Showing posts with label ბიბიკვაჭაძე. Show all posts
Showing posts with label ბიბიკვაჭაძე. Show all posts

Wednesday, May 16, 2001

ბიბი კვაჭაძე – მეგობრობას ერთი აკორდის გულისთვის არ გავწირავ

გასული წლის საახალწლო ტელეშოუში ალბათ ყველას კარგად დაამახსოვრდა ორი სახემოთხუპნული საკვამურების მწმენდავი პერსონაჟის, – ბიბის და სერგის მუსიკალური დუეტი სიმღერით „მე და შენ“. დღეს ჩემი სტუმარია სწორედ მუსიკოსი ბიბი კვაჭაძე. ის რადიოფანებსაც კარგად ახსოვთ, როგორც დიჯეი ბიბი რადიო „აუდიენციიდან“. დღეს იგი სტუდია „მაესტროში“ მუშაობს, თარჯიმანია და სერგი გვარჯალაძესთან ერთად დუეტში საინტერესო მუსიკალურ პროექტს აკეთებს.

* * *

ბიბი კვაჭაძე:
დავიბადე თბილისში 1962 წლის 16 ივლისს. ვარ ინგლისური და რუსული ენების მასწავლებელი, მაგრამ მაინც მუსიკოსად მივიჩნევ თავს. თუმცა არ ვმალავ, რომ ნოტები არ მახსოვს. სტუდია „მაესტროში“ სატელევიზიო ქუდების მუსიკის 80% ჩემი დაწერილია.

– ბიბი, როდიდან დაიწყო თქვენი მუსიკით გატაცება. რომელ ჯგუფებში უკრავდით?

– 10 წლის ასაკში კერძო პედაგოგთან გიტარაზე დაკვრას ვსწავლობდი. 11 წლისამ პირველი სიმღერა დავწერე. ჩემი ძირითადი ინსტრუმენტი გიტარაა, სწორედ ამიტომ ბიბი კინგის საპატივცემულოდ შემარქვეს ბიბი. სერგი გვარჯალაძე, რომელიც ჩემთან ერთად სწავლობდა ინსტიტუტში, სულ ბიბის მეძახდა. ბავშვობისას ბევრ ვაჟთა გუნდში ვმღეროდი ან მეორე ხმას, ან ბანს. მე ხალხურ ტრადიციებზე გავიზარდე.

1980-იან წლების დასაწყისში პოპულარული იყო როკი. ცოტა ხნით ვუკრავდი ვალერი კოჩაროვთან „ბლიცში“, მერე ზაზა სახამბერიძესთან და ბიჭიკო ოსიპოვთან ერთად. ჩვენს პლეადაში შედიოდნენ: დადა დადიანი, ქიშო გლუნჩაძე, ძმები ჭილაშვილები და სხვები. ჩვენ როკ-ენ-როლს ვუკრავდით.

– ახლა რას აკეთებთ?

– ჩემს შვილებს – ნინის და სანდროს ვუწერ სიმღერებს. ბევრი მუსიკალური დაკვეთა გამიკეთებია. „კოკა-კოლას“ ერთ-ერთი პირველი რგოლი ჩემს მეუღლესთან და ქ-ნ მანანა თოდაძესთან ერთად გავაკეთე. წინასაარჩევნო კამპანიის მუსიკა დავუწერე „მოქალაქეთა კავშირს“ არა იმიტომ, რომ მხარს ვუჭერდი, უბრალოდ, პროფესიული დაკვეთა იყო. სინამდვილეში, მე არავისტი ვარ. მუსიკალურ ქუდებს კი ვკერავ და ვკერავ (იცინის). მე და სერგიმ კუს ნაბიჯებით ჩავწერეთ სიმღერა „გაგივლის“. უღრმესი მადლობა „სანო რეკორდს“, კერძოდ მერაბ სანოძეს, ავთო ჩიხრაძეს, ნუგზარ ფანცულაიას, რომელიც კარგ მასტერინგს აკეთებს. სიმღერის ჩაწერაში დაგვეხმარა ბ-ნი რეზო „ფაზისიდან“, კახა და დათო ჯგუფ „უნივერსიტეტიდან“, ფლეიტისტი დათო ორჯონიკიძე.

