Tuesday, November 20, 2001

მასმედია და მასკულტურა

დაკვირვებული თვალი ალბათ შეამჩნევს, რომ საქართველოს ე.წ. შოუბიზნესი მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობს, ანუ მასმედიაში შუქდება და ტრიალებს მხოლოდ ის პროდუქცია, რომელიც მასას (ჩვენს ქვეყანაში სიტყვა „მასა“ რატომღაც არ უყვართ) მოსწონს. თანაც მოსწონს დღეს, ამჟამად და არ იცის, არც აინტერესებს, როგორი იქნება ეს პროდუქცია ხვალ. შესაძლებელია, ვინმემ იკითხოს – მერე და რა მოხდა, ამაში ცუდი რა არისო? ამ კითხვის დამსმელს, რა თქმა უნდა, შესაძლოა, დავეთანხმო, რადგან, რაც ყურადღების ცენტრშია, ყველაფერი კარგად იყიდება. აქედან გამომდინარე, ბიზნესმენიც კმაყოფილია და მომხმარებელიც, მაგრამ (ოჰ, ეს „მაგრამ“) არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის, რაც მასას აინტერესებს, ჩვეულებრივი მასკულტურის პროდუქტია, რომელიც აუცილებელი არ არის ხელოვნების შედევრი იყოს.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ელექტრონულ მედიაში თითქმის არ არსებობს საინტერესო ორიგინალური პროექტი, რომელიც თავისი კონცეფციით განსხვავებული იქნება უმრავლესობისგან. თითქმის ყველა მათგანი აკმაყოფილებს მხოლოდ უმრავლესობის ინტერესებს და თავად ჟურნალისტები, სამწუხაროდ, არ გვთავაზობენ ინდივიდუალურ შეხედულებებს, რომელიც შესაძლოა მაყურებლისათვის (მსმენელისათვის) ფასეული, თუნდაც შემეცნებითი ან სააზროვნო გახდეს. უბრალოდ, შეგიძლიათ დამისახელოთ თუნდაც ერთი მუსიკალური ტელე ან რადიო გადაცემა, რომელიც ასახავს თანამედროვე მსოფლიო მუსიკაში მიმდინარე პროცესებს? საქართველოში უკვე აურაცხელი მუსიკალური რადიოარხი არსებობს. გვაქვს მუსიკალურ-გასართობი ტელევიზიაც „პირველი სტერეოს“ სახით, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფაქტობრივად, არ არსებობს ერთი გადაცემაც კი მუსიკაზე. გამონაკლისია სერგი გვარჯალაძის რადიოგადაცემები Musichall და Muzorama, რომელიც „რადიო 101“-ის ეთერში გადაიცემა ორშაბათობით. „მაესტროს“ მიერ მომზადებული „კარაოკეები“, „ვიდეო-რადიოები“ და ა.შ., ნამდვილად არ არის მუსიკალური გადაცემები, მიუხედავად იმისა, რომ „პირველი სტერეო“ ნამდვილად მუსიკალური არხია.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს მსოფლიოში მასა უფრო ხშირად ბესტსელერებს, ვთქვათ, უპოპულარესი და უმდიდრესი (რა თქმა უნდა, მხოლოდ ფინანსურად) მწერლის, ვინმე დანიელა სტილის ნაწარმოებებს ეტანება, ალბათ, სისულელე იქნება ახალგაზრდა მის უაზრო ცრემლებსაღვარღვარებელ მსუბუქ მელოდრამებზე გაიზარდოს და არ წაიკითხოს სერვანტესი ან ვაჟა-ფშაველა. ასევე არაბუნებრივია კაცმა (თუნდაც ქალმა) რამე შეიძინოს ე.წ. „ჟიზნენი“ ფილმების ყურების შედეგად და არ გაეცნოს ფელინის, ფორმანის, ჯარმუშის ან ელდარ შენგელაიას კინოშედევრებს.

მით უმეტეს, სასაცილოა, ახალ თაობას მუსიკალური გემოვნება ჩამოუყალიბოს ბრიტნი სპირსმა, „ბექსტრიტ ბოისმა“, მაიკლ ჯექსონმა (ამას კლიპები მაინც უვარგა ხოლმე), „ბონი ემმა“ ან ვიღაც ალსუმ თუ ფილიპ კირკოროვმა და ის არ იცნობდეს კლასიკურ მუსიკას, ან „პინკ ფლოიდს“, „აკვარიუმს“ თუ რეზო ლაღიძესა და ჰამლეტ გონაშვილს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თანამედროვე მუსიკა არ არის მარტოოდენ მუსიკა. იგი არის ელექტრონული ტექნოლოგიების განვითარების პროდუქტი და ამავე დროს, ინდივიდუალური, შინაგანი მუხტი, რომელიც რეალობას ასახავს გამოხატვის ნებისმიერი ფორმით, რომლის საფუძველია საცეკვაო მუსიკა.

