„ქართული ფოლკლორი“ თანამედროვე კარცერ-ლუქსებისთვის
ალბათ ზედმეტი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ ჩვენს ქვეყანას ფოლკლორისა და ხალხური შემოქმედების გაქრობის შემდეგ აღარ ერქმევა საქართველო. ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ გაუფრთხილდება მომავალი თაობა იმ კულტურულ ფასეულობებს, რაც დღემდე ჩვენმა დიდმა წინაპრებმა მოიტანეს.
„პირველი ელექტრონული გამომცემლობა“ („პემ“) ქართული ტრადიციული კულტურული ღირებულებების ელექტრონულ, კომპიუტერულ ფორმატში პოპულარიზაციას ეწევა. ამ გამომცემლობამ და მისმა ხელმძღვანელმა კახა დავითურმა შექმნეს სერია „ლიტერატურა თანამედროვე კარცერ-ლუქსისათვის“.
„პემ“-ის პირველი ნაყოფი იყო კომპაქტ-დისკი „გალაკტიონი“, რომელიც მთლიანად ქართველი კლასიკოსის შემოქმედებას მიეძღვნა. სულ ახლახანს კი გამომცემლობამ და „ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ფონდმა“ გამოუშვეს ახალი ელექტრონული წიგნი „ქართული ფოლკლორი“. ეს კომპიუტერული წიგნი (კომპაქტ-დისკი) მრავალფეროვანია და შეიცავს ძირითად თავებს: პოეზია, ზღაპრები, ლეგენდები, ანდრეზები, ვიდეოთეკა, აუდიოთეკა, საყმაწვილონი და ეპიტაფია. წიგნის მთავარი რედაქტორია ვახუშტი კოტეტიშვილი.
ახალი ელექტრონული წიგნის შესახებ „ახალ ვერსიას“ მისი ავტორი, კახა დავითური გაესაუბრა.
კახა დავითური: „წიგნის კომპიუტერული გვერდები გაფორმებულია ძველი ქართული საფლავის ქვებით და ქართული ხალიჩების ორნამენტებით. აგრეთვე, მასში შესულია თენგიზ მირზაშვილის ნახატები. პოეზიის გვერდი იყოფა „პოემების“, „კლასიკურისა“ და „თანამედროვეს“ განყოფილებებად. ყველაფერი წიგნივით იკითხება და ტექსტს თან მუსიკალური ფონი გასდევს. ჩვენ შევეცადეთ, ყოველ გვერდზე სახასიათო ქართული მუსიკა დაგვედო. ამ წიგნში გამოყენებული მუსიკალური ფონების 80% კონსერვატორიის აუდიო ფონდიდანაა გამოყენებული. ფირების ჩანაწერები საკმაოდ კარგად გავასუფთავეთ. „კლასიკურ“ პოეზიაში გვერდები თემატურადაა აწყობილი. არის ცნობილ მოკაფიეთა ლექსები. მათი ავტორებიდან ბევრი ვაჟასაც იცნობდა. ლექსების გასწვრივ კაფიების ავტორთა ბიოგრაფიებიცაა მითითებული, მაგრამ დისკზე არიან უცნობი ავტორებიც. ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, ყველა მკითხველის ინტერესები დაგვეკმაყოფილებინა. ამ წიგნს სიამოვნებით გაეცნობა როგორც სტუდენტი თუ რიგითი ფოლკლორის მოყვარული, ასევე, ბავშვიც.
