელეს. ისინი ინგლისურად მღერიან. ტრიო „ემბრიონის“ უფრო ახლოს გაცნობის მიზნით, გადავწყვიტე, ინტერვიუ სამივე მათგანისგან ერთდროულად ამეღო.

– გოგონებო, თუ იცნობთ იმ ქართველი მუსიკოსების შემოქმედებას, ვინც ადრე მძიმე როკში მუშაობდა?

მაკა: ძალიან კარგად არ ვიცნობ. ისე, რაღაცეები მომისმენია. მათ უფრო დღევანდელ კონცერტებზე ვუსმენთ, მაგრამ არ მოგვწონს.

სოფო: თავის დროზე, ალბათ, კარგი იყო. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ უკვე მოძველდა. ისე, ჩვენც ძველ მუსიკას ვუსმენთ, მაგრამ რასაც ვუკრავთ, მაინც ახალია. ჩვენ ძველს ახლებურად ვუკრავთ.

– სხვა ქალების ჯგუფი თუ იცით საქართველოში?

სოფო: რატომ ქალები? ჩვენ გოგონები ვართ. მსგავსი ჯგუფი, მგონი, არ არის და ეს გვსიამოვნებს. ისე, ადრე „მზიური“ იყო.

– რუსული ენა უფრო კარგად იცით, თუ ინგლისური?

სოფო: მე ინგლისური უფრო კარგად ვიცი.

ნინო: მართალია, მთლად უკრაინელი არა ვარ, მაგრამ გვარი ხომ მაქვს და სახლში ქართულად და რუსულად ვლაპარაკობდით, ამიტომ რუსული ისევე კარგად ვიცი, როგორც ქართული. რა თქმა უნდა, ინგლისურიც ვიცი.

მაკა: ინგლისურს საერთოდ ვერ ვფლობ. ვიცი რუსული, ვსწავლობ გერმანულს.

– როგორი მშობლები გყავთ და როგორ უყურებენ ისინი თქვენს ამ საქმიანობას?

სოფო: მამა ჩემნაირია. მე პატარა მამა ვარ, ანუ ისეთივე, როგორც ის. ერთმანეთს ყველაფერში ვუგებთ. ყველანაირად ხელს მიწყობს, რადგან ხედავს, რომ რაღაც გამოგვდის და მე არც დიპლომატობა, არც ფსიქოლოგობა მინდა. მამაჩემი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორია. დედაჩემს ურჩევნია, სხვა საქმე ვაკეთო, რადგან ამას სერიოზულად არ უყურებს, მაგრამ მაინც მხარს მიჭერს. მამა 52 წლისაა, დედა კი 49-ის.

ნინო: მამაჩემი თავიდან ამას ჩემს გართობად აღიქვამდა. ჩემი სიმღერები მოეწონა, რჩევებს მაძლევს და მაქსიმალურად ცდილობს, დამეხმაროს. მასაც უნდა და მეც მინდა, რომ უმაღლესი განათლება მივიღო. არც დედაჩემთან მაქვს პრობლემა, რადგან ჩემი ყველა სიმღერა მოსწონს და აღფრთოვანებული ამბობს, გენიოსი შვილი მყავსო.

მაკა: იმას, რომ დაკვრა მოვინდომე, ჩვენს ოჯახში ჩვეულებრივად შეხვდნენ, რადგან ჩემი ძმაც უკრავს. მამაჩემი ხელს არ მიშლის, პირიქით, მეხმარება. დედაჩემი პიანისტია და ამ ამბავს შეგუებულია.

– მართალია, ბავშვობის ასაკიდან გამოსულები არ ხართ, მაგრამ მაინც, საინტერესოა, როგორი ბავშვობა გქონდათ?

სოფო: ძალიან ცელქი, მოუსვენარი ვიყავი და ყველა არანორმალურს მეძახდა. დღესაც ასეთი ვარ და ამბობენ – „ავადმყოფია ეს ბავშვი და რა ვქნათ!“ გონებრივად ყველაფერი წესრიგში მაქვს. უბრალოდ, ძალიან ცელქი ვარ და ყველაფერი მინდა ვიცოდე, ძალიან ინტერესიანი ვარ. კიდევ ჩემზე ამბობენ, რომ თავისებურიაო. არ ვიცი, როგორიც ვარ, ისეთი ვარ და, რაც მთავარია, მეგობრები მიგებენ.

