ახალი ქართული ენის საფუძვლები ზაზა ხუციშვილისა და მამუკა ონაშვილის შემოქმედებაში
დადგა ახალი საუკუნე, უფრო მეტიც, ახალი ათასწლეული და პოეტებსა და მუსიკოსებს უკვე „საუკუნის ნოსტალგია 2“ მოეძალათ. ჰოდა, თავს ძალა დაატანეს და შეეცადნენ, რამე ნოსტალგიის მაგვარი გრძნობის აღმძვრელი შეექმნათ, მაგრამ როგორც გასულ საუკუნეში იტყოდნენ, კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ და ახალი საუკუნის შესაფერ მეთოდებს მიმართეს. ასე წერა კი ძალზედ ადვილია – აიღებ რომელიმე დასავლელი ვარსკვლავის პოპულარულ მელოდიას, მოარგებ რამდენიმე ქართულ სიტყვას. ამ საქმეში, როგორც წესი, გამოიყენება სიტყვები „მე“, „შენ“, „ის“, „ცრემლი“, „სევდა“, „წვიმა“, „ლოდინი“ და ზოგჯერ „ლოგინიც“ კი... თუმცა ეს ბანალურობანი მხოლოდ რიგით, საშუალო ნიჭის მქონე ავტორებს ახასიათებთ. ჩვენს მიერ განსახილველი სიმღერის შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ჭეშმარიტად ტიტანური სულისა და ათასწლეულებრივი გაქანების ნოვატორთან.
იგავმიუწვდომელია პოეზიის ძალა. პოეტის გენიას ძალუძს სული შთაბეროს ეპოქებსა და ერებსაც კი. და რაოდენ სასიხარულოა, როდესაც ამგვარი საუკუნის შედევრები აგერ, ჩვენს გვერდით, ჩვენს მშობლიურ დედაქალაქში იქმნება. რა ბედნიერებაა იმის შეგრძნება, რომ კაცი, რომელიც მომავალ საქართველოს გააცისკროვნებს და ბუმბერაზი მხრებით ატარებს მის აწმყოსა და მომავალს, გაისიგრძეგანებს მის სატკივარს, იმ ქუჩებში დააბიჯებს, რომელსაც ჩვენ ასე უმოწყალოდ ვტკეპნით.
ტექსტი
„ის სხვა“
Joe Dassin – ზაზა ხუციშვილი. ასრულებს მამუკა ონაშვილი
ის სხვა ამ ღიმილს ვერასოდეს გაჩუქებს,
უსიტყვოდ ვერასოდეს გაგიგებს.
იცოდე, რომ ვერ შემცვლის მე ვიღაც სხვა,
ის სხვა ათასგვარ საოცრებას გპირდება,
ამბობს, რომ მუდამ შენი იქნება.
იცოდე გაგექცევა, გაფრინდება ვიღაც სხვა.
(მისამღერი):
დამიბრუნდი ისევ მე, გელოდები ისევ მე,
არა, ჩვენი სიყვარული არ ჩაქრება!
დამიბრუნდი ისევ მე, გელოდები ისევ მე,
ისევ მე, შენი ერთგული მე.
ის სხვა ფანჯრებთან ვერასოდეს გიმღერებს,
წვიმაში ვერასოდეს გიცეკვებს.
ის შენთვის არ ჩაიდენს ბავშვურ სისულელეს.
თუ შენ ხვდები, რომ დრო უაზროდ გავიდა,
აყველაფერი დავიწყოთ თავიდან.
შეცდომებს გაპატიებ, ჩვენს შორის აღარ იქნება სხვა.
(მისამღერი):
თუ მე ამ ღიმილს კიდევ ერთხელ გაჩუქებ,
უსიტყვოდ კიდევ ერთხელ გაგიგებ,
ვეცდები დაგავიწყო ის ვიღაც სხვა.
ის სხვა ათასგვარ საოცრებას გპირდება,
ამბობს, რომ მუდამ შენი იქნება,
ამბობს, რომ მუდამ შენი იქნება,
იცოდე, გაგექცევა, გაფრინდება მალე ვიღაც სხვა.
„შენი ერთგული მე“ – ოო, რაოდენ მრავლისდამტევია ეს, თითქოსდა ბანალური, არაფრისმთქმელი სიტყვათა წყობა. თითქოს გრამატიკულადაც გაუმართავია იმდენად, რომ კაცი იფიქრებს, ამის დამწერს ნეტა დედაენა წაეკითხაო, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. სინამდვილეში კი, ეჭვი არაა, რომ საქმე გვაქვს ფრაზასთან, რომელიც შეიძლება, მესამე ათასწლეულის ქართული ენის ხელიხელსაგოგმანებელი მარგალიტი, მისი ახალი გრამატიკის ქვაკუთხედი გახდეს.
