Wednesday, May 28, 2003

„რუსული თანამედროვე მუსიკა ქართულთან შედარებით საშინელებაა“

ნოდარ ნიკოლაიშვილი ქართული და რუსული ესტრადის შესახებ

თბილისელი კომპოზიტორის, ნოდარ ნიკოლაიშვილის სიმღერებს ასრულებენ ქართველი და რუსი ესტრადის მომღერლები. კომპოზიტორი 3 წელია საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა შვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო (ვაჟიშვილი ლაშა აფხაზეთში იბრძოდა). წერს სიმღერებს ქართველი და რუსი მომღერლებისთვის. „ახალი ვერსია“ ქართველ კომპოზიტორს მისი საავტორო კონცერტის წინ შეხვდა, რომელიც 15 მაისს დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა.

ნოდარ ნიკოლეიშვილი: განათლებით არა ვარ კომპოზიტორი. მუსიკას მხოლოდ 10 წელია ვწერ. ვსწავლობდი პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში და დიდ ორკესტრში ვუკრავდი. ამის გამო ჩავაბარე კონსერვატორიაში. ამ ორკესტრის გამო რეზო ლაღიძემ თავის კათედრაზე გადამიყვანა. მანამდე დამთავრებული მქონდა მე-2 მუსიკალური სასწავლებელი. დავამთავრე სადირიჟორო, ინსტიტუტის შემდეგ – პროფესიით მუსიკადმცოდნე და პიანისტი გავხდი.

პირველი სიმღერა 1993 წელს დავწერე და ის „ოთხმა გიამ“ შეასრულა. ამის შემდეგ ჩემი სიმღერები იმღერეს: ნუკრი კაპანაძემ, თემურ წიკლაურმა, მერაბ სეფაშვილმა, ტრიო „თბილისმა“, ზურა კობეშავიძემ და სხვებმა. მოსკოვში ცნობილი მსახიობი ნიკოლაი კარაჩენცევი გავიცანი და ჩამოვაყალიბეთ „თეატრის, კინოსა და ესტრადის თანამეგობრობის ფონდი“. ნიკოლაი და მე ამ ფონდის პრეზიდენტები ვართ. კარაჩენცევი 4-5 ჩემს სიმღერას მღერის. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და ძალიან გვიყვარს ერთმანეთი.

ჩვენი მაყურებელი კარაჩენცევს, როგორც კინომსახიობს, იცნობს. სინამდვილეში კი თეატრის ძალიან მაგარი მსახიობია. მისი ზოგიერთი სპექტაკლი აგერ უკვე 19 წელია, სცენიდან არ ჩამოდის. ამას წინათ რუსეთის პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო გადასცა „სამშობლოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის“.

მოსკოვში გამოვუშვი კასეტა, რომელშიც შესულია ჩემი საუკეთესო ქართული სიმღერები. ამის შემდეგ შემომთავაზეს, დამეწერა ერთგვარი ჰიმნი, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ჩვენს კულტურებს ერთმანეთთან დააახლოვებდა. უარი არავის უთქვამს. დისკის ჩაწერაში მონაწილეობა მიიღეს დოლინამ, რასტორგუევმა, ჯგუფმა „ეტ-ა-ტეტ“, ნანი ბრეგვაძემ, სოსო პავლიაშვილმა, ანსამბლმა „იმერეთმა“, დიანა ღურწკაიამ, ლიკა დოლიძემ, ქეთა თოფურიამ, გელა ბერაძემ. ძალიან დამეხმარნენ მოსკოველი ქართველები. მოსკოვის მთავრობამ ეს კომპაქტ-დისკი ძალიან დიდი ტირაჟით გამოუშვა და საშობაო სადღესასწაულო შეხვედრებზე დაარიგა. დისკი რუსეთის თითქმის ყველა ვარსკვლავს გადასცეს. მისი პრეზენტაცია რამდენჯერმე გაკეთდა.

