Sunday, March 4, 2012

ქართული ალტერნატიული მუსიკის ისტორია (ნაწილი II)

(1960-იანი წლები)

დასაწყისი: „თბილისი Out“ #17

1960-იან წლებში საქართველოში ალტერნატიული, ანუ არაფილარმონიული, უცხოური, ე.წ. „კაპიტალისტური“ მუსიკა მეტად უცნაურად ვრცელდებოდა. აკრძალული სიმღერები რენტგენის ფოტოფირებზე დრეკადი ფირფიტების სახით იწერებოდა და არალეგალურად ვრცელდებოდა. ერთი ასეთი ფირფიტა მეც შემომრჩა სახლში: უცნობი პიროვნების ფილტვების რენტგენის სურათზე „ბითლზის“ სიმღერაა ჩაწერილი. „ბითლზმა“, „როლინგებმა“ და როკის სხვა კლასიკოსებმა სსრკ-სა და საქართველოში ლეგალურად მხოლოდ 80-იანებში შემოაღწიეს, მანამდე კი მელომანები ერთმანეთს ყველა შესაძლო გზით უზიარებდნენ აკრძალულ მუსიკას.

60-იანებში სსრკ-ში ჩამოყალიბდა ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები (ვია), რომელთაც სახელმწიფო აკონტროლებდა. სხვათა შორის, პირველი ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი 1958 წელს შექმნილი ქართული „ორერა“ გახლდათ, რომელიც, მიუხედავად ფილარმონიულობისა, მაინც ახერხებდა სხვადასხვა ალტერნატიული მუსიკის შემოთავაზებას.

ანსამბლის დამაარსებელს, აწ განსვენებულ რობერტ ბარძიმაშვილს ადრე ჩემთვის მოუყოლია, როგორ აბნევდა „გოსკონცერტს“. მაგალითად, როდესაც ანსამბლის სიმღერა საქართველოზე, თბილისზე ან სიყვარულზე იყო, რუსულად თარგმნისას ის მიუთითებდა ხოლმე, რომ ტექსტი კომუნისტურ პარტიას ეძღვნებოდა და ამ ტექსტს მოსკოვში დასამტკიცებლად აგზავნიდა. ამით „ორერას“ შეცდომაში შეჰყავდა მკაცრი საბჭოთა ცენზურა, რომელიც პირდაპირ მოითხოვდა სიმღერებს პარტიასა და კომკავშირზე.

„ორერა“ პირველი იყო საბჭოთა კავშირში, რომელმაც ინგლისურ ენაზე თვით აკრძალული „ბითლზის“ რეპერტუარიდან სიმღერების შესრულება გაბედა. ამ შემთხვევაში ცენზურა მას ვერ შეეხო, რადგან ანსამბლი თავდაპირველად უცხო ენათა ინსტიტუტთან არსებობდა და ინგლისურ ენაზე სიმღერა სასწავლო პრაქტიკაში ეთვლებოდა.

კარლოს სანტანას კომპოზიციის „გაესტრადება“ მოახერხა კიდევ ერთმა უხუცესმა ქართულმა ВИА-მ, რომელსაც „დიელო“ ჰქვია. აღნიშნული ანსამბლი 1961 წლიდან არსებობს. მისი დამაარსებელი და ხელმძღვანელი ამირან ებრალიძე გახლავთ. 60-იანების ბოლოს კი უკვე რეალურად გამოჩნდნენ საბჭოთა სისტემისთვის შეუსაბამო ალტერნატიული ქართული მუსიკალური როკ-შემსრულებლები: მიშიკო ფოფხაძის „კვადრატი“ და ბაჩი ქიტიაშვილის „ბერმუხა“, თუმცა, ამ უკანასკნელის შესახებ უკვე 70-იანი წლების მიმოხილვისას გიამბობთ.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ჟურნალი „თბილისი Out“ #18, მარტი, 2012 წელი

Monday, February 13, 2012

ქართული ალტერნატიული მუსიკის ისტორია (ნაწილი I)

