Tuesday, October 1, 2002

„მის შრომას რომ ვხედავდი, ზოგჯერ ვტიროდი ხოლმე“

თბილისის ქუჩებში გამოკრული ჯაზ-ფესტივალის აფიშები მუსიკისმოყვარულებს დათო ოძელაშვილის საღამოზე ჯერ კიდევ ეპატიჟება. სამწუხაროდ, ქართველ მაყურებელს ვეღარ დაატკბობს ვირტუოზი ფლეიტისტის ჯადოსნური ჰანგები.

დათო ოძელაშვილის ხანმოკლე ცხოვრება მშრალად შეიძლება ასე აღვწეროთ: დაიბადა 1974 წლის 30 ივნისს თბილისში, დაამთავრა 62-ე საშუალო სკოლა, 21-ე მუსიკალური სასწავლებელი, მე-5 მუსიკალური ტექნიკუმი, თბილისის კონსერვატორია, მოცარტის აკადემია, მონაწილეობა მიიღო ფირფიტების ჩაწერაში და გრანდიოზულ კონცერტებში. დარჩა მეუღლე ლალი და ორი პატარა შვილი: ანანო და ლაზარე. გარდაიცვალა ახლახან, ვენაში.

ამ მშრალი ინფორმაციისა და ციფრების მიღმა იმალება უდიდესი სულიერების მქონე ახალგაზრდა პიროვნება, შესანიშნავი მუსიკოსი და ჩოგბურთელი, უბრალოდ, კარგი ადამიანი. ოძელას მამა, თამაზ ოძელაშვილი თვალცრემლიანი გვიყვება დათოს ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს.

თამაზ ოძელაშვილი: „დათო 6 წლის ასაკიდან შრომობდა. დღე არ გასულა, რომ არ ემუშავა. რომ შევამჩნიე მისი წადილი, ნიჭი, ვცდილობდი ხელი შემეწყო. 8 წლის დათომ ტელევიზორში ომარ კელაპტრიშვილის გამოსვლა ნახა, რომელიც სალამურზე უკრავდა. მანაც აიღო სალამური და კელაპტრიშვილის მიერ შესრულებულ ნაწარმოებს მიამსგავსა.

დავაწყებინეთ ფორტეპიანოს შესწავლა. ამის შემდეგ ოპერის თეატრში ფლეიტისტთან მივიყვანე. მან ბავშვს ვუნდერკინდი უწოდა. პიონერთა სასახლეში ანსამბლ „საუნჯეშიც“ სწავლობდა. ერთ თვეში სოლისტი გახდა.

შევიყვანეთ 21-ე მუსიკალურ სასწავლებელში. პედაგოგები ხელს უწყობდნენ. 9 წლისა უკვე ისეთ რთულ ნაწარმოებებს უკრავდა, კონსერვატორიადამთავრებულებსაც კი გაუჭირდებოდათ. ასრულებდა ბახის, მოცარტის, შუბერტის, რიმსკი-კორსაკოვის და სხვების ურთულეს ნაწარმოებებს. მარტო მუსიკალურ გამებს დღეში ორსაათნახევარი მეცადინეობდა. მის შრომას, რომ ვხედავდი, ზოგჯერ ვტიროდი ხოლმე. ვფიქრობდი, ეს ნიჭი მას ღმერთმა მიანიჭა და ხელი უნდა შევუწყო-მეთქი. როდესაც „ლახტში“ მივიყვანე, რობერტ ბარძიმაშვილმა მითხრა, ძალიან დიდი მუსიკოსი იქნებაო.

პერიოდულად დათო მოსკოვში ძალიან პრესტიჟული გნესინების სახელობის სასწავლებლის პროფესორთან ჩამყავდა კონსულტაციებზე. როდესაც მოსკოვში არბატზე ქართული ცენტრი „მზიური“ გაიხსნა, კულტურის სამინისტროს ეგიდით ქართველების დელეგაცია ჩავიდა, რომელშიც ნანი ბრეგვაძე, ანსამბლი „რუსთავი“, ომარ კელაპტრიშვილი, თენგიზ სუხიშვილი და სხვები იყვნენ. დელეგაციაში 10 წლის დათოც ჩართეს. მან შესანიშნავად დაუკრა ბახი. გაოცებული ჟურნალისტები მისცვივდნენ, მასთან ინტერვიუ გერმანულ ტელევიზიასა და რადიოში გადაიცა. მაშინ პატარა დათო მოსკოვის ცენტრალურმა ტელევიზიამაც აქო და ადიდა.

