Monday, November 12, 2001

ქართული და რუსული როკის ურთიერთსიყვარულისა და მეობის ამბავი

„ჩვენ გადავურჩით რუსული პოპ-მუსიკის ექსპანსიას, მაგრამ, სამაგიეროდ, რუსული ნაგავი ქართულით შეიცვალა“

საბჭოთა კავშირში შემავალ ხალხებს თავის დროზე საერთო კულტურული სივრცე, ხელოვნების თითქმის ერთიანი აღქმა ჩამოუყალიბდათ. ეს განსაკუთრებით შეიმჩნეოდა ქრისტიანული ორიენტაციის რესპუბლიკებში, თუნდაც რუსეთსა და საქართველოს შორის. მიუხედავად ინდივიდუალური კულტურული ფასეულობებისა, ამ ორ ქვეყანას შორის მაინც იყო და დღესაც თვალშისაცემია საერთო კულტურული სივრცე.

რა თქმა უნდა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი კულტურული ურთიერთგავლენა არასოდეს ყოფილა ცალმხრივი ან ექსპანსიური. ყველა ვარიანტში, კულტურული ურთიერთობები, პოლიტიკურისგან განსხვავებით, თავად ქვეყნის შიგნით მაინც ინარჩუნებდა თანასწორ-უფლებიანობას, მიუხედავად იმისა, რომ ტოტალიტარული რეჟიმის დროს ქართულ კულტურას უცხოეთში ძალიან ხშირად რუსულად მიიჩნევდნენ.

შესაძლოა, ძალით თავსმოხვეული, ერთი შეხედვით, ხელოვნური ატმოსფერო სუფევდა საერთო ქვეყნის ამ ორ სუბიექტს შორის, მაგრამ თავად ხელოვანები არც ისე დაჩაგრულად გრძნობდნენ თავს და ურთიერთშორის ძალიან კარგი დამოკიდებულება დაამყარეს, რაც დღესაც გრძელდება.

იატაკქვეშეთიდან მიწის ზემოთ ამოსულნი

გასული საუკუნის 60-იანი წლების მიწურულისა და 70-იანების დასაწყისში დაბადებულთა თაობისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საბჭოთა როკის აღორძინება 80-იან წლებში, ე.წ. „გლასტნოსტისა“ და „პერესტროიკის“ დროს. აღსანიშნავია, რომ ეს არ იყო რაღაც კოსმეტიკურად გალამაზებული მუსიკა, რაც მაშინდელ მსოფლიოს როკს ახასიათებდა. ბევრი ექსპერტი იმასაც კი აღნიშნავდა, რომ ამ პერიოდში მსოფლიოს როკი განსაკუთრებულ კრიზისს განიცდიდა. ამბობდნენ, რომ თანამედროვე მუსიკამ სოციალური მუხტი დაკარგა, რაც სწორედ მაშინ გამოიკვეთა ყოფილ სსრკ-ში. საბჭოთა როკ-მუსიკოსებმა იატაკქვეშეთიდან მიწის ზემოთ დაიწყეს ამოსვლა.

საინტერესო იყო სიმღერათა პოეზიაც. მომღერლები თითქოს შეგუებულები იყვნენ მდგომარეობას: сигареты в руках, чай на столе – так замыкается круг (ვიქტორ ცოი), ან мы сидим на кухне и курим „пегас“, ей пегас, что ты хочешь от нас? (ალექსანდრ სკლიარი, „ვა-ბანკი“). მიუხედავად ამისა: перемен требуют наши глаза! – იძახდა ვიქტორ ცოი, кто спалит Москву? – ეჭვობდა მეამბოხე სკლიარი. Надо вернуть эту землю себе!, – მოითხოვდა ბორის გრებენშიკოვი.

„ახალი ვერსია“ დაინტერესდა, როგორი ურთიერთობა არსებობდა რუს და ქართველ როკ-მუსიკოსებსა და მოყვარულებს შორის, არსებობდა თუ არა ურთიერთგავლენა ამ ორი ქვეყნის როკ-სკოლებს შორის და არსებობს თუ არა რუსული მასკულტურის ექსპანსიის საშიშროება დღეს საქართველოში. ამ საკითხების ირგვლივ კომენტარი ვთხოვეთ იმ პიროვნებებს, რომლებიც ამ მოვლენებს შიგნიდან ადევნებდნენ თვალყურს.

