Wednesday, February 13, 2002

რატომ არ აფრენენ ქართველი როკ-მუსიკოსები

„დამპალი ვაშლის გამყიდველები“ და სოციალური მუსიკა

[რამდენად სოციალურია და პრობლემური დღევანდელი თანამედროვე მუსიკა]

მუსიკა, რომელსაც დღეს ჩვენ თანამედროვეს ვეძახით, მარტივი საცეკვაო მელოდიების სინთეზით შეიქმნა. მასობრივ მუსიკას, რომელიც შემდეგ ახალგაზრდების ერთგვარ მოძრაობად იქცა, გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. თუმცა, 60-იან წლებში, თუნდაც „ბითლზისა“ და „როლინგ სტოუნზის“ შემოქმედებამ ტრადიციული არასერიოზული დამოკიდებულება თანამედროვე მუსიკის მიმართ, რადიკალურად შეცვალა.

ახალგაზრდებისთვის ახლადშექმნილი როკ-ენ-როლის მოსმენა ერთგვარ ამოსაცნობ ნიშნად იქცა, – თუნდაც, მათი ჩაცმულობიდან, თმების ვარცხნილობიდან გამომდინარე. მუსიკაში გაჩნდა დიდი პროტესტი სოციალური გარემოს მიმართ, რომელიც მკვეთრად აისახა მისი ჟღერადობის დამძიმებით ან შინაარსის გართულებით. მუსიკოსები ამღერდნენ გლობალურ და სოციალურ პრობლემებზე. მაგალითად, ჰიპები ეწინააღმდეგებოდნენ ყოველგვარ ძალადობას, ომს, რასობრივ დისკრიმინაციას და ა.შ. ეს ყველაფერი კი ვიეტნამის ომის ფონზე ხდებოდა. მსგავსი პროცესები დატრიალდა და მძლავრი საპროტესტო ტალღა ააგორეს 70-იანი წლების ბოლოს პანკებმა, რომელთაც უარყვეს ყველანაირი პოლიტიკური ღირებულებები და საყოველთაო ანარქიას დაუჭირეს მხარი. მაგრამ ნათქვამია: „არ არსებობს კვამლი უცეცხლოდ“. მათი ნიჰილიზმის აღზევება დაემთხვა დიდი ბრიტანეთის ფინანსურ და პოლიტიკურ კრიზისს, აგრეთვე, სულიერ შიმშილს თავად მუსიკაში, სადაც პოპის ერთ-ერთი ჟანრი, „დისკო“ გახდა ყველაზე პოპულარული კომერციის წყარო.

ძალიან მძლავრ პროტესტს დაუდო სათავე კომუნიზმის დასამარებამ, როდესაც 70 წლიან მონობაში მყოფი მოსახლეობა თავდაპირველად გაურკვეველი სიტუაციის, შიშველი რეალობის, შიმშილისა და დიდი სოციალური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ამას თან ისიც დაერთო, რომ მათ პირველად მიეცათ შანსი, ხმამაღლა გამოეხატათ საკუთარი თავისუფალი აზრი. ძალიან საინტერესო ჯგუფები გამოჩდნენ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოში. ჯერ კიდევ „პერესტროიკის“ დროს ერთ-ერთი პირველი ქართველი მეამბოხე დადა დადიანი (ჯგუფი „ტაქსი“) სიმღერაში „ზამთარი“ ყვიროდა: „მე მინდა კაცს, რომელიც ყვირის ჰქონდეს რწმენა, მე მინდა ერს, რომელიც ლპება, ჰქონდეს გონება“. პროტესტული მუხტი არ აკლდათ: ლადო ბურდულს, ირაკლი ჩარკვიანს, „აუტსაიდერს“, ქიშოს და სხვებს.

„ჩვენ საკუთარი გზები უნდა ვეძებოთ“

ჩვენ დავინტერესდით, რამდენად სოციალური მუხტის მატარებელი და პრობლემატურია დღევანდელი ქართული თანამედროვე მუსიკა.

