„კუდიანი კომეტები“ უთავო პოლიტიკოსების სამსახურში
„უცნაური გრძნობა შემომერია, ეს ქვეყანა თვალწინ გადამერია“, – ვერაფერს იტყვი, ნაცნობი გრძნობაა, მხოლოდ ისაა უცნაური, რომ ამ სიტყვებს იმათგან ისმენ, ვისი „მოღვაწეობის“ შედეგადაც ეს გრძნობა ასე ხშირად გვეუფლება. მოდით, დავაკვირდეთ ქართული ესტრადის, ერთი შეხედვით, მრავალფეროვან პალიტრას.
მუსიკა, სიბრძნე, სიცრუე და პოლიტიკა
ქართული თანამედროვე მუსიკის ცის ტატნობზე აკიაფებული „ვარსკვლავები“ (ალბათ უფრო მართლები ვიქნებით თუ ვიტყვით – „კუდიანი კომეტები“) დიდი ხანია მოურიდებლად შეიჭრნენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და რადგან, ალბათ, გრძნობენ, რომ ადამიანთა გულებში მათი ადგილი არ არის, ყოველდღე ახალ-ახალ ხრიკს მიმართავენ ჩვენს ცხოვრებაში მაინც რომ დაიმკვიდრონ ადგილი. ალბათ იმასაც კარგად ხვდებიან, რომ მათმა ერთნაირად უსახურმა და უშინაარსო სატრფიალო სიმღერებმა (სადაც სიყვარული მხოლოდ სიტყვის მასალაა) ყველას თავი მოაბეზრა და ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად ეპოტინებიან ისეთ თემებს, რომლებთან შეჭიდებისას მხატვრული ოსტატობა თუ არა, უბრალოდ, მორალური უფლება მაინც უნდა გქონდეს.
მაგალითად, როდესაც შენი მამიკო ტყეების განადგურებაშია მხილებული, ხოლო შენ ამ გაყიდული ხე-ტყის ფასად სცენაზე დგახარ და ყმუი, იმდენი ნამუსი მაინც უნდა შეგრჩეს, რომ „ტყე შეუნახე შვილებსა“ ცინიკური ღიმილის გარეშე იმღერო.
ან კიდევ, როცა კაცი ნავში ზის და სახლში მიდის, ვერასოდეს გაიგებს „რა არის წმინდა“, თუკი ეს ნავი „მოქალაქეთა კავშირის“ ფულით არის ნაყიდი. რაც შეეხება ფულს, ანუ როგორც ყოფილ „რადიო 105“-ში იტყოდნენ ე. წ. „მატერიალურ სახსარს“, ამ დაქცეულ ქვეყანაში მდიდარი ხალხის მომრავლებაც ვერ უნდა ინატროს კაცმა, რადგან, როგორც წესი, ასეთი ხალხის შვილი, ძმა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი (მამის მხრიდან) რატომღაც აუცილებლად მომღერალი ხდება. შემდეგ ის ახლო ნათესავის (დედმამიშვილის და ა. შ.) „მატერიალური სახსარის“ წყალობით მოსახლეობისგან იწყებს ტექსტების, მელოდიებისა და საარჩევნო ხმების შეძენას.
ჭეშმარიტი შემოქმედი (მუსიკოსი, მხატვარი, მწერალი და ა. შ.) თავისთავად მიუკერძოებელი და ზეპარტიული არსებაა. თვით კომუნისტური დიქტატურის დროს, პარტიის წევრი ხელოვანებიც კი ახერხებდნენ გვერდი აექციათ კომუნისტური პარტიის ქება-დიდებისათვის, ზოგჯერ შეფარვით კრიტიკასაც ახერხებდნენ. ჭეშმარიტი ხელოვანნი არასოდეს იდრეკდნენ ქედს თვით ყველაზე მკაცრი და დაუნდობელი წყობის წინაშე მიუხედავად იმისა, რომ ეს მათ სამშობლოდან გაძევების, ზოგჯერ კი სიცოცხლის ფასადაც უჯდებოდათ. ამის მაგალითები ისტორიაში მრავლადაა. საკმარისია გავიხსენოთ რემარკის, ჰაინრიხ და თომას მანების, სტრავინსკის ცხოვრება, ან თუნდაც ჩვენი „ცისფერყანწელების“ ტრაგიკული ბედი.