საბჭოთა საქართველოში, ისევე როგორც მთელს სსრკ-ში, არსებობდა თანამედროვე მუსიკის შესრულების სტანდარტი, რომელსაც ვერავინ გადაუხვევდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მუსიკოსს შესაძლოა ციხეშიც კი ამოეყო თავი. ამავე დროს, ხელისუფლებას მკაცრად ჰყავდა შერჩეული ის უცხოელი მუსიკოსები, რომელთა არა მარტო კონცერტი იკრძალებოდა ქვეყნის ტერიტორიაზე, არამედ მათი ფირფიტების შემოტანაც კონტრაბანდასთან იყო გათანაბრებული. კომუნისტი იდეოლოგების აზრით, თუნდაც როკი ხელს უშლიდა კომუნიზმის მშენებლობას, რადგან ეს მუსიკა თავისი სულისკვეთებით „დამპალი იმპერიალიზმის“ იდეების პროპაგანდას წარმოადგენდა და სოციალისტური საზოგადოებისთვის აბსოლუტურად უცხო უნდა ყოფილიყო.

სსრკ-ის ხელისუფლება ქვეყანაში ნებადართულ მუსიკას და ადგილობრივ შემსრულებლებს ე.წ. ფილარმონიის საშუალებით აკონტროლებდა. ამ უკანასკნელის „ვიზის“ გარეშე ვერც ერთი მუსიკოსი დიდ სცენაზე ვერ მოხვდებოდა. ფინანსურ მხარეებსაც სპეცორგარნიზაციები აკონტროლებდნენ. უცხოეთში გასტროლებიდან შემოსავლის 90 – 95 პროცენტი „გოსკონცერტს“ მიჰქონდა.

საბჭოთა კავშირში ალტერნატიული მუსიკის გაჩენის წინაპირობა მაინც საზოგადოებამ, მელომანებმა შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ არალეგალურად შემოსული აკრძალული მუსიკალური პროდუქცია ძალზე ვიწრო წრეებში ვრცელდებოდა, მსმენელს ზოგადი წარმოდგენა მაინც ჰქონდა. უცხოური ფირფიტები და ჩანაწერები „კაპიტალისტური“ ქვეყნებიდან ძირითადად, სპორტსმენებს, მეზღვაურებს და მსახიობებს ჩამოჰქონდათ, რომელთაც მელომანები საკმაოდ ძვირად იძენდნენ.

1950-იან წლებში საქართველოში „შემოიპარა“ ჯაზი, რომელიც სოციალისტური იდეოლოგიისთვის, ასევე, მიუღებელი მუსიკა იყო. მთელ სსრკ-ში საოცრად პოპულარული გახდა თბილისის „გეპეის“ ჯაზ-კვარტეტი და ჯაზ-ორკესტრი, რომლის სტილი თითქოს 30-იანი და 40-იანი წლების გლენ მილერის ჟღერადობას ჩამოჰგავდა, თუმცა, საკმაოდ თვითმყოფადი გახლდათ და იგი მეტად ორიგინალურად ასრულებდა ქართველი კომპოზიტორების მუსიკას. მათ კონცერტებზე იმდენი ხალხი იკრიბებოდა, რომ სიტუაციის გასაკონტროლებლად ცხენოსან მილიციას იძახებდნენ.

ქართულ ალტერნატიულ მუსიკაზე გავლენა მოახდინა როგორც ფოლკლორმა, ისე ქალაქურმა მუსიკამაც, რომელიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ქუთაისიდან იღებს სათავეს და მისი გამორჩეულად პოპულარული წარმომადგენლებიც ამ ქალაქიდან არიან. დებმა იშხნელებმა 40-იან და 50-იან წლებში თანამედროვე ქართული მუსიკის მთელი ეპოქა შექმნეს.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

ჟურნალი „თბილისი Out“ #17, თებერვალი, 2012 წელი

Friday, January 6, 2012

თბილისური მუსიკალური აგრესია

მსოფლიოს ყველა ქალაქი თავისებურად ხმაურობს და თითოეულს თავისი მუსიკა აქვს. ჩვენი დედაქალაქიც არაა გამონაკლისი. მუსიკა და ხმაური არც თბილისისთვისაა უცხო. ამ ქალაქზე მიყურადება შეიძლება ყველგან – ყველაზე ხმაურიან ქუჩებში თუ მთაწმინდის პარკიდან. თუმცა, ახლა მინდა დავწერო იმაზე, თუ როგორი მუსიკალური ფონი აქვს ზოგადად თბილისს, ანუ ყური დავუგდოთ მის ფონურ მუსიკას. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ მხრივ, საკმაოდ ჭრელ მუსიკალურ გემოვნებასთან გვაქვს საქმე, თუმცა მინდა არა მარტო გემოვნებას, არამედ მისი მოწოდების ფორმებსაც შევეხო. 

