Monday, November 26, 2001

ყოფილი ქართველი პანკი და ყოფილი საქართველო

„დარდუბალას“ ანიმატორი კახა ერისთავი ერთ დროს პანკი იყო

სსრკ–ში ყველაზე მეტად, ალბათ, მაინც პანკს ებრძოდნენ, რადგან ჩვენი ყოფილი წყობისთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო თუნდაც პანკური „მოდა“ – აბურძგნული თმები, დახეული ჯინსები, „ბულავკაგაყრილი“ ტყავის ქურთუკები, კისერზე ჩამოკიდებული ფაშისტური სვასტიკები თუ პატარა ბოქლომები და სხვა. პანკ-მუსიკა თავის თავში ატარებდა ექსტრავაგანტიზმს, დიდ პროტესტს, აგრესიასაც კი. დასავლეთში პანკი მოძრაობადაც კი ჩამოყალიბდა და მასზე, როგორც კულტურაზე, დაიწყეს საუბარი.

„ახალი ვერსია“ ქართველ პანკს, კახა ერისთავს ესაუბრა, რომელიც ამჯერად მულტსერიალ „დარდუბალას“ ერთ-ერთი ანიმატორია. ამ სერიალის გმირები სწორედ მისი ნახატების წყალობით მოძრაობენ.

---------------------------------------
მცირე პრეს-დოსიე
---------------------------------------
კახა ერისთავი 1962 წლის 8 თებერვალს დაიბადა. დაამთავრა ნიკოლაძის სახელობის თბილისის სამხატვრო სასწავლებელი. 6 წლის განმავლობაში მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი შექმნილია სულხან-საბა ორბელიანის 4 იგავის მიხედვით გადაღებული ანიმაციური მოკლე სერიალი, არის პატარა რეკლამების ავტორი და რამდენიმე პროექტის თანაავტორი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
 
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

კახა ერისთავი: – პანკს მუსიკალურად ვაფასებ, ხოლო ცარიელი პანკი ჩემთვის არაფერია. არ მომწონს ფინური „ოი“ პანკი, თავისი სულელური ოფოფივით ვარცხნილობით.

– მე ვფიქრობ, რომ პანკი მუსიკალურად არავითარ ფასეულობას არ წარმოადგენს.

– მართალი ხარ, მაგრამ 1966-დან 1990 წლამდე დასახელებულ 100 საუკეთესო ალბომებს შორის, მე-2 ადგილზე „სექს პისტოლზის“ Never Mind The Bollocks გავიდა. რატომ? – ალბათ იკითხავთ. აშკარაა, რომ ამ ჯგუფმა მუსიკაში რაღაც გადატრიალება მოახდინა. უხეში შედარებით, ეს იგივეა, ლეონარდო და ვინჩის ნახატების გვერდით რომ მალევიჩი დავაყენოთ. გამოდის, რომ მალევიჩი არ არის ხელოვანი. ჩემს დროს ბევრი დაიღალა როკ-მუსიკაში გიტარის გაწელილი სოლო პარტიებით, ბლექმორით, ჯიმი პეიჯით... პანკებმა ორი-სამი აკორდით, თუნდაც აგრესიით საკუთარი სათქმელი თავისუფლად გამოხატეს. ლონდონის ერთ-ერთ რადიოში მაშინ გამოაცხადეს, ვისაც პანკ-ჯგუფის გაკეთება სურს, საკმარისია სამი აკორდის ცოდნაო. მართლაც, მთავარია, ორი-სამი აკორდი იცოდე და მას სწორი მიმართულება მისცე, ანუ გააჩნია, რომელს რომლის შემდეგ აიღებ.

– რას ნიშნავდა კომუნისტების დროს თბილისში პანკად ყოფნა?