ბიძინა მაყაშვილი (ჟურნალისტი): „ნამდვილად არ მიმაჩნია, რომ დღევანდელი ქართული თანამედროვე მუსიკა სოციალურია და პრობლემატური. თუ პრობლემატურია, იგი ხელოვნურად და არააქტუალურად არის შექმნილი. ადრე არსებობდა ასეთი კოლექტივები, მაგრამ მათ არ ჰქონდათ რეალური სოციალური დატვირთვა, რადგან ეს ჟანრი არ განვითარებულა საქართველოში იმ დონეზე, რომ მასზე ეზრუნათ. პროტესტს უფრო ვიზუალური ფორმებით გამოხატავდნენ. თუმცა, ზოგიერთებს ჰქონდათ ამის მცდელობები, მაგალითად, ქიშოს. ასეთი ფორმა უფრო პიროვნული მდგომარეობის შედეგად ვლინდება. ამ მიმდინარეობამ (თუ რაც არის) ამოწურა თავისი თავი და აღარ არის აქტუალური. ის უფრო ჰუმანიტარული ორგანიზაციის პრინციპით მოქმედებს და შეიძლება, საქველმოქმედო აქციებთან გავაიგივოთ. იქ რას დაუკრავენ, აღარ აქვს მნიშვნელობა. დღეს საქართველოში, ამ მხრივ, შეგვიძლია დავასახელოთ „გრეჩიხა“, რომელსაც ორიოდე სიმღერაში ჰქონდა სოციალური თემები. ირაკლი ჩარკვიანიც მეტ-ნაკლებად ცდილობს ამის ჩვენებას. ბესელა (ჯგუფი „კონტრაბანდა“) და „აუტსაიდერი“ არაკონფორმისტულად უდგებოდნენ ამ საქმეს, მაგრამ ეს, მაინც არ იყო დიდი პროტესტი“.

შარშან პოლონეთიდან ოდნავ სახეშეცვლილი ჩამოვიდა ჯგუფი „ზუმბა“ და ზაზა კორინთელი, რომელიც მართალია, მანამდეც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ მისმა ახალმა რეპერტუარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ძალიან დიდი აღიარება მოიპოვა. ზაზას სიმღერებში წინ წამოიწია რეალური ცხოვრების ამსახველმა სურათებმა. ის ცდილობს ყველანაირი მუსიკალური სტილის გამოყენებას (ჰიპ-ჰოპის ჩათვლით) და ვფიქრობ, ამჯერად მას ეს კარგად გამოსდის. უნდა ითქვას ისიც, რომ მან იუმორს მიმართა.























ზაზა კორინთელი:
„ჩემი აზრით, როკი არამარტო მუსიკალური, არამედ სოციალური მოვლენაც იყო. ეს იყო პროტესტი. გინდა თუ არ გინდა, მუსიკა და საერთოდ ხელოვნება, ასახავს იმ დროს, რომელშიც იბადება და მოღვაწეობს შემოქმედი. მე ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელ თანამედროვე მუსიკაში ყველა მუსიკოსი რეალობას ასახავს, მაგრამ არსებობს გამოხატვის სხვადასხვა ფორმა. არიან მუსიკოსები, რომლებიც ამას ცდილობენ ხმაურით, თუნდაც, ჯგუფი „აუტსაიდერი“ ავიღოთ. მის მუსიკაში, სწორედ ეს ფაქტორია ჩადებული. ის ცდილობს სოციალური და სულიერი პრობლემების ასახვას როკში. საქართველოში პოპ-მუსიკა ძალიან არ გვივარგა. ის ვერანაირად ვერ უკავშირდება სოციალურ პრობლემებს. ინტელექტუალური ადამიანი შეამჩნევს, თუ რა დონეზეა დღეს ქართული პოპულარული მუსიკა. სხვათა შორის, პოპ-მუსიკა ერის სახეა და როცა მას ეს უკანასკნელი არ უვარგა, იქ სხვა ჟანრებზე ლაპარაკი ზედმეტია. საერთოდ, მუსიკა ჩემთვის ორ ნაწილად იყოფა. ერთია როკ-მუსიკა, რომელიც ასახავს ერის სულიერი თუ ყოფითი სინამდვილის პრობლემებს და არსებობს მუსიკა, რომელიც სოციალურ პრობლემებს საერთოდ არ ეხება და ის მთლიანად ასტრალს ეკუთვნის, – ასახავს იმ სამყაროს, სადაც არ არსებობს მიწიერი მომენტები, ანუ ეს არის ხელოვნება, რომელსაც საზღვრები არა აქვს. ამ ბოლო დროს, ამერიკიდან მოდაში შემოვიდა ჰიპ-ჰოპისა და როკის ნაზავი. ამერიკულ სინამდვილეში ეს კარგად ჯდება. ქართველებიც ცდილობენ ამას და ეს კარგად გამოსდის კაბუს, რომელიც ამ ფორმით აფიქსირებს პრობლემებს. ისე, ძალიან რთული მომენტია, რადგან ქართული სინამდვილე, მენტალიტეტი და პრობლემები სულ სხვაა, ვიდრე ამერიკული. ჩვენ საკუთარი გზები უნდა ვეძებოთ.