ნინო: მატერიალურად არაფერი მაკლდა, უზრუნველი, წყნარი ბავშვობა მქონდა. ძალიან წყნარი, მშვიდი ვიყავი, ჩხუბი არასოდეს მყვარებია. ახლა უფრო ცელქი და მოძრავი გავხდი.

მაკა: არც სიცელქით, არც თავისებურებებით არ გამოვირჩეოდი. წყნარი, მშვიდი ბავშვი ვიყავი, კარგად ვსწავლობდი და ვუკრავდი.

















– თუ ასეთი უზრუნველი ბავშვობა გქონდათ, რატომ გადაწყვიტეთ მძიმე მუსიკის დაკვრა? ეს მამების თაობის გავლენაა თუ, უბრალოდ, მოგწონთ ძველი როკი და საერთოდ, რატომ ხმაურობთ?

სოფო: მამაჩემი ასეთს არაფერს უსმენდა. თავის დროზე „ბითლზების“ მოყვარული იყო და ახლა ხალხური სიმღერები მოსწონს. არავის ზეგავლენა არ მქონია. საკუთარ თავში აღმოვაჩინე, რომ რატომღაც ეს მუსიკა უფრო მსიამოვნებს და მომწონს. ვერ ვუსმენ თანამედროვე პლასტმასის მუსიკას.

ნინო: მამაჩემის წყალობით კასეტებზე „ფარლებს“, „ზეპელინებსა“ და „ბლექ საბათს“ ვუსმენდი. ახლა მე და მაკა „გუანო ეიპსს“ ვსუმენთ.

მაკა: მართალია, მშობლებიც უსმენდნენ ასეთ მუსიკას, მაგრამ უფრო ჩემი ძმის დამსახურებაა, რომელსაც ყველაფერში ვბაძავდი. მერე კი ეს მუსიკა ძალიან მომეწონა.

– ქართველებიდან ვინ მოგწონთ?

სოფო: ქართველების დიდი მსმენელები არა ვართ. ძალიან მოგვწონს „ინსაიტი“, „სოფტ იჯექტი“. მოგვწონს ჯგუფი „ადრენალინი“, რომელიც კონცერტებზე არ გამოდის და რომლის გიტარისტი, აჩიკო, ჩვენი ხელმძღვანელია.

– თქვენ ისეთ ასაკში ხართ, რომ გრძნობები გექნებათ მოჭარბებული...

სოფო: გრძნობა, რა თქმა უნდა, მოდის, მაგრამ მაგის გამო არ ვბრმავდებით და მუსიკას ან სხვა საქმეს თავს არ ვანებებთ. სიყვარული მხოლოდ სულელებისთვისაა ბრმა. ადამიანს თუ ელემენტარული შეგნება აქვს, ისე არ დაბრმავდება, რომ ყველაფერს თავი დაანებოს.




















ნინო:
ახლა არანაირი გრძნობები არა მაქვს და არც მინდა მქონდეს, რადგან საკუთარ თავს ბავშვად ვთვლი. ყველაფერს თავისი დრო აქვს. მე ჯერ იმ ასაკში არა ვარ, გრძნობებს მივხედო. ეს პრობლემები ჯერ არ გვაწუხებს.

მაკა: ასეთი პრობლემა არც მე მქონია.

– რატომ უწოდებთ სიყვარულს პრობლემას?

მაკა: ჰო, ასეთი გრძნობა არ გამჩენია. ჯერ არავინ მყვარებია, არც ახლა მიყვარს და მე მგონი, ახლო მომავალში არც არვინ შემიყვარდება. გულით კი არა, ცივი გონებით ვმოქმედებ. საერთოდ არ ვარ ემოციური. შესაძლოა, რაღაც ვარიანტში მუსიკა სიყვარულთან არის დაკავშირებული, მაგრამ არა ჩემთვის.