ირაკლი ჩარკვიანი (მუსიკოსი): „რუს მუსიკოსებთან უკვე დიდი ხანია ურთიერთობები მაქვს. დადა დადიანი და მე მოსკოვში ჩვენი ჯგუფით ხშირად ჩავდიოდით. 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში რუსული როკი უფრო ინტენსიურად ჟღერდა. ძალიან სერიოზული ურთიერთობა მქონდა ბორის გრებენშიკოვთან, რომელსაც ლონდონში ყოფნისას რაღაც პერიოდის განმავლობაში ხშირად ვხვდებოდი და ბევრს ვსაუბრობდით რუსულ კულტურასა და როკზე. დღეს უფრო ნაკლებად მაქვს შეხება რუსულ თანამედროვე მუსიკასთან, ამ შემთხვევაში როკს ცალკე არ გამოვყოფ.

რუსულ და ქართულ როკს შორის ურთიერთგავლენა არსებობდა, მაგრამ უფრო „პერესტროიკის“ დროს. მაშინ ჩვენ რაღაც საერთო სოციალური პრობლემები გაგვაჩნდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ რუსეთის მხრიდან ჩვენზე სერიოზული მუსიკალური გავლენა არ არსებობდა. პირიქით, ვთვლი, რომ კლასიკური ხასიათის მქონე რუსულ თანამედროვე მუსიკაში ბევრი ელემენტი სწორედ ქართულიდან მოხვდა. საერთოდ, ქართული როკი და ალტერნატივა რუსულთან შედარებით, უფრო არტისტულია. თანამედროვე მუსიკის რუსული სკოლა უფრო აკადემიური გახდა ამ ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, რუსული ჯგუფების იდეები ძირითადად დასავლური თანამედროვე კულტურიდანაა წამოღებული, ხოლო რუსულ თანამედროვე მუსიკას ორიგინალურობა თითქმის არა აქვს, რასაც ანალოგიურ ქართულ მუსიკაზე ვერ ვიტყვი.

ჩვენ უკვე გამოვიარეთ რუსული კულტურული ექსპანსია. იქითკენ მიბრუნება ბუნებრივად უკვე წარმოუდგენელია თუ რაღაც პოლიტიკური ცვლილებები არ მოხდა. როგორც შეამჩნიეთ, საქართველოში შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ცუდი ხარისხის რუსულ მუსიკას უსმენდა. რაც არ უნდა ცუდი იყოს ქართული მასობრივი მუსიკა, მაინც პოზიტიური მოვლენაა, რომ მან რუსულის ადგილი დაიკავა“.


რუსულისაგან იზოლირებული ქართული როკი

ბიძინა მაყაშვილი (ჟურნალისტი): „არაფორმალური ურთიერთობები საბჭოთა პერიოდში რუსეთისა და საქართველოს როკ-მოყვარულებს შორის, რა თქმა უნდა, არსებობდა. ჩვენი მუსიკოსები კარგ ურთიერთობაში იყვნენ რუსებთან და ბალტიისპირელებთან, მაგრამ პიროვნულ დონეზე და ქართული როკი უფრო იზოლირებულ მდგომარეობაში იყო, ანუ მოწყვეტილი იყო საერთო საბჭოთა სივრცეს. დღეს მისვლა-მოსვლა ჭირს და ყველაფერი ისევ პიროვნულ ურთიერთობებზეა დამყარებული, ანუ ვიღაცას ვიღაცა ჩამოჰყავს, თუნდაც შარშან ლადო ბურდულმა სკლიარი ჩამოიყვანა. ეს კი, არ ნიშნავს, რომ ჩვენს შორის ურთიერთობები ვითარდება, რადგან დროებითი კონტაქტებია.

პრინციპში, რუსულ როკს ჩვენზე გავლენა ჰქონდა. ადრეულ საბჭოთა პერიოდში ქართველი ახალგაზრდები „მაშინა ვრემენის“ დასავლურ ჯგუფებთან ერთად უსმენდნენ, თანაც რუსული ტექსტი ჩვენთვის უფრო გასაგები იყო, ვიდერ ინგლისური. ასეთ კარგ ტექსტებს ჩვენს სცენაზე მაშინ ვერ მღეროდნენ. „პერესტროიკის“ დროს ყველაზე დიდი გავლენა, პირველ რიგში, ბორის გრებენშიკოვის „აკვარიუმს“ და მერე იური შევჩუკის „დდტ“-ს ჰქონდა.

ოდნავ ადრე რუსული პოპის ჩვენში დამკვიდრების საშიშროება ნამდვილად არსებობდა. საბედნიეროდ, ჩვენ ამას გადავურჩით, მაგრამ რუსული ნაგავი ქართულით შეიცვალა. რუსული როკ-მუსიკის ექპანსიის საშიშროება საქართველოში ნამდვილად არ არის. თუ მაღალი დონის როკი იქნება, კი ბატონო, იყოს მისი ექსპანსია, ამის არ მეშინია".

ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენთან თავში არავის მოსვლია (ალბათ კულტურული „ექსპანსიის“ საშიშროების გამო), საქართველოში მოეწვია ისეთი შესანიშნავი ჯგუფები, როგორებიცაა: „მაშინა ვრემენი“, „აკვარიუმი“, „დდტ“, „ნაუტილუსი“, „აგატა კრისტი“, „ალისა“, „ჩაი ეფი“ და სხვები.

საქართველოს ყველაზე ხშირი სტუმარი მხოლოდ ალექსანდრ სკლიარი და მისი ჯგუფი „ვა-ბანკი“ იყო, რომელიც ყველაზე ხშირად კონცერტებს ქუთაისში მართავდა. ბოლოს ის თბილისში 2000 წლის მაისში იყო ლადო ბურდულის მირ მოწყობილ საერთაშორისო ფესტივალზე. კონცერტის შემდეგ მე საშას ვესაუბრე, რომლის ფრაგმენტსაც ახლა გთავაზობთ.


რა სიამოვნებს რუსული ანდერგრაუნდის მომღერალს ძალიან

ალექსანდრ სკლიარი (თანამედროვე რუსული როკის შესახებ): „დღეს რუსული როკი უფრო პროფესიონალური გახდა. ახლა ბევრ ახალგაზრდა ჯგუფს, რომელიც 90-იან წლებში შეიქმნა, უკვე ძალიან მშვიდად შეუძლია ნებისმიერ დასავლურ კოლექტივთან ერთად დაუკრას. მათი დონე უკვე საკმაოდ მაღალია. მეორეს მხრივ, შეიცვალა ის პირობები, რომელშიც ჩვენ ადრე ვუკრავდით. დღეს მუსიკა უფრო კომერციული გახდა. ამან როკზე ცუდად იმოქმედა, რადგან ეს მუსიკოსს აიძულებს, შოუბიზნესის წინაშე ქედი მოიხაროს. ადრე, როცა ასეთი პირობები არ არსებობდა, როკი უფრო სუფთა და მართალი იყო. ახლა ბევრი ჯგუფი გამოჩნდა, რომელიც ცდილობს პუბლიკას თავი აუცილებლად მოაწონოს. ამას კი ხელოვნების დანაკარგის ხარჯზე აკეთებენ. ამ შემთხვევაში ცდილობ, დაუკრა ის, რაც მაყურებელს მოსწონს და არა ის, რაც შენს სულს სურს. ეს კი უკვე შინაგანი პოპსაა. ამ გაგებით როკ-ენ-როლმა თანდათან შოუბიზნესში გახსნა დაიწყო. აღარ არსებობს ის სოციალური მუხტი, რაც ჯგუფებს ადრე გააჩნდა.

– რა ურთიერთობები გაქვთ ქართულ ჯგუფებთან?

– მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან ნაკლებად ინფორმირებულები ვართ თანამედროვე ქართულ როკზე. ბედნიერება მქონდა მოსკოვში ქუთაისურ ჯგუფ „აუტსაიდერთან“ მემუშავა, რომლის ფირფიტის პროდიუსერიც ვიყავი. ძალიან მომწონს თბილისური „კონტრაბანდა“ და ქუთაისური „ბესტ ჰისტორი“. ამ ფესტივალზე კი ყველაზე მეტად ბათუმურმა „ინსაიტმა“, განსაკუთრებით მისმა ვოკალისტმა ქალმა მომხიბლა. კარგი იყო ბაკურ ბურდული და მისი ჯგუფი. ვთვლი, რომ ქართულ როკს მკვეთრად გამოკვეთილი საკუთარი სახე აქვს. ძალიან მსიამოვნებს, რომ ქართული ჯგუფები ძირითადად მშობლიურ ენაზე მღერიან. როკი ისეთი მოვლენაა, რომ მისი უცხო ენაზე შესრულება არ შეიძლება, ამით აუცილებლად რაღაც დაიკარგება. პოპ-მუსიკა შეიძლება სხვა ენებზეც შესრულდეს, მაგრამ როკს ეს არ ეხება. ამ გაგებით ქართველები სწორ გზაზე დგახართ.

მინდა დანანებით აღვნიშნო, რომ ჩვენ ერთმანეთისგან იზოლირებულები ვართ. მე, მაგალითად არ მახსოვს მოსკოვური ჯგუფის გასტროლები საქართველოში ან პირიქით. ეს, რა თქმა უნდა, ცუდია. აუცილებელია მუსიკალური ინფორმაციების გაცვლა, ერთმანეთის მოსმენა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ასლირება. ერთმანეთს მხოლოდ უნდა ვუსმინოთ“.

 

No comments:

Post a Comment