Wednesday, May 28, 2003

„რუსული თანამედროვე მუსიკა ქართულთან შედარებით საშინელებაა“

ნოდარ ნიკოლაიშვილი ქართული და რუსული ესტრადის შესახებ

თბილისელი კომპოზიტორის, ნოდარ ნიკოლაიშვილის სიმღერებს ასრულებენ ქართველი და რუსი ესტრადის მომღერლები. კომპოზიტორი 3 წელია საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა შვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო (ვაჟიშვილი ლაშა აფხაზეთში იბრძოდა). წერს სიმღერებს ქართველი და რუსი მომღერლებისთვის. „ახალი ვერსია“ ქართველ კომპოზიტორს მისი საავტორო კონცერტის წინ შეხვდა, რომელიც 15 მაისს დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

ნოდარ ნიკოლეიშვილი: განათლებით არა ვარ კომპოზიტორი. მუსიკას მხოლოდ 10 წელია ვწერ. ვსწავლობდი პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში და დიდ ორკესტრში ვუკრავდი. ამის გამო ჩავაბარე კონსერვატორიაში. ამ ორკესტრის გამო რეზო ლაღიძემ თავის კათედრაზე გადამიყვანა. მანამდე დამთავრებული მქონდა მე-2 მუსიკალური სასწავლებელი. დავამთავრე სადირიჟორო, ინსტიტუტის შემდეგ – პროფესიით მუსიკადმცოდნე და პიანისტი გავხდი.

პირველი სიმღერა 1993 წელს დავწერე და ის „ოთხმა გიამ“ შეასრულა. ამის შემდეგ ჩემი სიმღერები იმღერეს: ნუკრი კაპანაძემ, თემურ წიკლაურმა, მერაბ სეფაშვილმა, ტრიო „თბილისმა“, ზურა კობეშავიძემ და სხვებმა. მოსკოვში ცნობილი მსახიობი ნიკოლაი კარაჩენცევი გავიცანი და ჩამოვაყალიბეთ „თეატრის, კინოსა და ესტრადის თანამეგობრობის ფონდი“. ნიკოლაი და მე ამ ფონდის პრეზიდენტები ვართ. კარაჩენცევი 4-5 ჩემს სიმღერას მღერის. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.

Tuesday, May 27, 2003

რუსუდან ფეტვიაშვილი: „მოდიოდა ნინო მთებით“ ზეპირად ვიცი, ძალიან გამიხარდა, რომ ამ ლექსზე მუშაობის შესაძლებლობა მომეცა“

„ახალი ვერსიის“ დღევანდელ ნომერში მოთავსებულია რუსუდან ფეტვიაშვილის ექსკლუზიური ილუსტრაცია სპეციალურად ნინოობის დღესასწაულისათვის, რომელიც შეიქმნა ანა კალანდაძის ლექსის „მოდიოდა ნინო მთებით“ მიხედვით. ჩვენ რუსუდანს წინასადღესასწაულო დღეებში გავესაუბრეთ.

– რუსუდან, თქვენ სხვა მხატვრებთან და ხატმწერებთან ერთად ასურათებდით მსოფლიოში ყველაზე დიდ ოთხთავს (სახარებას), რომელიც სპეციალურად წმ. სამების მშენებარე ტაძრისთვის იქმნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. დასრულდა მასზე მუშაობა?

– წმინდა ოთხთავზე მუშაობა დასრულდა. სამუშაო დაასრულეს გადამწერებმაც (ეს სახარება მთლიანად ხელით შესრულდა). ახლა მისი აკინძვა მიმდინარეობს და, როგორც ვიცი, წმინდა წიგნს მალე წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ოთხთავის მინიატურების ხატვის პროცესში სხვა შემოქმედებითი სამუშაო არ შემისრულებია.

– თქვენ გაქვთ საკუთარი სამხატვრო გალერეა აღმაშენებლის 103-ში. როდის გაიხსნა ის?

