„არ შეიძლება საქართველოს მუსიკალური გემოვნება მხოლოდ თბილისური რადიოების ხარჯზე შეფასდეს“
2000 წლის 2 დეკემბერს, 14 საათსა და 37 წუთზე დასავლეთ საქართველოში პირველი FM რადიოსადგური 5 წლის გახდა. დღეს ჩვენი ჟურნალის სტუმარია ქუთაისის დამოუკიდებელი რადიოსადგური „ძველი ქალაქი“, რომელიც იმერეთის რეგიონში FM 107.9 Mghz სიხშირის ტალღაზე მაუწყებლობს. რადიო დააფუძნეს ტელეგადაცემა „კედელის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა. ეს პროგრამა 1992-94 წლებში გადიოდა საქართველოს ტელევიზიის მეორე არხზე. გადაცემა აშუქებდა მსოფლიო როკის იატაკქვეშა მიმდინარეობებს და, რა თქმა უნდა, ქართული ანდერგრაუნდის წიაღსაც. ინტერვიუ „ძველი ქალაქის“ ერთ-ერთ დამაარსებელთან, კობა ჟორჟოლიანთან ჩავწერე ქუთაისში, ე.წ. „პრესის სახლის“ მე-4 სართულზე, სადაც მდებარეობს აღნიშნული რადიოს ოფისი.
* * *
– ქუთაისს დედაქალაქში მაინც პროვინციად მიიჩნევენ. საინტერესოა, პროვინციაში რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს FM რადიოს?
– მე ვიტყოდი, რომ FM რადიოს გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით რაღაც მნიშვნელობა არ უნდა შეეცვალოს. ის თავისი სტრუქტურით ძირითადად მაინც გასართობი მუსიკალური არხია. აქედან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია ნებისმიერი რადიოსადგური, რომელიც პროვინციაში დაფუძნდა, გახდეს ნაციონალური რადიოსადგური. თუმცა ამაში ეჭვი მეპარება, დღევანდელ პირობებს თუ გავითვალისწინებთ. ამას სერიოზული ფინანსური საფუძველი უნდა გააჩნდეს, საქართველოში კი ვიცით, რა პოლიტიკური მდგომარეობაცაა. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, პროვინციაში, ანუ დედაქალაქს მოშორებულ რეგიონებში FM რადიოსადგურები მოსახლეობას მაინც უნარჩუნებს იმის შეგრძნებას, რომ ცივილიზებულ სამყაროს არ მოწყდეს, თუნდაც მსმენელს მიაწოდო ის ჰიტი, რომელიც პოპულარულია, ვთქვათ, ჰოლანდიაში...
არის მეორე, საინფორმაციო მხარე, სადაც უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება რადიოს. რეგიონში საინფორმაციო სამსახურს პრიორიტეტული ადგილი უნდა ეჭიროს, რადგან ადგილობრივი მმართველები ხშირად ბევრს თავნებობენ ხოლმე. საინფორმაციო სამსახურის კარგად ამუშავებას სერიოზული ფინანსები სჭირდება, რომელიც რეგიონში რთული მოსაპოვებელია. აი, ეს ორი მხარე არსებობს, ანუ გასართობი – მუსიკალური, რომელიც შესაძლოა ისეთ დონეზე იყოს, როგორც ცენტრში და საინფორმაციო უზრუნველყოფა, რომელიც რეგიონში, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის განხორციელება აქ უფრო რთულია, ვიდრე თბილისში. რადგან თბილისში, ბოლოს და ბოლოს, შეიძლება სპონსორის მოძიება, რეკლამების მოზიდვა და საერთოდ, დაფინანსება.
– კობა, „ძველი ქალაქი“ უფრო გასართობი არხია თუ საინფორმაციო?
– ალბათ, უფრო გასართობი, თუმცა რადიოს აქვს მკვეთრად გამოხატული საკუთარი საინფორმაციო პოლიტიკა ორი მიმართულებით. ერთია, საინფორმაციო სამსახურის გამართულად ამუშავება და სააგენტოებთან თანამშრომლობა. მეორეა, საკუთარი საკორესპონდენტო ქსელის ამუშავება, რომელიც გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. მოგეხსენება, ადგილზე ინფორმაციის მოპოვება უფრო რთულია, ვიდრე ცენტრიდან მისი მიღება. შევეცდებით განვავითაროთ ადგილობრივი ქსელი.
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ე.წ. „ენჯეოებთან“, მესამე სექტორთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ახლო ურთიერთობას. საუბარია იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც, ბრტყელი სიტყვებით რომ ვთქვათ, საზოგადოებაში დემოკრატიული იდეების პროპაგანდას ეწევიან და ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას. ადრეც გვქონდა მათთან ურთიერთობა. ახლაც ერთობლივ პროექტს ვიწყებთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის იმერეთის ორგანიზაციასთან ერთად. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა კორუფციაა და მხარს ვუჭერთ ამ ორგანიზაციას, რომელიც ძირითადად მაინც მონიტორინგის სისტემით იმუშავებს. პროექტი დაფინანსებულია და ეთერში გავა კორუფციასთან ბრძოლის შესახებ მომზადებული გადაცემები და, აგრეთვე, სოციალური რეკლამის სახით, მომზადდება პატარა ჯინგლები, რომლებიც ადამიანებს დაანახებს, თუ როგორი ფორმით ვებრძოლოთ კორუფციას მაშინ, როდესაც არ ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ მის წინააღმდეგ.

