(გასული საუკუნის 90-იანი წლების მცირე მიმოხილვა)
შეიძლება ითქვას, რომ გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში საქართველოში როკ-მუსიკამ თავისი განვითარების მაღალ ეტაპს მიაღწია. იმ პერიოდში ძალიან მომრავლდა ინდივიდუალური კოლექტივები და ცალკეული შემსრულებლები, რომლებიც არანაირად არ ჯდებოდნენ კომუნისტური გაგების ფილარმონიულ სტრუქტურებში. ბევრი მრავალფეროვანი შემსრულებელი უკრავდა როგორც დედაქალაქში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, თელავში, რუსთავში, გორში და სხვა ბევრ პატარა ქალაქშიც კი. ამ ახალ თუ ძველ შემსრულებელთაგან ბევრი კლასიკურ, ზოგი კი მკვეთრად ქართული ხასიათის როკს ასრულებდა. საქართველოში განვითარდა ანდერგრაუნდის მუსიკაც.
ალტერნატიული მუსიკის დიდი პროცენტი მხოლოდ ქართულ ენაზე სრულდებოდა. 80-იანი წლების მიწურულიდან ჯერ კიდევ ანდერგრაუნდში იყვნენ: ლადო ბურდული და მისი ჯგუფი „რეცეპტი“, დადა დადიანის ჯერ „ტაქსი“, მერე “საბავშვო მედიცინა“, ქიშო გლუნჩაძის „ქიშო და ინტელიგენცია“, რობი კუხიანიძის „აუტსაიდერი“. ოდნავ მოგვიანებით ინდივიდუალური შემოქმედება დაიწყო ირაკლი ჩარკვიანმა. ამათი შემოქმედება მარტოოდენ მუსიკა არ იყო. მათი ქართული სიმღერა, ამავე დროს, პროტესტულ სოციალურ ხასიათსაც ატარებდა.
სამწუხაროდ, საქართველოს თანამედროვე მუსიკის წიაღში ვერა და ვერ ჩამოყალიბდა ე. წ. მეინსტრიმი – ძირითადი მიმდინარეობა, რომელიც ხელს უწყობს როგორც პოპის, ასევე როკის განვითარებასაც. ამ მიმართულებაში ჩევულებრივ „შერბილებული“ ხასიათის მქონე ინტელექტუალური და მაღალი ტექნიკის მქონე მუსიკოსები ძალაუნებურად აღმოჩნდებიან ხოლმე. სხვათა შორის, 90-იანი წლების დასაწყისში ჯგუფებს: „სახლი“, „პრიზი“, „გენეტიკური კოდი“, Soft Eject და სხვებს ჰქონდათ ქართული მეინსტრიმის შექმნის საკმაოდ წარმატებული მცდელობა. ისინი ძალიან მაღალი კლასის ინტელექტუალურ მუსიკას ასრულებდნენ, მაგრამ საქართველოში შექმნილმა არასახარბიელო პოლიტიკურ-სოციალურმა მდგომარეობამ ამ ჯგუფების უმრავლესობის დაშლა და მუსიკოსების სამშობლოდან წასვლა გამოიწვია. სამშობლოდან ბევრი სხვა როკ-მუსიკოსიც გადაიხვეწა. ელემენტარულად ნორმალური სამუშაო პირობების არსებობის შემთხვევაში, ბევრი მათგანი ალბათ, საკმაო პოპულარობას მიაღწევდა და უშინაარსო ფონოგრამულ მუსიკას მათი სახით მძლავრი ალტერნატივა ეყოლებოდა.
სწორედ ამ პერიოდში საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოვიდა ქართველ როკ-შემსრულებელთა პირველი ფირფიტები. 1992 წელს მოსკოვში Fee Lee-ს ლეიბლში ჩაწერილი „აუტსაიდერის“ ვინილის ფირფიტა Inside გამოვიდა. ამავე წელს ფირმა „მელოდიამ“ გამოსცა ჯგუფ „პრიზის“ ალბომი „ღამის ქალაქი“. 1993 წელს გერმანიის ქალაქ კიოლნში საკუთარი პირველი მაგნიტოალბომი Svan Songs ჩაწერა ირაკლი ჩარკვიანმა. ალბომი თბილისში ძალიან კარგად გაიყიდა. ამავე წელს გერმანიაში საკუთარი სამი სიმღერა ჩაწერა Soft Eject-მაც. გამოვიდა გიტარისტ თემურ ყვითელაშვილის ფირფიტებიც. ძალიან საინტერესო ჯგუფები გამოჩდნენ ქართულ მძიმე როკშიც, რომელთა უმრავლესობის რეპერტუარი ძირითადად ინგლისურენოვანი იყო.