დისკს მოუსმინა რუსმა ემიგრანტმა, რეჟისორმა გნიუშჩევმა, რომელიც მონარქიულ სახელმწიფოებში კარნავალებს აწყობს. მან მიმიწვია თავისთან და კონცერტის ორგანიზება შემომთავაზა. რუს ბიზნესმენებთან ერთად შემომთავაზა სოჭისა და საფრანგეთის ფესტივალებზე მონაწილეობის მიღება. ისევ ქართველებმა გამიფუჭეს საქმე, რადგან ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ისინი არ გამოუშვა. დღემდე ვერ გამიგია, როგორ შეიძლება მუსიკოსი იყიდოს ვინმემ, ფეხბურთელი ხომ არ არის? ანდა, როგორ შეიძლება მუსიკოსი თავისი სურვილით გაიყიდოს? მესმის, რომ სახელმწიფოში მძიმე სოციალური მდგომარეობაა... მეც მიჭირს, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანმა თავი გაყიდოს?

– თქვენი აზრით, თანამედროვე ქართული მუსიკა დღეს რა დონეზეა?

– ახლა არ მინდა ახალგაზრდებსა და ამ ნათარგმნ სიმღერებს შევეხო. თუმცა ახალგაზრდობისას ჯაზით ვიყავი გატაცებული და ქართული მუსიკის გაგონებაც არ მინდოდა. ასეთი დავრჩი 32 წლამდე. კომუნისტურ საქართველოში ახალგაზრდობა თბილისში უფრო ახერხებდა აკრძალული ჯაზის მოსმენას, ვიდრე მოსკოვში. ამან საქართველოს თავისი დაღი დაასვა, რადგან ძალიან ბევრი შესანიშნავი ჯაზ-შემსრულებელი გვყავდა და დღესაც გვყავს, – თუნდაც გულიკო ჭანტურია. ასეთი კარგი ჯაზ-მომღერალი მთელი ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებში ერთი-ორი თუ მეგულება. ჩემი აზრით, უცხოური მუსიკით გატაცება ჩვენს ახალგაზრდობას გადაუვლის და ისინი მაინც ფესვებს დაუბრუნდებიან.

საქართველოში ახლა ბევრი რამ იმღერება. ჩემთვის მხოლოდ გარკვეული ნაწილია მისაღები. რუსეთის თანამედროვე მუსიკა ქართულთან შედარებით საშინელებაა. აქ არ ვგულისხმობ იმ ნამდვილ რუს შემსრულებლებს, რომლებიც ვარსკვლავები ხელოვნურად არ გამხდარან.

სამწუხაროდ, საქართველოში არ ვიცნობ ბევრ მომღერალს, ამიტომ ზუსტ შეფასებას ვერ გავაკეთებ. არ მომწონს აქაური ჟურნალისტების უმრავლესობაც. პრეს-კონფერენციაზე შემაწუხეს კითხვით, ჩაწერა თუ არა პრესნიაკოვთან დუეტი ჯამბურიამ. ვუპასუხე, რომ პრესნიაკოვი კარგა ხანია თვალით არ მინახავს და ეს ჯამბურიას ბავშვი სართოდ მღერის თუ არა, არ ვიცი-მეთქი. მაინც არ მომეშვნენ. ვერ გავიგე, ნუთუ მოსკოვში ჩემი საქმიანობა არ აინტერესებთ? ეს დუეტები იყიდება თუ არა მოსკოვში, არ ვიცი... რაღაც უაზრო ინტრიგნული კითხვები დამაყარეს. დავრწმუნდი, რომ აქ ბევრი აბსოლუტურად მოუმზადებელი ჟურნალისტია. მერე არც მომღერალთა გვარები იციან და დამახინჯებით უშვებენ ეთერში თუ ჟურნალ-გაზეთში. ასეთი დამახინჯებული ინფორმაციის გაშვებას, ჯობს საერთოდ არაფერი გამოქვეყნდეს. არასოდეს მიბრძოლია პოპულარობისთვის. არც რადიოებსა და ტელევიზიებში მივსულვარ, ჩემი სიმღერა დაატრიალეთ-მეთქი.

– მოსკოვში თუ წერთ ქართულ სიმღერებს?

– იქ მხოლოდ რუსულ სიმღერებზე ვმუშაობდი, რადგან საკუთარი თავის გადარჩენაზე ვფიქრობდი. ჩემდა საბედნიეროდ, გამიმართლა და რაღაც გამომივიდა. თუმცა ქართული სიმღერისთვის არასოდეს მიღალატნია. ამ წლების განმავლობაში თბილისში რამდენიმე კონცერტი ჩავატარე.