– ეს გალერეა უკვე 3 წელია, რაც არსებობს. სხვათა შორის, მის გახსნაში ძალიან დამეხმარა ზურაბ ჟვანია. აქ არის მარტო ჩემი ნახატების მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება. მანამდე აქ იყო თოჯინების თეატრის ერთ-ერთი ფოიე, რომლის ერთი კედელი 18 წლის ასაკში მოვხატე. ის 8 000 დოლარი, რომელიც სამუშაოს დამთავრების შემდეგ უნდა მიმეღო, თავად თოჯინების თეატრს გადავეცი რემონტისათვის. ამიტომ, თეატრის ადმინისტრაციამ გალერეის მოწყობა შემომთავაზა. ბავშვებს შესვენებისას ან სპექტაკლის დასრულების შემდეგ შესაძლებლობა ექნებოდათ, დაეთვალიერებინათ გამოფენა. ამჟამად გალერეა დროებით დაკეტილია.

Monday, May 26, 2003

ბებერი და ახალი მუსიკა

ვისაც ეჭვი ეპარება, რომ მუსიკა არ ვითარდება, რამდენიმე ახალი ალბომის მოსმენას ვურჩევ. მათ შორის, გამოვარჩევდი ბრიტანული „რადიოჰედის“ უახლეს ალბომს „Hail To The Thief“ („ქურდის მისალმება“), რომლის ოფიციალური რელიზის დღე 9 ივნისია.

მიუხედავად ამისა, რუსმა აუდიო „მეკობრეებმა“ უკვე გამოსცეს ამ მართლაც უძლიერესი ალბომის კომპაქტ-დისკი. მათი წყალობით დისკი უკვე იყიდება თბილისშიც. ჩემი ვარაუდით, ეს ალბომი აუცილებლად ეპოქალური გახდება. ასეთი გენიალური ჩანაწერი ყოველ ათწლეულში ერთჯერ ან ორჯერ გამოდის. ის თანაბრად მოეწონება, როგორც სუფთა როკის, ისე ელექტრონული ანდერგრაუნდის მსმენელს.

მოკლედ, რომ ვთქვათ, „რადიოჰედის“ ხელოვნება განკუთვნილია პროგრესული მუსიკის მოყვარულთათვის. სამწუხაროდ, თანამედროვე როკ-ჯგუფების უმრავლესობა თანდათან დაემგვანა რაღაც მანუფაქტურულ სერიულ პოპსა ფსევდოროკის იდეოლოგს. ბევრი მათგანი მხოლოდ ფულის შოვნისთვისაა შექმნილი და მათი ხელოვნება ძალიან ჩვეულებრივი „პლასტმასაა“.

შოუ-ბიზნესის ზედაპირზე მყოფმა ვითომ ალტერნატიულმა და ძველმა როკ-ჯგუფებმა თითქოს დაკარგეს თანამედროვე, რეალური ცხოვრების რიტმიკა. ამ რიტმებმა თავისი ადგილი მხოლოდ პროგრესულ ელექტრონულ მუსიკაში ნახეს. თანამედროვე როკ-მუსიკოსების უმრავლესობამ ლოზუნგით „გაუმარჯოს როკ-ენ-როლს“ იგნორირება გაუკეთა ახალ რიტმებს და ვეღარ გაშორდა „ლედ ზეპელინის“, „სექს პისტოლზის“, „ნირვანას“, „მეტალიკას“ და „მოტორჰედის“ უკვე „წვერებიან“, გასული საუკუნის რიტმებს. ეს კი, რა თქმა უნდა, სასაცილოა და მათი დღეს შესრულება უფრო მაზოხიზმს წააგავს. ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფები მხოლოდ გასული საუკუნის 70-იანი, 80-იანი და 90-იანი წლების მუსიკას ასრულებენ და ისინი უკვე კლასიკოსებად იქცნენ.

წარმოიდგინეთ, რა სასაცილო იქნება, ვიღაც თანამედროვე კომპოზიტორმა ვივალდის ან მოცარტის მსგავსი მუსიკა რომ შექმნას. გაუთვითცნობიერებლობის ნიშანია ისიც, როდესაც ადამიანი ამტკიცებს, რომ „ლედ ზეპელინზე“ მაგარი მუსიკა არ შექმნილა და პოპსავიკს ეძახის თუნდაც ელექტრონული ანდერგრაუნდის ჯგუფების „ანდერვორლდის“ და ‘ქემიკალ ბროზერსის“ მსმენელს.

