Saturday, April 28, 2001

Alexander Garden – თბილისური ბაღის მეტალისტები

იყო დრო, როდესაც ყოფილ საბჭოთა კავშირში მუსიკალურ მძიმე მეტალურგიულ ინდუსტრიას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ახლად ფეხადგმულ როკ-მოძრაობაში. მაშინ ქვეყანაში შეიკრიბა უამრავი მეტალ ჯგუფი, რომელთაც მომდევნო წლებში დიდი წარმატებას მიაღწიეს დასავლეთშიც. სხვათა შორის, საქართველო არ იყო გამონაკლისი და აქ საკმაოდ ძლიერი მძიმე ჯგუფები არსებობდნენ, თუნდაც Stonehang, „მძიმე ჯვარი“, Double Cross და სხვა. მეტალისტები დღესაც ბევრნი არიან საქართველოს მასშტაბით. დღეს წარმოგიდგენთ რუსულენოვან თბილისურ მეტალ ჯგუფს, რომლის დღევანდელი შემადგენლობაა: ალექსანდრე (საშა) ზაბულუნნი (ვოკალი, გიტარა), ვიტალი ზაბულუნნი (ბასი) და დიმიტრი ოგანესიანი (დასარტყამები). ჯგუფის მომავალი წევრები ხშირად იკრიბებოდნენ დღევანდელი „9 აპრილის“, ყოფილ „ალექსანდრეს“ სახელობის ბაღში და სახელწოდებაც ამიტომ ჟღერს ასე. მე ვესაუბრე ჯგუფის ფრონტმენ საშა ზაბულუნნის.

* * *


– ჩვენ 1995 წელს შევიკრიბეთ და პირველი ორი სიმღერა 1996 წელს ჩავწერეთ სტუდია „მელოდიაში“. ეს იყო საცდელი ჩანაწერი. თავიდანვე გვქონდა ვოკალისტის პრობლემა და ჯგუფში სხვადასხვა მომღერალი მოდიოდა და მიდიოდა. ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ვოკალისტი, ვინც ჩვენთან მუშაობდა, იყო გოგი ირემაშვილი, რომელმაც მოუცლელობის გამო, მიატოვა ეს საქმე. მერე მე დავიწყე სიმღერა. ჩემი ძმა ვიტალი დიდხანს არ მიძებნია (იცინის). ძალიან გაგვიმართლა იმედები დრამერმა, რადგან თბილისში დიდი პრობლემაა მძიმე სტილის კარგი დრამერის პოვნა. დიმა სრულიად შემთხვევით გავიცანით. პირველ რეპეტიციაზევე მივხვდით, ჩვენ რომ გვსურდა, ისეთი დრამერი იყო. მას შესანიშნავი ჯაზური სკოლა აქვს გავლილი და როკზე გადმოსვლისთვის მცირე მუშაობა დასჭირდა.

– დღემდე რამდენი ალბომი გაქვთ ჩაწერილი?

– ჩვენ ჩავწერეთ ჩვენი პირველი ალბომი, რომელსაც ჰქვია Верь В Себя – „გჯეროდეს საკუთარი თავის“. ტექსტები რუსულად გვაქვს, მაგრამ გადაწყვეტილი გვაქვს, ჩავწეროთ ინგლისურ ენაზეც. მასტერინგი დავასრულეთ სტუდია „კონტინენტალში“ 2000 წელს. ძალიან დაგვეხმარა კაკო ვაშალომიძე, რომელიც ჩვენი ალბომის ხმის რეჟისორია. იგი შემოქმედებითად მიუდგა ჩვენს საქმეს და საერთოდ, ძალიან სასიამოვნო ადამიანია. ალბომში შევიდა 10 კომპოზიცია. აქედან ერთი ინსტრუმენტული ბალადაა, მეორე – უფრო როკისა და პანკის სინთეზი ჯაზ-როკის ელემენტებით, დანარჩენი მეტალია.


– რუსეთში თუ გქონდათ გასტროლები?

– ჯერ ვერ მოხერხდა, მაგრამ გვინდა დავგეგმოთ. მოსკოვი რუსული შოუბიზნესის ცენტრია, სადაც ყველაფერი დუღს და გადადუღს. ჩვენ გვსურს იქ ჩასვლა, მაგრამ სერიოზულად ჯერ არ გვიფიქრია.

– ტექსტებს ვინ წერს თქვენს ჯგუფში?

– ძირითადად მე ვწერ. თუმცა ჩვენს დრამერსაც არ გამოსდის ცუდად. ჩვენს ალბომში მისი ორი სიმღერა „როკერი“ და „სიცოცხლე ხანმოკლეა“ შესული. საერთოდ კი ყველაფერს ერთად ვაკეთებთ, ვწერთ მუსიკას. ჩემს ტექსტებში კი ვიტალისაც შეაქვს კორექტივები.