– როდის შეიქმნა თქვენი და სერგის დუეტი?


– 1993 წელს ჩვენ ერთად ვუკრავდით ჯგუფში G.D.E., Georgian Dance Empire – „ქართული ცეკვის იმპერია“. ჩვენთან ერთად ჯგუფში იყვნენ დადა დადიანი და გოგი ჭილაშვილი. მერე დადა და სერგი საზღვარგარეთ წავიდნენ. სერგი ზოგჯერ თბილისში ჩამოდიოდა, ვწერდით სიმღერას და მიდიოდა. ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. მომავალში ან დავიშლებით, ან ერთად ვიქნებით, მაგრამ ჩვენს მეგობრობას ვერაფერი დაშლის. ჩემმა მეგობარმა კახა კიკაბიძემ ერთხელ თქვა, რომ ერთი აკორდის გულისთვის მეგობარს ვერ გავწირავო. მაქსიმალურად ვცდილობთ ერთმანეთს დავუთმოთ, რადგან ჩვენი მუსიკალური გემოვნება რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ძალიან მომწონს ჯაზი, ბლუზი, განსაკუთრებით ჯაზ-როკი და ფანკი. ადრე „ბითლზების“ პირველი მანიაკი ვიყავი. პულივიზატორით დავდიოდი და კედლებზე „ბითლზებს“ ვაწერდი. ღამით ჩემს ძველ რადიოში ყოველთვის „ამერიკის ხმას“ ვუსმენდი. სწორედ მაშინ გავიგე, რა იყო ფანკი, ჯაზ-როკი. სოულზე კი ბოდიში, მაგრამ გული მერევა. ეს საქართველოსთვის გახდა რაღაც კომფორტი.


– ბიბი, როგორ მოხვდით რადიო „აუდიენციაში“ და მერე რატომ წამოხვედით?

– „აუდიენციამდე“ ვიმუშავე რადიო „96“-ში, მწვანეთა პარტიის რადიო იყო. ჩემმა და სერგის საერთო მეგობარმა, ტელევიზიის თანამშრომელმა, დათო ამაშუკელმა მიმიყვანა იქ. სწორედ დათოს დამსახურებაა დიჯეი ბიბის არსებობა. ამ რადიომ 7-8 თვე იარსება და მერე რატომღაც დაიხურა. როდესაც „აუდიენცია“ გაიხსნა, იქ მამუკა ბერიკამ და გელა იმნაძემ მიმიწვიეს. მერიდებოდა თავის შეთავაზება, მაგრამ სერგიმ დამარწმუნა, რომ უნდა მივსულიყავი და მივედი. მამუკამ მითხრა, ახლა ვაპირებდით შენთან დარეკვასო. სამი წელი ვიმუშავე იქ. მოვაწყვე „კარაოკე შოუ“, სადაც მსმენელი ტელეფონის საშუალებით ცოცხალ ეთერში მღეროდა, ვიწვევდი სტუმრებს. თავიდან დიჯეი ვიყავი, ამით გავითქვი სახელი. მერე სხვადასხვა პროგრამებს ვაკეთებდი. მართლაც ყველაზე მაგარი სადგური იყო, მაგრამ ვიღაცის ცუდმა ენებმა რადიო ფაქტობრივად დაშალა, – ოქრო ხალხი გაათავისუფლეს. ახლა გული მწყდება, რომ „აუდიენციას“ აღარ ჰყავს იმდენი მსმენელი, არადა ფანტასტიკური კოლექტივი იყო. დამიბარეს და მითხრეს, რომ ეს პროგრამა აღარ გვინდაო. ჩემთვის ეს თავში ჩარტყმა იყო. ისევ დიჯეობა შემომთავაზეს, რაზეც უარი ვთქვი, რადგან პრინციპული ადამიანი ვარ. მერე კიდევ ბევრჯერ მთხოვეს დაბრუნდიო, მაგრამ აღარ დავბრუნებულვარ. საკუთარ თავზე არა მაქვს დიდი წარმოდგენა, პირიქით, ნული, მტვერი ვარ, დღეს ვცხოვრობ, ხვალ აღარ ვიქნები, მაგრამ მართლაც ჯიგარი წამყვანები გაუშვეს. რატომ დაგვშალეს, დღემდე ვერ გამიგია.