6 წლიდან ჩოგბურთს თამაშობდა. 9 წლის ასაკში ჩოგბურთის საკავშირო ტურნირის ჩემპიონი გახდა. 17 წლამდე საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების უცვლელი წევრი იყო. მოგებული ჰქონდა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირები, გახდა იურმალას ტურნირის ჩემპიონი, ბექა ძაგანიასთან, გიორგი ტყემალაძესთან და გიორგი ბერიაშვილთან ერთად სპარტაკიადის პრიზიორი გახდა. ჩოგბურთის ჩემპიონატებზე ყოველთვის ფლეიტა დაჰქონდა. ტურნირებზეც კი მეცადინეობდა. ამავე დროს, კონცერტებზე ჩოგანსაც დაატარებდა.

21-ე მუსიკალური სასწავლებლის ხუთწლედის დამთავრებისთანავე მე-2 მუსიკალურ ტექნიკუმში ჩარიცხეს, სადაც 4 წლის ნაცვლად დიპლომი 2 წელიწადში აიღო. 15 წლისა კულტურის სამინისტრომ გერმანიის ქალაქ მარკნოი-კირხენში 35 წლამდე მუსიკოსების საერთაშორისო კონკურსზე გაუშვა, სადაც შესანიშნავად დაუკრა. 17 წლის ასაკში ვენის უმაღლეს მუსიკალურ აკადემიაში სასწავლებლად წავიდა, მაგრამ ცუდი დროების გამო, სპონსორმა მისი სწავლა ვეღარ დააფინანსა და უკან დაბრუნდა, რასაც ძალიან განიცდიდა.

ძალიან ბევრი კონცერტი ჩაატარა მოსკოვში, ერევანში, რიგაში. ჯანსუღ კახიძემ სიმფონიურ ორკესტრში მიიწვია, სადაც პირველი ფლეიტა იყო. კონსერვატორიაში თავისუფლად მიიღეს და ლენინური სტიპენდიაც დაუნიშნეს, რაც, რატომღაც, არ სიამოვნებდა. ფლეიტის გარდა, ნებისმიერ ინსტრუმენტზე უკრავდა.

დათო ნაწარმოებებს ყოველთვის ზეპირად ასრულებდა. დაიდებდა ნოტებს, თვალს გადაავლებდა, რამდენჯერმე დაუკრავდა და უკვე ზეპირად იცოდა. 15 წლისამ ოპერის თეატრში, გადაჭედილ დარბაზში ზეპირად დაუკრა მოცარტის კონცერტი ფლეიტისათვის ჯანსუღ კახიძის დირიჟორობით. კონცერტის ბოლოს კახიძემ გულში ჩაიკრა. მაესტრო იშვიათად ეხვეოდა ვინმეს სცენაზე.

მოცარტის აკადემიაში სწავლისას დათო რუმინეთში წაიყვანეს კონცერტზე. იქ გამოსვლისას სავალდებულო იყო ნოტებით დაკვრა. შესრულებისას სანოტო ფურცელი არ გადაიშალა. დათო ცოტა განზე დადგა და ნაწარმოები ზეპირად დაუკრა. დარბაზში ტაშმა იხუვლა, სცენაზე რექტორი ავარდა და „ბრავოს“ ძახილით დათო გულში ჩაიკრა. მოცარტის აკადემიაში მისი პედაგოგი იყო მსოფლიოში გამოჩენილი ფლეიტისტი, შვეიცარელი აურელიო ნიკოლე. დათოს დაოსტატებაში და აღზრდაში დიდი როლი ითამაშა ჯანსუღ კახიძის ორკესტრის დირექტორმა ოთარ ხოფერიამ.

ზედმეტად კეთილი იყო. ქუჩაში მათხოვრებს ეხმარებოდა, სიამოვნებდა ადამიანების დახმარება. თავისი ძმაკაცები, მეგობრები, მშობლები უყვარდა. ჩვენ ყოველთვის ძმაკაცური ურთიერთობა გვქონდა, დროც კი გაგვიტარებია ერთად. ყოველთვის მიჯერებდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც დაოჯახდა, მეხათრებოდა რჩევების მიცემა და მის მუსიკალურ ცხოვრებაში ჩარევა. თანაც უფრო იშვიათად ვნახულობდი, რადგან უცხოეთში თვეობით იმყოფებოდა.

დათო გრძნობდა, რომ ძლიერი მუსიკოსი იყო. გული წყდებოდა, რომ კაზინოებსა და ბარებში უხდებოდა დაკვრა, ძალიან განიცდიდა. არ ჰქონდა საშუალება ბოლომდე დახარჯულიყო. ერთხელ სცენაზე ვიღაც ახმახი აუვარდა და რაღაც რესტორნის სიმღერის დაკვრა მოსთხოვა. დათო ფიზიკურად ყოველთვის კარგ ფორმაში იყო და ერთი დარტყმით ძირს დააგდო. მეორე დღეს იმ კაცს ბოდიში მოუხდია.

