Tuesday, February 5, 2002

ყველაფერი „უ“ და სამწუხაროდ, არაფერი ქართულ პოპსაში

აჩუქეთ სატრფოს ელექტრობურღი, დატკბით მამალოს წუწნით და უსმინეთ თამუნა ამონაშვილს

ეპიგრაფი

... როგორც იქნა განვვითარდით! აღარა ვართ ბანძები! რამდენი სუპერმარკეტი გვაქვს, რამდენი „ფირმა“ მაღაზია! რა მანქანებით დავდივართ!. როგორც იქნა შევაბიჯეთ ევროპაში ფეხი! ჩვენი, ეროვნული ტელევიზიები გვაქვს! არადა, ვინ იფიქრებდა, რომ ამდენს შევძლებდით, ვინ დაიჯერებდა 10-15 წლის წინ, რომ აღარც „რუსულებს“ მოვუსმენდით, აღარც „ინგლისურებს“ და პირდაპირ ქართულად ჩავაპაპს-ჩავასოულებდით... მოკლედ, რაღა ბევრი მტკიცება უნდა, მაგრა წავედით წინ, აღარა ვართ ჩამორჩენილები... (ნაწყვეტი გაუთვითცნობიერებელი და ოპტიმისტურად განწყობილი საშუალო ქართველის ფიქრებიდან)

პროლოგი

დღეს მართლაც ბევრი გამოხატავს კმაყოფილებას იმის გამო, რომ ქართველებმა მოვახერხეთ და ჩვენს ქვეყანაში რუსული პოპ-მუსიკის შემოჭრა შევაჩერეთ, შევცვალეთ რუსული პროდუქცია ქართულით. ამით არა მხოლოდ „ჩვეულებრივი“ (ანუ საქმეში ღრმად ჩაუხედავი) ადამიანია გახარებული, არამედ ბევრი ისეთი პიროვნებაც, რომელიც უშუალოდაა შოუბიზნესის ორომტრიალში ჩართული და აქედან გამომდინარე, ამ საქმის მეტი ცოდნაც მოეთხოვება.

თუ ქართული პოპ-მუსიკის არსებობა თავისთავად დიდი საქმეა და ჩვენს თვითმიზანს წარმოადგენს, მართლაც კარგად ყოფილა ჩვენი საქმე (!), მაგრამ, თუკი სიმღერის მოსმენისას არა მხოლოდ იმას მივაქცევთ ყურადღებას, ქართულადაა იგი თუ ნამღერი, რუსულად თუ მოზამბიკურად, არამედ იმასაც დავაკვირდებით, თუ რამდენად გემოვნებითაა იგი შესრულებული, რამდენად შინაარსიანია ტექსტუალურად თუ მუსიკალურად; რამდენად საინტერესოა ან ყველაფერს რომ თავი დავანებოთ – ხარისხიანი... თუ ამ ყველაფერზე ყურადღებას გავამახვილებთ, ადვილად მივხვდებით არც ისე სასიხარულოდ გვაქვს საქმე, როგორც ბევრს ჰგონია.

დავიწყოთ იმით, რომ ჯერ საქართველოში არ ჩაწერილა სიმღერა, რომელიც ოდნავ მაინც მიუახლოვდება ჩანაწერის ხარისხის იმ სტანდარტებს, რომელიც ევროპისა და ამერიკის შოუბიზნესში კანონიკურადაა მიჩნეული. ამაზე, რასაკვირველია, აგვიწუწუნდებიან ჩვენი „გენიალური“ პოპ-ვარსკვლავები, აქაოდა, ტექნიკური ბაზა არა გვაქვსო; რაზეც მივუგებთ, რომ ეს (როგორც სკოლაში მასწავლებლები იტყოდნენ ხოლმე) არაა გასასამართლებელი საბუთი, რადგან, შეიძლება მათ მართლაც არ ჰქონდეთ საჭირო აპარატურა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც გვაქვს ყურები.

მაგრამ მოდით, ამჯერად თავი დავანებოთ იმას, რომ ჩვენს ციდან ასე უხვად ჩამოცვენილ ადგილობრივი მასშტაბის ვარსკვლავებს, არც ხმა უვარგათ, არც სმენა, რომ მათ სიმღერებში არ არის არაფერი, რამაც შეიძლება ოდნავ მაინც ააღელვოს ან გაახალისოს ადამიანი. სამაგიეროდ უხვად მოიძევება ყოველივე ის, რაც კაცს ნერვებს მოუშლის: შთაგონებისა და ყოველგვარი შემოქმედებითობის უქონლობა, უგემოვნება, უაზრობა... მოკლედ ყველაფერი „უ“.

დროებით შევეშვათ ყველაფერ ამას და მხოლოდ სიმღერების ტექსტების გაგებას შევეცადოთ (ოღონდ წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ეს იმთავითვე განწირული საქმეა).

