Tuesday, December 4, 2001

„შოუბიზნესი ქვეყანაში მაშინ ყვავის, როცა ხალხს შემოსავალი აქვს“

ალექსანდრე ბასილაია ფილარმონიაში ფონოგრამის აკრძალვის წინააღმდეგია

„ახალი ვერსიის“ დღევანდელი სტუმარია მუსიკოსი, რომლის სახელთანაა დაკავშირებული ქართული ესტრადის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანსამბლის, „ივერიის“ არსებობა, რომლის შემოქმედებაც ხალხს კარგად ახსოვს და ახალგაზრდებიც იცნობენ. ალექსანდრე ბასილაიას, როგორც თავად გვითხრა, უკვე მეოთხე წელია, გაზეთისთვის ინტერვიუ არ მიუცია, მაგრამ „ახალი ვერსიასთან“ საუბარზე სიამოვნებით დასთანხმდა.
---------------------
მოკლე დოსიე
---------------------
ალექსანდრე ბასილაია დაიბადა 1942 წელს. ჰყავს მუსიკალური ოჯახი, ანუ მის ოჯახში, ფაქტობრივად, ყველა მღერის. 1968 წლიდან არის ანსამბლ „ივერიას“ შემქმნელი და უცვლელი ხელმძღვანელი. უკვე 11 წელიწადია, რაც ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის დირექტორია. „ივერიასთან“ ერთად მოიარა 55 ქვეყანა. ანსამბლს ჩატარებული აქვს 7000-მდე კონცერტი. შექმნა 25 პროგრამა, აქედან 4 მიუზიკლი: „ჩხიკვთა ქორწილი“, „არგონავტები“, „თოვლის ბებოს ზღაპარი“ და „ფიროსმანი“. „ივერიაში“ ძალიან ბევრი მუსიკოსი უკრავდა სხვადასხვა წლებში. საზოგადოებისთვის მათგან განსაკუთრებით ცნობილნი არიან: ჯემალ ბაღაშვილი, ვახტანგ ტატიშვილი, თემურ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ლუიზა კობალაზე, ლია ზღვაური, მანანა თოდაძე, გოჩა ლორია, სოსო პავლიაშვილი, თამუნა ამონაშვილი და მრავალი სხვა.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
– ბატონო ალექსანდრე, თქვენი, როგორც მსმენელის აზრით, რით განსხვავდებოდა „ივერია“ სხვა, ანალოგიური ტიპის ანსამბლებისგან?

– სხვებისგან განსხვავებით, საკუთარი რეპერტუარი გვქონდა. საერთოდ, ანსამბლები დამოკიდებულები იყვნენ კომპოზიტორებზე, თუნდაც – გოგი ცაბაძეზე, ვაჟა აზარაშვილზე და სხვებზე. თავდაპირველად ჩვენც კომპოზიტორებზე ვიყავით დამოკიდებულები, მერე პირად შემოქმედებაზე გადავედით. მეც დავიწყე სიმღერების წერა. ჩვენ თავად ვქმნიდით რეპერტუარს. გვქონდა ჩვენი მიმართულება და ყოველ წელიწადში ხალხის სამსჯავროზე ახალი სიმღერები გამოგვქონდა. ეტყობა, ამის გამო ხალხი ჩვენით დაინტერესდა. ყველაზე მთავარი, ალბათ, ის არის, რომ ჩვენ კეთილსინდისიერად ვეპყრობოდით ჩვენს საქმეს. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ რასაც გასცემ, უკან იმას მიიღებ.


















– რამდენადაც ვიცი, „ივერიას“ სიმღერები პარტიასა და საბჭოთა ხალხის მეგობრობაზე არასოდეს შეუსრულებია. როგორ აგვარებდით სიმკაცრით ცნობილ საბჭოთა ოფიციოზთან ურთიერთობას?

– მართალი ბრძანდებით, ასეთი სიმღერები მართლაც არასოდეს შეგვისრულებია. ალბათ იმდენად პოპულარულები ვიყავით, რომ არც ისე ადვილი იყო ჩვენი დაჩაგვრა. ჩვენ სათქმელს მაინც ვამბობდით ზოგჯერ ხუმრობით, ზოგჯერ ისეც. მაშინ, როცა ცენზურა არსებობდა, რაღაცნაირად ვახერხებდით სათქმელის ჩვენებას ჩვენს ხუმრობებში, სპექტაკლებში. 1977 წელს ჩვენ ავიღეთ გრანპრი за лучшее испольнении Советской песни. მაშინ ომზე მეტად საინტერესოდ გაკეთებული სიმღერა შევასრულეთ.