თანამედროვე როკ-ჯგუფებს სწორედ თანამედროვე რიტმის, ცხოვრების შეგრძნება აკლიათ. სწორედ ამიტომ წალეკა მსოფლიო პოპსამ. თუკი გასული საუკუნის 70-იანებში რომელიმე წლის საუკეთესო შემსრულებელი ჯიმი ჰენდრიქსი ან „ლედ ზეპელინი“ იყო, დღეს ასეთი ბრიტნი სპირსი და კრისტინა აგილერა გახდა. როგორც ხედავთ, პოპ-მუსიკამ საშინელი რეგრესი განიცადა სწორედ იმიტომ, რომ დღეს მუსიკა აღარ არის თანამედროვე ტემპის გამომხატველი.

ამავე დროს, ბევრი როკ-მუსიკოსი ცდილობს, ბღავილითა და კივილით მიიქციოს ყურადღება, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, მათი წივილ-კივილი არაბუნებრივია. ვერაფრით დავიჯერებ იმას, რომ ნორვეგიელს ან შვედს ასეთი საშინელი სოციალური მდგომარეობა ჰქონდეს. მათი მუსიკა მხოლოდ ფსევდოპროტესტულია და ბღავილი ყურადღების მიპყრობის ფანდია ალბომის კარგად გასაყიდად. სრულიად არ მიკვირს, რომ ჯგუფ „მოტორჰედს“ დღესაც მძლავრი მეტალისტური ჟღერადობა აქვს, რადგან მისმა ლიდერმა ლემი კილმისტერმა საკუთარი თავი ამ მიმართულებას შესწირა, მაგრამ ხშირად გაურკვეველია, რატომ ცდილობს 80-იან წლებში დაბადებული მუსიკოსი მას წაბაძოს და ზუსტი ასლირება გაუკეთოს „მოტორჰედის“ უკვე ძველ, ბებერ რიტმს.

თუ დაფიქრებულხართ, პლანტსა და პეიჯს თავის დროზე კომპიუტერი და მობილური ტელეფონი რომ ჰქონოდათ, როგორ მუსიკას დაწერდა „ლედ ზეპელინი“? არ მითხრათ, მაინც იგივეს, რასაც აკეთებდნენო, ვერაფრით დაგიჯერებთ, რადგან ისინი თავის დროზე „პინკ ფლოიდთან“ და სხვა მართლა მაგარ ჯგუფებთან ერთად ყველაზე პროგრესულები იყვნენ. სწორედ ამიტომ გახდნენ მუსიკის კლასიკოსები (ამ სიტყვის ნუ შეგვეშინდება).

თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველო ევროპული განვითარების დონეს რამდენიმე ათეული წლით ჩამორჩება, მაშინ მხოლოდ ძველი როკის მოყვარული ჩვენი ქართველი მსმენელების მესმის. ამაში რომ თავად დარწმუნდეთ, გირჩევთ გადაიკითხოთ (ან წაიკითხოთ) ცნობილი ინგლისელი მწერლის ენტონი ბერჯესის 1962 წელს დაწერილი შედევრი „მექანიკური ფორთოხალი“. დამერწმუნეთ, ამ წიგნში განვითარებული სიუჟეტები დღეს ჩვენთვის იმდენად რეალურია, გეგონებათ ქართველმა მწერალმა სულ ახლახანს დაწერაო.

თანამედროვე ტემპის შეგრძნების გარეშე კი ძალიან რთულია ძველი მენტალიტეტისაგან განთავისუფლება. ასეთი ტემპი მთელ როკ-მუსიკაში მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ისეთ გენიალურ მუსიკოსებს გააჩნიათ, როგორებიც არიან დევიდ ბოუვი, პიტერ გებრიელი, ბიორკი და სხვები. მათ შორის, დღეს თამამად შეგვიძლია ვახსენოთ „რადიოჰედიც“, რომელიც საუკეთესო მხატვარია (საუკეთესოთა შორის). ამაში კი მისი ახალი ალბომის მოსმენის შემდეგ დარწმუნდებით.

Thursday, May 15, 2003

„თანამედროვე მუსიკა მხოლოდ ამერიკაში და ინგლისში არ იქმნება“

ცნობილი ტელეწამყვანი და მთავარი „კომუნარი“ სერგი გვარჯალაძე ისევ დაბრუნდა ეთერში ორი გადაცემით, ოღონდ ამჯერად – რადიო ეთერში. „მიუზიკ-ჰოლი“ და „მიუზორამა“ – ასე ჰქვია სერგის მიერ მომზადებულ მუსიკალურ გადაცემებს, რომელიც „რადიო 101“-ის (FM 101,4) ეთერში ორშაბათსა და სამშაბათს იწყება 23 საათზე და ერთი საათი გრძელდება.

