ტუსოვკები სოლოლაკზე, სადაც მოხვედრა ყველა მოკვდავს არ შეუძლია
გეცოდინებათ, სიტყვა „ტუსოვკას“ ქართული შესატყვისი არა აქვს, თუმცა იგი ჩვენთან ძალიან კარგად დამკვიდრდა, პირველ რიგში, როკერების ტერმინოლოგიაში. თბილისში ყველაზე მეტად სახელგანთქმულია ლადო ბურდულის ტუსოვკა, რომელსაც იგი წლების განმავლობაში საკუთარ სახლში სოლოლაკზე აწყობს.
ამ ტუსოვკებზე კონცერტები, ხან მოდელების ჩვენება და მრავალი სხვა საინტერესო რამ ეწყობა. შეკრებილი საზოგადოება უსმენს, უყურებს, საუბრობს, აფასებს, მსჯელობს, ცეკვავს და, რაც მთავარია, ფიქერობს. ალბათ, ამიტომ იზიდავს ლადო ბურდულისა და მისი მომხიბლავი მეუღლის, ალიონას მყუდრო (ზოგჯერ ხმაურიანიც) ბინა ახალგაზრდებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტუსოვკაზე შემთხვევითი ადამიანი ვერაფრით მოხვდება. ლადოს ბინაში მოსახვედრად ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ის არის, რომ სტუმარი ლადოს მეგობარი, ან მეგობრის მეგობარი მაინც იყოს. შემოსასვლელში გამოკრულია სია, რომელშიც მოხვედრილ პიროვნებას ლადოს ნებისმიერ ტუსოვკაზე ყოველთვის შეუძლია ესტუმროს.
ლადო ბურდულის უნივერსიტეტი
თამუნა ფრიდონაშვილი (სტუდენტი): „ლადოს ტუსოვკებზე უბრალოდ კარგი, დადებითი ენერგეტიკაა და ყოველთვის მოვდივართ, ენერგიას ვიღებთ და მივდივართ. ამ ენერგიას ლადო თვითონ გამოყოფს. მისი სახლი ერთადერთი ნათელი წერტილია ამ ქალაქში, სადაც შეიძლება მოხვიდე და როკ-ენ-როლის მართლა ცოცხალ მუსიკას მოუსმინო“.
თავად მუსიკოსი თავის ტუსოვკებს ასე აფასებს: „ეს სახლი კი არა, უნივერსიტეტია, სადაც ის ადამიანები, რომელთაც ხელოვნება უყვართ, უფრო მეტს სწავლობენ, ვიდრე გამოყინულ ინსტიტუტებში ბაბუაჩემის და ბებიაჩემის ხნის ლექტორებთან“.
ბოლო ტუსოვკაზე ლადოს ძმის, ბაკურის მინი კონცერტი გაიმართა. მაყურებელი პირდაპირ იატაკზე დაგებულ ლეიბებზე ჩამოსხდა. ოთახებში სხვადასხვა ფერის განათებები იყო ჩართული. იატაკზე დაყრილი წვრილად დაჭრილი ქაღალდის ნაკუწები ლუმინაციურ სინათლეზე ჯადოსნურად ბრწყინავდა სწორედ იმ ოთახში, სადაც ბაკური და მისი ჯგუფი უკრავდა. რამდენიმე სიმღერის შემდეგ მაყურებელი წამოიშალა და ცეკვა დაიწყო.
სტუდენტების გარდა, მის ტუსოვკებზე მუსიკოსები, ლადოს ახლო მეგობრები და, რა თქმა უნდა, მუსიკის მოყვარულებიც მიდიან. იქ „აუტსაიდერის“ ფრონტმენი, რობი კუხიანიძეც ვნახე, რომელმაც მოკლედ თქვა: „მე ამ სახლში ვცხოვრობ, დედას გეფიცები“. აქვე იყო გამოცდილი როკერი, თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალი პანკი, გიორგი ხადური, რომელმაც მითხრა:
„ლადოს ტუსოვკებთან შედარებით, სხვა ტუსოვკები არაფერია. თუ შენ ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებული არა ხარ, როგორც ლადო, ბაკურა ან მე, აბა, გიტარა რად გინდა ხელში? ლადოს აგერ უკვე 16 წელია ვიცნობ, მაგრამ ამ ტუსოვკებზე 8-9 წელია დავდივარ. აქ მაშინ მოვდივარ, როდესაც რამე საქმეზე კონკრეტულადაა „საბაზრო“. უბრალოდ, სალაპარაკო გროვდება, აქ დაჯდები და ლაპარაკობ. მართალია, ლადო მაინც თავისას აკეთებს, მაგრამ მერე რა ტო? დღეს ტუსოვკების დეფიციტი მთელს მსოფლიოში იგრძნობა. შეიძლება დროს აღარ ესადაგება, რადგან ირგვლივ ქაოსია და ყველაფერი ერთმანეთშია აღრეული, მაგრამ რაღაც ხელშეუხებელი ხომ უნდა დარჩეს? ჩემთვის როკ-ენ-როლის იდეა სუფთა და ქალწულებრივია. თუმცა გახრწნილება მოიტანა, მაგრამ იდეა ქალწულებრივია – არ არის გარყვნილი. ლადო კი ცდილობს, როკ-ენ-როლის სიქალწულე შეინარჩუნოს და ამას თუნდაც იმით ახერხებს, რომ დღემდე ერთი დისკი არ ჩაუწერია. მე პირადად როკ-მუსიკისადმი ასეთი მიდგომით გავიზარდე“.
