ქვაშვეთის წინამძღვარი ადამიანებს კვეთებულის ლოცვით კურნავს
ადამიანი ხშირად მხოლოდ მაშინ ხდება მორწმუნე, როდესაც საკუთარი თვალით სასწაულს იხილავს. თბილისში ბევრი ამტკიცებს, რომ ქვაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მამა სოგრატი ლოცვით უამრავ სასწაულს ახდენს და ამის მოწმე უამრავი ადამიანი არსებობს.
მორწმუნეთა თქმით, მამა სოგრატი ქვაშვეთის ეკლესიის კელიაში და საკუთარ სახლში უამრავ გაჭირვებულ ადამიანს იღებს და მათ ლოცვის ძალით სასწაულებრივად კურნავს.
ლალი ოტიაშვილი (ინჟინერი, ყოფილი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი): „ვიყავი მცირედ მორწმუნე, პარტიის წევრი, თუმცა ეკლესიაში შევდიოდი ხოლმე და სანთლებს ვანთებდი. იმ დროს ძალიან ცუდი ამბავი შემემთხვა და ნევროზი ჩამომიყალიბდა. მაშინ არაფერი მიჭირდა თუნდაც ექიმების მხრივ, რადგან უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვიყავი და მოსკოვშიც ძალიან დიდი სამეგობრო მყავდა. საშინელი თავის ტკივილები მქონდა, რომელიც ვერაფრით მოვირჩინე. როდესაც მამა სოგრატის სასწაულმოქმედი ლოცვების შესახებ გავიდა, მასთან მისვლა გადავწყვიტე. ჩემი ავადმყოფობის და აუტანელი ტკივილების გამო, მთელი ღამეების განმავლობაში ვტიროდი. მამა სოგრატთან არა განსაკურნებლად წამოვედი, არამედ იმისთვის, რომ გონზე მაინც მოვსულიყავი. მას მიღებაზე უამრავი ადამიანი ჰყავდა. მე მათთან ერთად ვიჯექი და ვიგრძენი მამაო თვალს არ მაშორებდა, ყურადღების ცენტრში ვყავდი. როგორც შემდეგ დავრწმუნდი, ის ყოველთვის გრძნობს ხოლმე ვინმეს გასაჭირს, თუნდაც ეს უკანასკნელი არ ტიროდეს.
მამა სოგრატს აღსარების თქმა ვთხოვე. მან მომისმინა, შემდეგ კვეთებულის ლოცვები (მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების მიხედვით, აღნიშნული ლოცვების ძალით სხეულიდან ბოროტი ძალების განდევნა ხდება და მისი წაკითხვა მხოლოდ დიდი სულიერი ნიჭით დაჯილდოვებულ მოძღვრებს შეუძლიათ. ლ.გ.) წამიკითხა და ისევ დამიბარა. როდესაც მესამედ მივედი, აღმოვაჩინე, რომ უკვე 10 დღე იყო გასული, რაც თავი არ ამტკიებია. ამის გამო ისე შემეშინდა, რომ ნერვიულობის ნიადაგზე თავის ტკივილის ნიშნებიც გაჩნდა. მამაოსთან მივირბინე და ვთხოვე, თავზე ხელი დაედო, რადგან ძალიან მეშინოდა. სწორედ მაშინ ვთქვი: „ღმერთო, რადგან მე შენთვის კურნება არ მითხოვია და ასეთი სასწაული მამა სოგრატის ლოცვის ძალით დამანახე, წამალს აღარასოდეს დავლევ. თუკი ამოდენა მადლი მოიღე, ჩემი ჯანმრთელობა შენს ხელშია-მეთქი“. მართლაც, ღვთისა და მამა სოგრატის შემწეობით, უკვე მეექვსე წელია, რაც ვალერიანის აბიც კი არ მიმიღია, არც თავი ამტკივებია და არც ცუდად გავმხდარვარ“.
„რა სიმართლე, რის სიმართლე, სადაა სიმართლე?“
მამა სოგრატის სანახავდ №1 კლინიკურ საავადმყოფოს კარდიოლოგიურ განყოფილებაში მოგვიწია მისვლა, სადაც სულიერი მოძღვარი პროფილაქტიკური მკურნალობის კურსს გადის. მის გვერდით უამრავი სულიერი შვილი ირეოდა. როგორც მამა სოგრატმა აღნიშნა, საავადმყოფოში მისვლამდე წნევა აწუხებდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძვირადღირებულ კლინიკაში მამა სოგრატს კლინიკის მთავარი ექიმი, ანზორ მელია საკუთარი ხარჯით მკურნალობს. აღნიშნული სააცადმყოფოს მედპერსონალი ორიოდე კვირის წინ მამა სოგრატის მორიგი სასწაულის მოწმენი გახდნენ.