წარმოიდგინეთ, რა თვალუწვდენელი პერსპექტივები გადაიშლება ჩვენი შთამომავლობის წინაშე, თუკი ამ უბრალო, პრიმიტიულ ფრთიან ფრაზას ქართული გრამატიკისთვის ჯერჯერობით ცნობილ შვიდივე ბრუნვაში ვაბრუნებთ. ჩვენ ხელგვეწიფება ეს აქვე, თქვენს თვალწინ გავაკეთოთ:
სახელობითი: შენი ერთგული მე;
მოთხრობითი: შენმა ერთგულმა მემ;
მიცემითი: შენს ერთგულ მეს;
ნათესაობითი: შენი ერთგული მის;
ვითარებითი: შენი ერთგული მით;
მოქმედებითი: შენს ერთგულ მედ;
წოდებითი: შენო ერთგულო მო.
ბევრს ალბათ გაუკვირდება საქმის ამგვარი განვითარება. ბევრნი – რეტროგრადები და, უკაცრავად პასუხია და, ენაში მოკირკიტე მეცნიერები აღშფოთდებიან კიდეც – ეს რა მოგიჩმახიათო, მაგრამ ჩვენ ყველას შევახსენებთ, რომ ყოველივე ძველი ერთ დროს ახალი და წარმოუდგენელი იყო. ასე რომ, მოთმინებით აღვიჭურვოთ, ახალი წესის მიხედვით ვაბრუნოთ სხვა ნაცვალსახელები და თვალი გავადევნოთ მოვლენების შემდგომ განვითარებას:
სახელობითი: შენი ერთგული ის;
მოთხრობითი: შენმა ერთგულმა ისმა;
მიცემითი: შენს ერთგულ ისს;
ნათესაობითი: შენი ერთგული ისის;
ვითარებითი: შენი ერთგული ისით;
მოქმედებითი: შენს ერთგულ ისად;
წოდებითი: შენო ერთგულო ისო (იმანო).
როგორც ხედავთ, თანამედროვე ქართულში უკვე შეინიშნება „მომავლის ენის“ ჩანასახები (იმანო), რაც ფრიად გვახარებს. თუმცა ჩვენ ყველას – პესიმისტებსაც და ოპტიმისტებსაც კიდევ ბევრი სიურპრიზი გველის:
სახელობითი: ჩემი ერთგული შენ;
მოთხრობითი: ჩემმა ერთგულმა შნმა;
მიცემითი: ჩემს ერთგულ შნს;
ნათესაობითი: ჩემი ერთგული შნის;
ვითარებითი: ჩემი ერთგული შნით;
მოქმედებითი: ჩემს ერთგულ შნად;
წოდებითი: ჩემო ერთგულო შნო (შიმანო).
ბრძენი ზუბალამა იტყოდა: „ძველში არის რაღაც ახალი და ახალში არის რაღაც ძველი“. ალბათ, მხოლოდ ამით თუ აიხსნება, რომ ახალ ქართულ ენაში ძველთუძველესი სიტყვის, „შნის“ ანუ „შნოს“ განმარტებას ვხვდებით. მაგრამ მოდით, პირის მრავლობით ნაცვალსახელებსაც ნუ დავივიწყებთ:
სახელობითი: თქვენო ერთგულო ჩვენ;
მოთხრობითი: თქვენმა ერთგულმა ჩვნმა;
მიცემითი: თქვენს ერთგულ ჩვნს;
ნათესაობითი: თქვენი ერთგული ჩვნის;
ვითარებითი: თქვენი ერთგული ჩვნით;
მოქმედებითი: თქვენს ერთგულ ჩვნად;
წოდებითი: თქვენო ერთგულო ჩვნო (ჩვიმანო).
თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, შორს არ არის ის დრო, როდესაც სიმღერებში „მე შენ მიყვარხარ“-ის ნაცვლად, „მო შნო უ“-ს ვიტყვით. იმედი ვიქონიოთ, რომ იმ ნანინანატრ დროს ეს ყოველივე ბუნებრივად მოგვეჩვენება. ვუსურვებთ ჩვენს ბუმბერაზ პოეტებსა და მომღერლებს კიდევ უფრო ღრმა წიაღსვლებსა და წარმოუდგენლად გრძელ ნახტომებს. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მოწიწებით დაველოდოთ, როგორ და რა მხრივ განვითარდებიან ისინი და ჩვენც, უბრალო მოკვდავთ, წინსწრაფვის საშუალებას მოგვცემენ. მარად თქვენს ერთგულ ჩვნად გვიგულეთ!
ჩემო ერთგულო ზაზა, ვიცი, რომ მოგეწონა ჩვენი წამოწყება და ვინ დაწერდა კრიტიკულ წერილს შენს ლექსზე, თუ არა „შენი ერთგული მე“.
© ჰუმანოიდი და მელომანი
No comments:
Post a Comment