თბილისის ტაქსებსა თუ სამარშრუტო ტაქსებში ხმამაღლა ჩართული რადიოების უმრავლესობიდან გადმოღვრილი მელოდიების მოსმენით მიხვდებით, რომ ოთხი საუკუნის წინ ქართლის მეფის, როსტომ-ხანის მიერ გააზიურებულ-გააშუღებულ-გადარდიმანდებული დედაქალაქის სული არ ჩამკვდარა და რამდენიმე რადიოსადგურის საშუალებით განაგრძობს არსებობას და არა მარტო არსებობას, – იგი ძალიან პოპულარულიც კია ასეთ სატრანსპორტო საშუალებებში, ბაზრობებსა თუ დედაქალაქის უმეტეს რესტორნებში. ხალხი ამ დარდიმანდულ-საქეიფო განწყობის სიმღერებს რატომღაც ქალაქურ მუსიკას ეძახის. 

მოდით, ახლა თავი დავანებოთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს და კაფეებში გადავინაცვლოთ, სადაც ასევე ყოველთვის ჟღერს რომელიმე თბილისური რადიოარხი, ოღონდ არა დარდიმანდული, არამედ უფრო ჰიტური – თანამედროვე მუსიკით გაჯერებული. კარგია, თუ მსგავს კაფეში მარტო შებრძანდებით, რადგან თუ ვინმესთან ერთად იმყოფებით, ბიონსეს, ჯეი-ზის, ენრიკე იგლესიასის თუ ჯენიფერ ლოპესის მუსიკის ფონზე, ხმის იოგების სასტიკი დაძაბვა მოგიწევთ, თქვენთან ერთად მყოფს რამე რომ გააგებინოთ. იგივე სიტუაციაა პრესტიჟული საფირმო მაღაზიების დიდ ნაწილშიც, თუმცა იქ ბოლო ხმაზე აყვირებულ ინდი-მუსიკას და ბრიტ-პოპს მოგასმენინებენ. 

ასე რომ, ჯერჯერობით ამ მუსიკალური აგრესიისგან თავდასაცავად, გირჩევთ, საკუთარი ყურსასმენებით იაროთ და აარჩიოთ კაფე, სადაც მუსიკა ძალიან დაბალ ხმაზეა ჩართული. რაც შეეხება ტრანსპორტს: მეტრო და მუნიციპალური ავტობუსებია ის ადგილები, სადაც დაყრუების საფრთხე არ გემუქრებათ. გაგიკვირდებათ და, თბილისში მხოლოდ მეტროში ჟღერს ნამდვილი ემბიენტი, რომელიც დაბალ ხმაზე ისმის და ნამდვილი ფონის ფუნქციას ასრულებს. 

ჟურნალი „თბილისი Out“ #16, იანვარი, 2012 წელი

Wednesday, December 7, 2011

კენ ჰენსლი და თბილისური ნოემბრის „ივლისის დილა“


ბულგარეთში, 1986 წლიდან მოყოლებული, ყოველი 1 ივლისის წინა ღამეს შავი ზღვის სანაპიროზე ათასობით ახალგაზრდა იკრიბება. ისინი ერთად მუსიკით, სიმღერებითა და ცეკვებით ეგებებიან ზაფხულის მეორე თვის პირველ დილას. დღესასწაულს „ჯულაია“ ანუ მეორენაირად Uriah Heep-ის სიმღერის სახელი – July Morning („ივლისის დილა“) ეწოდება. ამ დღეს ბულგარეთის რადიოსადგურების ეთერში სწორედ ეს სიმღერა ჟღერს, რომლის ავტორიც ლეგენდარული ინგლისელი კომპოზიტორი, კლავიშისტი, გიტარისტი, მომღერალი, პოეტი და Uriah Heep-ის ერთ-ერთი დამაარსებელი კენ ჰენსლია. მისი მუსიკა ხშირად ამ ბულგარული დღესასწაულივით რომანტიკულია და იგი მილიონობით ადამიანს აერთიანებს.