– ალბათ გეცოდინებათ, რომ თბილისის კულტურის სამმართველოს უფროსს, დავით ოქიტაშვილს აქვს პროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგ დიდ საკონცერტო დარბაზში ფონოგრამაზე სიმღერა აიკრძალება. უჭერთ თუ არა მხარს აღნიშნულ პროექტს?

– მე ვთვლი, რომ ეს არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. საერთოდ, ფონოგრამაზე სიმღერა, თავის მხრივ, არ არის კარგი, რადგან მე თუ მომღერალი ვარ, მართლაც უნდა ვიმღერო. ხოლო თუ მარტო პირი გავაღე, მაშინ სად არის ჩემი ემოცია, შინაგანი განცდა, რომელიც მაყურებელზე უნდა გადავიდეს? ახლა სიმღერის ჩაწერისას ათასნაირი „ქიმიური“ პროცესია, თუნდაც – კომპიუტერი, სადაც ეს ყველაფერი სწორდება. ბევრ უნიჭოს მიეცა საშუალება, ჩაწეროს სიმღერა, გამოვიდეს სცენაზე და პირი დააღოს. მე ამ კანონის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ არ შეიძლება იგი მხოლოდ ერთ კონკრეტულ დარბაზზე გავრცელდეს. ე. ი. აქ თბილისში კაცი არ უნდა მოატყუო და ყვარელში, ქუთაისში, ბათუმში და აქვე თბილისშიც, ოღონდ – სპორტის სასახლეში ან სტადიონზე ათასობით კაცის მოტყუება შეგიძლია?

– ე. ი. თქვენი აზრით, ეს კანონი ყველას უნდა შეეხოს?

– რა თქმა უნდა. როგორ შეიძლება კანონი მხოლოდ ერთი დარბაზისთვის მიიღო? ეს აბსურდად მიმაჩნია, სასაცილოდაც არ მყოფნის.

– ეს დიდ საკონცერტო დარბაზს ფინანსურ შემოსავალს ხომ არ შეუწყვეტს?

– რა თქმა უნდა. სოლო კონცერტის ჩატარება და საათნახევარი სიმღერა ყველას არ შეუძლია, ამის ფიზიკური საშუალებაც არა აქვს. ზოგის ყელი ამას უძლებს, ზოგის – ვერა. ფონოგრამას დიდი მომღერლებიც მიმართავენ ხოლმე. მთავარია, რომ აქ იკარგება ის, ვისაც მომღერალი ჰქვია.

– თქვენ მოგწონთ თანამედროვე ქართული პოპულარული სიმღერა?

– კარგი პროდუქტი ყველა მიმართულებაში ნიჭიერი ადამიანის მიერ იქმნება. საერთოდ, ჩემი აზრით, რაიმეს აკრძალვა არ შეიძლება. ესტრადა ჩვენი არასოდეს ყოფილა, ის შემოსული ფენომენია. რაც უფრო მიუსადაგებ მას შენს ეროვნულ ღირებულებებს, მით უფრო მისაღები გახდება მსმენელისათვის, მაგრამ ამასობაში ვიღაცას უცხოური რითმი უნიჭოდ გადმოაქვს, მასში ქართულ სიტყვებს სვამს. თუ რომელიმე ჯგუფს ან მომღერალს რამდენიმე თაყვანისმცემელი ჰყავს, მას აქვს უფლება, იყოს მომღერალი და თავისი მოღვაწეობა გააგრძელოს. ბევრი უნიჭოა, რადგან დღეს ყველა ხატავს, ყველა ლექსს წერს, ყველა მუსიკოსობს, რადგან აკრძალული არაა არც მუსიკოსობა, არც სიმღერა, არც ლექსის წერა. ყველაფერს დრო განსჯის, ბევრი გაიცხრილება და ის დარჩება, ვინც ღირებულია. ეს ცხოვრების წესია.

– რამდენად ახლოს დგას საქართველოში თანამედროვე მუსიკა ქართულ მუსიკალურ ტრადიციასთან?

