ჯგუფი „კომა“ 1999 წლიდან არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს ჯერ არ ჩაუწერია არც სიმღერა და არც ალბომი და კონცერტებზეც იშვიათად გამოდის, ქართველი მსმენელი უკვე გაეცნო მის სადებიუტო შემოქმედებას ტელეგადაცემა „ჯეოპოპის“ საშუალებით. ჯგუფის ფრონტმენი შოთიკო ჩოგოვაძე „კომას“ შექმნამდე გავიცანი, როდესაც ის ჯგუფ „არქეოპტერ X“-ში რიტმ-გიტარაზე უკრავდა. „კომას“ საკონცერტო დებიუტი სახვითი ხელოვნების გალერეის დარბაზში შედგა. ამ ჯგუფის შემადგენლობაა: შოთიკო ბანძელაძე – დასარტყამები, ვიოლინო, სანდრო მგელაძე – ბასი და შოთიკო ჩოგოვაძე – ვოკალი, გიტარა. ჯგუფის ეკრანებზე გამოჩენის შემდეგ როკ-მუსიკის მოყვარულებში სხვადასხვა აზრი გაჩნდა „კომას“ ირგვლივ. ერთნი მას „ნირვანას“ ადარებდნენ, მეორენი – „რადიოჰედს“, მესამენი – სხვას და ა.შ. სხვათა შორის, ნებისმიერი, დღეს ლეგენდარული ჯგუფი შემოქმედების დასაწყისში ყოველთვის წააგავდა ვიღაცას. ეს დასაწყისისთვის არაა ტრაგედია, მითუმეტეს ამ ჯგუფში მრავლადაა სახელდობრ, „კომური“ ელემენტები, რაც ძლიერ მისასალმებელია. შოთიკო ჩოგოვაძესთან საუბარი რადიო „ლეგენდას“ ოფისში შედგა.
* * *
| შოთიკო ჩოგოვაძე & სანდრო მგელაძე |
– შოთიკო, რა გახდა იმის მიზეზი, რომ წინა ჯგუფიდან წამოხვედი და გააკეთე ახალი, უკვე შენი ჯგუფი? ეს ახლის კეთების სურვილი იყო, თუ მოხდა რამე?
– წინა ჯგუფში სხვა სტილის მუსიკა იკვრებოდა, მე კი სხვა მიზიდავდა. ეს იყო მთავარი მიზეზი. მე მომწონს პანკ-როკი. არ ვიცი, ახლა ჩვენ რას ვუკრავთ, მაგრამ ეს მუსიკა ჩვენიდან მოდის. ჩვენ, რაც შინაგანად გვაქვს, იმას ვამბობთ და როგორ ვამბობთ, ეს უკვე მე აღარ ვიცი.
– პანკ-როკი შენთვის იარაღია, თუ გინდა, ამ სტილში იმუშავო?
– მე სურვილი არა მაქვს, რომ კონკრეტულად პანკ-როკში ვიმუშაო. უბრალოდ, ძალიან მომწონს ეს მიმდინარეობა. ხოლო ჩემი მუშაობის სტილი განსაზღვრული არა მაქვს. ეს ხასიათზეა დამოკიდებული. გააჩნია, რა ხასიათზე ვარ მუშაობის მომენტში. განწყობას კი საზოგადოება მიქმნის, კერძოდ ის ნაწილი, რომელიც ნერვებს მიშლის. ნერვები მეშლება, რომ ჩვენთან ძალიან მდარე ცხოვრებაა, ბევრი მოჭრილი კუნძივით მიჰყვება ცხოვრების დინებას. არავინ ცდილობს, რაიმე შეცვალოს თავის ცხოვრებაში. ყველაფერი დაყვანილია ფულამდე და კუჭამდე. ასეთი ცხოვრება მართლა არ მიზიდავს. ზოგჯერ თეთრ, ქათქათა საბანს მირჩევნია ხის ძირში თუ ასფალტზე წოლა. ხანდახან ადამიანი შიმშილმაც უნდა გააძღოს. ხომ ასეა?
– მესმის შენი. ვფიქრობ, ასეთი სურვილები წარმავალია, მაგრამ საბოლოოდ, თუკი გინდა ჯგუფი სერიოზულად გააკეთო, შედეგებსაც უნდა ელოდო
– არ შეიძლება, ადამიანი იმართებოდეს მხოლოდ ტრადიციებითა და კანონით. ადამიანს საკუთარი მორალი უნდა მართავდეს. ჩვენს ტექსტებზე ამბობენ, შიგ ბევრი ტირილიაო, სევდიანიაო. მე არ ვტირი, მაგრამ დღეს ასეთი ცხოვრებაა...