საქართველოში ჯგუფ „იურაია ჰიპსა“ და კენ ჰენსლის განსაკუთრებით ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. მკაცრმა საბჭოთა ცენზურამ ამ ჯგუფის თავისუფალი და მელოდიური მუსიკა ბოლომდე ვერ დაბლოკა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთადერთმა ხმისჩამწერმა ფირმა „მელოდიამ“ 70-იანების მიწურულს ალბომი Firefly („ციცინათელა“) გამოუშვა, რაც იმ პერიოდისთვის, პრაქტიკულად, სასწაული იყო.

„ლოკომოტივ პრომოუშენის“ დამსახურებით, ბატონმა ჰენსლიმ თბილისის ეროვნულ მუსიკალურ ცენტრში (ყოფილ რკინიგზელთა სახლში) დაუვიწყარი და შთამბეჭდავი საღამო გამართა. ამ დღეს კარგად გამოჩნდა მისი განსაკუთრებული პოპულარობა, რადგან მსმენელთა ნაწილი მუსიკოსს ხელმოწერას მის ძველ ვინილის ფირფიტებზე აკეთებინებდა. მოზარდი თაობის სიმრავლეც სასიამოვნოდ ახარებდა თვალს. რამდენიმემ როკის ლეგენდას კითხვებიც კი დაუსვა.

კონცერტმა უშუალო და თბილ ვითარებაში ჩაიარა. აკუსტიკურ სიმღერებს შორის მუსიკოსი მაყურებელთა შეკითხვებს პასუხობდა. სწორედ ამ კითხვა-პასუხიდან და წინა დღეს ჩატარებული პრესკონფერენციიდან შევიტყვეთ, რომ როკვარსკვლავი უკვე კარგა ხანია ესპანეთის ზღვისპირეთში ცხოვრობს, არის მოყვარული მეცხვარე, თანამედროვე მუსიკას ერთი ესპანური რადიოს საშუალებით უსმენს, კლავიშისტებიდან გენიალურად რიკ უეიკმანს მიიჩნევს და რომ ქართველი გოგონები და ჩვენებური ღვინო ნამეტნავად მოეწონა. ჰენსლიმ მოგვიყვა, როგორ დაწერა თავის დროზე ჩვენი საყვარელი ჰიტები და, რაც მთავარია, ეს სიმღერები შეასრულა ზუსტად ისე, როგორც შეიქმნა, ჯგუფის არანჟირებებისა და ცვლილებების გარეშე. ბოლო სამი კომპოზიცია, მათ შორის, July Morning ჰენსლიმ ქართველ, „მძიმე ჯვარისა“ და „ქომიქ ქონდიშენის“ მუსიკოსებთან ერთად შეასრულა.

კონცერტის შემდეგ ცოცხალი ლეგენდა ფოიეში ყველა მსურველს (რამდენიმე ასეულ ადამიანს) ხალისით ურიგებდა ავტოგრაფებს. ეს პროცესი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და დაღლილი მუსიკოსის ეს დაუზარლობა ნამდვილად მის სულგრძელობაზე მეტყველებს.

ასე რომ, წელს ნოემბრის საღამოს ვიზეიმეთ „ივლისის დილა“, თანაც თვით კენ ჰენსლისთან ერთად.

ჟურნალი „თბილისი Out“ #15, დეკემბერი 2011 წელი

Tuesday, December 6, 2011

სესილია თაყაიშვილი Pink Floyd-ის მუსიკალურ ვიდეოში Money

სესილია თაყაიშვილი – საქართველოს ბებია

© ლაშა გაბუნია
© გაგა გობრონიძე

როდესაც ფრანგ რეჟისორს ჟან დაკანტს სესილიას განსახიერებული ოლღა ბებია უნახავს, უთქვამს: „ეს ჩემი ბებიაა, რომელიც ახლა პროვანსში ცხოვრობსო“.