ამ პრობლემების ასახვისათვის, მე იუმორს მივმართე, რადგან ეს პრობლემა თავად იმდენად მძიმე, ნევროზული, აბსურდული და დეპრესიულია, ამას რომ მუსიკალური აგრესია, მძიმე ჟღერადობა დაამატო, კიდევ უფრო მეტად სტრესული განწყობილება შეიქმნება. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომელსაც თავზე არავის ვახვევ. ვცდილობ, იუმორით შევხედო იმ აბსურდულ პრობლემებს, რაც ჩვენ თავს გვახვევია. ვფიქრობ, ჯანმრთელ იუმორს სასარგებლო შედეგი მოაქვს. მალე გამოვა ჩემი ალბომი „ევრორემონტი“, ერთგვარი სპექტაკლი და „ვაშლის გამყიდველო“ იქნება ერთ-ერთი ნაწყვეტი ამ სპექტაკლიდან“.

რა აშფოთებს ირაკლი ჩარკვიანს

ვფიქრობ, დღეისათვის ისეთი მუსიკოსი, რომელიც ასე თუ ისე, მწვავედ ასახავს დღევანდელ რეალობას და, ამავე დროს, მის შემოქმედებაში კომერციის ელემენტებიც შეიმჩნევა, არის ირაკლი ჩარკვიანი. მის ბოლო ნამუშევარში, რომელსაც ჰქვია „ამო“, არის ანალოგიური სახელწოდების სიმღერა. მასში იგი ამბობს: „ნუღარ უყურებ ჭერს, თუ არ უშველი თავს, არავინ გაგიღებს კარს. წელს აღარ ახსოვხარ ძველს, ვერ გადაგარჩენს ხვალ, ვერ გააღვიძებ ხალხს, თუ არ გაანძრევ ხელს და არ გატეხავ კარს. და მერე თუ არ მიაჭერ გაზს, ისევ დაგიჭერს ის, ვინც ვერ უშველა თავს“. ირაკლი ყოველთვის თვითონაა საკუთარი სიმღერების ტექსტის ავტორი და ეს ტექსტები ხშირად სწორედ სოციალური ჟღერადობისაა.

ირაკლი ჩარკვიანი: „თანამედროვე ქართული მუსიკა დღეს ნაკლებად პრობლემატურია, არადა, მეტი სოციალური მუხტი უნდა იყოს, რადგან ირგვლივ ბევრი სიმწვავეა. ახალგაზრდები ამას არ გამოხატავენ თავიანთი შემოქმედებით. მათი მიდგომა მუსიკის მიმართ ძალიან კომპრომისულია, რაც, ცოტა არ იყოს, შემაშფოთებელიცაა. ყოველ შემთხვევაში, მე მგონი, ეს ჩვენი კულტურული ჩაკეტილობის ბრალია. დასავლურ კულტურებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მხრივ, ამ თვალსაზრისით ახალგაზრდები აქტიურები არიან. ეს კიდევ იმის ბრალია, რომ საუბედუროდ, საქართველოში არ განვითარდა დემოკრატიული ინსტიტუტები და როკ-ენ-როლი – დემოკრატიის მუსიკა. საუბედუროდ, სოციალურად აქტიურ მუსიკაში, მე დღეისათვის, ვერავის ვხედავ. ეს ცუდია.

ჩვენი ახალგაზრდები ნაცადი, უკვე განვლილი გზებით მიდიან და ეთნოგრაფიულ მუსიკას ეჭიდებიან, რომელიც მსოფლიოში 60 – 70-იანი წლებიდან არის მიღებული. არავის უჩნდება სურვილი, მუსიკით გამოთქვას საკუთარი აზრი დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს, ალბათ, ჩვენი ხასიათის კომპრომისულობა და აღმოსავლური შემგუებლობაა, რომელიც ძალზედ თვალშისაცემია.