– თქვენი ორგანიზაცია, რომელიც კარაჩენცევთან ერთად გააკეთეთ, თუ უკეთებს ორგანიზებას ქართველი მუსიკოსების რუსეთში კონცერტებს?

– რა თქმა უნდა. ჩვენ ბევრი რამ ვერ მოვასწარით, რადგან დიდი დრო დასჭირდა ჩემს მოსკოველებთან გაცნობას. მოსკოვის მერიის გამოშვებული კომპაქტ-დისკი ძალიან დამეხმარა, რომ მოსკოვის წრეებში ცნობილი გავმხდარიყავი. ამ კონცერტის შემდეგ ალბათ სპონსორების დახმარებით მოხერხდება ქართველი მომღერლების მოსკოვში ჩაყვანა.

– ხშირად ქართველი მუსიკოსები მოსკოვიდან ჩამოსვლის შემდეგ ამბობენ, რომ მათ მთელი მოსკოვი გადარიეს. ეს მართლაც ასეა?

– არ დაიჯეროთ... ჩემზედაც ტყუილები დაწერეს გაზეთებში, თითქოს მოსკოვის ქუჩებში მცნობენ. ეს ტყუილია. მკითხველს შთაბეჭდილება რჩება, თითქოს თავად ვავრცელებდე ამ ინფორმაციას. არ დაიჯეროთ. ნანი ბრეგვაძეს, ბუბა კიკაბიძესა და სოსო პავლიაშვილს კი ყველა იცნობს. მათ ეს პოპულარობა დაიმსახურეს. მოსკოვში ქალბატონი ნანის ვარსკვლავის გახსნაც აბსოლუტურად კანონზომიერია.

– თქვენი სიმღერების ტექსტებზე ვინ მუშაობს?

– გამორჩეული ტექსტის ავტორი არა მყავს. ბევრი ქართული სიმღერა ზურა გოშაძის ტექსტებზეა შექმნილი. ვწერ მაია მენთეშაშვილის, ია აბულაძის ტექსტებზე. ეს სიმღერები ჰიტებად იქცა. მოსკოვში იურა რიაშენცევთან ვთანამშრომლობ ხოლმე. ის ცნობილი პოეტია. მისი ტექსტი 3000 დოლარი ღირს, მაგრამ ჩვენ, უბრალოდ, გვაჩუქა.

– თქვენ ასრულებთ დუეტს პატარა ქრისტინა სებისკვერაძესთან ერთად. რატომ ამოარჩიეთ ეს ბავშვი?

– ეს ფანტასტიკური ბავშვი, შესანიშნავი პიროვნება და მომღერალია. როდესაც მასთან ერთად ჩაწერილ სიმღერას ჩემთან სახლში უსმენენ, ჩემი ოჯახის წევრები გიჟდებიან. მან თავიდან ჩემი სიმღერა „ვერ აგისრულე“ შეასრულა. ისე მომეწონა, რომ სიმღერა დავუწერე. ამ დღეებში თბილისში ქრისტინა სებისკვერაძის ერთდროულად ორი დისკი გამოვა, რომელსაც სტუდია „კალამუსი“ ამზადებს.

– თბილისში აგერ უკვე მესამე წელიწადია, არ ყოფილხართ. თქვენი აზრით, რა შეიცვალა ამ დროის განმავლობაში?

– ქალაქში რომ ჩამოვედი, გაოცებული დავრჩი. ჩემს უბანში, ვერაზე დანგრეული ეზოების ნაცვლად იმოდენა კორპუსები დამხვდა წამოჭიმული, შემეშინდა. მიხარია, რომ მშენებლობები მიმდინარეობს, მაგრამ ბევრი სახლი პირდაპირ ქუჩებშია გადმომდგარი. შთაბეჭდილება იქმნება, რომ თბილისი პატარავდება.

– ქართველ მსმენელს რას უსურვებთ?

– თავის დროზე ქართველებმა რეი ჩარლზი გადარიეს. თბილისში გამართული კონცერტების შემდეგ მან თქვა, – პლანეტას წრე რამდენჯერმე დავარტყი, მაგრამ ისეთი მსმენელი, როგორიც საქართველოში იყო, არსად მინახავსო. ჩვენი მსმენელი მართლაც საუკეთესოა. ის ყველაფერს გრძნობს. ეს გემოვნება ღმერთმა ნუ მოგვიშალოს.

No comments:

Post a Comment