25 აპრილს, „მზიურის“ პარკში საინიციატივო ჯგუფის „სტუდენტები თვითმმართველობისთვის“ ორგანიზებით ჩატარდა ღია, ცოცხალი კონცერტი-აქცია, თსუ-ში 26 აპრილს დანიშნულ სტუდენტთა ალტერნატიული თვითმმართველობის არჩევნების მხარდასაჭერად. „მი-ფა-სის“ შესანიშნავ აპარატურაზე ცოცხლად დაკვრით სტუდენტებს მხარი დაუჭირეს ქართულმა როკ-ჯგუფებმა და მწერლებმა. აღნიშნულ დღეს, თსუ-ში მიმდინარეობდა სტუდკავშირის პრეზიდენტის არჩევნები, რომელსაც, „მზიურში“ შეკრებილთა აზრით, კომკავშირული სუნი ასდიოდა.
აქცია დანიშნული 15 საათის ნაცვლად, მოგვიანებით დაიწყო. პატარა სცენაზე გულანთებული საინიციატივო ჯგუფის წევრები ცდილობდნენ სტუდენტები და ჟურნალისტები დაერწმუნებინათ ამ ალტერნატიული არჩევნების აუცილებლობასა და სარგებლობაში. თუმცა ერთგვარი ლოზუნგებით გამომსვლელ სტუდენტებს სიტყვას პოეტი კოტე ყუბანეიშვილი აწყვეტინებდა, რომელიც პირველი რიგიდან უყვიროდა მათ, პირდაპირ გვითხარით, რა გინდათო. კითხვებით თავმობეზრებულმა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მიკროფონი მას გადაულოცეს. კოტე ყუბანეიშვილი გულწრფელად დაინტერესდა: სად არიან თქვენი მხარდამჭერი მწერლებიო (იგულისხმებოდნენ: დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი და სხვები – ლ.გ.), რომელთაც დაურწმუნებიათ იგი, მისულიყო აღნიშნულ აქციაზე. პოეტმა ხატოვნად შეადარა ჩვენი უნივერსიტეტი ნესტან-დარეჯანს, რომელიც ქაჯებს ჰყავთ ხელში ჩაგდებულიო. ბოლოს კი, როდესაც აპარატურის გაუმართაობის გამო, კონცერტის დაწყება კიდევ გადაიდო, გაჯავრებულმა ყუბანეიშვილმა აქცია დატოვა და წავიდა.
საკონცერტო პროგრამა გახსნა ჯგუფმა „აუტსაიდერმა“, რომლის ფრონტმენმა რობი კუხიანიძემ სპეციალურად იმ დღისთვის მომზადებული სიმღერა: „შენ ითხოვ“ შეასრულა. „აუტსაიდერი“ შეცვალა ჯგუფმა „33ა“. ნიაზ დიასამიძემ შეასრულა სიმღერები როგორც ძველი, ისე ახალი რეპერტუარიდან. ერთ-ერთის შესრულებისას ელექტროენერგია გაითიშა, რის შედეგად უკმაყოფილო სტუდენტებს შორის მითქმა-მოთქმა დაიწყო, თითქოს ეს ვიღაცამ სპეციალურად მოაწყო. უდენობის დროს სცენიდან საკუთარი ლექსები წაიკითხეს პოეტებმა – ირაკლი კაკაბაძემ და გაგა ნახუცრიშვილმა. შუქის მოსვლის შემდეგ კი კვლავ მუსიკოსებს დაეთმო ასპარეზი. საინტერესო პროგრამით გამოვიდა „მთვარის კლუბი“, აგრეთვე, ბაკურ ბურდული, ისევ „აუტსაიდერი“, რომელმაც „ააგდო“ მაყურებელი. ამას მოჰყვა ახალგაზრდა ჯგუფები „ნეგატივი“ და „2000“, რომელმაც დაასრულა სტუდენტური თვითმმართველობის მხარდამჭერი აქცია.
