„თან მიხარია, თან არ ვიცი, ჩემს თავს რა ხდება“ – ამბობს ქალი, რომელსაც ღვთისმშობელი რამდენჯერმე გამოეცხადა
გულნარა კუკულაძეს სასწაულებრივი ხილვების გამო, ბევრი მართლმადიდებელი მორწმუნე იცნობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ხშირად ეცხადება ივერიის „კარიბჭის“ ხატის სახით (ეს სიწმინდე ამჟამად ათონის მთის ბერთა სავანეშია დაბრძანებული).
წმინდა მამების გადმოცემით, სწორედ ივერიის ღვთისმშობლის („კარიბჭის“) ხატი იცავს სრულიად საქართველოს და მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ იგი საქართველოში ჩამობრძანდება.
ამ გამოცხადების შესახებ ინფორმირებულია თვით სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II, რომელმაც აკურთხა ის ადგილი მახათას მთაზე, სადაც ღვთისმშობელი მარიამი გულნარა კუკულაძესთან ერთად რამდენიმე მლოცველსაც გამოეცხადა. როგორც ქალბატონმა გულნარამ აღნიშნა, პატრიარქი მას „ღვთისნიერ ადამიანს“ უწოდებს. ათონის მთის ბერთა სავანეში, სადაც „კარიბჭის“ ხატი ბრძანდება, ადრე სასწაულებრივი წყარო მოდიოდა, რომელიც ამ ხატის მთაზე აბრძანების შემდეგ წამოსულა. მერე ათონის მთას ნაპრალი გასჩენია და წყაროც დამშრალა. სამაგიეროდ, სულ ახლახან მახათას მთაზე წყაროს ამოუხეთქავს იმ მაყვლის ძირში, რომელიც ზამთარ-ზაფხულ ყვავის. ამ მთაზე მას შემდეგ, რაც ხალხმა სასწაული იხილა, პეტრე-პავლეს ტაძრის მოძღვარმა, მამა არჩილმა (მინდიაშვილმა) ჯვარი აღმართა, ხოლო მომავალში ტაძრის აშენება არის დაგეგმილი.
გულნარა კუკულაძე-ანთიძე ბათუმელია, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ღვთის სურვილით ჩამოსულა და ვაზისუბანში ღვთისმშობლის მითითებით შეუძენია ბინა. მიღებული აქვს საშუალო განათლება, ჰყავს მეუღლე, ქალ-ვაჟი და შვილიშვილები. ადრე ეკლესიური არ ყოფილა. მადლიერებით იხსენებს თავის სულიერ მოძღვარს, წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის დეკანოზ არჩილ მინდიაშვილს, რომელმაც პირველმა ირწმუნა მისი და მახათას მთაზეც ჯვარი მან დაამაგრა. ეკლესიის ასაშენებელი თანხები კი პეტრე-პავლეს ტაძარში გროვდება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოცხადებების შესახებ ქალბატონი გულნარა თავად გვესაუბრა.
პირველი გამოცხადება – „უზარმაზარი ხატი ჰაერში მოძრაობდა“
10 სექტემბერს უკვე ბინდდებოდა, როდესაც ხატებთან ვილოცე. ღვთისმშობელს შევთხოვე, ეჩვენებინა საქართველოს, ჩემი ოჯახის მომავალი და ტახტზე დასასვენებლად წამოვწექი. ვიგრძენი, სული ამომდიოდა და კიდურებს ვეღარ ვიმორჩილებდი. ვიფიქრე, ალბათ, ვკვდები-მეთქი. რაღაც არარსებულ გვირაბში ძალიან დიდი სისწრაფით გავედი და პირდაპირ საბოსტნე ნაკვეთში (სახლთან ახლოს) ამოვყავი თავი. ისე თავისუფლად ვიგრძენი თავი, მერე უკვე უკან დაბრუნება გამიჭირდა. ნაკვეთში შევამჩნიე, რომ სხვადასხვა სარწმუნოებისა და ეროვნების ხალხი იქედნურად დამცინოდა. მეწყინა და საშველად მეზობლებს მოვუხმე, მაგრამ არავინ გამოიხედა. როდესაც გარეთ გამოსვლა დავაპირე, სიომ დაუბერა და ხალხი შეიშმუშნა. მოვიხედე და უზარმაზარი ხატი ჰაერში მოძრაობდა. ღვთისმშობელს შეწუხებული სახე ჰქონდა. მითხრა, მოსასვენებელ ადგილს ვეძებ, მიმაწვინე სადმე სულის მოსათქმელადო. ღობეზე მივაწვინე. თვალიდან საოცრად კამკამა ცრემლი ჩამოსდიოდა.
