25 აპრილს, „მზიურის“ პარკში საინიციატივო ჯგუფის „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ ორგანიზებით ჩატარდა ღია, ცოცხალი კონცერტი-აქცია, თსუ-ში 26 აპრილს დანიშნულ სტუდენტთა ალტერნატიული თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად. „მი-ფა-სის“ შესანიშნავ აპარატურაზე ცოცხლად დაკვრით სტუდენტებს მხარი დაუჭირეს ქართულმა როკ-ჯგუფებმა და მწერლებმა. აღნიშნულ დღეს, თსუ-ში მიმდინარეობდა სტუდკავშირის პრეზიდენტის არჩევნები, რომელსაც, „მზიურში“ შეკრებილთა აზრით, კომკავშირული სუნი ასდიოდა.
აქცია დანიშნული 15 საათის ნაცვლად, მოგვიანებით დაიწყო. პატარა სცენაზე გულანთებული საინიციატივო ჯგუფის წევრები ცდილობდნენ სტუდენტები და ჟურნალისტები დაერწმუნებინათ ამ ალტერნატიული არჩევნების აუცილებლობასა და სარგებლობაში. თუმცა ერთგვარი ლოზუნგებით გამომსვლელ სტუდენტებს სიტყვას პოეტი კოტე ყუბანეიშვილი აწყვეტინებდა, რომელიც პირველი რიგიდან უყვიროდა მათ, პირდაპირ გვითხარით, რა გინდათო. კითხვებით თავმობეზრებულმა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მიკროფონი მას გადაულოცეს. კოტე ყუბანეიშვილი გულწრფელად დაინტერესდა: სად არიან თქვენი მხარდამჭერი მწერლებიო (იგულისხმებოდნენ: დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი და სხვები – ლ.გ.), რომელთაც დაურწმუნებიათ იგი, მისულიყო აღნიშნულ აქციაზე. პოეტმა ხატოვნად შეადარა ჩვენი უნივერსიტეტი ნესტან-დარეჯანს, რომელიც ქაჯებს ჰყავთ ხელში ჩაგდებულიო. ბოლოს კი, როდესაც აპარატურის გაუმართაობის გამო, კონცერტის დაწყება კიდევ გადაიდო, გაჯავრებულმა ყუბანეიშვილმა აქცია დატოვა და წავიდა.
საკონცერტო პროგრამა გახსნა ჯგუფმა „აუტსაიდერმა“, რომლის ფრონტმენმა რობი კუხიანიძემ სპეციალურად იმ დღისთვის მომზადებული სიმღერა: „შენ ითხოვ“ შეასრულა. „აუტსაიდერი“ შეცვალა ჯგუფმა „33ა“. ნიაზ დიასამიძემ შეასრულა სიმღერები როგორც ძველი, ისე ახალი რეპერტუარიდან. ერთ-ერთის შესრულებისას ელექტროენერგია გაითიშა, რის შედეგად უკმაყოფილო სტუდენტებს შორის მითქმა-მოთქმა დაიწყო, თითქოს ეს ვიღაცამ სპეციალურად მოაწყო. უდენობის დროს სცენიდან საკუთარი ლექსები წაიკითხეს პოეტებმა – ირაკლი კაკაბაძემ და გაგა ნახუცრიშვილმა. შუქის მოსვლის შემდეგ კი კვლავ მუსიკოსებს დაეთმო ასპარეზი. საინტერესო პროგრამით გამოვიდა „მთვარის კლუბი“, აგრეთვე, ბაკურ ბურდული, ისევ „აუტსაიდერი“, რომელმაც „ააგდო“ მაყურებელი. ამას მოჰყვა ახალგაზრდა ჯგუფები „ნეგატივი“ და „2000“, რომელმაც დაასრულა სტუდენტური თვითმმართველობის მხარდამჭერი აქცია.
აქციის განმავლობაში მოვახერხე, გავსაუბრებოდი სტუდენტებს, რომელთა გეგმებმაც ჩემზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. სასურველია, მათი ეს გეგმები მარტოოდენ დიდ იმედებად არ დარჩეს და მართლაც სანაქებო საქმედ იქცეს.
ტუალეტში დაწერილი ლექსების საღამო კლუბ „სარდაფში“
ტრადიციულ სახუთშაბათო ლიტერატურულ შეხვედრებზე კლუბმა „სარდაფმა“ ამჯერად ნიჭიერ მსახიობსა და უპოპულარულესი შოუს, „ვის უნდა 20000“-ის წამყვანს, დუტა სხირტლაძეს უმასპინძლა. ამჯერად ის საზოგადოების წინაშე წარსდგა, როგორც პოეტი. საღამო ზეპუნქტუალურად დანიშნულ დროზე 13 წუთით ადრე დაიწყო. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ცოცხალი დუტას სანახავად უამრავმა მაყურებელმა შეხვედრის ოფიციალურ დასაწყისამდე ჯერ კიდევ ერთი საათით ადრე დაიწყო ამ მცირე დარბაზის შევსება. ნახევარი საათის შემდეგ კი უკვე იატაკზე დასაჯდომ ადგილსაც ვერ ნახავდით.
ტელეწამყვანის დარბაზში გამოჩენას მაყურებელი ყიჟინითა და ტაშით შეეგება. სახემომღიმარი, უჰალსტუხ-უკოსტიუმო, სრულიად უბრალო დუტა მიკროფონთან მივიდა და წარმოთქვა: „Hi, მოვედი მგოსანი, აკვანი არის სადმე?“ თავდაპირველად პოეტმა საზოგადოებას თავისი მეგობარი, დეტექტიური ჟანრის მწერალი თამაზ ალავიძე და მისი წიგნი „სიკეთე გადაარჩენს სიცოცხლეს“ წარუდგინა. ამ პიროვნებასთან მცირე საუბარი დუტამ ტელეშოუს სტილში ააწყო. გაირკვა, რომ ეს წიგნი ავტობიოგრაფიული ყოფილა და ავტორი მას თურმე 10 წლის განმავლობაში წერდა.