ლაშა: – ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის Pink Floyd-ის მუსიკალურ ვიდეოში Money („ფული“) მეორე წუთზე ჩნდება ქართველი მსახიობი სესილია თაყაიშვილი. ფირში მის სახეს სულ რამდენიმე წამს ვხედავთ, მაგრამ იგი, როგორც ყოველთვის, დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავია.

არსებობს ორი ვერსია, თუ როგორ აღმოჩნდა მისი პორტრეტი ამ კლიპში და ორივე „ფლოიდების“ ერთ-ერთ დამაარსებელს როჯერ უოტერსს უკავშირდება. პირველის თანახმად, 1970-იანი წლების დასაწყისში ინგლისში მსოფლიოს 100 საუკეთესო მსახიობი გამოავლინეს და მათ შორის სესილიაც, სამწუხაროდ, როგორც სახელოვანი რუსი მსახიობი და არა ქართველი. უოტერსს ძალიან მოსწონებია მსახიობის მეტყველი სახე და სწორედ ამიტომ, „პინკების“ ვიდეოში მისი ფოტო ჩაუსვამს...

Sunday, December 4, 2011

ჩემი ძველი სატელევიზიო სიუჟეტი სოციალურ მუსიკაზე


სიუჟეტი ეთერში გავიდა 2003 წლის შემოდგომაზე არჩევნების წინ ტელეკომპანია "მე-9 არხის" საინფორმაციოში.

Wednesday, November 2, 2011

ქეთი მელუა – პირველი ქართველი პოპ-ვარსკვლავი

27 წლის მუსიკოსი, კომპოზიტორი და მომღერალი ქეთი მელუა 9 წლიდან ბრიტანეთში ცხოვრობს. იგი პირველი ქართველია, რომელიც მსოფლიო დონის პოპ-ვარსკვლავი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ქეთი ასე მცირე ასაკიდან ბრიტანეთში იზრდებოდა, ყველგან აცხადებს, რომ ქართველია და მშობლიური ენაც არ დავიწყნია. ადრე ინტერვიუში ისიც კი მითხრა, რომ ყველაზე მეტად ახლადგამომცხვარი ქართული ლავაშის სუნი უყვარს და სიზმრად საქართველოს ხშირად ნახულობს. ბრიტანეთში წასვლამდე იგი დიდ დროს ატარებდა ბიძებთან, რომლებიც როკის მოყვარულები იყვნენ და მთელი დღეების განმავლობაში მათთან ერთად სხვადასხვა როკ-შემსრულებელს უსმენდა.

მელუას დაწერილი სიმღერები ბლუზის, ჯაზის, როკისა და პოპის თანამედროვე გემოვნებიან სინთეზს წარმოადგენს. მას რამდენიმე საინტერესო ქავერიც აქვს შესრულებული – The Cure-ის, Nina Simone-ს, Jeff Buckley-ს, Leonard Cohen-ის, John Mayall-ისა და სხვათა კომპოზიციები. მუსიკოსმა ვირტუალურად ჩაწერა სინგლი გარდაცვლილ Eva Cassidy-სთან ერთად. კონცერტებზე კი უამრავ ვარსკვლავთან ერთად იმღერა. აღსანიშნავია ქეთის დუეტი ქართველ საოპერო ვარსკვლავთან პაატა ბურჭულაძესთან. მათ საქველმოქმედო კონცერტზე გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ შეასრულეს.

2006 წელს ქეთი მელუა გინესის რეკორდების წიგნში შევიდა. მუსიკოსმა კონცერტი ჩრდილოეთის ზღვის ნორვეგიული კომპანიის, „სტატოილის“ ნავთობის ერთ-ერთი ჭაბურღილის პლატფორმაზე – ზღვის დონიდან 303 მეტრ სიღრმეზე ჩაატარა. იმ დროისთვის ეს მსოფლიოში წყალქვეშ ყველაზე დაბალ წერტილში გამართული კონცერტი აღმოჩნდა და მისი დივიდიც გამოიცა. ქეთი მელუას დღემდე 5 ოფიციალური სტუდიური ალბომი აქვს ჩაწერილი. მისი ახალი დისკი Secret Symphony 2012 წელს გამოვა.