სერგი გადაცემებზე მხოლოდ მიხოსთან (იგივე მიქსოსთან ერთად) მუშაობს. „ახალი ვერსია“ სიამოვნებით ესაუბრა მთელ ქართულ რადიოებში არსებული ორად-ორი მუსიკალური გადაცემის ავტორს, სერგი გვარჯალაძეს.

Wednesday, May 14, 2003

ქუთაისში შეიძლება წმინდა წინასწარმეტყველება აღსრულდეს

მეუფე კალისტრატე: დღეს საქართველოს კომუნისტური ცნობიერება ჭამს

ქუთაისში გამარჯვების მოედანზე ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი შენდება. მორწმუნენი ამ ადგილს უკვე სიყვარულით „ათონს“ ეძახიან. როგორც ვარაუდობენ, მშენებარე ეკლესია ერთ-ერთი უდიდესი იქნება ეპარქიაში. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი ეკლესია-მონასტრების რაოდენობით არც ისე ღარიბია, წირვებზე, ლოცვებსა და დღესასწაულებზე ისინი მრევლით არის გადაჭედილი.

ახალი ტაძარი შენდება ათეული წლების წინ მიტოვებული საზაფხულო კინოთეატრის შენობის ადგილზე. მორწმუნენი დარწმუნებულები არიან, რომ წმინდა წინასწარმეტყველების აღსრულების შემდეგ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი სწორედ მისი სახელობის ტაძარში დაიდებს ბინას. ამ წინასწარმეტყველებისა და მშენებლობის შესახებ „ახალი ვერსია“ ესაუბრა ქუთათელ-გაენათელი ეპარქიის მიტროპოლიტს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას კალისტრატეს.

– ქუთაისში „ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის“ სახელობის ტაძრის მშენებლობა ნამდვილად ღვთის წყალობაა. მისი მშენებლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაიწყო. რამდენიმე წლის წინ ჩემთან მოვიდნენ ადამიანები, რომელთაც სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა ტაძარი შენდება, იქ ცის გახსნა იხილეს. ცოტა ხანში ისევ იმ ადგილას რამდენიმე მორწმუნეს ღვთისმშობლის გამოცხადება ჰქონდა. ყოვლადწმინდას ხატება მთელს ცაზე იყო გადაფენილი.

ქუთაისს 3500 წლიანი ისტორია აქვს და ქუთაის-გაენათის ეპარქიაც უძველესია. აქედან გამომდინარე, ვიფიქრე, უფალი რაღაც ნიშანს გვაძლევს-მეთქი. მამა ალექსისთან (სინაურიძე) და ამირან სინაურიძესთან ერთად დავიწყე ფიქრი ამ ტაძრის მშენებლობაზე. ამ ტაძრის მშენებლობის დაწყებას 35 000 ადამიანი ითხოვს და ეს ხელმოწერები მამა ალექსის აქვს შენახული. მას უკვე იცნობენ მთავრობის წევრებიც და ქალაქისა თუ რეგიონის ხელისუფალნი.

Tuesday, May 13, 2003

„ჩვენ ერის აიბოლიტები ვიყავით“

ირაკლი ჩარკვიანისა და კოტე ყუბანეიშვილის „რეაქტიული კლუბის“ ერთდღიანი გაცოცხლება 13 წლის შემდეგ

გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში თბილისში გაჩნდა ერთგვარი ნონკონფორმისტული შემოქმედებითი ჯგუფი – „რეაქტიული კლუბი“. მისი შემქმნელები იყვნენ ირაკლი ჩარკვიანი და კოტე ყუბანეიშვილი. ახლახან „აჭარა მიუზიკ ჰოლში“ კლუბმა დაარსების 13 წლისთავი აღნიშნა. ეს საღამო იყო ამ კლუბისათვის დამახასიათებელი მუსიკისა და პოეზიის შერწყმა. საღამოზე, ასევე, წარმოდგენილი საცეკვაო ლექსები. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი უკვე კარგა ხანია დაშლილია, ირაკლი და კოტე შეეცადნენ გაეცოცხლებინათ დროის ის მონაკვეთი, რომელიც ერთად და ცალკ-ცალკე განვლეს.