აქციის განმავლობაში მოვახერხე, გავსაუბრებოდი სტუდენტებს, რომელთა გეგმებმაც ჩემზე სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. სასურველია, მათი ეს გეგმები მარტოოდენ დიდ იმედებად არ დარჩეს და მართლაც სანაქებო საქმედ იქცეს.
ტუალეტში დაწერილი ლექსების საღამო კლუბ „სარდაფში“
ტრადიციულ სახუთშაბათო ლიტერატურულ შეხვედრებზე კლუბმა „სარდაფმა“ ამჯერად ნიჭიერ მსახიობსა და უპოპულარულესი შოუს, „ვის უნდა 20000“-ის წამყვანს, დუტა სხირტლაძეს უმასპინძლა. ამჯერად ის საზოგადოების წინაშე წარსდგა, როგორც პოეტი. საღამო ზეპუნქტუალურად დანიშნულ დროზე 13 წუთით ადრე დაიწყო. ამის მიზეზი ის გახდა, რომ ცოცხალი დუტას სანახავად უამრავმა მაყურებელმა შეხვედრის ოფიციალურ დასაწყისამდე ჯერ კიდევ ერთი საათით ადრე დაიწყო ამ მცირე დარბაზის შევსება. ნახევარი საათის შემდეგ კი უკვე იატაკზე დასაჯდომ ადგილსაც ვერ ნახავდით.
ტელეწამყვანის დარბაზში გამოჩენას მაყურებელი ყიჟინითა და ტაშით შეეგება. სახემომღიმარი, უჰალსტუხ-უკოსტიუმო, სრულიად უბრალო დუტა მიკროფონთან მივიდა და წარმოთქვა: „Hi, მოვედი მგოსანი, აკვანი არის სადმე?“ თავდაპირველად პოეტმა საზოგადოებას თავისი მეგობარი, დეტექტიური ჟანრის მწერალი თამაზ ალავიძე და მისი წიგნი „სიკეთე გადაარჩენს სიცოცხლეს“ წარუდგინა. ამ პიროვნებასთან მცირე საუბარი დუტამ ტელეშოუს სტილში ააწყო. გაირკვა, რომ ეს წიგნი ავტობიოგრაფიული ყოფილა და ავტორი მას თურმე 10 წლის განმავლობაში წერდა.
თავად დუტა ლექსებს ბავშვობიდან, მეორე კლასიდან წერს. მისივე განმარტებით, ეს ლექსები მსუბუქი და ხალისიანია. მსახიობი ოსტატური გრიმასებითა და დაყენებული სახასიათო ხმით კითხულობდა საკუთარ თხზულებებს. ეს ხალისიანი ლექსები იყო სამშობლოზე, ფილოსოფიაზე, ცისფერებზე, კახურ სიყვარულზე, გაკვეთილებზე, რჩევებზე და კიდევ ბევრ რამეზე. მაყურებელთა მხიარულ, სიცილიან განწყობილებას აათკეცებდა ავტორის ლექსთაშორისი შორისდებულები და პატარა რეპლიკები, თუნდაც ასეთი: „მე ჯერ მგოსანი ვარ“, „რა დედამ მშობა“, „ხედავთ რა მაგარი ვარ?“ და ა.შ... მან საკუთარი ლექსების რუსული თარგმანებიც წაიკითხა. როგორც გაირკვა, დუტას რუსული სკოლა ჰქონია დამთავრებული.
შეხვედრა მსახიობთან მალე კითხვა-პასუხის საღამოში გადაიზარდა. დუტა მხიარულად სცემდა პასუხს წერილობით შემოსულ უამრავ კითხვას. სტუმარი მომავალში არ აპირებს მისი ლექსების წიგნად გამოცემას, რადგან ეცდება საქართველოს მომავალ თაობას შეუნახოს მხოლოდ ხელნაწერები, რვეულები, რომლის ზოგიერთ ფურცელზე „ჯოკერის“ პარტიებია დაფიქსირებული.
