Showing posts with label ზღვარი. Show all posts
Showing posts with label ზღვარი. Show all posts

Saturday, March 24, 2001

„ზღვარი“ – როგორი მჩატე სიტუაციაცაა ქვეყანაში, ისეთივე მჩატე მუსიკა იკვრება

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფი „ზღვარი“ 1999 წელს შეიქმნა. მასში უკვე გამოცდილი მუსიკოსები შედიან, რომელთაც თავიანთი პირველი კოლექტივი – „მირაჟი“ 1994 წელს შექმნეს. 1997 წელს კი როკის მოყვარულები გაეცნენ მათ ჯგუფს „სფინქსი“ (არ აგერიოთ დღევანდელ „სფინქსში“). „ზღვარის“ შემადგენლობაა: კახა ბაციკაძე (ფრონტმენი, ვოკალი, რიტმ-გიტარა, სიმღერებისა და ტექსტების ავტორი), გიორგი მაჩიტაშვილი (დასარტყამები), ლუკა ამირანაშვილი (სოლო გიტარა), გიორგი ზუხბაია და სერგი ლომაძე (ორივე მუსიკისა და ტექსტის ავტორები). ჩემთან საუბარში ჯგუფის წევრთაგან მონაწილეობა მიიღეს სერგი ლომაძემ და გიორგი ზუხბაიამ.

* * *

სერგი ლომაძე: სიმღერების უმრავლესობას ქართულ ენაზე ვასრულებთ. ზოგიერთი მათგანი ნათარგმნი გვაქვს ინგლისურადაც, რადგან ვფიქრობდით და ვფიქრობთ საზღვარგარეთ წასვლაზე. გვინდა წვლილი შევიტანოთ ქართული როკის განვითარებაში, რომელიც ერთ დროს არსებობდა და ახლაც არსებობს, მაგრამ სხვა სტილები უფრო ჩანს. სინამდვილეში როკი ახლაც პოპულარულია, მაგრამ ცდილობენ, რეალური სურათი დამალონ. დღეს ბევრი ცდილობს როკ-ჯგუფის შექმნას. მაგრამ როგორი მჩატე სიტუაციაა ქვეყანაში, ისეთივე მჩატე მუსიკა იკვრება.


გამოცემული გვაქვს ალბომი და გადაღებული გვაქვს ორი კლიპი. ახლა მესამეს ვიღებთ. ჩვენი ყველაზე ძლიერი სიმღერაა „შრამი“, რომელსაც ფილოსოფიური ტექსტი აქვს. ერთ-ერთ კონცერტზე მაყურებელს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით, „ზღვარი“ ქართული „ბითლზებიაო“. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯგუფზე მეტად „ქუინი“ და „ლედ ზეპელინი“ მიყვარს, მაინც გვესიამოვნა და ეს დიდ მიღწევად ჩავთვალეთ.

– რატომ ჰქვია ჯგუფს „ზღვარი“? რისი ზღვარია ეს?

სერგი: გიორგი ზუხბაიას მოთხრობა „ზღვარის“ გამო, რომელიც, ჩემი აზრით, გენიალური ნაწარმოებია და ჯგუფისთვის ამ სახელის დარქმევა ჩემი იდეა იყო. მარტივად რომ ვთქვათ, ეს ის ზღვარია, რომელიც მუსიკის სიძლიერეს დაუდეს. ჩვენ გვინდა როკში ფილოსოფიური და პოეტური სიტუაცია შევქმნათ და დავიწყეთ ახალი მიმდინარეობის შექმნა. ეს ცოტა თავხედური განცხადებაა, მაგრამ ეს ჩვენი ექსპერიმენტია. აქ რაც უნდა გააკეთო, საქართველოდან მაინც არაფერი გავა, სწორედ ამიტომ გვინდა ევროპაში წასვლა, სადაც ყოველთვის ნამდვილი ხელოვნება იმარჯვებს. მაგალითად, რიკი მარტინის კონცერტზე მილიონი კაციც რომ მივიდეს, მას „პინკ ფლოიდს“ მაინც ვერ შეადარებენ. ამაზე მუსიკოსები სიცილით მოკვდებიან. საქართველო უბრალო ქვეყანა ნაღდად არაა, მაგრამ ასეთი მუსიკალური სიტუაცია ჯერჯერობით აქ არ არის.

– რატომ გადაწყვიტეთ მძიმე მუსიკის დაკვრა?

სერგი: ადრე უფრო ჩვეულებრივ როკს ვუკრავდით. მძიმეს დაკვრა ამ ბოლო დროს დავიწყეთ. „შრამი“ ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მძიმე ნაწარმოებია, რაც საქართველოში დაუკრავთ, რადგან ჩვენს ქვეყანაში სიმძიმეს ნაკლებად იყენებენ. თუნდაც „აუტსაიდერის“ მსგავსი ჯგუფი არ არის ბევრი. ადრე იყო კიდევ ნიჭიერი ჯგუფი „მძიმე ჯვარი“. ჩვენს მიმდინარეობას „რაიმ-როკს“, ანუ პოეტურ როკს ვეძახით. ამ მიმართულებაში ყველა სტილი შეიძლება გამოიყენო, სადაც ტექსტიც და მუსიკაც პოეტური უნდა იყოს.