– ჩემი აზრით, ცოტა მოშორებით დგას. ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, ქართული სიტყვები მელოდიასთან ჰარმონიულად ყოფილიყო შერწყმული. ჯემალ ბაღაშვილი ამის კარგი ოსტატია. იმდენად სწორად არგებდა ის ქართულ სიტყვას მის მახვილს, რომ ხელოვნურად არასოდეს ჟღერდა. დღეს მომღერლების უმრავლესობა მხოლოდ რამდენიმე ფრაზას ხმარობს: „გელოდები“, „ვიცი, არ მოხვალ“, „მაინც გელოდები“, „სიზმარში გხედავ“, „წვიმს“, „თოვს“ და მორჩა. ამას ყველანაირად ატრიალებენ. თინეიჯერებისთვის კი მთავარია, იყოს მხოლოდ რიტმი. თუმცა ამ მიმართულებაშიც რამდენიმე საინტერესო მაგალითი არსებობს, რომელიც ღირებულებას წარმოადგენს. ყველაფერზე ხაზის გადასმა არ შეიძლება, რადგან ყველა დროს თავისი მოაქვს. შენც თუ არ გაიზარდე, მარტო ყველაფრის ლანძღვა სწორი არ არის, რადგან ლანძღვასა და გინებაზე იოლი არაფერია. ოპოზიციონერობა ყველაზე ადვილია.

– თქვენი აზრით, არსებობს თუ არა ქართული შოუბიზნესი?

– შოუბიზნესი, ჩემი აზრით, კეთილდღეობაში მყოფი საზოგადოების პროდუქტია. შოუბიზნესი იმ ხალხისთვის არ არის, ვისაც 5 და 10 ლარი აქვს. ასეთი კაცი კონცერტზე ვერ მოდის, არადა მთელს მსოფლიოში უფასოდ არაფერი ხდება. შოუბიზნესს დარბაზი სჭირდება, დარბაზს – პერსონალი. მომღერალს, გარდა ამისა, ფონოგრამა, ორკესტრი, რეჟისორი, კომპოზიტორი, პოეტი სჭირდება. ყველაფერს კი თანხები უნდა, რომელიც პროდუქტს აძვირებს.

ხალხი როგორ მოვიდეს კონცერტზე, როდესაც ფული არა აქვს?! ამიტომ უმეტესად დარბაზი ნახევრადაც არაა სავსე. შოუბიზნესი მაშინ ყვავის, როდესაც ხალხს შემოსავალი აქვს. ჩვენს დროს მომღერალს და მუსიკოსს თავისი შრომით შეეძლო ოჯახის რჩენა, ამიტომაც გვყავდა ამდენი მომღერალი და ანსამბლი. თანაც მაშინ საამისოდ დიდი ბაზარი არსებობდა, რადგან სსრკ ძალიან დიდი ქვეყანა იყო. ახლა მომღერალი შრომობს, წვალობს, ჩვენს დარბაზში გამოვა და მერე ვერსად მიდის – ვერც გურჯაანში, ვერც გორში და ა. შ. რადგან იქ მან მხოლოდ ორლარიანი ბილეთები უნდა გაყიდოს. ზოგიერთი მომღერლისთვის თუნდაც გურიაში, კახეთში, ქათამი და კვერცხი მიუტანიათ ბილეთის მაგივრად. არადა, ხალხს უნდა კონცერტზე დასწრება.

– თქვენი აზრით, საქართველოში ვარსკვლავები თუ არსებობენ?

– დღეს ყველა „ვარსკვლავია“. ამდენი „ვარსკვლავი“, მე მგონი, მთელს მსოფლიოში არ არსებობს. ვარსკვლავი ჰქვია იმ მომღერალს, ვინც ხალხის სიყვარულს იმსახურებს და ვინც თუნდაც ამ დარბაზს ხალხით აავსებს. ეს ცნება, ისევე, როგორც თუნდაც, ღირსების ორდენი, დღეს გაიაფებულია. ვარსკვლავის წოდებას დღეს ღირსების ორდენებივით არიგებენ.

– ამ ბოლო დროს დიდ საკონცერტო დარბაზში გამართული კონცერტებიდან ყველაზე დიდი სიამოვნება ვის კონცერტზე მიიღეთ?

– როდესაც მომღერალს ვუყურებ, მასში ყოველთვის კარგს ვეძებ. არ ვამტკიცებ, ვინ ვის ჯობს. ჩვენ ისეთი მომღერლები გვყავს, რომელთაც მართლა მომღერლები ჰქვიათ. ძალიან მომწონს მერაბ სეფაშვილი, თეიმურაზ წიკლაური, ნუგზარ კვაშალი, ზურა დოიჯაშვილი, ეკა კვალიაშვილი, ეკა მამალაძე და კიდევ ბევრი. ამათ „პლიუსიანი“ ფონოგრამა არ სჭირდებათ.

– თუ იცნობთ ქართულ როკ-მუსიკას, როგორც ალტერნატივას?