ბოლო დროს ფლეიტიდან ერთდროულად ორი ხმის გამოცემაზე მუშაობდა. ამას როგორ ახერხებდა, დღემდე ვერ გამიგია. ბოლოს ტრაბახობდა, ჩოგბურთში მსოფლიოს ვერ შევეჯიბრები, მაგრამ ფლეიტის დაკვრაში ვინც გინდა შემეჯიბროსო.

უცხოეთში გამოვიდა წიგნი, შემიძლია გაჩვენოთ, სადაც დათო მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსებს შორის არის შეყვანილი. ამის დამადასტურებელი სერთიფიკატიც მაქვს. თუ გავძელი, მის პატარა შვილებს გავზრდი და ასე გულდაწყვეტილი ვიცხოვრებ“.

რობერტ ბარძიმაშვილი (მუსიკოსი და პედაგოგი): „დათო 7 წლის იყო, როდესაც დედ-მამამ მომიყვანა. მაშინ ვაყალიბებდი პატარების ანსამბლს და ათი ბავშვი უნდა მიმეღო. ამ ბავშვებში დათო გამოირჩეოდა თავისი ნიჭიერებით, თან ერთადერთი ინსტრუმენტალისტი იყო. შესანიშნავად უკრავდა. მაშინ მამამისს ვუთხარი, რომ მისგან ძალიან დიდი მუსიკოსი დადგებოდა.

ათი წლის წინ დათომ მომიტანა კასეტა, რომელზეც მისი ერთსაათიანი პროგრამა იყო ჩაწერილი და მთხოვა მომესმინა, რათა საკუთარი აზრი გამეზიარებინა. როდესაც დათოს უეცარი გარდაცვალება შევიტყვე, ეს კასეტა ამოვიღე და თვალცრემლიანი ვუსმენდი. ეს არის შესანიშნავი ჩანაწერი, რომელშიც ნათლად ჩანს, რა ტექნიკის პატრონი, რა ნიჭიერი მუსიკოსი იყო. ამ კასეტას ჩემთვის გადავიწერ, ხოლო ორიგინალს დათოს მშობლებს მივუტან.

იგი მთელს საქართველოს დააკლდა. მისი სახელის უკვდავსაყოფად ვფიქრობ, მისივე სახელობის ფონდი უნდა ჩამოვაყალიბოთ და ნიჭიერი მუსიკოსები დათოს სახელობის პრიზებით დავაჯილდოვოთ“.

დათო ევგენიძე (მუსიკოსი): „ეს ამბავი დიდი ტრაგედიაა ყველასთვის. უნიჭიერესი ადამიანი გარდაიცვალა, რომელსაც ყველაფერი წინ ჰქონდა. მიუხედავად მცირე ასაკისა, ფანტასტიკური შემსრულებელი იყო. მან გაიარა კლასიკური სკოლა და შეეძლო შესანიშნავად დაეკრა კონცერტები ფლეიტისთვის.

შემიძლია გითხრათ, რომ ოძელა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფლეიტისტი იყო. იგი სულ პატარა, მუსიკალურ ოლიმპიადებში იღებდა მონაწილეობას. მუდამ თვალ-ყურს ვადევნებდი. სამი თვის წინ ჩემს ლექციაზე მოვიწვიე და პირველად დავუკარით ერთად. არაჩვეულებრივი იმპროვიზატორი იყო.

საინტერესო ნამუშევრები ჰქონდა როგორც კომპოზიტორს. ძალიან ბევრი საერთო გეგმები გვქონდა. მინდოდა, ჩემს კონცერტებსა და ტურნეებში მომეწვია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ოძელა უზომოდ მიყვარდა როგორც ადამიანი. მე ოძელას სახელობის ფესტივალს დავაფუძნებდი. ყველა მუსიკოსს შეუძლია, მას რამე ნაწარმოები, დისკი ან კონცერტი მიუძღვნას.

კარგი იქნება, თუ იარსებებს მისი სახელობის ჯაზის ან თანამედროვე მუსიკის ფესტივალი. ამაზე უკვე ვფიქრობ. მართლა ფანტასტიკური ადამიანი იყო – სუფთა და ნათელი, რასაც თან სდევდა მისი საოცრად დიდი ენერგია მუსიკის შესრულების დროს“.

2 comments:

  1. აუ რამდენ მაგარ მელოდიას ააწყობდა თავის პატარა ფლეიტაზე.

    ReplyDelete
    Replies
    1. უმაგრესი ადამიანი იყო! - საქართველოს მუსიკალური დაჯილდოების "მეგას" ცერემონიალზე მისი გარდაცვალების დღიდან არსებობს "ოძელას მეგა" - ქართული კულტურის განვიტარებაში შეტანილი წვლილისათვის... ის ღირსეულ ადამაინებს გადაეცემა ხოლმე ყოველწლიურად, მისი ქალიშვილის ხელით

      Delete