Saturday, January 17, 2026

ჯგუფი „2000“ – საქართველოში ცოცხალი მუსიკა ჯგუფს კბილებით გააქვს

როკ-ჯგუფი „2000“, როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, შეიქმნა 2000 წელს. მიუხედავად მცირე ასაკისა, როგორც გავიგე, ამ მუსიკალურ კოლექტივში უკვე მომხდარა ბევრი ცვლილება და ამჟამინდელი შემადგენლობაა: დათო გამყრელიძე (ვოკალი, რიტმ-გიტარა), გურამ მაკალათია (დასარტყამები), გიორგი გობეჯიშვილი (ბას-გიტარა), ლევან მიქელაძე (სოლო გიტარა), გოგა ანდღულაძე (კლავიშები) და ალეკო ნაცვლიშვილი (დამხმარე ვოკალი). ამათგან ვესაუბრე დათოსა და გურამს.

* * *

დათო გამყრელიძე: – ბავშვობიდანვე მუსიკაზე ვიზრდებოდი. ბიძაჩემი მურმან ლომიშვილი უკრავს „მთვარის კლუბში“. აღნიშნული ჯგუფის ბიჭები ბევრ რამეს მასწავლიდნენ. ვსწავლობდი ამერიკაში და იქიდან ჩამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე გამეკეთებინა საკუთარი ჯგუფი, რომელიც დეიდაშვილთან ერთად ჩამოვაყალიბე. მერე გავიცანი გურამი, თეონა და ვინც ბავშვობაში მუსიკალურ ანსამბლში ვუკრავდით, გავერთიანდით. ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ვუკრავთ უფრო ბლუზს, ვიყენებთ რეგეის, ჯაზის ელემენტებს, მაგრამ ძირითადად ჩვენი სიმღერები ქართულ ფოლკლორზეა აგებული. გვსურს, ჩვენი მუსიკა ყველა თაობისთვის იყოს მისაღები.


– რას უმღერით?

დათო: – ზოგი სიმღერა სიყვარულზეა. გვაქვს პოლიტიკური სიმღერებიც. ისინი ძირითადად იმაზეა აგებული, თუ როგორ ცხოვრობს ადამიანი.

გურამ მაკალათია: – ვმღერით საერთო პრობლემებზე, ანუ რაც გვაწუხებს, იმის შესახებ.

– ვინ წერს „2000“-ში სიმღერებსა და ტექსტებს?

დათო: – მე ვწერ მუსიკას და ზოგიერთი სიმღერის ტექსტს. ზოგ ტექსტს გურამი წერს. ერთი სიმღერა გალაკტიონის ლექსზეც გვაქვს. ორი-სამი კომპოზიციის გარდა, ყველა ტექსტი ჩვენია.

– ვიცი, რომ კონცერტებზე ცოცხალ ინსტრუმენტებზე უკრავთ. სტუდიაში მუშაობისას ხომ არ მიმართავთ ელექტრონიკას?

გურამი: – დიდ პრობლემებს ვაწყდებით, მაგრამ ყველა ინსტრუმენტს ცალ-ცალკე არხზე ვიწერთ. ვცდილობთ, ელექტრონიკა არ გამოვიყენოთ. თუკი გვინდა, რომ საქართველოში შოუ-ბიზნესზე იყოს ლაპარაკი, აუცილებელია, არსებობდეს მუსიკალური ფენები, სადაც ერთნი ელექტრონულ მუსიკაზე იმუშავებენ, მეორენი ცოცხალზე და მესამენი კიდევ სხვაზე. ცოცხალ მუსიკაზე თუ მუშაობ, ის კონცერტზე და ჩანაწერშიც ცოცხლად უნდა შეასრულო.

– როგორი მუსიკა მოგწონთ ჯგუფის წევრებს?