Monday, May 5, 2003

ქუთაისი ქალაქია...

ქუთაისი რომ საქართველოს უძველესი სულიერებისა და კულტურის ცენტრია, ამაზე დღეს არა მგონია, ვინმე შემომედავოს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ 3500 წლის ქალაქს რატომღაც რაიონად, რეგიონად ან პროვინციად მოიხსენებენ, მისი სტუმარი აუცილებლად იგრძნობს ამ არქაული ქალაქის ფარულ, მშვიდ, თბილ სუნთქვას.

ისევე, როგორც დედაქალაქში, გაჭირვების გამო, ქუთაისშიც ძველი ქალაქელების რიცხვი შემცირდა. მათმა დიდმა ნაწილმა ქალაქი იძულებით მიატოვა და საშოვარზე შედარებით განვითარებულ ქვეყნებს მიაშურა. თუმცა ქუთაისლობა არც ისე რთულია. მხოლოდ რამდენიმე წელი იცხოვრეთ ქუთაისში და თავს სრულუფლებიან ქუთაისელად იგრძნობთ. თუკი იუმორის გრძნობა (და, საერთოდ, გრძნობა) გაგაჩნიათ, რიონის სანაპიროზე, უქიმერიონზე, გელათსა და მოწამეთაზე გონება გაგეხსნებათ და არც ხელოვნების მუზებიც მიგატოვებენ. ეს მუზები შემდეგ მთელი ცხოვრების მანძილზე აღარ მოგასვენებთ და სადაც არ უნდა იცხოვროთ, მთელს სამყაროს მხოლოდ ქუთაისელის თვალებით შეხედავთ.

ქუთაისელები კი მხოლოდ ყველაფერს ქართულს აღმერთებენ – იქნება ეს ძველი თუ ახალი. ვერ იტანენ ხელოვნურობას, ამიტომ ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოთ, როდესაც რაიმე ახლის წარმოდგენა გსურთ. ბევრს ჰგონია, რომ ამ ქალაქში მხოლოდ ქურდები და „ძველები“ ცხოვრობენ. აბა, გაიხედ-გამოიხედეთ, საქართველოს რომელ ქალაქში არ არიან ეს უკანასკნელები.

საქართველოს საფეხბურთო გუნდის გამარჯვებისას, მართალია, ხალხი ქუჩაში არ გამოსულა, მაგრამ მატჩის მსვლელობისას, უკვე პირველი გოლის შემდეგ ბევრ ოჯახში ღვინით ქართველ ფეხბურთელებს, შუშაკისა და თანაქალაქელის, მალხაზ ასათიანის თამადობით ლოცავდნენ. საგულისხმოა, რომ მატჩის დიდი ნაწილი ქალაქმა სრულ სიბნელეში გაატარა, თვით სატელევიზიო ანძაც კი გაითიშა. მეორე დღეს ბევრი ქუთაისელი უკმაყოფილო იყო თუნდაც იმით, რომ კოკა ყანდიაშვილმა საქართველოს ფეხბურთელების გამარჯვება ზურნა-დუდუკით მიულოცა, რაც ქუთათურთათვის და საერთოდ იმერელთათვის ნაკლებად ქართული მოვლენაა.

სამწუხაროა, რომ ამ ქალაქის ხელოვნება საკუთარ წვენში იხარშება, უფრო სწორად – ხარშავენ. მხატვრებს იმდენი თანხა არა აქვთ, რომ საკუთარი ნამუშევრები თბილისის გალერეებში გამოფინონ. იგივე ითქმის მუსიკოსებზეც, რომლებსაც საშუალება არა აქვთ საკუთარი ხელოვნება ქართველ მსმენელს მოასმენინონ. მწერლებზე საერთოდ აღარა მაქვს საუბარი... ამოდენა ქალაქში ერთი ნორმალური წიგნის მაღაზია არ არის. ისე, საინტერესოა, რატომ უნდა სჭირდებოდეს ასეთი კულტურის მქონე ქალაქის ხელოვანებს თვითდამკვიდრებისათვის თბილისში ჩასვლა. ასე ხომ, თვით ჩვენსავით დაქცეულ რუსეთშიც არ ხდება, სადაც ხელოვანები მოსკოვის გარეშედაც შესანიშნავად გრძნობენ თავს პეტერბურგსა თუ ეკატერინბურგში...

ქართული პროვინციალიზმი თავად დედაქალაქიდან მოდის.

ქუთაისში ორი ადგილობრივი ტელეკომპანიაა. სამწუხაროდ, მათი ტექნიკური დონე ვერანაირ კრიტიკას უძლებს, რაც, რა თქმა უნდა, უსახსრობის ბრალია. დედაქალაქს კი ქუთაისის არაფერი აინტერესებს იმ მოტივით, რომ იქ არაფერი საინტერესო არ ხდება. როგორც ამბობენ შეძახილმა ხე გაახმოო. ქალაქი მართლაც ჩაკვდა. ორმაისობისა და სასექტემბრო მოჩვენებითი საჩვენებელი ზეიმები არაფერზე მეტყველებენ. ამიტომ ქუთაისი თბილისში მცხოვრებელთათვის მხოლოდ საყოფაცხოვრებო ვიდეოკამერებზე გადაღებულ და მერე „რუსთავი 2“-სა თუ „პირველ არხის“ საინფორმაციო პროგრამებში ციხეებსა და სასამართლოებზე გაკეთებული სიუჟეტების უფერულ კადრებთან ასოცირდება.

გასულ წელს ქალაქში სიუჟეტის გადაღებისას ტრაგიკულად დაიღუპა „მე-9“ არხის კორესპონდენტი, ახალგაზრდა გოგონა ნინო გაბიძაშვილი. ავტოკატასტროფის შედეგად „მე-9“ არხის ოპერატორთან ერთად დაშავდა „პირველი არხის“ გამოცდილი ტელეოპერატორი რეზო ბუხსიანიძეც, რომელსაც აფხაზეთის ომი ფეხით აქვს მოვლილი. ის დღემდე ვერ გამოჯანმრთელდა. ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ, როდესაც „პირველი არხიდან“ ქუთაისში დაურეკავთ, პირველად უკითხავთ – ვიდეოკამერა თუ გადარჩაო. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. ამავე დროს, „მოამბის“ ქუთაისელი კორესპონდენტების სახელფასო დავალიანება დღემდე გაუსტუმრებელია. არც ერთ თათბირზე „პირველი არხის“ ხელმძღვანელობას დღემდე არ უკითხავს რეზო ბუხსიანიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ქუთაისში დარჩენილი ახალგაზრდა ხელოვანები ცდილობენ ადამიანური სახე შეინარჩუნონ, რაღაცას თავისით ხლაფორთობენ. ქუთაისს გაფრთხილება სჭირდება ისევე, როგორც საქართველოს სხვა ქალაქებს – თელავს, გორს, ხაშურს, ბათუმს და ა. შ. მარტო თბილისი არ არის საქართველო.

No comments:

Post a Comment