ხატის კუთხე გაწითლებული იყო, ნაკვერჩხალი ჩანდა და კვამლი ამოსდიოდა. როდესაც ეს დავინახე, კივილი ავტეხე: სასწრაფოდ წყალი მომიტანეთ, მიშველეთ-მეთქი. ხალხმა ბოთლით წყალი მომაწოდა. როდესაც მივასხი, სიწითლე ჩაქრა, ორთქლი აუვიდა და მეც ცოტა სული მოვითქვი. ხატი წამოიმართა და მე ვუთხარი: ნუ ტირი-მეთქი. ღვთისმშობელმა მომიგო, როგორ ნუ ვტირი, რას ჰგავს ჩემი საყვარელი საქართველო, რატომ დაბეჩავდით ასე და როგორ ვერ მიხედეთ და ვერ მოუარეთ, ნახე, როგორი მხურვალე ვარო. ხელი მოვკიდე და ვიგრძენი საშინელი სიცხე. შენ წადი და ილაპარაკე და ვაი იმას, ვინც შენს სიტყვებს გულთან არ მიიტანს, მე კი არ მივდივარ, მოვდივარო – მითხრა.
მე ვთხოვე, ბოლომდე მითხარი სათქმელი, მე ისიც არ ვიცი, შენ მართლა ღვთისმშობელი ხარ თუ არა, სახელი რა გქვია-მეთქი. ხატი ჰაერში ტრიალებდა და მითხრა: „კარი-კარიბჭეო“– ასე მომესმა (მაშინ „კარიბჭის“ ხატის არსებობა საერთოდ არ ვიცოდი). ყვირილი ავტეხე, კართან დააყენეთ-მეთქი და ახლა რატომღაც ჭას დავუწყე ძებნა. მაშინ ზემოდან მომესმა ხმა, – ხატი ჭის ძებნას არ გთხოვს, კარგად გაიგე, რას გეუბნებაო. მართლაც კართან დაასვენეს და მერე მოვბრუნდი. თუ სახელს არ მეტყვი, ნიშანი მაინც მომეცი და ამ სიბერეში სასაცილოდ ნუ გამხდი, სანამ ნიშანს არ მომცემ, ხალხში ვერ წავალ სალაპარაკოდ-მეთქი. რა ნიშანი, რის ნიშანი, ომი იწყება, საქართველოში ომი არ იქნება, მესამე მსოფლიო ომი იწყება ამერიკაში და აზიაშიო – ხელით მაჩვენა. ჩვენ რა შუაში ვართ-მეთქი – ვკითხე. ვაი, შე უბედურო, ამ ომის ტალღა გადაგივლის და გადმოგივლის, განსაცდელი ძალიან დიდია, საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგებაო – მითხრა.
ამ საუბარში ხატი ჭიშკრიდან გავიდა და მთის აღმართს აუყვა ჰაერში ლივლივით. ამაზე გადავირიე და უკან გამოვედევნე ტირილით, თან პატიებას ვთხოვდი ჩემი უმეცრების გამო. ის ხალხი დამცინოდა, აი, შენი ღმერთიო. მე ვტიროდი, თან ვეუბნებოდი, შენი ცეცხლი მე მომედოს, თავს გავწირავ, ოღონდ შენ გადარჩი. ნუ მიფრინავ, პერანგს გაგაძრობ, მოგეკრობი, რომ ეს სიცხე ჩემზე გადმოვიდეს-მეთქი. უცებ ხატი შედგა, მობრუნდა და მითხრა, მართლა როგორ შეგტკივა თურმე გულიო. შევეცოდე. მე ვთხოვე ნუღარ წახვალ, მეტი ძალა აღარ მაქვს და ვეღარ წამოგყვები-მეთქი. გადმომხედა, ზემოთ ამაფრინა და მიმიახლა. ჩავეხუტე და კოცნა დავუწყე. ახლა ადექი და წადიო – მითხრა. როდესაც ავდექი, დავინახე, რომ უკვე შეცვლილი იყო, პერანგი გამოეცვალა. მითხრა სიცხე აღარ მაწუხებსო. სხვათა შორის, ბათუმელმა ეკლესიურმა მეგობარმა შემატყობინა, რომ ათონის მთის ივერთა მონასტრის „კარიბჭის“ ხატმა მართლაც გაიძრო პერანგი.
მეორე გამოცხადება – „ცა ყვავილებით იყო მოჭედილი“
მეორე გამოცხადება ძილში მოხდა. კარგად არ ვიყავი ჩაძინებული, რომ უეცრად კაცის ხმამ დამიძახა: ადექი, რა დროს ძილია, მოდისო. სახლმა ზრიალი დაიწყო. ავდექი და შემოსასვლელში გავედი. ჩემი რკინის კარი დიდი ხმაურით გაიღო. თეთრებში ჩაცმული, ძალიან ლამაზი ქალი შემოვიდა. მანამდე ბოდბეში წმ. ნინოს ფრესკა ვნახე და ეს ქალი მას მივამგვანე. ის ნარნარით შემოვიდა და ჩემი ქალიშვილის სურათი შეათვალიერა, მერე ხატების კუთხესთან მივიყვანე, რომელსაც ერთი პატარა ღვთისმშობლის ხატი აკლდა, რადგან ლოგინთან ქონდა მიტანილი. მან არც ერთ კითხვაზე პასუხი არ გამცა. გამოთავისუფლებულ ხატის ადგილს დაუწყო თვალიერება. მივხვდი, რომ იმ პატარა ხატს ეძებდა. საძინებლის კარი გავაღე და ვუთხარი, აქ არის ხატი-მეთქი. მან გამომხედა, გამიღიმა და ისევ ნარნარით წავიდა. გავყევი უკან, ის გარეთ გავიდა, მოსახვევში კაბის ბოლო მოიქნია და გაქრა.