90-იანი წლების ქართული როკის პოპულარიზაციის საქმეში არ შეიძლება არ აღინიშნოს ჩვენი მასმედიის წვლილიც. საქართველოს რადიოს პირველ არხზე დაინტერესებულ მსმენელს დარეჯან გულიაშვილის „როკი ნაშუაღამევში“ ბევრი ქართული როკ-ჯგუფის ახალი ჩანაწერის მოსმენა შეეძლო. ძალიან სამწუხაროა, რომ დარეჯანი ასე ახალგაზრდა წავიდა ჩვენგან. ქართულ პრესაში ახალ და ძველ როკ-მუსიკოსებს მკითხველებს ბიძინა მაყაშვილი აცნობდა. ახალი მუსიკალური სტილებისა და საქართველოს როკის პროპაგანდა მთლიანად საკუთარ თავზე აიღო განახლებულმა და ახალგაზრდულმა ტელეკომპანია „მეორე არხმა“. ასეთი გადაცემებიდან, რა თქმა უნდა, გამოირჩეოდა სერგი გვარჯალაძის ჯერ „ძაპო“, მერე „Showbiz დაიჯესტი“, რომლის ერთ-ერთ რუბრიკაში „ცოცხალი“ ტელესტუდიაში ცოცხლად მღეროდნენ ზოგჯერ ყველასათვის უცნობი ახალბედა მუსიკოსები. „მეორე არხზე“ გადიოდა, აგრეთვე ლადო ბურდულის „ოქროს ბიბილო“, გადაცემები: „პირველი დუბლი“, „როკ-სიტი“, კაკო ვაშალომიძის გიტარის შემსწავლელი გადაცემები და ქუთაისში მომზადებული როკ-გადაცემა „კედელი“. საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ძირითადად, თბილისსა და ქუთაისში დროდადრო როკ-აქციებიც ეწყობოდა.
როდესაც სამოქალაქო ომი და არეულობა დაიწყო, როკ-მუსიკოსებს (ისინი, ვინც საქართველოში დარჩნენ) შემოქმედებითი საქმიანობა არ შეუწყვეტიათ, თუმცა მათ ღონისძიებებს საგრძნობლად აკლდა მასშტაბურობა. ომის შემდეგ როკი, ისევე, როგორც ყველაფერი საქართველოში, განადგურების პირას იყო მისული. თუმცა 1996 წელს თბილისში დიდი ფესტივალი „მარგარიტა 96“ მაინც ჩატარდა, რომელმაც ახალი სახელები წარმოაჩინა თანამედროვე მუსიკის თითქმის ყველა სფეროში. თავად როკ-მუსიკამ კი თანდათანობით დაკარგა ის სოციალური მუხტი, რაც აღნიშნული ათწლეულის პირველ ნახევარში ასე თვალშისაცემი იყო. სცენაზე გამოჩდნენ ჯგუფები: „33ა“, „მთვარის კლუბი“, „ზუმბა“, ბაკურ ბურდული, „ვაკის პარკი“, „კონტრაბანდა“, გიგა მიქაბერიძე, „ამორალი“, Best History და მრავალი სხვა საინტერესო შემსრულებელი.
მნიშვნელოვანი ეტაპი ქართულ თანამედროვე მუსიკაში პირველი ქართული რადიოების – „რადიო 106“-ის („პირველი რადიო“) და „რადიო 105“-ის („მამაჩემის რადიო“) შექმნა იყო. დამოუკიდებელმა რადიოებმა ქართველ მუსიკოსებს საშუალება მისცა, მსმენელისათვის საკუთარი შემოქმედება შეეთავაზებინა. 90-იანი წლების მიწურულს ლადო ბურდულმა თბილისში ორი გრანდიოზული საერთაშორისო ფესტივალი მოაწყო, ხოლო კომპანია „მი ფა სი“-მ 2000 წელს პირველი მატარებლის ფესტივალი ჩაატარა, რომელშიც საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის, როკ-ჯგუფებმაც.
დღეს თანამედროვე ქართულ მუსიკაში მიმდინარე პროცესები საფუძველს მაძლევს განვაცხადო, რომ ჩვენთან როკი ბევრს არ სჭირდება და ჩვენი ქვეყანა თანდათან ემსგავსება სამხრეთევროპულ იმ ქვეყნებს, სადაც ფართო მასას სერიოზული მუსიკის მოსმენას ურჩევნია მხოლოდ იცეკვოს და კურტუმო აქნიოს მდარე მასკულტურულ პროდუქციაზე, რომელშიც ცოტაა ცოცხალი, ნაღდი ინსტრუმენტები და ბევრია სენტიმენტალური ცრემლების ღვარღვარი და ტირილი.
No comments:
Post a Comment