– სხვათა შორის, ჩვენი გამომწვევი ჩაცმულობა ხალხს არც ისე აღიზიანებდა. ბევრი გვითანაგრძნობდა და ერთ „ბულავკას“ მაინც იკეთებდა. მილიციასთან ხშირი კონფლიქტები გვქონდა. მათ არ იცოდნენ, რა იყო პანკი. ისინი ჩვენ მოფაშისტო ელემენტებს გვეძახდნენ, რადგან ფაშისტურ სვასტიკებს ვატარებდით. თუმცა, რა თქმა უნდა, ფაშისტური იდეოლოგიისგან საერთოდ შორს ვიყავით. ჩვენ ფასიტები კი არა, პანკები ვიყავით.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ვატარებდით ჯაჭვებს, ბოქლომებს, რაც შეიძლებოდა მეტ „ბულავკას“ და მავთულებით გაკერილ ჯინსებს. სხვათა შორის, დედაჩემი ძალიან მიწყობდა ხელს – ჩემს ჯინსებზე სხვადასხვა ფერის ნაკერებს ადებდა.
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

– კახა, შენ ადრე მითხარი, რომ სსრკ–ს დასავლეთ ტერიტორია ავტოსტოპებით გაქვს მოვლილი. რა მიზანი გამოძრავებდა?

– სამი თვის განმავლობაში ჩემს მეგობარ გელა პატიაშვილთან ერთად (იგი ახლა საფრანგეთში ცხოვრობს) მთელი დასავლეთ რუსეთი და ბალტიისპირეთი მოვიარე. ეს მოგზაურობა თბილისელი ჰიპის, სოტეროს ხსოვნას მივუძღვენით, რომელიც ანალოგიურ მოგზაურობაში ხშირად მხოლოდ სამი მანეთით წასულა.

ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა თქვა, ადამიანს ყველაზე დიდ სიამოვნებას სექსი და ნარკოტიკი ანიჭებსო. მეორემ აღნიშნა, ყველაზე დიდი ნარკოტიკი ძალაუფლების ხელში ჩაგდება და ხალხის მართვა არისო (ამიტომაა საქართველოში სკამებისთვის ასეთი ბრძოლა). მე მინდა ვთქვა, რომ ყველაზე დიდი ნარკოტიკი მაინც თავისუფლებაა, ანუ როდესაც თავისუფალი ხარ და რაც გინდა, იმას აკეთებ. მე მგონი ყველაფრის გაკეთების უფლება გაქვს, ოღონდ შენს გვერდით მდგომს ზიანი არ უნდა მიაყენო. აბა, რა მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს, მე სვასტიკიან მაისურს ჩავიცვამ თუ ლენინისთავიანს? ჩვენმა ჩაცმულობამ მოსკოვში იქაურები შოკში ჩააგდო.

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
წარმოიდგინე, სვასტიკიანი, დაჯღაბნილმაისურებიანი, დახეულჯინსებიანი ქართველები ყველას უცხოელები ვეგონეთ. 1982-83 წლებში ვერავის წარმოედგინა სსრკ-ში ასეთი აგრესიული პანკები თუ არსებობდნენ. კომუნისტებმა პანკებისგან რაღაც მონსტრი შექმნეს, რაც ასე არ იყო.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

– როგორი ურთიერთობა გქონდათ რუს და ბალტიისპირებ პანკებთან?

– ძალიან კარგი, განსაკუთრებით ბალტიისპირელებთან. მათთან ხშირად ჩავდიოდით. როცა იქაური პანკები გავიცანით, უკვე გვქონდა მათზე გავლენა. ჩვენ მათ ყურებს ვუხვრეტდით, „ბულავკებს“ ვუკეთებდით. მე და ჩემი ქუთაისელი მეგობარი ვატო ნებიერიძე („სტრადივარი“) 1981 წელს ერთად ვიყავით ვილნიუსში. მაშინ იქ პანკები ცოტანი იყვნენ. მეორედ ჩასვლისას უკვე ბევრნი დაგვხვდნენ. ისინი თავიანთ პანკურ მისწრაფებებს უფრო ვერ ამჟღავნებდნენ. უბრალოდ, ვიწრო ტუსოვკებში მუსიკას უსმენდნენ. ვერსად ჩნდებოდნენ, რადგან რისკზე ვერ მიდიოდნენ.