– ამბობენ, რომ ქართული, დეპრესიული როკ-მუსიკა ისედაც პრობლემებით დატვირთულ ხალხს უფრო ღლის. შენ რას იტყვი?
– ვფიქრობ, ასეთი ფრაზის წარმოთქმა ისეთ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთაც ჰგონიათ, რომ აწყობილი აქვთ საქმე... მათ არ აინტერესებთ სხვისი გაჭირვება. ისინი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ და მხიარულობენ. იმის ნაცვლად, რომ ვინმეს ნუგეში სცენ, ურჩევნიათ, კარგ რესტორანში სვან და ჭამონ. აქ სულიერებაზე აღარაა ლაპარაკი.
– სულიერება ჩემთვის ორასპექტიანია: რელიგიური და ადამიანური. მე ვცდილობ, შევასრულო მცნებები. ყველაზე მეტად არ მინდა მოვიტყუო და ვინმე მძულდეს. მცნებებს თუ დავიცავ, ბედნიერი ვიქნები. რაც შეეხება ადამიანურს, ანუ შინაგან სულიერებას... მთავარია, სული თბილი იყოს და ადამიანმა საკუთარ გულში მოძებნოს იმხელა სითბო, რომ სხვებიც გაათბოს.
– შენში თუ არსებობს, ცნება „ქართული როკისა“?
– არსებობს ქართულენოვანი როკი. ქართული როკი წარმოუდგენელია. არსებობს უდიდესი ქართული ფოლკლორი. არ არსებობს არც ქართული, არც რუსული როკი. როკი ზანგური წარმოშობისაა, რომელმაც სრულ განვითარებას ინგლისში მიაღწია.
– კი მაგრამ, ხომ არსებობს ქართული ოპერა? ალბათ გახსოვს, როგორ გააგერმანულა მოცარტმა ტრადიციული იტალიური ოპერა.
– გასაგებია, მაგრამ კლასიკოსები, ალბათ ფიქრობდნენ, რომ მუსიკას ვინც დაწერს, იმას ეკუთვნის. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ხე ფესვებიდან იზრდება.
– ჩვენი რადიოს სტუდიაში დღეს ვუსმენდით ახალ რუსულ როკს და აღვნიშნეთ, რომ, სამწუხაროდ, ქართული ჯგუფები დღეს პროგრესს არ განიცდიან. რატომ?
– ადამიანი სცენაზე გამოდის არა იმიტომ, რომ ვიღაცამ დაინახოს, არამედ იმისთვის, რომ სათქმელი თქვას. მაყურებელი კონცერტზე იმიტომ დადის, რომ ვიღაცები ნახოს, ცოტას აინტერესებს მუსიკის მოსმენა. არა მგონია, ასეთ პირობებში შეძლოს ქართულენოვანმა როკმა განვითარება. რუსული ჯგუფების მოსმენისას ჩვენ ყურადღება მივაქციეთ იდეურობასა და მუსიკას, რომელიც კარგ დონეზეა და ეს იქაური მაყურებლის დამსახურებაცაა.
| შოთიკო ჩოგოვაძე & სანდრო მგელაძე |
– თუკი ლექსის თქმა გინდა, შეგიძლია წიგნად დაბეჭდო, არაა აუცილებელი, სცენიდან იკითხო. რუსეთში მუსიკა იმიტომ პროგრესირებს, რომ მუსიკოსი სტიმულს გულშემატკივრიდან იღებენ, რომელიც მის სათქმელს იგებს. ამიტომ ცდილობს, მისთვის უფრო საინტერესო ნაწარმოებები შექმნას და გამოსდის კიდეც. ჩვენთან კი, თუნდაც ქუთაისში, თითქმის ყველა ჯგუფი ერთსა და იმავე სიმღერებს ასრულებს. ახალი არაფერი იქმნება. მაგრამ ეს მარტო მუსიკოსის ბრალი არაა, ეს მსმენელის ბრალია. თუ ვერ გაიგო, რაღა აზრი აქვს ახალი რამე დაწერო?