დღევანდელ მომღერალთა ტექსტები იმდენად გვანან ერთმანეთს, რამდენიმე მათგანი რომ გადააბათ და ხმამაღლა წაიკითხოთ, ვერავინ მიხვდება, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე. რამდენადაც გვანან ერთმანეთს ისინი ერთმანეთს, იმდენად არ გვანან ლექსს (თუნდაც ყველაზე მდარეს). ამიტომ თავს არც მათი გარჩევით შეგაწყენთ. უბრალოდ, შემოგთავაზებთ იმ კითხვებს, რომელიც ყმაწვილებს, ე. წ. თინეიჯერებს შეიძლება დაებადოთ მათი საყვარელი მომღერლის სიმღერის მოსმენისას და სავარაუდო პასუხებს მათზე. ამ კონტექსტში განვიხილოთ სიმღერა „ფიქრებით შენთან ვარ“, რომელსაც თამუნა ამონაშვილი ასრულებს.




















ტექსტი

ფიქრებით შენთან ვარ,
ფიქრებში დაგეძებ, იცოდე,
სიზმარში გაჩნდები, გიგონებ,
მოხვედი, გიპოვე.
ნაცნობი თვალებით გამათბე
და შენზე ოცნებით გამართე.
ლამაზი სიტყვებით დამატკბე,
ფიქრები გამანდე,
მაჩუქე ეს მშვიდი ღამე.
(მისამღერი):
ფიქრებით შენთან ვარ და შენთან ვიქნები,
შენ მაგონდები ლამაზი ფიქრებით,
გაქრები და სიზმარში დარჩები.
გელოდი დათვლილი წამებით
და ოცნებით მუდამ მეყვარები.
სიზმარში დაგეძებ, იცოდე,
ფიქრებში გიპოვნი, მელოდე,
ოცნებით გჯეროდეს,
ნაცნობი ხელებით გამათბე,
ფიქრები ჩურჩულით გამანდე.
დაღამდეს, მინდა, რომ დაღამდეს,
გიპოვნი ამ ღამეს,
გელოდი ამ ლამაზ ღამეს.

კითხვები:

1. სად შეიძლება ვეძებო გულისსწორი?

სავარაუდო პასუხები: ქუჩაში, ინსტიტუტში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ცირკში (ცირკთან), კინოთეატრში, ინტერნეტში, გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ და ა. შ.

ავტორის პასუხი: ფიქრებში („ფიქრებში დაგეძებ, იცოდე“).

2. სად შეიძლება გაჩნდეს დაკარგული მიჯნური?

სავარაუდო პასუხები: თავის სახლში, ამხანაგებთან, სხვა მიჯნურთან, „ვიდეოპატრულში“ და ა. შ.

ავტორის პასუხი: სიზმარში („სიზმარში გაჩნდები, გიგონებ“).

3. რითი შეიძლება გავერთოთ?

სავარაუდო პასუხები: სათამაშო კომპიუტერით, თხილამურებზე სრიალით, უოქმენით, ტუალეტში განმარტოებით (ხელცქვიტობით), „მოამბისა“ და „კურიერის“ ყურებით და ა. შ.

ავტორის პასუხი: ოცნებით („და შენზე ოცნებით გამართე“).

4. რით შემიძლია დავტკბე?

სავარაუდო პასუხები: „სნიკერსით“, მამალოს წუწნით, ლამაზი ქალებით, ყვავილებით, „ფირმა“ მანქანებით, გლდანის ან ვარკეთილის ხედების ყურებით, რეპით, პრეზიდენტის ორშაბათის რადიოინტერვიუთი და ა. შ.

ავტორის პასუხი: ლამაზი სიტყვებით („ლამაზი სიტყვებით დამატკბე“).

5. რა შეიძლება ვაჩუქო მას?

სავარაუდო პასუხები: ელექტრობურღი და „კლუჩები“, წიგნი „მგლის ბილიკი“, ტრუსები პელეს ავტოგრაფით, ტრილიაჟი და ა. შ.

ავტორის პასუხი: მშვიდი ღამე („მაჩუქე ეს მშვიდი ღამე“).

6. რითი შეიძლება მიყვარდეს სატრფო?

სავარაუდო პასუხები არა გვაქვს.

ავტორის პასუხი: ოცნებით („და ოცნებით მუდამ მეყვარები“).

7. სხეულის რა ორგანოებით შეიძლება გამათბოს გულისსწორმა?

სავარაუდო პასუხები: თვალებით, ხელებით, ფეხებით და საერთოდ, სხეულის ყველა ნაწილით.

ავტორის პასუხი: მხოლოდ ნაცნობი თვალებით და ნაცნობი ხელებით („ნაცნობი თვალებით გამათბე“ ან კიდევ „ნაცნობი ხელებით გამათბე“).

ეპილოგი

განვითარებულ საზოგადოებაში სიმღერის კრიტიკა ისეთივე ბუნებრივია და მიღებული ფორმაა, როგორც თავად სიმღერა. ამიტომ ზედმეტად მიგვაჩნია იმის მტკიცება, რომ ჩვენ არავის შეურაცხყოფა მიზნად არ დაგვისახავს. ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ კრიტიკით (თუნდაც ყველაზე მძაფრის და ირონიულის) გაღიზიანება ჩამორჩენილთა და პროვინციალთა (აზრობრივი მნიშვნელობით) ხვედრია. ყველას, ვინც ვერ შეეგუება „ხით-ჰიტ პარადის“ არსებობას, ვურჩევთ ცივი წყალი დალიოს.

© ჰუმანოიდი და მელომანი

No comments:

Post a Comment