საერთოდ, ხელოვნებისთვის ძლიერთა ამა ქვეყნისა სამსახური ყოველთვის უცხო იყო, რადგან იგი მის ბუნებას ეწინააღმდეგებოდა. ასე იყო ყოველთვის და ასეა ახლაც. ჩვენს დროშიც მრავლად არიან ხელოვანნი, რომელთა შემოქმედებაც ფულზე არ იყიდება. ამის დასტურად თუნდაც ტომ უეიტსის, ნიკ ქეივის, ბორის გრებენშიკოვის, პეტრე მამონოვის, იური შევჩუკის და სხვათა სახელების ჩამოთვლაც კმარა.
ასეთი შემოქმედნი საქართველოშიც მოიძებნებიან. პოეტი გაგა ნახუცრიშვილი, მწერლები გრეგორ ზამზა (ზაზა ბურჭულაძე) და ზურა მესხი, მუსიკოსები რობი კუხიანიძე, ირაკლი ჩარკვიანი და ლადო ბურდული, კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი და სხვები – ყველა ესენი სხვადასხვა ჟანრში მომუშავე და სხვადასხვა გაქანების მქონე ხელოვანნი არიან. მათი შემოქმედება შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს, მაგრამ ერთი რამ ჯერჯერობით ცხადია: რომელიმე მათგანის ამა თუ იმ პარტიის ტრუბადურად წარმოდგენაც კი შეუძლებელია.
ჩვენს თავზე მართლაც ნიაღვრად და სტიქიურ უბედურებად დატეხილ პოპ-კომეტათა უმეტესობა კი არად დაგიდევთ, თუ მათ პოპულარობას ვინმე ხალხის გასაბრიყვებლად იყენებს. ერთ-ერთმა პოპ-მუსიკოსმა, რომლის გვარიც შეიძლებოდა ზემოთჩამოთვლილ შემოქმედთა გვერდითაც მოხვედრილიყო, ამასწინათ ტელევიზიით ამაყად განაცხადა: „პოლიტიკოსებს შეუძლიათ იყიდონ ჩემი კონცერტი, მაგრამ ისინი ვერ იყიდიან ჩემს ხმას“.
ამ სიტყვებს დანარჩენი პოპ-კომეტები ტაშის გრიალით შეხვდნენ და შემდგომ არაერთხელ გააციტატეს, როგორც დიდი სიბრძნე. თუმცა იგი, ჩვენი აზრით, ძირშივე მცდარია და ალბათ მხოლოდ პოპსავიკთა აწრიალებული სინდისის დასამშვიდებლად თუ ჩასახშობად გამოდგება. საქმე ისაა, რომ შენს შემოქმედებას (კონცერტს) ვიღაც თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, ანუ უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ – ახალგაზრდების ხმათა მოსაპოვებლად იყენებს, ის თავისთავად შენი ხმაა და არა კონცერტი. ასეთ შემთხვევაში შენ გინდა თუ არა, მაინც პოლიტიკოსთა ვიწრო ინტერესებს ემსახურები და არა ხელოვნებას, მით უმეტეს, საკუთარ სინდისს ან ხალხს.
„არ ვინანებ შენს გვერდით რომ ვიდექი“
ახლა კი ჩვენს სახით-ჰიტე სიმღერასაც („ვაგონი მიქრის“) მივხედოთ. ყურადღებით გადავავლოთ თვალი ტექსტს:
ვაგონი მიქრის
უცნაური გრძნობა შემომერია,
ეს ქვეყანა თვალწინ გადამერია,
აყველა ფიქრი ახლა წვიმისფერია,
წვიმისფერი ლექსი დამიწერია.
ჩემი გრძნობა თვალებს როცა ახელდა,
ბედისწერა სწორედ მაშინ გახელდა,
როცა წვიმა ირგვლივ ყველას ავსებდა,
მარტო ჩემი საქართველო დასველდა.
(მისამღერი):
სად მივყავართ მატარებლის ლიანდაგს,
სად გარბიან ჭრელი ქოლგის რიგები,
არ მოვუსმენ აღარავის სიაბანდს,
არ ვინანებ შენს გვერდით რომ ვიდექი.