– ამას წინათ ტელეეკრანზე თანამედროვე მუსიკის შესახებ ერთ-ერთმა ცნობილმა მწერალმა გააკრიტიკა ქართული ჯგუფები და ტელევიზიასაც გადაწვდა, – მათ ბღავილს და ღნავილს ეთერში რატომ გადასცემთო. მისი აზრით, თანამედროვე ქართული მუსიკა მოწყვეტილია ფესვებს.
– თუკი ამ პიროვნებამ დააფიქსირა, რომ ქართული დეპრესიული ჯგუფები ყვირიან, წივიან, ღნავიან, ე.ი. ისინი გაბრაზებულები არიან, ან ტკივათ – ადამიანი ამ შემთხვევაში ყვირის. ჩვენ რასაც ვგრძნობთ, იმას ვლაპარაკობთ, გამოვხატავთ ჩვენ ტკივილს. ჩვენ გამოვცემთ ენერგიას, მისი მოსმენისას ამ სტილის მოყვარული მსმენელი განიტვირთება ხოლმე. ვისაც საერთოდ არ მოუსმენია როკი, იმათთვის ასეთი მუსიკა განტვირთვა კი არა, დიდი დაძაბულობაა. ქართული სულიდან არც ერთი მიმდინარეობა არ უნდა მოწყდეს, რაც კი აქ იკვრება. ქართველს არ შეუძლია, მისი ხასიათიდან გამომდინარე, საკუთარი ამბიცია არ ჩააქსოვოს მუსიკაში. ეს ასე ხდება ხელოვნების ნებისმიერი მიმდინარეობაში. ქართული სული ყოველთვის ამბიციური იყო და ასეთი იქნება, მაგრამ ზოგიერთ ძველ ტრადიციას ვერ მივყავართ კარგ გზამდე. მაგალითად, ქართველმა მაინცა და მაინც ქართველი უნდა მოიყვანოსო ცოლად! მოდი და ამის შემდეგ ნუ იყვირებ. იდეალური ერი არ არსებობს. ჩვენ ბევრი დადებითი ტრადიციაც გვაქვს, როგორიცაა, მაგალითად, სტუმარ-მასპინძლობა, მაგრამ არ გიფიქრია, რომ ამ ტრადიციამ ჩვენ ნაწილობრივ დაგვღუპა კიდეც? დედა საკუთარ შვილს არ აჭმევდა საჭმელს და სტუმართან გაჰქონდა. ასეთ თვისებებს კარგად აღწერს ჩვენი დიდი მწერალი, დავით კლდიაშვილი. კაცმა თუ საკუთარ თავს, ოჯახს პატივი არ სცა, სხვას კარგს ვერ გაუკეთებს. ამიტომ მწერალმა, გინდაც კონსტანტინე გამსახურდია იყოს, თუკი არ იცის რა ხდება, იმის შესახებ არ უნდა ილაპარაკოს. ყველა პროფესიის ხალხმა საკუთარი გასაკეთებელი აკეთოს და მოდით, ნუ ჩავერევით ერთმანეთის საქმეებში.
– პოეტებიდან, უპირველეს ყოვლისა, გალაკტიონი და ნიკოლოზ ბარათაშვილი. პროზაიკოსებიდან ნიკო ლორთქიფანიძე, კონსტანტინე გამსახურდია და ძაან მაგრად მიყვარს ვაჟა-ფშაველა, – მას შეუძლია, წაკითხული სურათად წარმოგიდგინოს.
– შენი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში რომელმა ჯგუფებმა მიიღეს მონაწილეობა?
– ბევრი მომწონს. ჩემი უსაყვარლესი ჯგუფია „დორზი“, აგრეთვე, მართალია, არანაირ კავშირში არ არის „დორზ“-თან, მაგრამ მომწონს „სეპულტურა“. ვაფასებ „სექს პისტოლზსა“ და „ნირვანას“. ამათ, ალბათ, ყველამ გავლენა იქონია ჩემი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე, მაგრამ ყველაზე მეტად იმოქმედა იმ გარემომ, სადაც მე ვცხოვრობ. 14 წლის შემდეგ მე ვიზრდებოდი თქვენს წრეში. გამოდის, რომ თქვენს ხელში გამოვიზარდე (იცინის).
– რომელ ვეტერან ქართულ „ჯგუფებს“ სცემ შენ პატივს?