ჟურნალი „თბილისი Out“ #14, ნოემბერი 2011 წელი

Sunday, October 16, 2011

ირაკლი ჩარკვიანი კომპორომისული და შემგუებლური მუსიკის შესახებ

გადავწყვიტე, ირაკლი ჩარკვიანის შესახებ დამეწერა. ძალიან არ მინდოდა, სტანდარტული გამოსულიყო. გადავათვალიერე თითქმის ყველაფერი, რაც ირაკლის შესახებ დამიწერია, ვნახე ჩემი სატელევიზიო სიუჟეტები, სადაც მას მონაწილეობა მიუღია, გადავიკითხე ირაკლის მოწერილი მეილები... დაბოლოს, წავაწყდი ძველ ინტერვიუს, რომელიც 2002 წლის თებერვალში მასთან ჩავიწერე ერთი გაზეთისთვის. ირაკლი თანამედროვე ქართულ მუსიკაზე საუბრობს და წუხს, რომ თანამედროვე ქართველ შემსრულებლებს და, ზოგადად, ახალგაზრდებს პროტესტის გრძნობა არა აქვთ, რაც ძალიან ცუდია. ბევრი ფიქრი არ უნდა იმას, რომ ამ სფეროში 10 წლის შემდეგაც აბსოლუტურად არაფერი შეცვლილა.

ირაკლი ჩარკვიანი: „თანამედროვე ქართული მუსიკა დღეს ნაკლებად პრობლემატურია. არადა, მეტი სოციალური მუხტი უნდა იყოს, რადგან ირგვლივ ბევრი სიმწვავეა. ახალგაზრდები ამას არ გამოხატავენ თავიანთი შემოქმედებით. მათი მიდგომა მუსიკის მიმართ ძალიან კომპრომისულია, რაც, ცოტა არ იყოს, შემაშფოთებელიცაა. ყოველ შემთხვევაში, მე მგონი, ეს ჩვენი კულტურული ჩაკეტილობის ბრალია. დასავლურ კულტურებში ჩვენ ვხედავთ, რომ ამ მხრივ ახალგაზრდები აქტიურები არიან. ეს კიდევ იმის ბრალია, რომ, საუბედუროდ, საქართველოში არ განვითარდა დემოკრატიული ინსტიტუტები და როკ-ენ-როლი – დემოკრატიის მუსიკა. სამწუხაროდ, სოციალურად აქტიურ მუსიკაში მე დღეისათვის ვერავის ვხედავ. ეს ცუდია. ჩვენი ახალგაზრდები ნაცადი, უკვე განვლილი გზებით მიდიან და ეთნოგრაფიულ მუსიკას ეჭიდებიან... არავის უჩნდება სურვილი, მუსიკით გამოხატოს საკუთარი აზრი დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს, ალბათ, ჩვენი ხასიათის კომპრომისულობა და აღმოსავლური შემგუებლობაა, რომელიც ძალზედ თვალშისაცემია...

ჩვენთან რევოლუცია ყოველთვის ელიტურია. არასოდეს ხდება ნორმალური სვლა, რადგან ეს არ არის მასობრივი. ჩემი აზრით, ეს დამღუპველია საერთოდ ქვეყნისთვის. ახალგაზრდები იმ საკითხებში ერთიანდებიან, რომელიც აბსოლუტურად ჩაკეტილი და კონსერვატორულია და არა იმ საკითხებში, რომლებმაც შესაძლოა ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს. არც ერთი დამრღვევი ახალგაზრდა არ ჩანს. ჩვენ თაობაში ასეთი დამრღვევები ვიყავით: მე, კოტე ყუბანეიშვილი და კიდევ სხვები, ანუ იყვნენ ისეთები, რომლებიც არღვევდნენ იმ წესებს და საზოგადოებას აიძულებდნენ, ადრენალინი გამოეყო. დღეს ახალგაზრდებს შორის ასეთ პერსონაჟს ვერ ვხედავ. ესენი არიან ყველაფერთან შეგუებულები, რომელთაც სურვილიც კი არ უჩნდებათ, რომ სოციალურად აქტიური პოზიცია გამოხატონ და მიღებული წესრიგი დაარღვიონ.

