„სხვადასხვა ქვეყნებში ქართველები კვლავ დააფუძნებენ სულიერ სავანეებს, სადაც ჭეშმარიტ სარწმუნოებას იქადაგებენ“
მართალია, საქართველოში ზოგიერთი თვლის, რომ ქვეყანა აღმავლობის გზაზეა, მაგრამ თბილისში უცხო ქვეყნების საელჩოებთან გაწელილი რიგები სულ სხვა რამეზე მეტყველებს.
არაოფიციალური მონაცემებით, უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა მიატოვა სამშობლო. ისინი საზღვარგარეთ, ფაქტობრივად, ბედის ანაბარა არიან დარჩენილები. საქართველოს ეკლესია კი თავის მოვალეობად თვლის, მოიძიოს და მზრუნველობა გაუწიოს სამშობლოდან იძულებით გადახვეწილ მრევლს, რათა ისინი გარკვეული დროის შემდეგ საკუთარ ოჯახებს მშვიდობით დაუბრუნდნენ.
საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ყველაფერი უნდა ვიღონოთ უცხოეთში მცხოვრებ ყველა ქართველის სამშობლოში დასაბრუნებლად. მართლმადიდებელმა ემიგრანტებმა კი უნდა იცოდნენ, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა ცხოვრობდნენ, ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლში ირიცხებიან.
ქართველებმა მშობლიური ენა რომ არ დაივიწყონ და ქართულმა ეკლესიამ თავისი სულიერი შვილები არ დაკარგოს, ბევრ ქვეყანაში უკვე ქართული სამრევლოები დაფუძნდა.
ახლახან უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის იურისდიქციის ქვეშ საზღვარგარეთის რამდენიმე სამრევლო ეკლესია შევიდა. მათ შორისაა: ბრიუსელში – წმინდა თამარ მეფის სახელობის, მიუნხენში – წმინდა ვახტანგ გორგასლის, ვენაში – წმინდა დავით აღმაშენებლის და სტრასბურგში – წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიები.
სულ მალე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ჰამბურგის, დიუსელდორფის, ლონდონის ჟენევისა და ლიონის სამრევლოებში მიავლენს თავის წარმომადგენლებს. ისინი ყველაფერს იღონებენ ჩვენი თანამემამულეების რწმენის განსამტკიცებლად, დაეხმარებიან იმ ქართველ ბიზნესმენებსა და საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, რომელთაც ჩვენი ქვეყნის გარეთ, ახალი ქართული სამრევლო ეკლესიების გახსნა აქვთ განზრახული.
სულ ახლახან გერმანიიდან და ავსტრიიდან დაბრუნდა საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ცხუმ-აფხაზეთისა და მარგვეთის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის ხელმძღვანელობით. მან მიუნხენში ქადაგებისას ბერძენი ხალხის მაგალითი მოიყვანა, რომელიც ახერხებს თვითმყოფადობისა და ეროვნულობის შენარჩუნებას ნებისმიერ უცხო ქვეყანაში. ქადაგების შემდეგ აჩვენეს დოკუმენტური ფილმი – „დღესასწაული დღესასწაულთა“, საღამოს კი გაიმართა მიღება-ბანკეტი, სადაც მოწვეულები იყვნენ ბერძენი, სერბი და რუსი სასულიერო პირები, უცხოეთში მოღვაწე ქართველები: პაატა ბურჭულაძე, ქრისტეფორე კირკიტაძე, ვახტანგ ჩხაიძე, კარლო ინასარიძე და სხვები. აჟღერდა მიუნხენის ეკლესიის მგალობელთა მიერ შესრულებული საგალობლები, ხალხური და სუფრული სიმღერები.
ხანმოკლე ვიზიტის მიუხედავად, იმდენად სავსე იყო ყოველი წუთი სულიერებითა და სიყვარულით, რომ მიუნხენის ეკლესიის მრევლისათვის ეს მთელ ეპოქად გადაიქცა. ვიზიტის მომზადებაში დიდი წვლილი მიუძღვის მიუნხენის წმინდა ვახტანგ გორგასლის ეკლესიის წინამძღვარს, მამა მამუკა თავხელიძეს და სამრევლო სათათბიროს. მეორე დღეს მეუფე დანიელმა მიუნხენის ბერძნულ მართლმადიდებლურ ტაძარში ბერძენ სამღვდელოებასთან თანამწირველობით სამღვდელმთავრო წირვა ჩაატარა. ტაძარი ვერ იტევდა ქართველ და ბერძენ მრევლს. ეს წირვა ორი მართლმადიდებელი ერის საერთო ზეიმად იქცა.
