ცნობილი მხატვარი მათეს სახარებას ასურათებს და ფიქრობს, რომ ბოროტი ადამიანი არ არსებობს
თბილისში, ელიას მთაზე წმინდა სამების ტაძრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. „ახალი ვერსია“ წლის დასაწყისიდანვე ცდილობს, მკითხველს გააცნოს ამ ტაძართან დაკავშირებული ყველა სიახლე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის წინადადებითა და ლოცვა-კურთხევით სამების ტაძრისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი სახარება მზადდება, რომელზეც შემოქმედთა ჯგუფი მუშაობს. ოთხთავი ეტრატზე (ხბოს ტყავზე) ხელით იწერება.
სახარებაზე მუშაობდნენ გადამწერები: რაფაელ გოგიტიძე, თამარ თეთრაშვილი და მეუფე დავითი (მახარაძე), ხატმწერები: გურამ ჟვანია, ლაშა კინწურაშვილი, თამარ გურაშვილი, ლიზა ჩქარეული, შოთა ცხვიტავა, ლევან მარგიანი, მამა ალექსანდრე (გალდავა) და რუსუდან ფეტვიაშვილი. ლია მიქიანი ამ სახარების ყდას ვერცხლისგან გამოჭედავს, ხოლო გიორგი ღუდუშაური მინანქრებს ჩასვამს.
მხატვარ რუსუდან ფეტვიაშვილს მკითხველის წინაშე ნამდვილად არ სჭირდება წარდგენა. ზოგიერთს გაუკვირდა კიდეც, როცა გაიგო, ფეტვიაშვილი ხატმწერი გამხდარაო, მაგრამ თავად რუსუდანი ამბობს, რომ მთელი მისი შემოქმედება სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ამსახველი სურათების ხატვას დაეთმო, სადაც აუცილებლად სიკეთე იმარჯვებს. რუსუდან ფეტვიაშვილი ამჟამად მათეს სახარების დასურათებაზე მუშაობს. მას საპატრიარქოში ვესაუბრე.
------------------------------
მცირე პრეს–დოსიე
------------------------------
რუსუდან ფეტვიაშვილი 1968 წლის 25 იანვარს თბილისში დაიბადა.
დაამთავრა თბილისის 125-ე საშუალო სკოლა, შემდეგ კი – თბილისის სამხატვრო აკადემია.
ხატვა წლისა და 10 თვის ასაკში დაიწყო.
რუსუდან ფეტვიაშვილის მეუღლე, თემურ ბადრიაშვილი თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრის დირექტორია.
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
– ქალბატონო რუსუდან, როგორ კავშირშია თქვენი პირადი, საერო შემოქმედება ხატწერასთან?
– ზუსტად ვერ გეტყვით, რადგან ოთხთავზე მუშაობა კონკრეტული თემაა. სანამ სახარებაზე მუშაობას დავიწყებდი, თითოეულ დღეს საპატრიარქოში ვატარებდი და წიგნებს ვკითხულობდი. მთელი ჩემი შემოქმედება სიკეთისა და ბოროტების ბრძოლას ასახავს. იგივე თემა სახარებაშიც არის გადმოცემული. ჩემს ნახატებში ყოველთვის სიკეთე იმარჯვებდა, სხვა ვარიანტი გამორიცხულია – ასეა თავიდანვე ჩაფიქრებული.
– თქვენს პერსონაჟებს ცოტა უცნაური ფორმები აქვთ. მათი ხატვისას წინასწარ იცით, რომელი მათგანია კეთილი ან ბოროტი?
– რა თქმა უნდა. ანგელოზები სიკეთეს განასახიერებენ, ხოლო დრაკონები – ბოროტებას, მაგრამ ბოროტი ადამიანი არასოდეს დამიხატავს. ვერ დავხატავ, რადგან, ვფიქრობ, ბოროტი ადამიანი არ არსებობს. ბოროტება მახინჯი ფორმაა და თუ არა ურჩხულის სახით, სხვაგვარად ვერ გამოვხატავ. ძალიან ცოდოა ბოროტი, ვნებიანი ადამიანის ჩვენება, იგი ამისთვის არ მემეტება, ამიტომ ბოროტი, არაკეთილი, არაჯანმრთელი გრძნობები ცალკე გამომისახავს.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ბოროტებას მხოლოდ ურჩხულის, დრაკონის ფორმები შეიძლება ჰქონდეს. სიკეთე კი ანგელოზის სახით, სინათლისა და ფერების შეხამებით გადმომიცია.
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
– ე. ი. ყველა ადამიანი, ვინც დაგიხატავთ, კეთილია?
– ჩემს მიერ დახატული ადამიანები არც კეთილები, არც ბოროტები არ არიან. ძირითადად უფრო ამაღლებული ადამიანების ხატვა მიყვარს, რომლებმაც რაღაც ზღვარს გადააბიჯეს და საკუთარი თავის ხელში აყვანა შეუძლიათ, ანუ მათ ვნებები არ აწუხებთ.