13 წლის შემდეგ „ახალი ვერსიის“ სახელით ვესაუბრე კლუბის დამაარსებლებს – ირაკლი ჩარკვიანსა და კოტე ყუბანეიშვილს.

ირაკლი ჩარკვიანი: „რეაქტიულ პოეზიას“ თავიდანვე ესკულატურული მისია ჰქონდა. ნებისმიერ კრიზისულ პერიოდში ერი უნდა განიკურნოს, რათა გადარჩეს. სწორედ ერის ავადმყოფობაზე ჩვენი – თანამედროვე ხელოვანთა რეაქცია იყო „რეაქტიული პოეზია“. კლუბს თერაპიული მიზნები ჰქონდა. ჩვენ, ფაქტობრივად, „ერის აიბოლიტები“ ვიყავით. კონკრეტულად იმ სტერეოტიპებს ვებრძოდით, რომელმაც ქართველი ერი დეგრადაციამდე მიიყვანა. სტერეოტიპები კი ქართველებს მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში არ გვაკლდა, თუნდაც კომუნიზმი. ჩვენ ვებრძოდით იმ კულტურულ პრესს, რომელიც მე-20 საუკუნეში შესამჩნევად ზემოქმედებდა ქართულ კულტურაზე“.

კოტე ყუბანეიშვილი: „კლუბი ჩამოყალიბდა ირაკლის სახლში. მასთან ინგლისურს ვსწავლობდი. სწავლების პროცესი თანდათან პოეზიაზე საუბრებში გადაიზარდა. დღე და ღამე ერთად ვიყავით. ჩვენს ირგვლივ წრე შეიკრიბა. ირაკლი გიტარაზეც უკრავდა. როდესაც ჩვენით დაინტერესდნენ გერმანელები, ფრანგები, ამერიკელები, სწორედ მაშინ დავიშალეთ. ჩვენ გვინდოდა შევბრძოლებოდით პროვინციალიზმს, რაც ირგვლივაა გამეფებული. როგორც ხედავ, – ვერ მოვახერხეთ. პროვინციალობა გენიალური და ბუნებრივია, როდესაც ის პროვინციაში ხდება, მაგრამ როცა ცენტრში გადმოდის და ყველაფერს ავიწროვებს, მაშინ უკვე სიმახინჯეა. კარგია, როდესაც გლეხი ყანაშია, მაგრამ გლეხი პარლამენტში – ტეხავს. მუშა ქარხანაში უნდა იყოს და არა მწერალთა კავშირის თანამდებობაზე“.

Monday, May 12, 2003

ბოტკინი

დღეს მთელი საქართველო ბოტკინითაა დაავადებული. ბოტკინი (იგივე ღვიძლის ჰეპატიტი), კარგად მოგეხსენებათ, რა საშიში ავადმყოფობაცაა. მისი ფიზიკური, თვალში საცემი სიმპტომი ადამიანის სიყვითლეა. თანდათანობით ისე ვყვითლდებით, რომ ჩვენი კანის ფერის მალე ყვითელკანიან ჩინელებს და ინდიელებსაც კი შეშურდებათ. ისე, ამ ბოლო ხანებში ამ თითქოსდა ერთფეროვნებაში ქართველები მართლაც ძალიან „გავმრავალფეროვნდით“. ჯერ 70 წლის განმავლობაში სულ წითლები ვიყავით. ქვეყნის თავისუფლების მოპოვების შემდეგ კი ნაირ-ნაირი ფერები ავირჩიეთ. ზოგი მწვანე გახდა, ზოგი შინდისფერი, ზოგი ისევ წითელი დარჩა, ზოგმაც შავობა („კაი ტიპობა“) არჩია, ზოგიერთებმა კიდევ ცისფერი და ვარდისფერი ალმები აღმართეს თვითდამკვიდრებისათვის. ამდენი ფერების შემხედვარე ჩვენი მედია (ტელევიზია და ჟურნალ-გაზეთები) ჯერ აჭრელდა, მერე ადგა და გაყვითლდა. იმისათვის, რომ მედია ყოველდღიურია (ზოგჯერ 24-საათიანიც), ადამიანები ჯერ კარგად შეეჩვივნენ, მერე კი უკვე შეეგუენ ამ ფერს. ადრე კომუნისტურ სკოლაში, ალბათ გახსოვთ, როგორ გვაწერინებდნენ რაღაც უაზრო თემებს, რომლებსაც რატომღაც „თავისუფალი“ ერქვა. ზოგჯერ უნდა დაგეწერა, ვთქვათ, ასეთი რამ – „მე, რომ ქარხნის (ან ფაბრიკის) მუშა ვიყო“. საინტერესოა, დღეს თუ წერენ ბავშვები სკოლებში ამგვარ „თავისუფალ თემებს“. თუ ჯერ კიდევ ასეა, შემიძლია მათ შევთავაზო მაგარი თემა – „მე რომ შოუ-ბიზნესის მამა ვიყო“...