ქირურგიულ განყოფილებაში ავადმყოფი იწვა, რომლის ოპერაციაც უკვე აღარ შეიძლებოდა. მას ისე ჰქონდა შიგთავსი დაზიანებული, რომ ექიმებს უთქვამთ, ოპერაციის გაკეთებას სჯობს იწვეს, შედარებით დიდხანს იცოცხლებსო. მამა სოგრატი ავადმყოფის სანახავად ღამის თორმეტის ნახევარზე მისულა და ლახვრის ლოცვა წაუკითხავს. პალატიდან გამოსვლისას კი ექიმებისთვის უთქვამს, ამ კაცს სასიკვდილო არაფერი სჭირსო. არადა, პაციენტი, როგორც იტყვიან, უკვე სასიკვდილოდ იყო გადადებული. მესამე დღეს, მოძღვარს თავად მოუსურვებია ავადმყოფის მონახულება. მოხდა დაუჯერებელი ამბავი – მნახველები პაციენტმა საკუთარი ფეხით გამოაცილა.
მალე მამა სოგრატის სასწაულების წიგნი გამოვა, რომელშიც შევა თვითმხილველთა წერილები.
საავადმყოფოში მოძღვარს რამდენიმე კითხვით მივმართე:
– აი, ხომ ხედავ, ვმკურნალობ. ბოროტი ძალია განდევნა მე მანგრევს, მაგრამ მერე სანთელს ვანთებ და ლოცვის დროს ძალას ვიკრებ. ამ ერთი წლის განმავლობაში ორჯერ-სამჯერ დავვარდი კიდეც. მერე უფლის შემწეობით თანდათან ვძლიერდები ხოლმე.
მამა სოგრატმა ერთი ბავშვობის-დროინდელი სიზმარი მოყვა: „ბავშვობიდან სიმართლეს ვეძებდი. ერთხელ, ალბათ, 1955 წელს სიზმრად ასეთი ჩვენება ვიხილე – ჩვენი სოფლის, აჩაბეთის ზემოთ, ტყის პირას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის „თავდების“ ეკლესია დგას. იმ ჩვენებისას სწორედ ამ ტაძარში ვიდექი. საკურთხეველში სამი კაცი იდგა. კარში კი უამრავი ხალხი შემოდიოდა. დიდი, უსასრულოდ გაწელილი რიგი იდგა, რომელსაც ბოლო არ უჩანდა. ადამიანები ამ სამ კაცთან მიდიოდნენ. მათ ხელში რაღაც ქაღალდი ეჭირათ სათხოვრებით. მეც ჩავდეგი ამ რიგში და როდესაც იმ კაცებთან მივედი, მკითხეს, შენ რა გინდაო. მე ვუპასუხე – სიმართლე მინდა-მეთქი. რა სიმართლე, რის სიმართლე, სადაა სიმართლეო? მე ვერც უკან დავბრუნდი და ვერც წინ წავიდოდი და მაღლა ჰაერში ავიწიე, თან ჩემს გულში ღმერთს ვეძებდი. მითხრეს, ძირს ჩამოდიო. ისევ იქ მივედი და კითხვა გამიმეორეს. მე ისევ ის პასუხი გავეცი. რა სიმართლე, რის სიმართლეო – მითხრეს. კიდევ უფრო ავღელდი და ისევ მაღლა ავედი. კიდევ მითხრეს ჩამოდიო. ჩამოვედი და ისევ რიგში ჩავდექი. რას თხოულობო – ისევ მკითხეს. სიმართლეს-მეთქი, გავუმეორე. რა სიმართლე, რის სიმართლე, სად არის სიმართლეო – უკვე მესამეჯერ მითხრეს. ავღელდი და უკვე მთელი ძალით ავედი ჰაერში, თან მთელს ენერგიას ვხარჯავ, რომ, რაც შეიძლება მაღლა ავსულიყავი. მაშინ მცირედმორწმუნე ვიყავი და ბევრი რამ არ ვიცოდი. დიდო მამაო, დიდო მამაო-მეთქი მთელი ძალით ვყვიროდი. ამას თურმე ცხადშიც ვიძახდი და ჩემმა ხმამ გამომაღვიძა. დილის 5 საათი იქნებოდა, საოცრად დაღლილ-დაქანცული ვიყავი და დედას მოვუხმე. როდესაც ჩემი სიზმარი ვუამბე, დედამ მითხრა, იმ კაცებს რატომ ბედი არა სთხოვეო. იმ დღიდან მოყოლებული სიმართლეს ვეძებდი. მე ვიპოვე, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რა არის იგი.
– მამაო სოგრატ, თქვენი აზრით, რა არის ჭეშმარიტება?
– ღვთის თითოეული სიტყვა ჭეშმარიტებაა. სახარებაში სწერია „ცა და წარხდეს (ეს ასე იქნება, რადგან მატერია დროებითია), მაგრამ სიტყვა ღვთისა არ წარხდეს“.
საუბრის ბოლოს მამა სოგრატმა დაგვლოცა და საკუთარი ლექსიც გამოგვატანა:
„კაცი ღმერთია სიტყვისა,
რადგან გამოდის მისგანა,
რაცა სთქვას, იმას იქმოდეს,
მოითხოვება მისგანა,
იგი ღმერთამდე ავიდეს,
სიტყვითა სიმართლისგანა“.
რადგან გამოდის მისგანა,
რაცა სთქვას, იმას იქმოდეს,
მოითხოვება მისგანა,
იგი ღმერთამდე ავიდეს,
სიტყვითა სიმართლისგანა“.
P. S. კიდევ ერთი სტატია მამა სოგრატის სასწაულზე იხილეთ აქ (დააწკაპუნეთ).
No comments:
Post a Comment