დუტა სხირტლაძე როკ-მუსიკის უდიდესი თაყვანისმცემელია. იგი ადრე უკრავდა თელავურ როკ-ჯგუფში „ღამურები“, რომლის აღდგენას, ოღონდ სხვა სახელწოდებით, ის ახლო მომავალში აპირებს. მისი საყვარელი ჯგუფებია: Led Zeppelin, The Doors და სხვები. ბევრ წერილში შოუმენს სიყვარულს უხსნიდნენ, რაზეც ადრესატი თბილი, იუმორისტული სიტყვებით პასუხობდა, ხოლო მასზე დაწერილი ლექსებს სათუთად ინახავდა საკუთარ ტყავის ბლოკნოტში. კითხვაზე, არის თუ არა შენი სამაგიდო წიგნი შენივე ლექსებიო, დუტამ გულწრფელად უპასუხა, რომ, რა თქმა უნდა, არის. თან ჩემი მაგიდაა სარეცხი მანქანა ტუალეტში, სადაც მე ვწერ ამ ლექსებსო. „მუზა გარეთ მომდის და მერე შევრბივარ ტუალეტში, რომელიც ამავე დროს ჩემი კაბინეტიცაა“ – ხაზგასმით წარმოთქვა მან.
სტუმარმა აღნიშნა, რომ არ უყვარს სადღეგრძელოები და, საერთოდ, ტრადიციები. მისი აზრით, ტრადიციებს პატივი კი უნდა ვცეთ, არ უნდა დავივიწყოთ ისინი, მაგრამ უნდა შევქმნათ ახალი, ვიხელმძღვანელოთ რა ძველით. არ უნდა დავრჩეთ ძველში, რადგან ქართველები ამ ტრადიციებში დარჩენილები ვართ და ამიტომ ვეღარ მივდივართ წინ. როდესაც დარბაზიდან გრამატიკულ შეცდომებზე მიუთითეს, მან ქართულ ენაზეც ისაუბრა. მას მიაჩნია, რომ როგორც ქუჩაში ვლაპარაკობთ, ზოგჯერ საჭიროა ყველგან ისე ვისაუბროთ, რადგან ადამიანთათვის ენა უფრო გასაგები გახდეს. მან იქვე მყოფ პატარა ბავშვებზე თქვა, ესენი რომ გაიზრდებიან, ნამდვილ ქართულს ვეღარ გაიგებენ, ამიტომ ჩვენ უნდა დავეხმაროთ თანამედროვე ქართული ენის გრამატიკას და ენა უნდა განვითარდესო.
„ბევრ პიროვნებას უტყდება თავისი რაიონული წარმომავლობა, მე – არა. მე ვარ ისეთი მაგარი ქალაქიდან, როგორიც თელავია“ – სიამაყით განაცხადა დუტამ და აპლოდისმენტების ზღვაში ჩაიხრჩო. საუბარი თეატრზეც ჩამოვარდა. სტუმარმა აღნიშნა, რომ მისი საყვარელი როლია მოხუცი ლოთი ჯერომ სელინჯერის „თამაში ჭვავის ყანაში“, რომელიც მისი ჯგუფის სადიპლომო სპექტაკლი იყო. თუმცა მსახიობის სურვილია, უფრო რთული, გამართული, სახასიათო პერსონაჟის განსახიერება. კერძოდ, მისი ოცნებაა, ითამაშოს გეორგ ბიუხნერის ვოიცეკი. დუტას „არ ევასება“ სერიალები, მაგრამ მაინც ახმოვანებს მათ. საღამო დიდხანს გაგრძელდა. მაყურებელიც და სტუმარიც ძალიან კარგ მხიარულ განწყობილებაზე დარჩა. მომავალ ხუთშაბათს დაგეგმილია შეხვედრა გამომცემლობა „დიოგენესთან“, რომელიც ყველას შესანიშნავ პრიზებს და სიურპრიზებს ჰპირდება.
გამოქვეყნდა 2001 წლის 28 აპრილს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“


No comments:
Post a Comment