ბაკურ ბურდულმა ტუსოვკაზე საკუთარ კომპოზიციებთან ერთად, ლადოს ცნობილი სიმღერა „სიყვარულის ანგელოზო“ შეასრულა.
ბაკური საკუთარ ძმაზე:
„ლადო ჩემზე 10 წლით უფროსია. ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, ის რომ მუსიკას ქმნიდა. ძალიან საინტერესო სამყარო დამანახა, ანბანი მასწავლა და მოთხრობები მერე თვითონ დავწერე. ლადო, ქიშო, დადა, სერგი – ჩემთვის სათაყვანებელი თაობის წარმომადგენლები არიან. მათ უამრავი შესანიშნავი სიმღერა შექმნეს. სამწუხაროა, რომ მათ ნამუშევრებს ბევრი არ იცნობს, რადგან მათი სიმღერების ჩანაწერები არ იყიდება“.
ბლიც-ინტერვიუ ლადო ბურდულთან
– ლადო, შენს ტუსოვკებზე ერთი და იგივე ადამიანები დადიან თუ იცვლებიან?
– გააჩნია, ვისი ტუსოვკებია. ისე, ყველას თავისი მეგობრები მოჰყავს. არსებობს სტაბილური ტუსოვკა, რომელიც ჩემი მეგობრებისგან შედგება. მათ კიდევ თავისი მეგობრები მოჰყავთ, რომლებიც სიაში არიან შესულები.
– სიები რისთვისაა საჭირო?
– ეს სიები საჭიროა იმისთვის, რომ ვინმემ ზედმეტი ადამიანი არ მოიყვანოს.
– რა პრინციპით არჩევ სტუმრებს?
– ვარჩევ იმ პრინციპებით, რომლის მიხედვითაც ჩემთან მოსვლა შეუძლიათ.
– იმ ხალხის წინაშე თუ იღებ პასუხისმგებლობას, ვინც შენს ტუსოვკებზე იკრიბება?
– რა თქმა უნდა, მაგას რომ არ ვგრძნობდე, ამ სიებს არ გავაკეთებდი და აქ შემოსვლა ასე კონფიდენციალური არ იქნებოდა.
– საინტერესოა, ბოლოს და ბოლოს, თუ აპირებ ალბომის გამოშვებას?
– ამ ალბომების ჩაწერის ორგანიზებაში ძალიან სუსტი ვარ. ახლა გოგონები და ბიჭები ავიყვანე, რომლებიც ძალიან სერიოზულები აღმოჩდნენ. მე მგონი, ესენი დამეხმარებიან, რომ ჩავწერო. მე არ ვიცი ის ენა, რომლითაც შეიძლება ორგანიზატორებს ესაუბრო. ამ ბავშვებმა კი იციან. სამწუხაროა, რომ დღემდე არაფერი ჩამიწერია, მაგრამ ვიმედოვნებ, ესენი ყველაფერს დაარეგულირებენ. ამ საკითხებს ჩემი გიტარისტი გიორგი გვარჯალაძე აგვარებს, რომელიც ადრე გიგა მიქაბერიძესთან ერთად უკრავდა და, ჩემი აზრით, შესანიშნავი ბასისტია. მას საკუთარი პროექტიც აქვს და ჩემთანაც თანამშრომლობს. ალბათ მის სტუდიაში ჩავწერთ ყველაფერს. შედეგად ალბათ რამდენიმე ალბომი გამოვა.
No comments:
Post a Comment