Tuesday, May 27, 2003

რუსუდან ფეტვიაშვილი: „მოდიოდა ნინო მთებით“ ზეპირად ვიცი, ძალიან გამიხარდა, რომ ამ ლექსზე მუშაობის შესაძლებლობა მომეცა“

„ახალი ვერსიის“ დღევანდელ ნომერში მოთავსებულია რუსუდან ფეტვიაშვილის ექსკლუზიური ილუსტრაცია სპეციალურად ნინოობის დღესასწაულისათვის, რომელიც შეიქმნა ანა კალანდაძის ლექსის „მოდიოდა ნინო მთებით“ მიხედვით. ჩვენ რუსუდანს წინასადღესასწაულო დღეებში გავესაუბრეთ.

– რუსუდან, თქვენ სხვა მხატვრებთან და ხატმწერებთან ერთად ასურათებდით მსოფლიოში ყველაზე დიდ ოთხთავს (სახარებას), რომელიც სპეციალურად წმ. სამების მშენებარე ტაძრისთვის იქმნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით. დასრულდა მასზე მუშაობა?

– წმინდა ოთხთავზე მუშაობა დასრულდა. სამუშაო დაასრულეს გადამწერებმაც (ეს სახარება მთლიანად ხელით შესრულდა). ახლა მისი აკინძვა მიმდინარეობს და, როგორც ვიცი, წმინდა წიგნს მალე წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ. ოთხთავის მინიატურების ხატვის პროცესში სხვა შემოქმედებითი სამუშაო არ შემისრულებია.

– თქვენ გაქვთ საკუთარი სამხატვრო გალერეა აღმაშენებლის 103-ში. როდის გაიხსნა ის?

– ეს გალერეა უკვე 3 წელია, რაც არსებობს. სხვათა შორის, მის გახსნაში ძალიან დამეხმარა ზურაბ ჟვანია. აქ არის მარტო ჩემი ნახატების მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება. მანამდე აქ იყო თოჯინების თეატრის ერთ-ერთი ფოიე, რომლის ერთი კედელი 18 წლის ასაკში მოვხატე. ის 8 000 დოლარი, რომელიც სამუშაოს დამთავრების შემდეგ უნდა მიმეღო, თავად თოჯინების თეატრს გადავეცი რემონტისათვის. ამიტომ, თეატრის ადმინისტრაციამ გალერეის მოწყობა შემომთავაზა. ბავშვებს შესვენებისას ან სპექტაკლის დასრულების შემდეგ შესაძლებლობა ექნებოდათ, დაეთვალიერებინათ გამოფენა. ამჟამად გალერეა დროებით დაკეტილია.

– როგორ მიდის თქვენი შემოქმედებითი საქმიანობა? რა გეგმები გაქვთ?

– რა თქმა უნდა, ვმუშაობ. როდესაც გალერეა დაკეტილია, დიდ ნახატებს ტილოებზე იქ ვხატავ, პატარებზე (აკვარელზე და გრაფიკაზე) კი სახლში ვმუშაობ. ჩემი ნახატებით ძირითადად, უცხოელები არიან დაინტერესებულები. ფაქტობრივად, ეს მაცხოვრებს, ჩემი ხელით მაჭმევს პურს. ორი ჩემი დიდი გამოფენა წაღებულია ამერიკაში, ერთი – კალიფორნიაში, მეორე – ვაშინგტონში. ჩემი ნახატები ძალიან ბევრ კერძო კოლექციაშია, ძირითადად, ამერიკასა და ევროპაში. ახლა მოლაპარაკეები მიდის იაპონელებთან. ზაფხულში ქალბატონი ლიანა ისაკაძე ბორჯომში საერთაშორისო ფესტივალს აწყობს. იქ ჩემი გამოფენაც მიიღებს მონაწილეობას.

– წიგნების დასურათებაზე თუ მუშაობთ?

– ამჟამად აღმოსავლური ზღაპრების წიგნის ილუსტრაციებზე ვიწყებ მუშაობას.

– როდესაც რომელიმე ლიტერატურულ ნაწარმოებს აფორმებთ, რეალური სახეების გაცოცხლებას ცდილობთ, თუ მისი პერსონაჟების სულიერ მხარეს უფრო გადმოსცემთ?

– გააჩნია, რა ჟანრის ლიტერატურასთან მაქვს საქმე. როდესაც პარიზში გამოიცა ჩემს მიერ დასურათებული „ვეფხისტყაოსანი“, ვეცადე, თითოეულ ილუსტრაციაში ამ პოემის მთელი თავის შინაარსი ჩამედო. ამიტომ ძალიან დატვირთული ნახატები გამომივიდა. საერთოდ, სწორედ ამ მხრივ ვუდგები წიგნის დასურათებას. ვცდილობ, ნაწარმოების თითო თავის შინაარსი თითო ილუსტრაციაში გადმოვცე.

– ანა კალანდაძის ლექსზე როგორ იმუშავეთ?

– თქვენთვის მოსაცემ ილუსტრაციაზე უდიდესი სიამოვნებით ვიმუშავე. ეს ლექსი ისედაც ზეპირად ვიცი. საერთოდ, ძალიან მიყვარს ეს პოეტი, მთლიანად მისი შემოქმედება. სხვათა შორის, ძალიან გამიხარდა, რომ ამ ლექსზე მუშაობის შესაძლებლობა მომეცა. ნახატი შევასრულე ლექსის შინაარსის მიხედვით, თან გავითვალისწინე, რომ კანონიკურ ჩარჩოებშიც უნდა მომექცია.

– სამუშაოს შესრულებისას რა მუსიკა გაქვთ ხოლმე ჩართული?

– ძირითადად კლასიკა. ყველაზე ძალიან ბეთჰოვენი მიყვარს. უდიდეს თაყვანს ვცემ ოპერას. ძალიან მომწონს ჩაიკოვსკი და მოცარტიც. მინდა, აგრეთვე, ხაზგასმით გითხრათ, რომ ქართული ხალხური სიმღერების გარეშე, უბრალოდ, ვერ ვძლებ. ყველაზე მეტ სტიმულსა და სასიცოცხლო ენერგიას უფრო მეტად ქართლ-კახური სიმღერები მაძლევს. დასავლეთ საქართველოს ფოლკლორიც ძალიან მიყვარს, მაგრამ კახური „მრავალჟამიერი“ და სუფრული სიმღერები განსაკუთრებით მომწონს.

– რუსუდან, რა სურვილები გაქვთ ნინოობასთან დაკავშირებით?

– მინდა ყველას სიმშვიდე , სიხარული, ბარაქა, დიდი რწმენა და, რაც მთავარია, სიყვარული ვუსურვო. ჩემი აზრით, მთელ საქართველოს ყველაზე მეტად დიდი სიყვარული სჭირდება. ქართველი სიყვარულით უნდა იყოს სავსე და მაშინ ყველაფერი გამოუვა. სიმშვიდის მისაღწევადაც სიყვარულია საჭირო. თუ სიმშვიდეს მივაღწევთ, მერე სიხარულის გრძნობაც გვექნება.

No comments:

Post a Comment