ვერ გავიგე სად ვიყავი, სად – არა,
არ ყოფილა ეს ოცნება პატარა,
არ იყავი ჩემთან ერთად პატარა.
რაც შუაშია, რა შუაშია, სინდისი სინდისია, ნამუსი ნამუსია,
გაუშვი – არ უსვრია, ულვაში დაუსვრია, სუყველა გაუსვრია, ბოთლებზე დაუსვია,
თავისი გაიტანა, ტისკები აიტანა, თავანი ჩაიტანა, ბანკები გაიტანა,
მეზობლებს წეწავს, ყველაფერს ლეწავს, წააგავს მეძავს, მეძავსაც წეწავს.
(მისამღერი)
ტიპია პაგონით ნუ, არაფრის გამგონი,
არ ესმის ჟარგონი, შუბლი აქვს კარდონის,
გამვლელებს ესვრის, ტანი აქვს ნესვის,
შნირო, ხომ გესმის? პლედი და დესვი.
აქ არის კუპეში, გველი ჰყავს უბეში,
არა მაქვს ნუგეში, ვისვრები წუმპეში,
მეზობელ კუპეში ვიპოვე ნუგეში,
გორდება დუბეში, ვიწვები წუთებში,
გოგონა ჩუსტებში, ბიჭები ქუჩებში,
ბინძური დუშებში, ჩეჩენი ბუნკერში,
დრო არ მაქვს ფიქრის,
ვაგონი მიქრის, ვაგონი მიქრის.
(მისამღერი)
მოხდა რაღაცა, ვიღაცა მეცა,
ხელებით მომცა ლურჯი ცა, უფრო ლურჯი ცა დაიფიცა,
ბედი დალოცა, შემხვდა როცა მხურვალედ ილოცა,
არ სწამდა, ილოცა, მაკოცა,
მაგრად მაკოცა, გამაოცა,
ტიპმა გამაოცა, გამაოცა ტიპმა, გამაოცა.
მაიცა, ცოტა მაიცა, გაიქცა, იქით გაიქცა,
ჩაიქცა, ცოტა ჩაიქცა, კაცი მაყუთში ჩაიქცა,
დაცვის რაცია რა მამაცია, როგორი კაცია,
სახე აქვს სანქცია. ვაგონი მიქრის, ვაგონი მიქრის.
(მისამღერი 2-ჯერ)
ჩემი გრძნობა თვალებს როცა ახელდა,
ბედისწერა სწორედ მაშინ გახელდა,
როცა წვიმა ირგვლივ ყველას ავსებდა,
მარტო ჩემი საქართველო დასველდა.
ი, ი-აი, იაიაიააა, ი, ი-აი, იაიაიაიააა...
(ტექსტი გადმობეჭდილია ჟურნალ „ვარსკვლავებიდან“ და შეძლებისდაგვარად გარედაქტირებულია სიმღერის მიხედვით)
ყოველი ტექსტი პირველ რიგში მისი ავტორის შესახებ მოგვითხრობს, გვაცნობს მის სურვილებსა და წარმოდგენებს სამყაროს შესახებ. ტექსტის პირველი სიტყვებიდანვე ჩანს, რომ რეალური სამყარო, ავტორის აზრით, არ შეესაბამება მის მიერ წარმოსახულ იდეალს, რის გამოც, მისი ლექსი წვიმისფერია. შემდეგ „პოეტი“ გვიზიარებს მის სიყრმისდროინდელ შთაბეჭდილებებს, ანუ იმდროინდელს, როცა მისი „გრძნობა თვალებს ახელდა“. როგორც ჩანს, მისი ცხოვრების პირველი მძაფრი შთაბეჭდილება საქართველოს (სავარაუდოდ ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებთან შედარებით) სოციალურ-პოლიტიკურ ჩამორჩენას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ იგი სამშობლოზე ღრმად და მწარედ ჩაფიქრებული, დიად შუბლზე თითებმიბჯენილი მამულიშვილია – მშობელი ერის დაუცხრომელი ქომაგი და გულშემატკივარი.