– ძალიან ბევრი საინტერესო ჯგუფია საქართველოში, ჩვენთან და თბილისშიც, მაგრამ რომ გავაერთიანოთ სცენაც, მუსიკაც, ტექსტობრივი მხარეც და ცხოვრებაც, ყველაზე მეტად „აუტსაიდერს“ ვაფასებ.
– გადავიდეთ გამოთქმაზე „ლუდი, ალკოჰოლი, როკ-ნ-როლი“. საზოგადოების ფართო ფენებში მუსირებს (შესანიშნავი სიტყვაა, მეცინება ხოლმე ამ სიტყვაზე) აზრი, რომ როკ-მუსიკოსები უწესოდ ცხოვრობენ, ბევრს სვამენ, ბილწსიტყვაობენ და ა.შ. შენი აზრი როგორია ამ შეხედულებებთან დაკავშირებით? რით შეგიძლია თავი „გაიმართლო“?
– თავს არ გავიმართლებ. ჩვენ როდესაც ვსვამთ, უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავს. როცა ნასვამი ვარ, აღარ ვაქცევ ისე მტკივნეულად ყველაფერს ყურადღებას, რადგან შევხედავ ფოთოლს, ავხედავ ცას და აღარ მაინტერესებს, ხალხი რას აკეთებს.
– მე აღვნიშნავ ორ ურთიერთსაპირისპირო გრძნობას, სიყვარულსა და სიძულვილს. ეს გრძნობები, ჩემი აზრით, დიდად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, უბრალოდ სხვადასხვა მიმართულებები გააჩნიათ. ვთქვათ „პლუს უსასრულობა“ და „მინუს უსასრულობა“. შესაძლოა ორივე ერთნაირი სიძლიერით ჰქონდეს ადამიანს. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ხალხი მძულს, მაგრამ ყველას ვერ შევიყვარებ. ან პირიქით: მე იმას კი არ ვამბობ, რომ ხალხი მიყვარს, მაგრამ ყველას ვერ შევიძულებ. არ შეიძლება საჭმლით, ან იარაღით სიყვარული აუხსნა ვინმეს.
გარყვნილება საშინელი რამაა, ეს აკნინებს სიყვარულს, ადამიანურ გრძნობებს, თითქმის სპობს და ადამიანი ცხოველურ დონემდე დაჰყავს, – ფროიდიზმამდე (იცინის). სიყვარული გრძნობის გარეშე, ჩემი აზრით, საშინელებაა. არ შეიძლება მოეფერო ადამიანს, რომელიც არ გიყვარს. გარყვნილება აბათილებდა იმ კარგს, რაც ჰიპურ მოძრაობაში იყო, მაგრამ ისინი არააგრესიულები იყვნენ, მათ ყვავილები ეჭირათ ხელში. აი, პანკებს, ერთი შეხედვით, რა სისუფთავე უნდა ჰქონოდათ, მაგრამ თუ ადამიანი მათ შინაგან სამყაროს ჩაწვდება, იქ სისუფთავესაც დაინახავს. საზოგადოებისთვის არ ყოფილა სასიამოვნო პანკებთან ურთიერთობა, მაგრამ ის არასოდეს ცდილობდა დაენახა მათი მეორე მხარე.
– რას უსურვებ ამ გაზეთის ჩემ გვერდს, როგორი გინდა იყოს ის? როგორი გინდა იყოს ხვალინდელი დღე?
– უპირველეს ყოვლისა, ალბათ, გაზეთის გვერდიც და ხვალინდელი დღეც უნდა იყოს მშვიდი და სუფთა.
* * *
წელს, 28 ნოემბერს, „კომას“ შექმნიდან 1 წელი უსრულდება. ტრადიციულად დაბადებიდან ერთ წლისთავს ჩვენთან არ აღნიშნავენ, ამიტომ, შოთიკოსა და „კომას“ დანარჩენ ბიჭებს პირობას ვაძლევ, რომ ამ თარიღს არ მივულოცავ. მაგრამ სურვილები ბევრი მაქვს ჯგუფის მიმართ. „კომას“ ვუსურვებ, გამოეფხიზლებინოს კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ზოგიერთი ჩვენი თანამემამულე. წარმატებებით სულ წინ ევლოთ, თუმცა ზოგჯერ შეიძლება ნაბიჯის გვერდზე გადადგმაც, მაგრამ არა უკან.
ფოტოების ავტორი: ზურიკო ზენაიშვილი
გაზეთი P.S. #98, 2000 წლის 4 – 11 სექტემბერი
No comments:
Post a Comment