გულდაწყვეტილი ვიყავი, ხმა რომ არ გამცა. როდესაც სახლში დაბრუნება გადავწყვიტე, ცაზე რაღაც ნათურასავით აინთო. როდესაც ავიხედე, დავინახე, რომ ციდან ღვთისმშობელი მიღიმოდა. მუხლებზე დავეცი და ცრემლებით პატიება შევთხოვე ჩემი უმეცრებისთვის. მან მიპასუხა – თავს ნუ იკლავ, ყველაფერი კარგად მიდის, ნუ გეშინია, ადექიო. ავდექი და უეცრად ცა განათდა ისე, თითქოს ბევრი სინათლე აანთესო. გაზაფხულზე ტყემლის ხეები რომ აყვავილდება, ისე იყო ცა მოჭედილი ყვავილებით. ყვავილთა გულებში პატარა სახეები ჩანდა. ღვთისმშობელმა მითხრა, ესენი გარდაცვლილ ახალგაზრდათა სულები არიან და ძალიან უხარიათ მთაზე ჯვარი რომ დადგით და ეკლესიის მშენებლობა დაიწყეთ, იჩქარეთ საფუძვლის ჩაყრა, უკვე დროა. მალე მინდა, რომ თქვენთან ჩამოვიდეო.
მესამე გამოცხადება – მზე ღამის ორ საათზე
ესეც ძილ-ბურანში ვნახე, პატრიარქთან და ჩირაღდნიან ხალხთან ერთად ავდიოდით მთაზე. როდესაც პატრიარქმა ფეხი მთაზე შედგა, ხალხმა ვეღარ გაბედა იქ ასვლა და ქვემოდან უყურებდა. იმ მოსახვევში, სადაც ღვთისმშობელს შევხვდი, მუხლებზე დავეცი და ლოცვა დავიწყე. პატრიარქი ამ დროს მთის ფერდობზე მაყვლის ბუჩქის წინ დადგა. როდესაც გავიხედე, შევამჩნიე, რომ მთელი საქართველო იქ იყო და ყველას ხელში ჩირაღდნები ეჭირა. ისეთი სიხარული ვიგრძენი, ცრემლები წამომივიდა. პატრიარქი მთის მწვერვალზე ავიდა. დავინახე, რომ მან ხელები მაღლა აღაპყრო და ღამის ორ საათზე ცაზე მზე ამოვიდა. ღრუბლები წამოვიდა, რომ მზეს ამოჰფარებოდა, მაგრამ მზემ დაძლია ღრუბლებს.
მეოთხე გამოცხადება
ღვთისმშობლის მეოთხე გამოცხადება ცხადში მოხდა 24 ნოემბერს 15-20 კაცის თანდასწრებით. ქარიანი ამინდი იყო. როდესაც მთის ნიშში ხატი დავასვენეთ, მლოცველებმა ყვირილი ატეხეს, ცაზე ღვთისმშობელიაო. ცაზე ღვთისმშობლის სახე ნათელში ლივლივებდა. მათ ლოცვა დაიწყეს. ნიშის თავზე მარტო მე დავინახე თეთრწვერა, ძალიან მაღალი, თოვლის ბაბუასავით კაცი, რომელსაც ხურჯინი ჰქონდა. მერე მან ეს ხურჯინი მოიხსნა და გადმობერტყა. იქიდან ჯვრები, ციფრები, ძველი ქართული ასოები და ოქროს ზოდები ცვიოდა. ამ დროს ერთ-ერთმა მლოცველმა დაიძახა, ცაზე მეორე მზეაო. ეს მზეც მთელს ქალაქს გადმოჰყურებდა.
იმ კაცთან კავშირი გაწყდა, მაგრამ შევამჩნიე, რომ მთელი ცა დატრიალდა და მეორე მზიდან ცისარტყელას რგოლი წამოვიდა, რომელსაც დისკოს ფორმა ჰქონდა. მლოცველები ამის დანახვაზე გაგიჟდნენ. შემდეგ ცისარტყელა გაქრა და ჯვრის თავზე ასო „ი“ დავინახე, რომელიც, როგორც შემდეგ გავარკვიე, ძველქართული დამწერლობით ასო „ღ“-ს, ანუ „ღვთის კარს“ ნიშნავს. ეს უბედნიერესი დღე იყო.
იცით, თან მიხარია, თან არც ვიცი, ჩემს თავს რა ხდება. ყველას გთხოვთ, გზა მაინც გავარემონტოთ, რათა მლოცველებმა შეძლონ სალოცავად მთაზე ასვლა.
No comments:
Post a Comment