და აი, ახლადგრძნობათვალახელილი ჭაბუკი პირდაპირ ცხოვრების ორომტრიალში ეშვება. მისი „მებრძოლი სული“ არ ეპუება სიძნელეებს, ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მამულზე მგზნებარედ შეყვარებული ახალგაზრდა მამულსავე სამსახურისთვის ცხოვრების ყველაზე რთულსა და წინააღმდეგობებით აღსავსე გზას – ქუჩას ირჩევს. „ლექსიდან“ ჩანს, რომ „პოეტი“ წარმატებით დაუფლებია „ცხოვრების აკადემიის“ ძირითად პრინციპებს: „ტისკები აიტანა, თავანი ჩაიტანა“ და ა. შ. იგი დიად კლასიკოსთა და განმანათლებელთა დარად არ ერიდება უბრალო, ხალხურ სიტყვებსა და გამოთქმებს (ე. წ. ჟარგონებს): „შნირო ხომ გესმის, პლედი და დესვი“... მაგრამ „მგოსანი“ ამით არ კმაყოფილდება და ჭეშმარიტი ნოვატორისათვის დამახასიათებელ სითამამეს ამჟღავნებს: იგი კიცხავს ყველას, ვისაც არ ესმის ჟარგონი, ანუ ვინც მოშორებია უბრალო ხალხის მადლიან ენას და თავის თავსა და ხალხს შორის კლდე აღუმართავს: „არ ესმის ჟარგონი, შუბლი აქვს კარდონის“. ამ სტრიქონებით იგი თითქოს აერთიანებს ქართველი ერის დიდ კლასიკოსთა გულისწუხილს მე-19 საუკუნის მიწურულს ჩამოვარდნილ ხიდჩატეხილობის გამო.
„პოეტი“ არ კმაყოფილდება ცხოვრების თუნდაც ყველაზე ზუსტი აღწერით და კლასიკოსისათვის დამახასიათებელი აფორისტულობით თანამემამულეთ გამოღვიძებისკენ მოუწოდებს, შთააგონებს მათ მაღალი სულიერი საწყისისკენ სწრაფვის აუცილებლობას: „სინდისი სინდისია, ნამუსი ნამუსია“. თუმცა მისი „გენიალურობა“ ამით არ ამოიწურება. მისი ბობოქარი სული ვერ ეტევა რეალიზმის პირობით ჩარჩოებში და რომანტიზმისა და სიმბოლიზმის მწვერვალებსაც ეპოტინება. მაგრამ აქაც ნავთსაყუდელს რომ ვერ ჰპოვებს, სიურრეალისტურ ექსპერიმენტთა მორევში იწყებს ბანაობას: „მოხდა რაღაცა ვიღაცა მეცა, ხელებით მომცა ლურჯი ზღვა, უფრო ლურჯი ცა დაიფიცა“.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურად ჩნდება კითხვა: ვინ არის ბოლოს და ბოლოს ეს უცნობი (მეტსახელად „გრეჩიხა“ ანუ „წიწიბურა“) და რა უნდა ჩვენგან? არ უარვყოფთ, რომ საქმე მეტად მრავალწახნაგოვანსა და რთულ, წინააღმდეგობებით აღსავსე პიროვნებასთან გვაქვს. იგი ერთდროულად გვევლინება (ან სურს მოგვევლინოს) როგორც ძველი ბიჭი და ერის სულიერი მასწავლებელი, რომანტიკოსი და პოლიტიკოსი, პატრიოტი და სიურრეალისტი – ერთი სიტყვით, ქარიზმატული ფიგურა, ანუ მისივე საყვარელი ჟარგონით რომ ვთქვათ – კაი ტიპი, რომელსაც ჩვეულებრივი შუბლი აქვს.
ახლა კი გამოვიჩინოთ თვითკრიტიკულობა და იგივე კითხვა საკუთარ თავს შევუბრუნოთ: რა გვინდა ჩვენ ყველასგან? უბრალოდ, ძალიან დავიღალეთ ამდენი სისულელისა და უტიფრობის მოსმენით. ისე კი, რა თქმა უნდა, არც უცნობისთვის და არც ნაცნობისთვის ჯანმრთელობისა და კარგად ყოფნის მეტი არაფერი გვინდა. ყანწი!
© ჰუმანოიდი და მელომანი
No comments:
Post a Comment