მართლაც, მე რომ შოუ-ბიზნესის მამა ვიყო ავდგებოდი და შემოვიღებდი შოუბიზნესის ჰერალდიკას. შევარჩევდი მაგარ ჰიმნს, რომელსაც ოპერის მომღერლებს ვამღერებდი. რატომ ოპერის მომღერლებს? თუკი უეფას ჩემპიონთა თასის ჰიმნს საოპერო გუნდი ასრულებს, ქართულმა შოუბიზნესმა რაღა დააშავა? თანაც ეს მერე მოდაშიც შემოვა და მშიერი ოპერის მომღერლები ერთი-ორ თეთრს იშოვნიან. ახლა გერბის ჯერიც დადგა. ბევრი ვიფიქრე და საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ გერბად 74-წუთიანი მინი-დისკი გამოდგება, რომელზედაც ოქროსფერი ასოებით იქნება ამოტვიფრული „SDK–ქართული შოუბიზნესი“. თავდაპირველად მსურდა, კომპაქტ-დისკი გამომეყენებინა, რადგან ის მრგვალია და მზის დისკოსთანაც ასოცირდება (თან მზეც ხომ ვარსკვკავია?), მაგრამ, მაშინ მომღერლებთან ვიქნებოდი პირშავად, რადგან კონცერტებზე ისინი პლიუსავოი ფონოგრამებს კომპაქტ-დისკებით კი არა, მინი-დისკებით ატრიალებენ.

მივედით მთავარზე. როგორ ფიქრობთ, რა ფერის უნდა იყოს ქართული შოუბიზნესის დროშა? ყავისფერი? არა, მაგრამ ეს ფერი რას გაგონებთ? მაშინ ცისფერი? როგორც რუსები იყვიან ეს უკვე „ხამობაა“, რადგან უხერხულია იმის გაფიქრება, რაზეც საქართველოში ხმამაღლა მხოლოდ ბოლო დღეებში დაიწყეს საუბარი. არა, ესენი არ გამოდგება. მე რომ შოუ-ბიზნესის მამა ვიყო, ქართული შოუ-ბიზნესის დროშისთვის მხოლოდ ყვითელ ფერს გავიმეტებდი. წარმოიდგინეთ, რა კარგი იქნება ყვითელი მასიური დროშა ტარით, რომლის ცენტრში, რგოლში ჩავსვამდი თავგადაპარსული მამაკაცის სურათს (კარგად არ მახსოვს, თავად ექიმი ბოტკინი თავგადაპარსული იყო თუ არა), როგორც ქართული შოუ-ბიზნესის სიმბოლოს. ამ დროშას გამოვფენდი ყველგან, საკრებულოს და მთავრობის სახურავებზეც კი. მერე მდიოს კუდში შარაძემ და მიძახოს – დროშას ჩამოგიხსნი, კათოლიკურიაო. ამ დროშის გარეშე არც ერთ ქართველ „ვარსკვლავს“ რაიმე ფონოგრამული კონცერტის ჩატარების უფლებას არ მივცემდი. ხოლო ფონოგრამულ ფესტივალებში გამარჯვებულებს დავაჯილდოვებდი მოყვითალო (მესამე ადგილისთვის), ყვითელი (მეორე ადგილი) და ლიმონისფერი (პირველი ადგილი) ბოტკინის გარდამავალი პრიზებით. დაჯილდოვების ცერემონიალს დავარქმევდი „ჰეპა 2003“ (ა. შ. წლების მიხედვით), რომელიც ჰეპატიტის კნინობითი, თან შემოკლებული ვარიანტია.

