„რადიომსმენელს ვუსურვებ არ გამხდარიყოს რადიომანიაკი“
ინტერვიუს ასაღებად მისულ ჟურნალისტს ბევრად უადვილდება საუბარი რესპონდენტთან, რომელიც, ამავე დროს, მისი კოლეგაცაა. ამ შემთხვევაში ნაკლები კითხვები ჩნდება, მითუმეტეს, როცა ამ უკანასკნელსაც კარგად ესმის, რისთვის მიხვედი მასთან, რა გაინტერესებს და თავადაც იგივე თემითაა დაინტერესებული. ასე მოხდა ჩემი „პირველ რადიოში“ (FM 106,4) დავით (ჟორა) ჟორჟოლაძესთან სტუმრობისას. ჟორას რადიომოყვარულთა წინაშე რამე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. მათ, ალბათ, ისიც იციან, რომ ჟორა ძველი როკ-მუსიკოსია და ძალიან მელოდიურ სიმღერებსაც წერს, რომლებსაც თავად, გიტარის თანხლებით ასრულებს. ჟორას გადაცემას, „საღამოს სტუმარს“ ყოველ სამშაბათს და ხუთშაბათს შეგიძლიათ მოუსმინოთ „პირველი რადიოს“ ეთერით 21 საათზე. ამავე დროს, ის აღნიშნული რადიოს ერთ-ერთი მხატვრული ხელმძღვანელი და პროდუქციის სტუდიის მენეჯერია.
* * *
დავით ჟორჟოლაძე: – დავიბადე 1972 წლის 12 აპრილს თბილისში. დავამთავრე პირველი ექსპერიმენტული სკოლა და თეატრალური ინსტიტუტის კინომენეჯერის ფაკულტეტი. კინო დღემდე მიყვარს და, ალბათ, მთელი ცხოვრება მეყვარება. მსურდა ბევრი რამ გამეკეთებინა, მაგრამ არსებული სიტუაციის გამო, მე კი არა, ვინც მთელი ცხოვრება კინოში არიან, ისინი ვეღარ აკეთებენ ვერაფერს. ჩემი დაბადების სახელი და გვარია დავით დავითის ძე ჟორჟოლაძე.
– ზედმეტსახელი „ჟორა“ როდის შეგარქვეს?
– აღარ მახსოვს, ბავშვობისას ვინ შემარქვა ეს ზედმეტსახელი. ჟორას, ალბათ, გვარიდან გამომდინარე მეძახიან.
– როდის დაიწყო შენი შემოქმედებითი საქმიანობა რადიოში?
– როდესაც ინსტიტუტს ვამთავრებდი, რადიოში მაშინ მოვედი. 1994-95 წლებში სამსახურს ვეძებდი და უსაქმურობის პერსპექტივა მქონდა. მოგეხსენებათ, მაშინ ქვეყანაში დღევანდელზე უარესი სიტუაცია იყო. როდესაც „პირველი რადიო“ გაიხსნა, არ ვუსმენდი მას და არც სხვებს, რომლებიც 106-ის შემდეგ გაჩნდა. მსურდა, ცენტრალურ რადიოში ღამით მემუშავა, რადგან მაშინ იქ არ არსებობდა ღამის ეთერი. მერე დამოუკიდებელ რადიოკომპანიებში გადავწყვიტე ამ იდეის განხორციელება. ის დრო იდგა, როცა FM რადიო საქართველოში ფეხს იდგამდა. პირველად რადიო 105-ში დავრეკე, მაგრამ იქიდან პასუხი არ მიმიღია. როდესაც ტელევიზიით რადიო 106-ის შესახებ გავიდა სიუჟეტი, აღმოვაჩინე, რომ მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ჩემი ძველი ნაცნობი, ლევან იაშვილი იყო. გადავწყვიტე, ბედს აქ ვცდი-მეთქი, ოღონდ არა ნაცნობობით, არამედ გასაუბრებით. ამ პერიოდში ლალო ბურდული აწყობდა ტუსოვკებს, სადაც იკრიბებოდნენ ერთნაირად მოაზროვნე და ერთნაირი გემოვნების ადამიანები. ისინიც მესაუბრებოდნენ ამ რადიოზე. ლევან იაშვილმა მითხრა, სცადეო. მაშინ ვიწრო მუსიკალური თვალსაწიერი მქონდა იმ გაგებით, რომ ასეთ მუსიკას საქართველოში დღემდე არა ჰყავს ბევრი მსმენელი. მიუხედავად იმისა, რომ „ბითლზების“ მუსიკაზე გავიზარდე, რადიოში მოსვლისას განსაკუთრებით ალტერნატიულ მუსიკას ვუსმენდი. კერძოდ, „ნირვანას“ (Nirvana), ნიკ ქეივს (Nick Cave), „სიუზი ენდ ზე ბენშიზს“ (Siouxsie And The Banshees), „ქიუას“ (The Cure), „იუ თუს“ (U2) და კიდევ მრავალს, ანუ ჩვენებური გაგებით, არაკომერციულ, პირქუშ, ხალხისთვის მიუღებელ შემსრულებლებს. აგრეთვე, მეტალისტური დუმ და გოთიკური ჯგუფებიც მომწონდა: „მაი დაინ ბრაიდი“ (My Dying Bride), „ტაიპ ო ნეგატივი“ (Type O Negative) და სხვები. ასეთი ჩანაწერები ქალაქში ერთეულებს ჰქონდა და ასეთი მუსიკის ეთერში გასვლაზე საერთოდ არ იყო ლაპარაკი.
მეგობარმა აუდიო კასეტების ჩასაწყობი შავი ყუთი მაჩუქა. ამ ყუთით მოვედი აქ და პირველი ერთსაათიანი პროგრამა წავიყვანე. ეთერში გავედი ზედმეტსახელით ჟორა, მაშინ სტუდიაში იდგა საკომუნიკაციო საშუალება – რაცია. პროგრამის დასრულების შემდეგ რაციით გავიგონე რადიოს პრეზიდენტის, ზურა ჭელიძის ხმა, რომელმაც იკითხა, ეთერში ვინ მუშაობსო. მის ხმაში დაინტერესება შევამჩნიე. ამან სიმხნევე შემმატა. მეორე დღეს უკვე ოთხსაათიანი ეთერი დამითმეს. ძალიან გამიჭირდა, ტექსტობრივი იაღლიშიც კი მომივიდა, მაგრამ შემდეგ ავეწყვე და დღემდე, როგორც წამყვანმა, მოვაღწიე. გადაწყდა, რადიოს შემოქმედებითი მხარისთვის მიმეხედა 2-3 კოლეგასთან ერთად. გარდა ამისა, პროდუქციის სტუდიის მენეჯერიც ვარ. პროდუქციაში, ძირითადად, რეკლამების, რადიოქუდებისა და ტიხრების მომზადება იგულისხმება.