ალბათ ბევრს ახსოვს ცნობილი რეჟისორის
ალან პარკერის გახმაურებული ფილმი „კედელი“, რომელიც ბრიტანული როკის ლეგენდარული ჯგუფის,
„პინკ ფლოიდის“ ანალოგიური სახელწოდების ალბომის მიხედვითაა გადაღებული. ამ შესანიშნავ
ფილმში არის კადრები, რომელშიც ერთნაირ ტანისამოსში გამოწყობილი ბავშვები მწყობრად
მიაბიჯებენ და ბოლოს ხორცის საკეპ მანქანაში ცვივიან, საიდანაც ერთფეროვანი ხორცის
მასა გამოდის.
„აქ ბავშვებს აჭმევენ მძღნერს“ –
დაახლოებით 5 წლის წინ ქართული ნონკონფორმისტული როკ-ჯგუფის „აუტსაიდერის“ ფრონტმენი,
რობი კუხიანიძე მთელი ხმით გაჰყვიროდა მიკროფონში. იმ „კომუნისტმა“ პატრიოტებმა, რომლებიც
გასული საუკუნის 70-იან, თუ 80-იან წლებში საზიზღარი კაპიტალისკებისკენ თითს იშვერდნენ
და გაჰკიოდნენ შეხედეთ, იქ ბავშვებს მონებივით ამუშავებენო, დღეს ღიპები ფეხებზე ჩამოაწყვეს
და საკუთარი ქვეყნის ბავშვები ქუჩებში სამათხოვროდ გაჰყარეს... სახლებში დარჩენილი
ბავშვების მშობლებმა კი ჩათვალეს, რომ მათი პატარები აუცილებლად უნდა „გავარსკვლავდნენ“
და ცდილობენ ისინი მუსიკას კი არა, პირდაპირ „ხალტურას“ მიაჩვიონ.
ცივილიზებულ ქვეყნებში ბავშვის მუსიკალურ
აღზრდას უფროსი თაობა ძალიან სათუთად ეპყრობა და დასავლეთში დღესაც ასეა. თანამედროვე
საქართველო ამ შემთხვევაშიც ორიგინალურობით გამოირჩევა. მუსიკალური სასწავლებლების
მაგივრად დღეს მოდაში ე.წ. მუსიკალური საბავშვო სტუდიები შემოვიდა, რომელთა უმეტესობაშიც,
– ბავშვებს თანამედროვე ქართული ესტრადის სიმღერებს „ასწავლიან“. თანაც მნიშვნელობა
არა აქვს, გამოირჩევა თუ არა იგი, სათანადო მუსიკალური მონაცემებით.
ბავშვებს, ამ სტუდიებში, ძალით ტენიან
და მათგან რატომღაც რობერტინო ლორეტობას მოითხოვენ. თუმცა, ეს რა გასაკვირია, როდესაც
უფროსებს თავად დაუკარგავთ სირცხვილ-ნამუსი და უნიჭობისგან პირდაფჩენილები „გვხიბლავენ“
სცენიდან „სამარშუტო სიმღერების“ შესრულებით. ამას კი მშობლები სხვა მშობლების ჯიბრზეც
აკეთებენ (ისევე, როგორც ყველაფერში, აქაც მიზეზი ცნობილი ქართული მიმბაძველობაა, ანუ
მისი შვილი არავისზე ნაკლები არ უნდა იყოს, ბავშვი არ უნდა „დაიჩაგროს“). დედ-მამის
საბოლოო მიზანი ხომ ნაშიერის რადიოში ან ტელევიზორში „გაჩითვაა“, სადაც საცოდავ ბავშვს
გულისამრევად გამოპრანჭავენ ხოლმე და უფროსების მსგავს მარაზმულ სიმღერებს ამღერებენ.
საწყალი პატარებიც ქალობანას და კაცობანას თამაშობენ და ცდილობენ რაც შეიძლება მეტი
ფსევდოგრძნობითი ჟესტიკულაციებით „იმღერონ“, რომ ვიღაც მისდღემჩი გაუთხოვარი ლაურა
ან მაყვალა მასწავლებლის საყვედურები არ დაიმსახურონ. თუმცა ბავშვს რა უნდა მოსთხოვო,
როდესაც მის საქმეს კომპიუტერი (ხმისა და ტონალობის დაყენება-გასუფთავება) აკეთებს.
მართლაც ცოდოა არამუსიკალური ბავშვი,
როდესაც ასეთ ხორცის მანქანაში გატარებულს შთააგონებენ, რომ ის მართლა მღერის. ასეთი
ბავშვი მერე ფიქრობს (უფრო სწორად, აფიქრებინებენ), რომ ის აუცილებლად მომღერალი უნდა
გამოვიდეს. სინამდვილეში მშობელს საკუთარი „ტალანტი“ რომელიმე ხმის ჩამწერ სტუდიაში
მიჰყავს ე.წ. საბავშვო სტუდიის ხელმძღვანელთან, რომელსაც ხშირად თავად არა აქვს სმენა.
