Showing posts with label ვაკის პარკი. Show all posts
Showing posts with label ვაკის პარკი. Show all posts

Saturday, March 17, 2001

ზაზა ხუციშვილი – მუსიკოსი არ უნდა ჰგავდეს ავანტიურისტს

პოპულარული ჯგუფის, „ვაკის პარკის“ ფრონტმენი ზაზა ხუციშვილი დაიბადა თბილისში 1965 წლის 13 მაისს. 55-ე სკოლაში სწავლის შემდეგ დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. უკრავდა დადა დადიანის ჯგუფში „რვაფეხა“, შემდეგ იყო „ჯუპ-ბოქსი“, რომელიც 1990 წელს დაიშალა. 1996 წელს მან ჩამოაყალიბა „ვაკის პარკი“. მალე ჯგუფმა ქართველ მსმენელში დიდ აღიარებას მიაღწია. „ვაკის პარკი“ ხშირად სტუმრობს „ბითლზ-კლუბს“. ზაზას ვესაუბრე ახალი ალბომის გამოსვლის მიჯნაზე, რომელსაც „ვაკის პარკი მეგობრებთან ერთად“ ჰქვია.

* * *

– რატომ დაარქვით ჯგუფს „ვაკის პარკი“?

– ჯგუფის სახელი უნდა იყოს ადვილად დასამახსოვრებელი და უბრალო. მე მგონი, ნორმალური სახელია. გარკვეული იუმორიც დევს მასში. ვაკის პარკი იყო ის ადგილი, სადაც ჩვენ 1980-იან წლებში ვიკრიბებოდით და, რაც მთავარია, მსოფლიოში არც ერთ სხვა ჯგუფს არ ჰქვია „ვაკის პარკი“.


– ზაზა, ომიანობის და არეულობის წლებში რას აკეთებდი?

– სხვადასხვა რამით ვიყავი დაკავებული, ბიზნესითაც კი. იმ პერიოდში გერმანიაშიც ჩავედი და იქ კლუბებში მეგობრებთან ერთად ვუკრავდი. ფაქტობრივად, ეს უშედეგო, დაკარგული 5 წელი აღმოჩნდა, რადგან მხოლოდ კლასიკურ, სტანდარტულ როკ-ენ-როლს ვუკრავდით, სადაც ნაკლებად იყო ჩვენი საკუთარი შემოქმედება.

– ახლა რაიმე ბიზნესში თუ ხარ ჩართული?

– არა. ისე, ერთ-ერთი მაღაზიის თანამეპატრონე კი ვიყავი, მაგრამ ესეც ისევე წარუმატებელი აღმოჩნდა, როგორც ადრე წამოწყებული ბიზნესი. საკუთარ საქმეს შენ თუ არ უხელმძღვანელე ბიზნესში და მუსიკაშიც, სხვა ვერ გაგიკეთებს.

– მუსიკაში ყოფნით თუ ინახავ თუნდაც საკუთარ თავს?

– როგორი ეკონომიკური მდგომარეობაც მაქვს, ისე ვცხოვრობ, ისეთივე მანქანა მყავს, ისევე ვიცვამ. მუშნი ზარანდიას ენით რომ ვთქვათ: „კაცი უნდა ეყოს თავის ხელფასს“ (იცინის).

– ზაზა, არის თუ არა „ვაკის პარკი“ კომერციული ჯგუფი?

– ყველა ჩვენი კონცერტი კომერციულად წარუმატებელი იყო. მოსწონთ, მაგრამ ისეთი ტალღა არ აგორებულა, ზოგიერთ სხვა ჯგუფს რომ ახასიათებს. ანუ ატყდება ხოლმე ბუმი, მითქმა-მოთქმა და ერთი წელი, ამ ჯგუფის სახელი ყველას პირზე აკერია. მის კონცერტებს მაქსიმალური დასწრება აქვს. ჩვენ კი ნელი სვლით მივდივართ და გარკვეული, ჩვენთვის შესაფერისი ადგილი გვიჭირავს. უკვე წელიწადია სტუდია „მაესტროსთან“ ვთანამშრომლობთ. ჩვენ პროდიუსირებას ისინი ეწევიან, ამიტომ მომავალში შესაძლოა, კომერციულ წარმატებასაც მივაღწიოთ.

– ახალ ალბომზე რას გვეტყვი?

– მას ჰქვია „ვაკის პარკი მეგობრებთან ერთად“ და 2-3 დღეში გამოვა. ყველა დუეტი, რაც გაგვიკეთებია, მასში შევა. 4-5 სიმღერა მასმედიაში უკვე დიდი ხანია ტრიალებს. ალბომში არის დუეტები ნანი ბრეგვაძესთან, მერაბ სეფაშვილთან, ეკა მამალაძესთან, ქეთი ფარესაშვილთან და სხვებთან. აგრეთვე გავაკეთეთ ქიშო გლუნჩაძის „პატიების დღე“. ამ თემატიკის სიფაქიზე, – რასაც ჰქვია, პოპულარული ქართული სიმღერების გადაკეთება, – გამოიწვია იმან, რომ ნაწარმოებების პირვანდელი ვარიანტი მსმენელს უკვე გონებაში უზის. ყველაზე ცუდია ეს მაშინ, როცა შეჯიბრის სახეს იღებს. როდესაც გინდა ისინი შეასრულო, მაშინ ბევრად უკეთესად უნდა იმღერო, რომ შენი ვარიანტი მსმენელისთვის მისაღები გახდეს. ეს ძალიან ძნელია, თუნდაც ქ-ნი ინოლა გურგულიას სიმღერა „ქარი კვლავ არხევს“ უკვე ჩაწერილია ისტორიაში ოქროს ასოებით. ეს რომანსი იმავე ფორმით რომ შეგვესრულებინა, მსმენელი გულგრილად შეხვდებოდა. გადაკეთებისას სიმღერას ისე ვუდგები, თითქოს არ მომისმენია და ვთქვათ, კომპოზიტორმა მომიტანა შესასრულებლად. აღნიშნული სიმღერის ჩვენ ვერსიაში მაინც გავიხსენეთ ავტორისეული ვარიანტები, გამოვიყენეთ ფორტეპიანოს და ქ-ნ ინოლას ხმა, მაგრამ კონცეფცია, რამდენიმე აკორდიც კი შევცვალეთ.

– საახალწლო „საუკუნის ნოსტალგიაში“ რას აკეთებდი?