ეროვნულმა მოძრაობამ ახალგაზრდების მუსიკალური პროტესტი იმ თვალსაზრისით ჩაკლა, რომ ახალგაზრდებმა გააკეთეს მხოლოდ ერთი დასკვნა – მათი პოლიტიკურ აქტივობის შედეგად შესაძლებელი იყო ისინი პარლამენტში მოხვედრილიყვნენ და ამით ფინანსური მომავალი გასჩენოდათ. ეს, უბრალოდ, ცხოვრებასთან პრაგმატული დამოკიდებულებაა. დასავლეთისგან განსხვავებით, აქ ადამიანს ერთადერთი შანსი აქვს – გახდეს პოლიტიკოსი. მხოლოდ მაშინ ექნება ფინანსური დივიდენდები და შეძლებს ცხოვრებას. ეს, საუბედუროდ, ამ საკითხისადმი ძალიან პრაგმატული, ვიწრო და აღმოსავლური მიდგომაა“.

ჟურნალი „თბილისი Out“ #13, ოქტომბერი 2011 წელი

Tuesday, September 13, 2011

თემურ ყვითელაშვილის კლასიკა, ჯაზი და როკი

ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ ადამიანს მუსიკალური მოღვაწეობა საბჭოთა კავშირში ისეთ ჟანრებში წამოეწყო, როგორებიცაა როკი და ჯაზი, ეს თავისუფლება შემდგომში ბოლომდე შეენარჩუნებინა და, უფრო მეტიც, დიდი შემოქმედებითი წარმატებისთვის მიეღწია თვით ჯაზისა და როკის სამშობლოში. ასეთი მუსიკოსი საქართველოში გიტარისტი და კომპოზიტორი თემურ ყვითელაშვილია. იგი 1977 წლიდან გიტარისტია და პირველია ქართველ მუსიკოსებს შორის, რომელმაც ქართველი კლასიკოსებისა და თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებები ელექტროგიტარის თანხლებით ააჟღერა. ამასთანავე, გიტარისთვის გადაამუშავა მოცარტის, ბახის, პაგანინის, შუბერტის, რიმსკი-კორსაკოვისა და სხვათა კომპოზიციები.

1985 წლიდან მუსიკოსი პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესო გიტარისტად ითვლება, 1994 წელს აშშ-ში „საუკეთესო ფიუჟენ გიტარისტის“ წოდება მიენიჭა, 1998 წელს ყვითელაშვილს საქართველოს პრეზიდენტმა „ღირსების ორდენი“ გადასცა, ხოლო 2004 წელს მისი სახელი „გინესის მსოფლიო რეკორდების“ წიგნში შევიდა, როგორც გიტარისტი, რომელიც 30 საათი უწყვეტად უკრავდა. მას 6 ოფიციალური ალბომი აქვს ჩაწერილი, რომელთაგან ბოლო – Made In Georgia შარშან გამოვიდა. გიტარისტისთვის ღიაა მსოფლიოს ისეთი პრესტიჟული დარბაზისა და კლუბების კარი, როგორებიცაა: „კარნეგი-ჰოლი“, „ბერდლენდი“, „ირიდიუმი“, „ბეიკდ პოტეიტოუ“, „ბლუ ნოუტი“ და სხვა. იშვიათი ნიჭისა და შრომისმოყვარეობის წყალობით, თემურ ყვითელაშვილი ერთნაირად შთამბეჭდავად ასრულებს როგორც მუსიკის კლასიკას, ისე ჯაზსა და როკს.