რატომ მაინცა და მაინც ყვითელი? იმიტომ, რომ ჩვენი ესტრადის აბსოლუტური უმრავლესობა მადლიერია ყვითელი მედიის. ამ უკანასკნელის გარეშე ხომ კაპიკია (აქ ვერაფრით გამოვიყენე კაპიკის ქართული შესატყვისი „თეთრი“) მათი ფასი? აბა, ვინ ამბობს მათზე, რომ ისინი შესანიშნავი მომღერლები არიან. მაჩვენეთ ერთი ნორმალური მუსიკის მცოდნე, ან პროფესიონალი მსმენელი, რომელიც „მაესტროს“ ქართულ ჰიტ-აღლუმში პირველ ადგილზე გასულ მომღერალზე იტყვის, რომ ის მაგარია. შეიძლება თქვას, რომ მისი „სიცოცხლეა“, მაგრამ უკვე ნათელია, რა კატეგორიის მსმენელთან გვაქვს საქმე.

თავის მხრივ, ყვითელი მედია მათ გარეშე ვერ იარსებებს. ნათქვამია, ხელი ხელს ბანს და ორივენი – პირსო, სწორედ ამიტომ უნდა იყოს ქართული შოუ-ბიზნესის დროშა აბსოლუტურად ყვითელი. მართალია, ყვითლები ყველაფერს აყვითლებენ, პოლიტიკას, მუსიკასაც და მკითხველებსაც, მაგრამ ხალხი თავად იფერადებს თავს.

Monday, May 5, 2003

ქუთაისი ქალაქია...

ქუთაისი რომ საქართველოს უძველესი სულიერებისა და კულტურის ცენტრია, ამაზე დღეს არა მგონია, ვინმე შემომედავოს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ 3500 წლის ქალაქს რატომღაც რაიონად, რეგიონად ან პროვინციად მოიხსენებენ, მისი სტუმარი აუცილებლად იგრძნობს ამ არქაული ქალაქის ფარულ, მშვიდ, თბილ სუნთქვას.

ისევე, როგორც დედაქალაქში, გაჭირვების გამო, ქუთაისშიც ძველი ქალაქელების რიცხვი შემცირდა. მათმა დიდმა ნაწილმა ქალაქი იძულებით მიატოვა და საშოვარზე შედარებით განვითარებულ ქვეყნებს მიაშურა. თუმცა ქუთაისლობა არც ისე რთულია. მხოლოდ რამდენიმე წელი იცხოვრეთ ქუთაისში და თავს სრულუფლებიან ქუთაისელად იგრძნობთ. თუკი იუმორის გრძნობა (და, საერთოდ, გრძნობა) გაგაჩნიათ, რიონის სანაპიროზე, უქიმერიონზე, გელათსა და მოწამეთაზე გონება გაგეხსნებათ და არც ხელოვნების მუზებიც მიგატოვებენ. ეს მუზები შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე აღარ მოგასვენებთ და სადაც არ უნდა იცხოვროთ, მთელს სამყაროს მხოლოდ ქუთაისელის თვალებით შეხედავთ.

ქუთაისელები კი მხოლოდ ყველაფერს ქართულს აღმერთებენ – იქნება ეს ძველი თუ ახალი. ვერ იტანენ ხელოვნურობას, ამიტომ ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოთ, როდესაც რაიმე ახლის წარმოდგენა გსურთ. ბევრს ჰგონია, რომ ამ ქალაქში მხოლოდ ქურდები და „ძველები“ ცხოვრობენ. აბა, გაიხედ-გამოიხედეთ, საქართველოს რომელ ქალაქში არ არიან ეს უკანასკნელები.