კაცობრიობის ისტორიაში ხელოვნების შედევრებს მხოლოდ ერთეულები ქმნიდნენ, დანარჩენები, უბრალოდ, ხელოსნობდნენ. შოთა რუსთაველს, ისევე, როგორც მოცარტს, ბევრი მიმბაძველი ჰყავდა, მაგრამ ისტორიამ მხოლოდ რუსთაველისა და მოცარტის სახელები შემოგვინახა და არა მათი მიმბაძველების. ასევე ხდება თანამედროვე მუსიკაშიც. გასული საუკუნის 70-იან წლებში (ოჰო, „საუკუნის ნოსტალგია“ მომაწვა) ათი ათასობით ადამიანი მუსიკოსობდა, მაგრამ ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ათეული გვახსოვს, რომელიც მართლაც ღირებულს (არა მარტო კარგად გასაყიდს) ჰქმნიდა, თუმცა ამ შემთხვევაში გამონაკლისებიც არსებობდნენ. მაგალითად, პანკ-ჯგუფ „სექს პისტოლზ“-ს შესაძლოა მუსიკალური ფასეულობა არ შეუქმნია, პირიქით, ის ამსხვრევდა გაბატონებულ, ხელოვნურად გალამაზებულ რეალობას თავისი აგრესიულობით, დესტრუქციული მუსიკით, თუ ერთი შეხედვით, ამორალურობით, მაგრამ ისინი გულწრფელები იყვნენ, როგორც ოდნავ ადრე – ჰიპები. ეს ჯგუფი დღეს ლეგენდაა. მასზე იღებენ ფილმებს, წერენ წიგნებს და იცავენ დისერტაციებს.

რა თქმა უნდა, მასკულტურის არსებობა ცუდი არაა. თუ ირგვლივ არსებულ რეალობას, სიბინძურეს იუმორის თვალით შეხედავთ და ნორმალურად აღვიქვამთ, შესაძლოა კვენტინ ტარანტინოს ფილმების მსგავსი გადავიღოთ და არა ცხოვრებისეული (ე.წ. „ჟიზნენი“) კინო თუ ტელე სისულელე; შეგვიძლია დავწეროთ ფრენკ ზაპას დონის იუმორით გაჟღენთილი მუსიკა და ალა ბორისოვნასავით აღარ დავაღვარღვარებთ ცრემლებს. ერთი სიტყვით, ჩვენ აუცილებლად უნდა ვიაზროვნოთ. თუ ანალიზის უნარი გვექნება, აუცილებლად ვნახავთ გოგი გვახარიას „ფსიქოს“, არადა, ჩვენს ცნობისმოყვარეობას ტელეგადაცემა „თინეიჯერი“ დააკმაყოფილებს და აგვიხსნის ვართ თუ არა „თინეიჯერები“, ან რატომ გაიზარდა მერაია ქერიმ უკანალი. მთავარი არის არა გაგება, არამედ შეძლებისდაგვარად არაზედაპირული აღქმა მუსიკისა და საერთოდ, ხელოვნებისა. ალბათ, მაშინ შევამჩნევთ, რომ ჩვენს ძალიან მრავალფეროვან სამშობლოში თითქმის მთელი მედია ერთ სიხშირეზეა აწყობილი, ანუ ის მოწოდებულია გააშუქოს მხოლოდ ის, რაც მასას აინტერესებს და არა იმის მცირე პროცენტი მაინც, რაც ღირებულია.

ალბათ, დამეთანხმებით, რომ მასმედიას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს მომავალი თაობის გემოვნების ჩამოყალიბებაში და არ იყოს მიმდინარე პროცესების მხოლოდ ანარეკლი. ჩვენ ერთად შეგვიძლია გავერთოთ და ვიფიქროთ კიდეც, ანალიზი გავუკეთოთ ყველაფერს, რაც ჩვენს ირგვლივ მუსიკაში ხდება. თამამად აღვნიშნოთ, რომ ესა თუ ის პროდუქტი მართლაც ნაგავია, ან პირიქით, თორემ გაგვევსო სცენა ხელოსნებით, რომლებსაც ჩვენი დუმილის გამო ჰგონიათ, რომ ხელოვანები არიან (არაერთხელ განუცხადებიათ ტელეეკრანებიდან). მათ იუმორის გრძნობა არა აქვთ. ხოლო ვისაც იუმორის გრძნობა არა აქვს, იმის გრძნობა ხომ მაინც უნდა ჰქონდეს, რომ იუმორის გრძნობა არა აქვს? არც ეს გააჩნიათ...

ისინი ჩვენი მასმედიის და არა ხალხის რჩეულები არიან. დღეს მასკულტურის პირველი მეხოტბე, სწორედაც რომ მხოლოდ მუსიკალური მასმედიაა, რადგან ის ჭყინტია, ანუ საყმაწვილოა („თინეიჯერულია“). სერიოზულ ხალხს აბა, სად ცალიათ მუსიკისათვის? ფულია საკეთებელი...

4 comments:

  1. ლონგო,

    რას ერჩი ამ ხალხს? თავისი გასჭირვებიათ. ისე, ჩვენში დარჩესდა, რომ არ არსებობდეს ეს პაპსა, ხომ აღმოჩნდებოდა ჩვენი სექს პისტოლზი პუგაჩოვას, ან ბოლო ბოლო ბოიზთუმენის ადგილას?

    ყველაფერი გემოვნების ამბავია, და რა თქმა უნდა, ფულის. არ იშოვება ამ შემოქმედებაში დიდი ფული, და თუ გინდა შეე*ი.

    ასეა საჭირო და მიტომ!

    ReplyDelete
  2. სვეტის გამოქვეყნების თარიღს დააკვირდი მამუკ. 2001 წელს ნამეტანი გაბრაზებული ვიყავი. :D ახლა მთლად ეგრეც არა ვარ. .)

    ReplyDelete
  3. Getanxmebi dzalian kargi shenishvnebia

    ReplyDelete