– თქვენ, მხოლოდ მათეს სახარებაზე მუშაობთ?
– დიახ. სხვათა შორის, მასზე მუშაობა 8 წლის წინ გურამ ჟვანიამ დაიწყო. მან 20 მინიატურა გააკეთა. მერე მისმა უწმინდესობამ მე მაკურთხა, რათა მუშაობა გამეგრძელებინა.
– უსასყიდლოდ მუშაობთ?
– მას შემდეგ, რაც ოთხთავზე მუშაობა დავიწყე, საპატრიარქოს თანამშრომლად ვითვლები და, როგორც რიგითი თანამშრომელი, ხელფასს ვიღებ.
– რა დრო მიაქვს სახარების დასურათებას?
– უკვე 3-4 წელია, რაც სახარებაზე დავიწყე მუშაობა და თითქმის ყოველდღე საპატრიარქოში დილიდან საღამომდე ვიმყოფებოდი.
– ეს საქმიანობა თქვენი სურვილი იყო თუ საპატრიარქომ შემოგთავაზათ?
– მისმა უწმინდესობამ შემომთავაზა. მითხრა, უდიდესი ზომის, ძალიან მნიშვნელოვანი სახარება კეთდება, უკვე ჯგუფები მუშაობს (მაშინ გადაწერაზე მუშაობდნენ და მხოლოდ გურამ ჟვანიას ჰქონდა მინიატურები გაკეთებული) და სურვილი ხომ არ გაქვს მინიატურები დახატოო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამიხარდა, იმავდროულად, უდიდესი პასუხისმგებლობის გამო, მოწიწებისა და შიშის გრძნობაც დამეუფლა.
მინიატურების ხატვის ხელოვნება საპატრიარქოს ბიბლიოთეკის წიგნის – „ბიზანტიური მინიატურების“ მიხედვით შევისწავლე. ამ წიგნში არის ყველა ის მინიატურა, რაც ოდესმე მართლმადიდებლურ სამყაროში გაკეთებულა. მერე საპატრიარქოს ბიბიოთეკაში გავეცანი წიგნს ხატწერის შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ მაკურთხა პატრიარქმა ჯერ იმისათვის, რომ საზედაო ასოები გამეკეთებინა და ბოლოს მინიატურების ხატვის კურთხევაც მომცა. ამ საქმეს უდიდესი მოწიწებითა და რიდით ვაკეთებ.
– ეს გრანდიოზული წიგნი უძველესი მეთოდებით კეთდება. ხომ არ გიჭირთ ეტრატზე (ხბოს ტყავზე) მუშაობა?
– როგორც მისმა უწმინდესობამ ბრძანა, ასეთი დიდი ზომის სახარება მსოფლიოში არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეტრატზე ძალიან რთული სამუშაოა, რადგან საღებავის მიღება უჭირს. როგორც წესი, ნელი მუშაობა არ მახასიათებს, საკმაოდ ნორმალური ტემპი მაქვს (წინასწარ ჩანახატებს არ ვაკეთებ), მაგრამ ამ ოთხთავზე მუშაობას ძალიან დიდი დრო მოვანდომე. თითოეულ მინიატურას თავისი სამყარო აქვს, თანაც მეშინოდა, რაიმე არ შემშლოდა.
– პარალელურად, რამეს ხომ არ ხატავდით კიდევ?
– პარალელურად არაფერი დამიხატავს, წიგნიც კი არ წამიკითხავს თუ სახარებასთან კავშირში არ იყო. პრინციპში ვერც ვერაფერს დავხატავდი, რადგან დღის შუქზე ვმუშაობ, საპატრიარქოში კი საღამომდე ვრჩებოდი.
– ბევრ მართლმადიდებლურ ლიტერატურას გაეცანით?
– ძირითადად მაინც ბიბლიას, სახარებას, მოციქულთა საქმეებს, ეპისტოლეებს ვკითხულობდი.
– ქალბატონო რუსუდან, ბავშვობიდანვე რელიგიური ბრძანდებით?
– დედაჩემის წინაპრების 16 თაობის წარმომადგენლები სასულიერო პირები იყვნენ. ასე, რომ ჩვენ რელიგიური ოჯახი გვქონდა, თუმცა ისეთი ეკლესიურები, როგორებიც ახლა ვართ, ადრე არ ვყოფილვართ. ყოველთვის გვწამდა, ღმერთი გვიყვარდა და პატივს მივაგებდით, ოჯახში ხატებიც გვქონდა.
– სააღდგომოდ რა სურვილები გაქვთ?
– ყველას დიდ სიყვარულს, რწმენას (რომელიც მოყვასისადმი სიყვარულითაა გაჟღენთილი) ვუსურვებ, ხოლო მთელ საქართველოს – დიდ სიმშვიდეს, სიუხვესა და ბარაქას.
No comments:
Post a Comment