ელექტრონულ წიგნში სიმბოლურად ცხრა ქართული ზღაპარი შევიტანეთ, რომელიც მსახიობების მიერაა გახმოვანებული. წიგნში შესულია ყველაზე გავრცელებული ძველი ქართული ლეგენდები. მასში მუსიკალურ ფონად გამოყენებულია უძველესი ქართული ინსტრუმენტი – უენო სალამური. ალბათ გახსოვთ, რომ ეს სალამური 60-იან წლებში აღმოაჩინეს უძველეს სამარხში, სადაც მწყემსი ბიჭუნა იყო დაკრძალული. დისკზე არის ანდრეზების გვერდი. მასში შესულია სვანური, მეგრული, სამცხე-ჯავახეთის, თუშური, ფშავური, გუდამაყრული და აფხაზური ანდრეზები. ანდრეზი ანდერძის სახესხვაობაა, რომელიც ძირითადად მთაში იყო გავრცელებული და მასში გადმოცემულია ამა თუ იმ გვარის, სალოცავის წარმოშობის კარდინალური ისტორიები, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. ანდრეზი წმინდათა წმინდა, მითოლოგიური ლეგენდაა.
„ვიდეოთეკის“ გვერდში ჩაწერილი სამი ფილმიდან ერთ-ერთი 1927 წელს გადაღებული უიშვიათესი ფირია, რომელიც ვინმე რუს კინოდოკუმენტალისტს შატილში ანტიალკოჰოლური კამპანიის ჩასატარებლად გადაუღია. მან ხევსურთა ყოფა-ცხოვრება ფირზე აღბეჭდა და უნებლიე მემატიანედ იქცა.
„აუდიოთეკაში“ შეტანილია სამი პუნქტი. ესენია: „ლექსები“, „სიმღერები“ და „ანდრეზები“. ზოგიერთი ანდრეზი გახმოვანებულია. ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ცნობილ მეცნიერს, ზურაბ კიკნაძეს და, საერთოდ, უნივერსიტეტის კათედრას. „სიმღერებში“ შესულია ხალხური სიმღერების საუკეთესო შემსრულებლები. ესენი არიან: აკაკი ხარებავა, მარო თარხნიშვილი, კირილე პაჭკორია, ანანია ერქომაიშვილი, ჰამლეტ გონაშვილი და სხვები.
„ლექსების“ გვერდში თავად მათი მთქმელების ხმები ჟღერს, მხოლოდ თენგიზ არჩვაძე ასრულებს რამდენიმეს.
დისკზე არის „საყმაწვილო“ გვერდი: „ანდაზები“, „გამოცანები“, „ენის გასატეხები“, „გამოსაჯავრებლები“, „ლექსები“, „თამაშობანი“, „ლოცვა-წყევლა“ და „მოსწრებული გამონათქვამები“. ყველა მათგანი გაფორმებულია კონსერვატორიის ფონდიდან ამოღებული სათამაშო, საყმაწვილო მუსიკით.
ჩვენი წიგნის ბოლო განყოფილებაა „ეპიტაფია“, რომელშიც შესულია აუდიოთეკაში დაცული ხმოვანი ბილიკები. ჩვენ ისინი ერთმანეთს გადავაბით და ძველი საფლავის ქვების სურათებს 24-წუთიანი უწყვეტი ფონი გასდევს. რა თქმა უნდა, ჩვენ მთლიანად ქართულ ფოლკლორს ვერ მოვიცავთ, მაგრამ, რასაც მივწვდით, დისკზე დავიტანეთ“.
წიგნის მუსიკალური რედაქტორია იაკობ ბობოხიძე. დისკზე, ასევე, იმუშავეს: ზურაბ კიკნაძემ (ანდრეზები და მისი ჩანაწერები), თენგიზ მირზაშვილმა (მხატვრული გაფორმება), ამირან არაბულმა (ეპიტაფიის ფოტოები), ეთერ თათარაიძემ და სხვებმა. ყველა გასაყიდ დისკში ხუთლარიანი კუპონი დევს, რომელიც მის მფლობელს საშუალებას მისცემს, შეღავათიან ფასში შეიძინოს მესამე წიგნი – „ვაჟა“, რომელიც ვაჟა-ფშაველას შემოქმედებას დაეთმობა. თბილისის თითქმის ყველა სკოლაში მოსწავლეთათვის „ქართული ფოლკლორის“ შესაძენი 20%-იანი ფასდაკლების ბარათები დარიგდება.
No comments:
Post a Comment