ნინო: ბევრი სიმღერა მართლაც ვიღაცისთვის მიმიძღვნია, მაგრამ მერე მინანია.
სოფო: მაგრამ სიმღერა ხომ დარჩა?

– „სოფტ იჯექტის“ სტუდიაში თქვენ ჩაიწერეთ სიმღერა Player In The Fire (ცეცხლში მოთამაშე). რაზეა ეს სიმღერა?

ნინო: წარმოიდგინე, ვითომ ვიღაც მეპრანჭება, ხოლო მე არ მინდა ეს და ვაფრთხილებ, რომ არ გამეპრანჭოს, თორემ ინანებს. მოკლედ, ასეა.

სოფო: მართალია, გაპრანჭვა „გრეხი“ არ არის, მაგრამ როცა გაწუხებენ, ჩვენ ვაგრძნობინებთ, რომ ყველამ საკუთარი ადგილი იცოდეს.

– რატომ მღერით ინგლისურ ენაზე?

ნინო: ვცდილობთ, ქართულ ენაზეც დავწეროთ, მაგრამ ისეთ მუსიკას ვასრულებთ, ქართული ტექსტი ცუდად და უხეშად ჟღერს, რაც გვაბრკოლებს.

– როგორი დამოკიდებულება გაქვთ ალკოჰოლთან და ნარკოტიკებთან?

სოფო: ნარკოტიკები ნამეტანია, ნაღდად არ ვეტანებით. კონცერტის წინ ხმის გასაძლიერებლად ნინო 100 გრამ კონიაკს სვამს, მე და მაკა კი ლუდს ვეტანებით. ლოთებს ნამდვილად ვერ დაგვიძახებთ.

– რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა?

სოფო: პრობლემაა ის, რომ ქუჩაში გამოსულს არც ერთი გაღიმებული სახე არ გვხვდება. ადამიანები ერთმანეთზე უმეტეს შემთხვევაში (მეგობრებს არ ვგულისხმობ) მხოლოდ ცუდს ფიქრობენ. ხალხს ცხოვრების სურვილი უნდა ჰქონდეს.

ნინო: მე მგონი, ადამიანებს შორის ასეთი ცუდი დამოკიდებულება ცუდი მატერიალური მდგომარეობის გამოა. ყველას უჭირს და, პირველ რიგში, ოჯახის რჩენაზე ფიქრობენ. ადამიანი ლუკმა-პურის საშოვნელად ასე ტყავში არ უნდა ძვრებოდეს.

– როგორ წარმოგიდგენიათ იდეალური საქართველო?

სოფო: მე ვინატრებდი, არ იყოს მტერი, გაჭირვება და ყველა თავის საქმეს მართლა გულით აკეთებდეს. სასურველია, ადამიანებს შორის ურთიერთობა მშვიდი იყოს. მართალია, ცუდის გარეშე კარგს ვერ დააფასებ, მაგრამ ამდენი ცუდი მართლაც ზედმეტია.

ნინო: ჩემი აზრით, მტერი უნდა იყოს, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის ძალა უნდა გვქონდეს. ამისთვის მატერიალური უზრუნველყოფაა საჭირო, რომელზეც მთავრობამ უნდა იზრუნოს.

სოფო: არა მარტო მთავრობამ, მე თუ მკითხავ – ყველამ.

ნინო: უპირველეს ყოვლისა, მაინც მთავრობა უნდა იყოს კარგი.

სოფო: კარგი და ცუდი არაფერ შუაშია, უბრალოდ, მთავრობას ძალა უნდა ჰქონდეს. დღეს კი ძალა არავის აღარ აქვს.

ნინო: ძალა კი აქვთ, უბრალოდ, არაფრის კეთება არ უნდათ.

მაკა: წინა პლანზე მარტო მატერიალური კი არა, სულიერიც უნდა წამოვწიოთ, კულტურა, ხელოვნება, რომელიც დღეს უკანა პლანზეა.

ნინო: დღეს ყველა საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ფიქრობს და არა კულტურაზე...

ასე, ერთმანეთთან წაკამათებით დაასრულეს საუბარი მძიმე, მაგრამ ძალიან საყვარელმა გოგონებმა.

No comments:

Post a Comment