Thursday, May 15, 2003

„თანამედროვე მუსიკა მხოლოდ ამერიკაში და ინგლისში არ იქმნება“

ცნობილი ტელეწამყვანი და მთავარი „კომუნარი“ სერგი გვარჯალაძე ისევ დაბრუნდა ეთერში ორი გადაცემით, ოღონდ ამჯერად – რადიო ეთერში. „მიუზიკ-ჰოლი“ და „მიუზორამა“ – ასე ჰქვია სერგის მიერ მომზადებულ მუსიკალურ გადაცემებს, რომელიც „რადიო 101“-ის (FM 101,4) ეთერში ორშაბათსა და სამშაბათს იწყება 23 საათზე და ერთი საათი გრძელდება.

სერგი გადაცემებზე მხოლოდ მიხოსთან (იგივე მიქსოსთან ერთად) მუშაობს. „ახალი ვერსია“ სიამოვნებით ესაუბრა მთელ ქართულ რადიოებში არსებული ორად-ორი მუსიკალური გადაცემის ავტორს, სერგი გვარჯალაძეს.

სერგი გვარჯალაძე: – გადაცემა, რომელიც ორშაბათობით გადის, „მიუზიკ-ჰოლი“ ჰქვია, სამშაბათს კი – „მიუზორამა“ მიმყავს. „მიუზიკ-ჰოლი“ ეთმობა ელექტრონულ, საცეკვაო მუსიკას. ჩვენ გვინდა, განწყობა შევქმნათ. ამ გადაცემას საგანმანათლებლო ელემენტებიც აქვს. ჩვენ ვცდილობთ, გადაცემის ნახევარსაათიანი მონაკვეთი დავუთმოთ ერთ დიჯეის. შესაძლოა ეს იყოს ვინმე უცხოელი დიჯეი, შეიძლება თავად მიხომ (მიქსომ) გამიქსოს. გადაცემის ბოლო ნაწილი მთლიანად უახლეს მუსიკას ეთმობა. ჩვენ ვატრიალებთ იმას, რაც მხოლოდ ერთი კვირის წინ გამოდის. მუსიკა მრავალჟანრობრივია. ელექტრონული მუსიკა არ არის მხოლოდ ცალმხრივად განვითარებული სტილი. თქვენ შეგიძლიათ მოუსმინოთ იუ-ქეი გარაჟს, დრამ-ენ-ბეისს, ჯანგლს, ჰაუსს, მინიმალისტურ ტექნო-მუსიკას, ელექტრონულ ჯაზსა და სხვას. ეს უფრო შემეცნებითი გადაცემაა, რომელიც, ამავე დროს, განწყობასაც ქმნის. ჩვენ ვცდილობთ ხალხს ამ მუსიკის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა შემდეგ „აჭარა მიუზიკ-ჰოლში“ ამას ყველაფერს ცოცხლად მოუსმინონ.

„მიუზორამა“ თავისი სახელიდანაც გამომდინარე, მუსიკალური პანორამაა. აქ ყველაფერს მოუსმენთ, ელექტრონული მუსიკის გარდა. ეს შესაძლოა იყოს პროგრესული პოპი, დამოუკიდებელი გიტარული მუსიკა, გრანჟი, ჰარდ-როკი, ბრიტ-პოპი, რეგეი და ა.შ. გვაქვს რამდენიმე რუბრიკა. აქაც ვატრიალებთ ახალ სიმღერებს. გვაქვს აბსოლუტურად უცნობი, მაგრამ საინტერესო ჯგუფები. ჩვენ პრინციპულად არ ვამახვილებთ ყურადღებას ინგლისურ-ამერიკულ მუსიკაზე. აქ შეგიძლიათ მოუსმინოთ გერმანულ, ავსტრიულ, სკანდინავიურ, იაპონურ თანამედროვე ჯგუფებსა და შემსრულებლებს.

გვსურს ყველას ვაჩვენოთ, რომ თანამედროვე მუსიკა ძალიან ბევრ ქვეყანაში საკმაოდ კარგად კეთდება და მისი გეოგრაფია მხოლოდ ამერიკითა და ბრიტანეთით არ შემოიფარგლება. გვაქვს კიდევ ერთი რუბრიკა, რომელშიც ვატრიალებთ ცნობილი სიმღერების სხვადასხვა ვერსიებს.

– „მიუზიკ-ჰოლის“ წაყვანისას ხშირად ისეთ უცხო სიტყვებს იყენებ, როგორებიცაა „ტრეკი“, „ვეში“, „პლეილისტი“ და სხვა. ეს მსმენელს ხომ არ დააბრკოლებს?

–ჩემი მინუსი ყოველთვის არასწორი ქართული ენა იყო. მე შემიძლია ტექსტი წინასწარ გავამზადო. ეს ტერმინოლოგია იმდენად ბუნებრივია, რომ უარს ვამბობ წინასწარ ტექსტობრივ მომზადებაზე. ამავე დროს, კონკრეტულად ვიცი, ვისთვის ვაკეთებ ამ გადაცემებს. აბა, რა შევუსაბამო სიტყვა „ტრეკს“? „ჩანაწერს“ სხვა დატვირთვა აქვს, „ბილიკი“ კი გაუგებარი იქნება მსმენელისთვის. მით უმეტეს, ტრეკს ელექტრონულ მუსიკაში განსაკუთრებით თავისებური მნიშვნელობა აქვს. ბევრს ეცადნენ ინტერნეტ-ტერმინოლოგიაც გაექართულებინათ, მაგრამ საუბრისას ამ სიტყვებს არავინ ხმარობს.

– ეთერში გასული მუსიკა ექსკლუზიურია?

– ყველა არა, მაგრამ გვაქვს ასეთებიც. აი, მაგალითად ვატრიალებთ „დიჯეი პრინცის“ პრომო მასალას. ამ შემთხვევაში ჩვენ ნებას ვითხოვთ ავტორისაგან. როცა ჩვენს მიერ გაშვებული მუსიკის მოსმენის შემდეგ მსმენელს კიდევ რაღაც დამატებითი ინფორმაციის გაგება ან ყიდვა დასჭირდება, უნდა შევიდეს ჩვენს საიტზე: www.komuna.ge და აქ ყველაფერს შეიტყობს. მხოლოდ ერთხელ ჩავიდინეთ არალეგალური საქციელი, როდესაც ეთერში „რადიოჰედის“ ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი სიმღერა გავუშვით. მანამდე ეს სიმღერა, თავის მხრივ, ჯერ ერთ-ერთმა ავსტრალიულმა რადიომ გაუშვა. მერე ამ რადიომ ჯგუფს წერილი მისწერა, რომ ჩვენ თქვენი სიმღერა უკითხავად დავატრიალეთ და ბოდიშს გიხდითო. ჩვენც იგივე გავაკეთეთ და საბოდიშო წერილი მივწერეთ ჯგუფს, მაგრამ დავამატეთ, რომ რომ არ შეიძლებოდა არ გაგვეშვა.

No comments:

Post a Comment