– თქვენი ტექსტები პესიმისტურია თუ ოპტიმისტური?

– ჩვენი ტექსტები უფრო სოციალური მიმართულებისაა. მაგალითად, ნარკოტიკების, ომის წინააღმდეგ ვილაშქრებთ. ერთი შეხედვით ისინი პესიმისტურად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ოპტიმისტურია.


– ვიცი, რომ საზღვარგარეთის ანალოგიური ჯგუფები ბევრს მღერიან სიკვდილზე, სისხლზე, თავის ქალებზე და ა.შ.

– თუნდაც Slayer, არა? ჩვენ ცოტა შორს ვართ ამ თემებიდან. უბრალოდ, ჩვენთან სხვა პრობლემებია, ცხოვრებაც სხვანაირია. თავად ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და კიდევ ამაზე ხომ არ ვიმღერებთ?

– რომელ ქართველ შემსრულებლებს სცემთ პატივს?

– ძალიან პატივს ვცემთ კაკო ვაშალომიძეს, რომელიც შესანიშნავი მუსიკოსი და ადამიანია. ჯგუფებიდან მოგვწონდა Stonehang. აგრეთვე უკვე დაშლილი ჯგუფი Double Cross. სხვათა შორის, ჩვენი ყოფილი ვოკალისტი გოგა ირემაშვილი სწორედ აღნიშნულ ჯგუფში იყო ადრე. მოგვწონდა „მძიმე ჯვარი“ და სხვები.


სხვათა შორის, მძიმე მუსიკის შემსრულებლები თითზე ჩამოსათვლელები არიან. ქართულ პოპსაზე შემიძლია ვთქვა, რომ ის რუსულსაც კი ვერ ჯობნის, მაგრამ ახლა ნორმალური პოპ-შემსრულებლებიც გამოჩნდნენ, რომლებიც ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენ ჩვენი წრე გვაქვს, სადაც ძირითადად როკერები არიან.

– რა შეგიძლიათ უწოდოთ თქვენს მუსიკალურ სტილს?

– უფრო თრეშ (Trash) მეტალთანაა ახლოს, მაგრამ ჩვენ ბალადები, პანკ-კომპოზიციებიც გვაქვს, არ ვიციკლებით მხოლოდ ერთ მიმართულებაში, თუმცა, საფუძველი მაინც თრეშია.

– მოტოციკლები თუ გყავთ?

– არა, მაგრამ ძალიან მიყვარს. ღმერთმა ქნას, მომავალში „ჰარლეი“ შევიძინო.


– ალბათ, ლუდი გეყვარებათ...

– ეს რა კითხვაა (იცინის)? რა თქმა უნდა, ჩვენ უამრავი რაოდენობით ვშთანთქავთ ამ სითხეს.

– განსაკუთრებით რომელი უცხოური ჯგუფები მოგწონთ?

– ძალიან ბევრი. სხვათა შორის, მრავალფეროვან მუსიკას, თუნდაც ჯაზ-როკს, თრეშს, დესს, კლასიკას ვუსმენთ. ძველებიდან ჩემი საყვარელი ჯგუფია „ბლექ საბათი“, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია მეტალზე. შედარებით ახლებიდან მომწონს „სლეიერი“, „პანტერა“, „დესი“.

– როგორ ფიქრობ, საქართველოს შოუ-ბიზნესს თუ აქვს განვითარების პერსპექტივა?

– თითქოს რაღაც ჩანს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ აქ შოუბიზნესი არსებობს, რადგან ის მხოლოდ ერთი მიმართულებით ვითარდება. არ სჯერათ, რომ აქ უფრო სერიოზულ მუსიკასაც უკრავენ. როკის მოყვარულები მრავლად არიან თბილისსა თუ ქუთაისში. ისე უკვე კლიპებსაც იღებენ, მართალია, პოპსაა, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ამ ეტაპისთვის ტექნიკურად ნორმალური გამოსდის.


– სად მართავთ კონცერტებს და რა აპარატურაზე უკრავთ?