საქართველოს საფეხბურთო გუნდის გამარჯვებისას, მართალია, ხალხი ქუჩაში არ გამოსულა, მაგრამ მატჩის მსვლელობისას, უკვე პირველი გოლის შემდეგ ბევრ ოჯახში ღვინით ქართველ ფეხბურთელებს, შუშაკისა და თანაქალაქელის, მალხაზ ასათიანის თამადობით ლოცავდნენ. საგულისხმოა, რომ მატჩის დიდი ნაწილი ქალაქმა სრულ სიბნელეში გაატარა, თვით სატელევიზიო ანძაც კი გაითიშა. მეორე დღეს ბევრი ქუთაისელი უკმაყოფილო იყო თუნდაც იმით, რომ კოკა ყანდიაშვილმა საქართველოს ფეხბურთელების გამარჯვება ზურნა-დუდუკით მიულოცა, რაც ქუთათურთათვის და საერთოდ იმერელთათვის ნაკლებად ქართული მოვლენაა.

სამწუხაროა, რომ ამ ქალაქის ხელოვნება საკუთარ წვენში იხარშება, უფრო სწორად – ხარშავენ. მხატვრებს იმდენი თანხა არა აქვთ, რომ საკუთარი ნამუშევრები თბილისის გალერეებში გამოფინონ. იგივე ითქმის მუსიკოსებზეც, რომლებსაც საშუალება არა აქვთ საკუთარი ხელოვნება ქართველ მსმენელს მოასმენინონ. მწერლებზე საერთოდ აღარა მაქვს საუბარი... ამოდენა ქალაქში ერთი ნორმალური წიგნის მაღაზია არ არის. ისე, საინტერესოა, რატომ უნდა სჭირდებოდეს ასეთი კულტურის მქონე ქალაქის ხელოვანებს თვითდამკვიდრებისათვის თბილისში ჩასვლა. ასე ხომ, თვით ჩვენსავით დაქცეულ რუსეთშიც არ ხდება, სადაც ხელოვანები მოსკოვის გარეშედაც შესანიშნავად გრძნობენ თავს პეტერბურგსა თუ ეკატერინბურგში...

ქართული პროვინციალიზმი თავად დედაქალაქიდან მოდის.

ქუთაისში ორი ადგილობრივი ტელეკომპანიაა. სამწუხაროდ, მათი ტექნიკური დონე ვერანაირ კრიტიკას უძლებს, რაც, რა თქმა უნდა, უსახსრობის ბრალია. დედაქალაქს კი ქუთაისის არაფერი აინტერესებს იმ მოტივით, რომ იქ არაფერი საინტერესო არ ხდება. როგორც ამბობენ შეძახილმა ხე გაახმოო. ქალაქი მართლაც ჩაკვდა. ორმაისობისა და სასექტემბრო მოჩვენებითი საჩვენებელი ზეიმები არაფერზე მეტყველებენ. ამიტომ ქუთაისი თბილისში მცხოვრებელთათვის მხოლოდ საყოფაცხოვრებო ვიდეოკამერებზე გადაღებულ და მერე „რუსთავი 2“-სა თუ „პირველ არხის“ საინფორმაციო პროგრამებში ციხეებსა და სასამართლოებზე გაკეთებული სიუჟეტების უფერულ კადრებთან ასოცირდება.

გასულ წელს ქალაქში სიუჟეტის გადაღებისას ტრაგიკულად დაიღუპა „მე-9“ არხის კორესპონდენტი, ახალგაზრდა გოგონა ნინო გაბიძაშვილი. ავტოკატასტროფის შედეგად „მე-9“ არხის ოპერატორთან ერთად დაშავდა „პირველი არხის“ გამოცდილი ტელეოპერატორი რეზო ბუხსიანიძეც, რომელსაც აფხაზეთის ომი ფეხით აქვს მოვლილი. ის დღემდე ვერ გამოჯანმრთელდა. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, როდესაც „პირველი არხიდან“ ქუთაისში დაურეკავთ, პირველად უკითხავთ – ვიდეოკამერა თუ გადარჩაო. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. ამავე დროს, „მოამბის“ ქუთაისელი კორესპონდენტების სახელფასო დავალიანება დღემდე გაუსტუმრებელია. არც ერთ თათბირზე „პირველი არხის“ ხელმძღვანელობას დღემდე არ უკითხავს რეზო ბუხსიანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ქუთაისში დარჩენილი ახალგაზრდა ხელოვანები ცდილობენ ადამიანური სახე შეინარჩუნონ, რაღაცას თავისით ხლაფორთობენ. ქუთაისს გაფრთხილება სჭირდება ისევე, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებს – თელავს, გორს, ხაშურს, ბათუმს და ა. შ. მარტო თბილისი არ არის საქართველო.