– რაც სერგი გვარჯალაძის „კომუნიკატორში“ მომისმენია, ჩემი აზრით, საშინელებაა, ჩემთვის მიუღებელია. მაგრამ ეს ხალხს მოსწონს, ალბათ, სხვანაირად ის არ იარსებებდა, რადგან ნებისმიერი რამ არაფრისგან არ იბადება. ჩემი აზრით, როკი ნგრევის მუსიკაა, რომელიც პროტესტის გამომხატველია. როგორ შეიძლება ქართული როკი მომეწონოს? თუმცა როკშიც არიან ნიჭიერი ადამიანები, რომელთაც საკუთარი აზრი ამ ჟანრს ნიჭიერად მოარგეს.

– თუნდაც სახლში, მოსასმენად რომელ უცხოელ შემსრულებელს რთავთ ხოლმე?

– ძალიან ბევრი მომწონს. სიამოვნებით ვუსმენ იგივე ბარბრა სტრეიზანდს, ხულიო იგლესიასს, უიტნი ჰიუსტონს და სხვებს.

– თუნდაც დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორ წარმოგიდგენიათ თანამედროვე ქართული მუსიკის ხვალინდელი დღე?

– დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, როგორ შეიძლება რაიმეს განვითარებაზე ვისაუბროთ? როცა ჩვენთან ბილეთის მაქსიმალური ფასი 10 ლარია, რა შემოსავალი უნდა იყოს აქ, რომ ის ყველას ეყოს? თანაც ჩვენი ბაზარი უკვე ჩაიკეტა. ამას არეალი სჭირდება.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რა განვითარებაზე უნდა ვილაპარაკოთ, როცა საქართველოში ყველაზე პოპულარული ტელეგადაცემებია „მოამბე“ და „კურიერი"? ამის შემდეგ ეს ქვეყანაა? ახლა ადამიანები ტელევიზორებთან სხედან და უყურებენ, დღეს ვის მოხსნიან, ხვალ ვის დანიშნავენ. იმ ქვეყანას რა ვუთხარი, სადაც ყველაზე პოპულარულები პარლამენტარები არიან და მთელი დღე ტელეეთერი უკავიათ.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ნიჭი ქართველ კაცს და მუსიკოსს არასოდეს აკლდა, მაგრამ მათ მიერ გაცემული ენერგიის ანაზღაურება არ არსებობს. ენთუზიაზმით ეს ერთი-ორჯერ შეიძლება გააკეთო. კომპოზიტორები საშინელ დღეში არიან. ისინი სიმღერებს 100-150 ლარად წერენ. რა ქნას კომპოზიტორმა, რომელმაც მეტი არაფერი იცის? მომღერლები კი დღეს რესტორნებში არიან მიმოფანტულები, რადგან მათ იქ ერთ-ორ თეთრს უხდიან. ხომ უნდა იარსებონ? ეს, რაღა თქმა უნდა, დეგრადირებას ახდენს, რადგან რესტორანში შენგან იმ სიმღერის მოსმენა უნდათ, რომელიც მათ სურთ და არა იმის, რაც შენ გინდა. ხოლო, რაც შენ გინდა, ამას პროპაგანდა სჭირდება და ტვ-ში გამოსვლაც გაძვირდა. ახლა ეთერს ასე იოლად არ დაგითმობენ.

1 comment:

  1. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ ჩემი გამოცდილება გავიზიარე, მე მქვია ბრენადა და ბედნიერად ვიყავი დაქორწინებული. სანამ ქმარმა არ თქვა, რომ მას მომატყუებდნენ, მაშინ ჩვენ ორივე წყვილი ვიყავით. ჩვენ მას ვერ ვიჯერებდით, არც ის ენდობოდა ჩემს სიტყვებს, ასე რომ, ჩვენ განქორწინება გამოვიტანეთ, მოგვიანებით დაშორდით და პირობა დადო, რომ არასდროს შევსება. დიდხანს ვცდილობდი შემეგრძელებინა ნაბიჯი, მაგრამ მის გარეშე ვერ ვრჩებოდი, ამიტომ ქმრის დაბრუნების მცდელობა დავიწყე, შემდეგ კი მიმიყვანეს Dr.IZOYA. დიდი ადამიანი, რომელსაც შევხვდი, მან სიყვარულის ჯადოქარი მიაყენა და ქმარი 24 საათის განმავლობაში დააბრუნა. ამასთან ერთად, მე აქ ვარ, რომ გავაზიარო დოქტორ IZOYA- ს კონტაქტი, მივაღწიოთ მას drizayaomosolution@gmail.com– ს საშუალებით. ის მართლაც ძლიერია და სპეციალიზირებულია შემდეგ საკითხებში ...
    (1) ყველა სახის სიყვარულის შელოცვები. (2) შეწყვიტე განქორწინება. (3) ბოლო უნაყოფობა.

    ReplyDelete