– ჩვენ თავად ვაკეთებთ საკუთარი კონცერტების ორგანიზებას. დიდი ხნის შუალედის შემდეგ ბოლო კონცერტი გვქონდა წელს. კარგი აპარატურა მოგეხსენებათ, ძვირი ღირს. ამავე დროს, საჭიროა იშოვო დარბაზი, გააკეთო აფიშები. კონცერტზე აპარატურა არ ვარგოდა, მაგრამ ჩვენ ვეცადეთ, ასე თუ ისე, ნორმალური ჟღერადობა მიგვეღო. ხმის ოპერატორად გვყავდა სლავიკა, რომელსაც არ იცნობენ, თუნდაც გენა მამედოვის ან გია ძიძიგურის გვერდით, მაგრამ ის ძალიან კარგი ადამიანია. საქმე მარტო აპარატურაში კი არა, ხმის ოპერატორშიცაა, რომელმაც უნდა იცოდეს, სად როგორი მიკროფონი უნდა დააყენოს, თუნდაც დასარტყამებთან. ჩვენში ამ საქმის სპეციალისტი არ არსებობს. უბრალოდ, შემოქმედებითი პროფესიონალური მიდგომა აკლიათ ასეთ ადამიანებს საქართველოში, თუნდაც ვიდეოკლიპების გადაღებისას.

– ადრე ბევრს კამათობდნენ, რომ როკ-მუსიკა სატანურიაო. თუმცა, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ბევრი მძიმე ჯგუფი თავად აღიარებს ხმამაღლა, რომ იგივე სატანური სექტის წევრები არიან, განსაკუთრებით ბლექ-მეტალის კოლექტივები. როგორ უყურებ ამას ყველაფერს?

– ჩვენ, რა თქმა უნდა, აქედან შორს ვართ. ზოგი ამას ბიზნესისთვის აკეთებს, რათა პუბლიკა შოკში ჩააგდოს. სრულიად შესაძლებელია, რომ ამათგან ბევრი ბოროტ ძალებს უდრეკს ქედს. ესენი „შერყეულები“ არიან. მუსიკაში არსებობს ბოროტებაც და სიკეთეც იმის ხასიათიდან გამომდინარე, თუ ვინ ასრულებს მას. მუსიკას თავისთავად შეუძლია გამოიწვიოს გრძნობები. როდესაც უსმენ თუნდაც „სლეიერს“ ან „კანიბალ კორპსს“, გიჩნდება ყველაფრის ამოყირავების გრძნობა, მაგრამ ეს გრძნობა ადამიანის შიგნით იფრქვევა და ეს ადამიანი ამ მუსიკის მოსმენის შემდეგ არ დალეწავს რაღაცას. მიჩნეულია, რომ თრეში ბოროტი მუსიკაა, მაგრამ ყველაფერი შემსრულებელზეა დამოკიდებული.

– როგორ ფიქრობთ, თბილისში ბევრი მეტალის მოყვარულია?

– დიახ, მაგრამ ისინი ნაკლებად ჩანან. სამწუხაროდ, ამდენ რადიოსადგურში არც ერთი პროგრამა არ არსებობს მძიმე მუსიკაზე. მართალია, გიორგი ხორავას აქვს გადაცემა „პირველ რადიოში“, მაგრამ ის მხოლოდ ბლექ-მეტალზეა. არ მინდა ცუდი რამ ვთქვა ამ გადაცემაზე, პირიქით, მივესალმები, მაგრამ არ უნდა დაიციკლო ერთ მიმართულებაზე. არ ვითხოვ ბევრი მეტალის გაშვებას, მაგრამ ატრიალონ ხოლმე ვან-ჰალენი, „ლივინგ ქოლორი“, ჯო სატრიანი – ბევრი კარგი შემსრულებელი არსებობს, რომელთა მოსმენაც ყველას შეუძლია.

– რა გეგმები გაქვთ ახლო მომავალში?

– დიდი ხნის განმავლობაში ჩვენ ვაკეთებდით ინტერნეტში ჩვენს საიტს: www.alexgarden.narod.ru. გვაქვს ელ-ფოსტაც: alexgarden@narod.ru. გვინდა ჩვენი საიტის არსებობა ბევრმა იცოდეს. ვაპირებთ ჩვენი ალბომის რუსეთში რეკლამირებას. კასეტები თვითონ გამოვეცით, ჩავწერეთ, დავბეჭდეთ და ეს ალბომი ახლა „ბლიუზ ბოქსში“ და ზემელზე, მხატვრების გამოფენასთან იყიდება.

– რას უსურვებ ჩვენს ჟურნალსა და თქვენს მსმენელს?

– ვისურვებდი, მეტი როკ-ინფორმაცია იყოს თქვენი ჟურნალის ფურცლებზე. ჩვენს ფანებს კი მოვუწოდებ, არ მოიწყინონ. ჩვენ აქა ვართ და საკუთარ საქმეს გავაკეთებთ. როკი და მეტალი იჟღერებს თბილისში და ყველაფერი კარგად იქნება. ცოტა დროა საჭირო და всё будет OK!

გამოქვეყნდა 2001 წლის აპრილს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“.

ეს ერთი ინსტრუმენტალი ალბომიდან, რომელსაც „ნოსტალგია“ ჰქვია:

 

სრული ალბომი კი აქაა: 

 

No comments:

Post a Comment