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლისთვის საღვთო ლიტურგია ყოველდღიურად აღევლინება. საქართველოს ეკლესიიდან მივლინებული დელეგაციის სტუმრობისას კი პირველად შესრულდა სამღვდელმთავრო წირვა. ხორციელის შაბათს, წირვას, ტრადიციისამებრ, მიცვალებულთა დიდი პანაშვიდიც მოჰყვა, რომელიც მეუფე დანიელის ქადაგებით დაგვირგვინდა.
ქართული სამრევლო ეკლესიების შესახებ „ახალ ვერსიას“ საპატრიარქოს პრეს-ცენტრის ხელმძღვანელი, მამა დავითი (შარაშენიძე) ესაუბრა.
მამა დავითი: „მიუნხენსა და ავსტრიაში ეკლესიების გახსნა მამა მამუკას აქტივობაზე და მის დაუღალავ შრომაზე იყო დამოკიდებული. ესენი სამრევლო ეკლესიებია. მსგავსი ეკლესიები გაიხსნა სტრასბურგშიც. სამრევლოებში დიდი ტაძრები არ იგულისხმება. ხშირად ეს არის ერთი ოთახი – სამლოცველო. ტაძრების არარსებობდა კი, რა თქმა უნდა, ჩვენი დიასპორის ნაკლები აქტიურობის შედეგიცაა.
თუმცა ახალი ზელანდიიდან შეტყობინება მოვიდა, რომ ქართველების ჯგუფი იქ ეკლესიის აშენებას აპირებს. ჯგუფი საპატრიარქოს მღვდელმსახურის ახალ ზელანდიაში გაგზავნას გვთხოვდა. მოგვმართეს ლატვიიდანაც, მაგრამ, სამწუხაროდ, შემდეგ აღარ დაგვიკავშირდნენ. მოსკოვსა და პეტერბურგში არსებობს ქართული სამრევლო ეკლესიები, რომლებიც რუსეთის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ არიან. ამ ტაძრებში ქართველი მღვდლები მოღვაწეობენ. უცხოეთში ჩვენი ეკლესიის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება მიუნხენის, ავსტრიისა და სტრასბურგის სამრევლო ეკლესიები. მალე ეკლესიები გაიხსნება ბრიუსელში, ლონდონსა და ნიუ იორკში. ნიუ იორკში მოღვაწეობს მამა მიქაელ ფოფხაძე, რომელმაც ხელდასხმა ჩვენი პატრიარქისგან მიიღო, თუმცა იქაც ადგილობრივი იურისდიქციის ქვეშ არიან. სხვათა შორის, ქართველი მოძღვრები ამერიკის სხვადასხვა ეკლესიებში მოღვაწეობენ. მინიაპოლისში მამა გიორგი ხიტირი სწირავს, რომელმაც განათლება ბოსტონის წმინდა ჯვრის სემინარიაში მიიღო. ამერიკაში კიდევ ბევრი ქართველი მოძღვარია, რომლებიც პერიოდულად ქართულად სწირავენ, თუმცა ჩამოყალიბებული ქართული სამრევლოები იქ არ არსებობს.
მამა კახა კურტანიძე საბერძნეთში, კერძოდ თესალონიკში მოღვაწეობს და მას იქ ნაწილობრივ ქართულად წირვის ჩატარების უფლების კურთხევაც აქვს მიღებული.
ჩვენს სამრევლო ეკლესიებთან შესაძლებლობის ფარგლებში გვაქვს კონტაქტი. მამა მამუკა თავხელიძესთან ელექტრონული ფოსტით ყოველკვირეული ურთიერთობა გვაქვს. ავსტრიასა და მიუნხენში გაზეთი „საპატრიარქოს უწყებები“ ვრცელდება. სამწუხაროდ, ამაზე მეტი შესაძლებლობა არ გაგვაჩნია. მის უწმინდესობას ბრიუსელსა და მიუნხენში ქართულ სამრევლოებთან ძალიან თბილი შეხვედრები ჰქონდა. საზღვარგარეთელ მრევლს ჩვენი სხვა იერარქებიც ხშირად ხვდებიან.
ზედმეტად თამამები ვიქნებით თუ განვაცხადებთ, რომ უცხოეთში ჩვენს სამრევლოებს მისიონერული ფუნქციაც აქვთ. თუმცა იმედი გვაქვს, ის კურთხეული დროც დადგება, როდესაც ქართველები, წინაპრების მსგავსად, სხვადასხვა ქვეყნებში სულიერ სავანეებს დააფუძნებენ, სადაც ჭეშმარიტ სარწმუნოებას იქადაგებენ. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი გამოვიდეს, მაგრამ ამის წინაპირობები უკვე არსებობს“.
No comments:
Post a Comment