მოსკოვში ერთი კაუნასელი პანკი იყო. მის გარეგნობას ენით ვერ აღგიწერ. როცა იგი სამხედრო კომისარიატში მივიდა, კომისიამ დაიწუნა – ამას ჯარში ვერ გავუშვებთ, შეხედეთ, რას გავსო!

– კახა, შენი აზრით, როგორი ენერგია მოდიოდა პანკ-ჯგუფებისგან, დადებითი თუ უარყოფითი? 

– პირადად ჩემთვის დადებითი ენერგია მოჰქონდათ, რადგან, როდესაც პანკს ვუსმენდი, ქუჩაში მართლაც კარგად მოვდიოდი, თავისუფლად ვსუნთქავდი. ძალიან მღლიდა მძიმე როკის საგიტარო გაწელილი პარტიები. თუმცა ახლა პანკ-როკს ვეღარ ვუსმენ.

– პანკობა ცხოვრების გარკვეული ეტაპია, არა?

– ნამდვილად. ასეთი მუსიკის მოყვარულმა ეს ეტაპი უნდა გაიაროს. გელა პატიაშვილმა ერთხელ თქვა: თუ 18-19 წლის ასაკში პანკი ხარ, ცუდი არ არის, მაგრამ თუ 30 წლის ასაკშიც პანკი რჩები, ე. ი. „დურაკი“ ხარო. მე მაგ პერიოდს ჩემი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო და ტკბილ მოსაგონარ მონაკვეთად ვთვლი. სხვათა შორის, უკვე მაშინ მქონდა გადაღლის მომენტები, როცა ავტოსტოპებით მოგზაურობა მომბეზრებია და თბილი აბაზანა მომნატრებია.

– შენი აზრით, საქართველოში პანკ-ჯგუფები თუ არსებობენ?

– არ ვიცი. ისე, დადა დადიანის ჯგუფზე ამბობდნენ, პანკს უკრავსო. მე ჯარში 1985 წელს წავედი. მანამდე, მგონი, არავინ უკრავდა, რადგან ეს ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული. ლადო ბურდულს პანკს ეძახდნენ, მაგრამ ის თვითონაც იძახდა, რომ პანკი არ იყო, უფრო თავისუფალი მუსიკოსია. არც ქიშო ყოფილა პანკი. მე მიმაჩნია, რომ ქუთაისელი გოგა ჟორჟოლაძე და „აუტსაიდერი“ კარგი პანკები არიან. როდესაც მე და მალხაზიმ („დარდუბალას“ მეორე ანიმატორი) 10 წლის წინ „აუტსაიდერის“ პირველ ალბომს, „ინსაიდს“ მოვუსმინეთ, ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდა, თუმცა ესეც არ არის სუფთა პანკი. არ მინდა „აუტსაიდერს“ ეწყინოს, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან აურ–დაურიეს. ხოლო მათ პირველ ალბომს მოსკოვში დიდი რეზონანსი ჰქონდა.

– დარდუბალას პერსონაჟების ხატვისას, მუსიკალური გამოცდილება თუ გეხმარება?

– შალვა რამიშვილს ამ მხრივაც დიდი დამსახურება აქვს. ხან The Clash–ს ჩართავს, ხან მაიკლ ჯექსონს. თბილისელი როკერები „დარდუბალას“ ნახვისას ამბობენ, ამ სერიალში მუსიკალურად კახას გავლენა იგრძნობაო, მაგრამ მე ვამბობ, რომ ეს შალვა რამიშვილის მიერ დადებული მუსიკაა.

No comments:

Post a Comment