ჟურნალი „თბილისი Out“ #12, სექტემბერი 2011 წელი

მოუსმინე:
თემურ ყვითელაშვილი - ვოკალიზი by ERM0NIA

Sunday, August 21, 2011

არც სმენა, არც ენა

ადამიანებს მუსიკა ისევე ესაჭიროებათ, როგორც ჭამა, სმა, ძილი და სექსუალური კმაყოფილება

ინგლისელი წარმოშობის ამერიკელი მწერალი და ნეიროფსიქოლოგი ოლივერ საქსი ავტორია ბესტსელერისა „ადამიანი, რომელსაც ქუდი ცოლში აერია“. ეს ნაწარმოები კომპოზიტორმა მაიკლ ნაიმანმა ოპერად გადააკეთა, ხოლო პიტერ ბრუკმა – დრამატულ სპექტაკლად. იგი 1933 წელს ლონდონში დაიბადა. სამედიცინო განათლება ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო. 1965 წლიდან ნიუ-იორკში ცხოვრობს. პროფესორი საქსი ცნობილი გახდა იმით, რომ მრავალი დავრდომილი და ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი საკუთარი სამკურნალო მეთოდებით განკურნა. მისი წიგნები მსოფლიოს 20 ენაზეა თარგმნილი. 2007 წელს გამოსული მეცნიერის Musicophilia: Tales of Music and the Brain (მუსიკოფილია: ამბები მუსიკასა და ტვინზე) მუსიკისა და მედიცინის ურთიერთკავშირზეა. წერილში, რომელსაც ახლა გთავაზობთ, 78 წლის ექიმი მუსიკაზე სწორედ მედიცინის ჭრილიდან საუბრობს.

ამუზია, ანუ აბსოლუტური მუსიკალური სიყრუვე

უამრავ პაციენტს ვმკურნალობ. ზოგიერთი მათგანი მოხუცებულთა თავშესაფარში ან „ბეტ ებრაჰამსის“ ტიპის ქრონიკულად დაავადებულთა დაწესებულებებში ცხოვრობს, სადაც ორმოცზე მეტი წლის წინ განვითარდა მოქმედება ჩემს წიგნში „გამოღვიძება“ (ამ წიგნის მიხედვით გადაიღეს ფილმი, რომელშიც რობერტ დე ნირო და რობინ უილიამსი თამაშობენ – ლ. გ.), აგრეთვე, პატარა ღარიბი დების სამონაზვნო თავშესაფარში, რომელთანაც, ასევე, ვთანამშრომლობ. ამასთან ერთად, ხალხს კლინიკაშიც ვიღებ, ზოგიერთ პაციენტს კი სახლში ვმკურნალობ, რაც საოცარ სიამოვნებას მანიჭებს. მაგალითად, ამას წინათ ვსტუმრობდი ბრონქსელ ქალბატონს, რომელსაც ამუზია სჭირს, ანუ იგი ვერ აღიქვამს მუსიკალურ ტონებსა და რიტმს. ეს მეტად ყოჩაღი, ნიჭიერი და საყვარელი ქალია, რომელიც ადრე სკოლის მასწავლებელი გახლდათ. ადრეული ბავშვობიდან იგი სმენით ვერ ცნობს ვერც ერთ მუსიკალურ ნაწარმოებს, უფრო სწორად, არ შეუძლია გაიგონოს მათში მუსიკა. თავად ასე ამიხსნა: „გინდათ იცოდეთ რას ვგრძნობ, როდესაც თქვენ მუსიკას უკრავთ? გადით სამზარეულოში და ახმაურეთ ქვაბები და ტაფები. ზუსტად ამას ვგრძნობ“. არსებობენ ადამიანები, რომელთაც საერთოდ არა აქვთ მუსიკალური სმენა, მაგრამ ეს უაზრობაა იმასთან შედარებით, როცა არ არსებობს საერთოდ მისი აღქმა, როგორც ამ ქალბატონის შემთხვევაში. მას კინაღამ გული წაუვიდა, როცა შეიტყო, რომ ე. წ. შთამომავლობით ამუზიას მკვეთრი ნევროლოგიური გენეზი გააჩნია. წარსულში ჩემი პაციენტი თავის ქმართან ერთად ხშირად კონცერტებზე დადიოდა. ახლა კი იგი წუხს, რომ 70 წლის წინ არ დაუსვეს ეს დიაგნოზი, რადგან მთელი ცხოვრება თამაში არ მოუხდებოდა და თავის გაღიზიანებას ორკესტრის პირველივე ბგერებიდან აღარ დამალავდა.