ფულის გადახდის შემდეგ ბავშვის ნაცოდვილარს კომპიუტერი ასწორებს. ამის მერე კი, როგორც
უკვე ზემოთ აღვნიშნე, მშობლები ცდილობენ მეზობლებისა და „მტრების“ თვალის დასავსებად,
სიმღერის მიხედვით გადაღებული კლიპი რომელიმე ტელევიზიით ეთერში გაუშვან. საინტერესოა,
ამ ბავშვების სიმღერას მათივე ნათესავების გარდა თუ უყურებს და უსმენს ვინმე საერთოდ.
ამერიკის თითქმის ყველა მსხვილ ტელევიზიაში
კანონით იკრძალება სწორედ ის, რაც ჩვენში ასე ფეხმოკიდებულია, – ეთერში მცირეწლოვანის
სიმღერა. მართალია, ევროპის ქვეყნებსა და რუსეთში ეს ნებადართულია, მაგრამ იქ ბავშვები
ცოცხლად მაინც მღერიან და ეს ყველასთვის სავალდებულოა – მიუხედავად იმისა, დაუშვებს
თუ არა პატარა მომღერალი სცენაზე შეცდომებს. მით უმეტეს, ეს ბავშვს თუ არა, ვის უნდა
ეპატიოს?
დღეს, საქართველოში, უკვე მომრავლდნენ
„ვარსკვლავი ბავშვები“, რომელთაც უფროსების კონცერტებზეც კი ეძახიან. რა თქმა უნდა,
ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ საინტერესოა, ამ ბავშვებმა, იციან თუ არა, რა არის მუსიკა,
იცნობენ თუ არა მუსიკის კლასიკოსებს ან წარმოდგენა აქვთ თუ არა, რა არის ფოლკლორი.
რა უნდა მოსთხოვო მცირეწლოვანს,
როდესაც, შესაძლოა, მისმა მშობელმა და თვით სტუდიის ხელმძღვანელმაც კი არ იცოდეს მუსიკის
ელემენტარული ნიუანსები. საყურადღებოა, რომ მშობლები საერთოდ არ არიან დაინტერესებულები
ნაშიერს რომელიმე ინსტრუმენტზე დაკვრა მაინც შეასწავლონ. უფროსები დღეს რატომღაც თვლიან,
რომ ბავშვებმა მხოლოდ უნდა იმღერონ, რადგან ქართველებს თურმე მხოლოდ სიმღერის ნიჭი
გვქონია... გაუგებარია, ამის შემდეგ რა ფონოგრამული კონცერტების აკრძალვის მოთხოვნები
აგვიტყდება ხოლმე, რადგან ყველას სიმღერა სურს და არა – ინსტრუმენტზე დაკვრა. თუმცა
ისიც საკითხავია, ჰქვია თუ არა ამას საერთოდ სიმღერა.
თბილისში კი თითქმის ყოველდღე ახალ-ახალი
საბავშვო სტუდიები, ანუ ფულის მახეები იხსნება, სადაც ბავშვებს სიმღერის ნაცვლად მხოლოდ
უშნო პრანჭვა-გრეხაში ავარჯიშებენ. კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი და ინსტრუმენტალისტობა
დღეს აღარავის აინტერესებს, რადგან არამომგებიანია, თანაც მას ნიჭი და შრომა სჭირდება.
მიუხედავად ყველაფრისა, ამ ერთფეროვან მასაში არსებობენ მართლაც ნიჭითა და მუსიკალურობით
დაჯილდოვებული ბავშვები, ოღონდ მთავარია, არ დაემგვანონ იმ ყოვლად გადაგვარებულ უფროს
მომღერლებს, დღეს რომ ასე აგვიკლეს მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით. მათთვის ხელის
შეწყობა ნამდვილად არ იქნება ხორცის საკეპ მანქანაში გატარება.
გასული საუკუნის 90-იან წლების დასაწყისში
ამერიკულმა ჯგუფმა „ნირვანამ“ და მისმა აწგარდაცვლილმა ფრონტმენმა კურტ კობეინმა საკუთარ
სიმღერაზე Come As You Are გადაიღეს არაჩვეულებრივად ორიგინალური კლიპი, სადაც წყალში
ჩაგდებული ახალშობილი ანკესზე წამოგებულ ფულის ბანკნოტისაკენ მიცურავს და ხელებით ეპოტინება.
საშინელებაა, რომ დღეს ბავშვები ბედის ანაბარა არიან მიტოვებულნი და მათ განათლებაზე
ცოტა ვინმე თუ ფიქრობს. ისინი თითქოს თავისთვის იზრდებიან და უჰაერო სივრცეში (კლიპში
ამის სიმბოლო წყალია) ხელით იმ ანკესზე წამოგებული დოლარისკენ მიიწევენ, რომელიც ღიპიანმა
კაცმა სახალისოდ გადმოუგდო. თუ ბავშვმა წყლიდან არ ამოყვინთა და ჰაერი არ ჩაისუნთქა,
აუცილებლად დაიხრჩობა...
კარგი იქნება თუ ზოგიერთი მშობელი
მიხვდება, რომ პატარისთვის სიმღერის დაძალებას და მატრაკვეცობას ჯობს მათმა ნაშიერებმა
ბავშვობა არ დაკარგონ და საშინელ ეგოისტებად არ ჩამოყალიბდნენ. დაე ბავშვებმა ლაღად
იცხოვრონ! დაე, მუდამ იყოს მზე!
No comments:
Post a Comment