Monday, September 3, 2001

თავკომბალა

საქართველოში ბევრი არც თუ უსაფუძვლოდ ამტკიცებს, რომ ჩვენს ქვეყანაში დიდი სოციალური და სულიერი კრიზისია. ზოგიერთი იმასაც ამბობს, საზოგადოებაში ლიტერატურისადმი ინტერესი დაიკარგაო და მაგალითად მოჰყავს ის ას ათეულ ათასობით ბუკინისტური წიგნი, რომელიც გაჭირვებულ მოქალაქეებს ქუჩაში დასაყიდად გამოაქვთ. მიუხედავად ამისა, საქართველოში ნებისმიერი ლიტერატურისადმი ყურადღება არ იკლებს. მართალია ქუჩებში უამრავი იაფფასიანი შინაარსის რუსული თუ ქართული სასიყვარულო ისტორიები იყიდება, მაგრამ ბევრ შესანიშნავ წიგნსაც წააწყდებით და იმასაც ნახავთ, რომ მათ მკითხველი საკმაოდ მოზრდილი თანხით იძენს.

ჩვენში ლიტერატურა რომ უყვართ, ალბათ ზედმეტია საუბარი და ამაზე თუნდაც ა. წ. ივნისში ფილარმონიაში მოწყობილი წიგნის ბაზრობაც მეტყველებდა, სადაც საკმაოდ ბევრი წიგნი გაიყიდა. ამ ოთხდღიან ერთგვარ ფესტივალში 25-მდე გამომცემლობამ მიიღო მონაწილეობა და უამრავი ახალი წიგნის პრეზენტაციაც მოეწყო, რაც, რაღა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულოა.

საქართველოში ბოლო წლებში შექმნილი მრავალი საინტერესო გამომცემლობის მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ახალი წიგნები მხოლოდ ლოკალურად ვრცელდება, რის შედეგადაც ირღვევა საერთო ქართული კულტურული სივრცე. აქედან გამომდინარე, თბილისელ მწერლებს მხოლოდ დედაქალაქში იცნობენ, ქუთაისელებს მხოლოდ ქუთაისში, ბათუმელებს – მხოლოდ ბათუმში და ა. შ. წიგნების მხოლოდ გამომცემელ ქალაქში გავრცელების გამო, ძირითადად, ახალგაზრდა მწერლები იჩაგრებიან.

სამწუხაროა, რომ მართლაც შესანიშნავ ქართველ მწერალს აკა მორჩილაძეს თითქმის არ იცნობენ თუნდაც ქუთაისში. აზრზე არ არიან, რომ ლაშა ბუღაძე არა მარტო ტელესერიალის "ძილის წინ" სცენარისტი, არამედ მრავალი პიესის, თუ მოთხრობის ავტორია. დათო ტურაშვილზე გადმოცემით იციან, რომ რაღაცას წერს, მაგრამ მისი წიგნები რეგიონების უმრავლესობაში თვალითაც კი არ უნახავს ვინმეს, ისივე, როგორც სხვა, ბევრი ნიჭიერი ავტორის ქმნილება.

იგივე ხდება დედაქალაქშიც (არ მინდა ძალიან არასასიამოვნო ასოციაციის სიტყვა "ცენტრი" ვიხმარო). აქ არ იციან, რა შემოქმედებითი პროცესებია რეგიონებში, რას წერენ, რას მღერიან, რას ხატავენ და ა. შ. ხშირად ამ საშინელი გაუცხოების შედეგად იქმნება შთაბეჭდილება, რომ რეგიონებში კულტურა მოკვდა. სწორედ, ამიტომ ჩემმა ერთმა ნიჭიერმა ქუთაისელმა მეგობარმა მწერალმა გულისტკივილით აღნიშნა – საქართველოში თუ გსურს შენს ნაწარმოებებს ხალხი გაეცნოს, აუცილებლად თბილისში უნდა იცხოვროო.

თბილისი კი მართლაც თავკომბალას დაემსგავსა, სადაც კულტურული ცხოვრება ავად თუ კარგად დუღს. მაგრამ ის, თუ რა ხდება მის ფარგლებს გარეთ, თითქმის უცნობია. მართალია თბილისში უკვე შესაძლებელია "აჭარის ტელევიზიის" ნახვა, მაგრამ იქ ან ბათუმელი "ბაბუ" ლაპარაკობს, ან "აღორძინების" მიერ მოწყობილი საესტრადო კონცერტია, ან რუსული თუ ამერიკული ფილმი, ან კიდევ აჭარის სიამაყეს – საბავშვო ოპერას გადმოსცემენ, სადაც ბავშვები ფონოგრამაზე, სინთეზატორებით გაორკესტრებულ იტალიურ ოპერებს მღერიან (ასლანის სიძე იტალიელია).

ზემოთ ნახსენებ საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე მხოლოდ თბილისში არსებული გამომცემლობები იყო გამოფენილი. როდესაც ორგანიზატორებს ვკითხე, საქართველოს სხვა ქალაქების გამომცემლობები რატომ არ არის წარმოდგენილი-მეთქი, მიპასუხეს, რომ მათი თბილისში ჩამოყვანა ვერ მოხერხდა, რადგან ეს ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

საოცარია, მაგრამ ბაზრობაზე, სადაც გამოფენილი იყო ინგლისური, რუსული, გერმანული და ირანული წიგნები, რატომღაც ვერ მოხერხდა სხვა ქართული ქალაქების გამომცემლობების თბილისში ჩამოყვანა. ეს იგივეა, რომ მოსკოვის წიგნის ბაზრობაზე ვერ ჩავიდეს, ვთქვათ, სანკტ-პეტერბურგის გამომცემლობები.

და საერთოდ, ხომ შეიძლება, ბაზრობა საქართველოს სხვა ქალაქშიც გაიმართოს?

დავუშვათ, რომ ქუთაისსა და ბათუმში საგამომცემლო საქმიანობა ჩამკვდარია, მაგრამ იქ ცხოვრობენ ახალგაზრდა, ნიჭიერი მწერლები, რომლებიც, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც წერენ და წიგნებს ზოგჯერ საკუთარი ხარჯებით გამოსცემენ. ამ წიგნებს კი წამკითხველი სჭირდება, თორემ ქართული მწერლობის ორგანიზმში ერთგვარი თრომბი წარმოიქმნება, რასაც ცალკეული ქალაქების შემოქმედების საკუთარ წვენში ხარშვა მოჰყვება.

1 comment:

  1. შეგიძლიათ გამომეხმაუროთ??? 14 წლის ვარ, ბევრი მოთხრობა მაქვს დაწერილი და მოწონებასაც იმსახურებს. ძალიან მინდა თქვენც გაეცნოთ და შემიფასოთ.... შეგიძლიათ მომწეროთ მეილზე:anchiberidze@yahoo.com
    ძალიან გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ , მართლა ძალიან მინდა კარგი მწერალი გავხდე და ამის საშუალება მაქვს. წინასწარ გიხდით დიდ მადლობას...!

    ReplyDelete