საერთოდაც, ჩვენს კულტურაში ძალიან ცოტანი იყვნენ ისეთები, რომლებიც პროტესტს გამოთქვამდნენ, ამიტომ იმის ილუზია არა მაქვს, რომ დღეს ვინმე გამოჩნდება და პროტესტს ასე მკაფიოდ გამოხატავს. თუნდაც 90-იან წლებში ერთი „რეაქტიული კლუბი“ იყო და ორი-სამი მსგავსი არსებობდა. 80-იანებშიც ძალიან ცოტანი იყვნენ. ჩვენთან რევოლუცია ყოველთვის ელიტურია. არასოდეს ხდება ნორმალური სვლა, რადგან ეს არ არის მასობრივი. ჩემი აზრით, ეს დამღუპველია საერთოდ ქვეყნისთვის. ახალგაზრდები იმ საკითხებში ერთიანდებიან, რომელიც აბსოლუტურად ჩაკეტილი და კონსერვატორულია და არა იმ საკითხებში, რომლებმაც შესაძლოა ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს.

არც ერთი დამრღვევი ახალგაზრდა არ ჩანს. ჩვენ თაობაში ასეთი დამრღვევები ვიყავით: მე, კოტე ყუბანეიშვილი და კიდევ სხვები, ანუ იყვნენ ისეთები, რომლებიც არღვევდნენ იმ წესებს და საზოგადოებას აიძულებდნენ, ადრენალინი გამოეყო. დღეს ახალგაზრდებს შორის ასეთ პერსონაჟს ვერ ვხედავ. ესენი არიან ყველაფერთან შეგუებულები, რომელთაც სურვილიც კი არ უჩნდებათ, რომ სოციალურად აქტიური პოზიცია გამოხატონ და მიღებული წესრიგი დაარღვიონ.

„ზუმბას“ შემოქმედებაში ირონია იგრძნობა, მაგრამ მათი აქტიური პოზიცია მე ჯერ არ დამინახავს. მიკვირს, ჩემი სიმღერის, „შენ აფრენ!“-ის შემდეგ, გარღვევის მცდელობა მაინც არ იგრძნობა. ეს ნაღდად არ არის კარგი. ეროვნულმა მოძრაობამ ახალგაზრდების მუსიკალური პროტესტი იმ თვალსაზრისით ჩაკლა, რომ ახალგაზრდებმა გააკეთეს მხოლოდ ერთი დასკვნა – მათი პოლიტიკურ აქტივობის შედეგად შესაძლებელი იყო ისინი პარლამენტში მოხვედრილიყვნენ და ამით ფინანსური მომავალი გასჩენოდათ. ეს, უბრალოდ, ცხოვრებასთან პრაგმატული დამოკიდებულებაა. დასავლეთისგან განსხვავებით, აქ ადამიანს ერთადერთი შანსი აქვს – გახდეს პოლიტიკოსი. მხოლოდ მაშინ ექნება ფინანსური დივიდენდები და შეძლებს ცხოვრებას. ეს, საუბედუროდ, ამ საკითხისადმი ძალიან პრაგმატული, ვიწრო და აღმოსავლური მიდგომაა“.

როგორც ირაკლი ჩარკვიანის საუბრიდან ჩანს, დემოკრატიული მუსიკა საქართველოში განწირულ მდგომარეობაშია და მას მომავალი არ ექნება, თუკი ახალგაზრდები არ გამოფხიზლდებიან და შეეგუებიან ყოველდღიურ მარაზმს, რაც გამეფებულია ქართულ სინამდვილეში. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ მომავალში ამ თემის განსახილველად ჟურნალისტები მხოლოდ ირაკლის, ლადოს, რობის, ზაზას და ბესელას არ მივმართავთ და ახალი სახეებიც გამოჩნდებიან, თორემ ირგვლივ მომრავლდნენ „დამპალი ვაშლის გამყიდველები“, რომლებიც „ისევ გაცვამენ ჯვარს, ისევ ჩაგსვამენ იქ, სადაც სვამენ ამ ბნელ ხალხს“.


No comments:

Post a Comment