თუ დღემდე კამათობდნენ, ახალი საუკუნე 2000 წელს უნდა დამდგარიყო თუ 2001-ში, ახლა, ალბათ, ეჭვს არ იწვევს ის, რომ მომავალი 2002 წელი ნამდვილად 21-ე საუკუნეს ეკუთვნის. თანამედროვე მუსიკამ კი ათასწლეულების მიჯნაზე გარკვეულ ეტაპს მიაღწია, რომელიც აკმაყოფილებს თითქმის ყველას და ყველანაირ გემოვნებას, დაწყებული ბავშვებიდან – ღრმა მოხუცებით დამთავრებული.
საინტერესოა ისიც, რომ მე-20 საუკუნეში ცივილიზაციის უსწრაფეს განვითარებას თან სდევდა მუსიკისა და მუსიკალური ინსტრუმენტების სახეცვლილებაც. ამ საუკუნეში ასობით ახალი მუსიკალური სტილი თუ მიმდინარეობა შეიქმნა, რომელსაც ტერმინი „თანამედროვე მუსიკა“ აერთიანებდა. კაცობრიობის ისტორიაში მუსიკა ადამიანის ცხოვრებას ყველაზე მეტად დაუახლოვდა და, უფრო მეტიც, მის განუყოფელ ნაწილად იქცა. მუსიკამ შეაღწია ყველგან: ტელევიზიაში, კინოში (თვით არამუსიკალურ ფილმებშიც კი უმუსიკობა გარკვეულ მუსიკალურ მიგნებად ითვლება), აეროპორტებში, მანქანებში, ტელეფონებში, ინტერნეტში, სპორტულ შეჯიბრებებში, ნებისმიერ ზეიმზე, რაღა თქმა უნდა – მარშრუტკებში და ა. შ.
წინა საუკუნეში გაჩნდა სიტყვა „შოუბიზნესი“, რომელიც თავის თავში არა მარტო მუსიკას გულისხმობს, არამედ აერთიანებს კინოს, თეატრს, მასმედიას, მოდას, მხატვრობას, ერთი სიტყვით – გლობალურად ხელოვნებას. სიტყვა „გლობალური“ ტყუილად არ მიხსენებია, რადგან დღეს არ არსებობს შემოქმედებითი ინდივიდი თუ კოლექტივი, რომელიც არ არის ჩართული მსოფლიო შოუბიზნესის პროცესში. მართალია, არსებობს არაკომერციული პროექტები, რომელიც შესაძლებელია, არ იყოს მომგებიანი როგორც შემოქმედის, ასევე, პროდიუსერისათვის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი შოუბიზნესის ნაწილია, რადგანაც ნებისმიერ პროექტში გარკვეული თანხა იხარჯება და მასში შემოქმედის (ავტორის) ენერგია, ნააზრევი დევს.
წინა საუკუნეში მუსიკასთან დაკავშირებული ცხოვრების სტილი გაჩნდა. ეს როკ-ენ-როლი იყო, რომელიც თავის დროზე სოციალურ მოვლენად იქცა ჯერ ახალგაზრდების ცხოვრებაში, მერე კი მოძრაობად ჩამოყალიბდა. ალბათ, არც ერთ საუკუნეს არ ახსოვს ისეთი კულტურული რევოლუცია, როგორიც როკ-ენ-როლმა ადამიანების ცნობიერებაში მოახდინა. იგი ყველგან, ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობაში უეცრად შეიჭრა და, თავის მხრივ, უამრავი მუსიკალური სტილი შექმნა. რაც კარგი იყო, ყველაფერს როკ-ენ-როლს ეძახდნენ.
ამ მუსიკამ, ამავე დროს, ანტიგმირები შექმნა, რომლებიც, თავის მხრივ, გმირებად იქცნენ. როკ-ენ-როლმა გაბატონებული ტრადიციები და ცხოვრების ტრადიციული სტილი დაამსხვრია. გაჩნდა ამ სტილის შესაბამისი სალაპარაკო სიტყვებიც, ისეთები, როგორიც არის ინგლისური „Cool“, რუსული „Круто“. ქართულში ამ სიტყვას ზუსტი ანალოგი არა აქვს თუ არ ჩავთვლის სიტყვას „მაგარი“. რა თქმა უნდა, ნგრევას ყოველთვის დადებითი შედეგი არ მოსდევს, მაგრამ მან ბევრი სიახლეც დანერგა.
იყო პერიოდი, როდესაც თანამედროვე მუსიკა თითქმის სულ როკ-ენ-როლთან ასოცირდებოდა და მისი განვითარება, რაოდენ პარადოქსულად უნდა მოგვეჩვენოს, ელექტროგიტარის განვითარებასთან არის დაკავშირებული. თუმცა მოგვიანებით, როდესაც გაჩნდა დისკო (სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში – ესტრადა, ანუ ვარიეტეს მუსიკა), მუსიკამ მხოლოდ კომერციული დატვირთვა მიიღო. თუ როკ-ენ-როლის გარიჟრაჟზე ახალგაზრდათა მოძრაობა უფრო პროტესტულ ხასიათს ატარებდა, დღეს სხვადასხვა ჯგუფებისა და სტილების მიმდევრები ათასგვარ ფან-კლუბებს ქმნიან. ყველა შემთხვევაში მათ მუსიკა აერთიანებთ.
დღევანდელი პოპ-მუსიკა მრავალწახნაგოვანია. იგი არა მარტო შემსრულებელს, მის სიმღერასა თუ ლექსს მოიცავს, არამედ მუსიკოსის საცენო იმიჯს, მენეჯმენტს, აუდიოჩანაწერებს, ურთიერთობას მედიასთან, სატელევიზიო ვიდეოკლიპებს, ინტერნეტ-საიტებს და მრავალ, ერთი შეხედვით, წვრილმანს. ამ ყველაფერს სწორედ შოუბიზნესი აერთიანებს.
მიუხედავად იმისა, რომ როკი, როგორც სერიოზული კულტურა აღარ არსებობს, თანამედროვე მასობრივ მუსიკას პრეტენზია არა აქვს ხელოვნების ეტალონობაზე, თუმცა მისი ფუნქცია მხოლოდ გართობით ვერ შემოიფარგლება. არსებობს კოსმეტიკური როკი, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, თანამედროვე ძალიან პოპულარული მუსიკის სხვა სტილებისგან (როკერების ენით რომ ვთქვათ – „პოპსასგან“) აღარაფრით განსხვავდება. ასეთ ჯგუფებს როკული საფუძველი დარჩათ და არა შინაარსი. თუმცა, ალბათ, ესეც გაბატონებული ტრადიციების მსხვრევის პროცესია, რომლის მიხედვითაც, „ლედ ზეპელინიც“ და გაპოპსავებული „ნოუ დაბტიც“ ერთ კატეგორიაში გადიან. მუსიკამ ხელოვნების დარგის ფუნქცია დაკარგა. ალბათ ხელოვნების ძველი, ტრადიციული გაგებაც შეიცვალა. შევიცვალეთ ჩვენც, რადგან უკვე მთელი ათასწლეული გამოვიარეთ. ასე არ არის?
No comments:
Post a Comment