მომღერალი, რომელიც სცენაზე დაცემამდე ცდილობს, მოასწროს და გასცეს ის სითბო თუ ენერგია, რაც მასშია
„ინსაიტთან“ დაკავშირებით აუცილებელია ერთი ისტორიის გახსენება: 2000 წლის მაისში, როდესაც სპორტის სასახლეში ლადო ბურდულის მიერ მოწყობილ საერთაშორისო ფესტივალზე ამ ბათუმურმა ჯგუფმა და ნინო ქათამაძემ სიმღერა დაასრულეს, სცენაზე რუსული ანდერგრაუნდის ერთ-ერთი პიონერი, ჯგუფ „ვა-ბანკის“ ფრონტმენი ალექსანდრ სკლიარი გამოვიდა. იგი აჭარელ გოგონას მიეახლა, მუხლი მოიყარა და უზარმაზარი ყვევილების კონა მიაწოდა.
ნინო ქათამაძესა და „ინსაიტს“ სუფთა როკ-ჯგუფს ვერ დაარქმევ. მათ მიერ შესრულებულ კომპოზიციებში არის როკიც, ცოტა ჯაზიც, ფოლკიც, ქალაქური მუსიკაც, ფსიქოდელიაც და, რაც მთავარია, დიდი დოზით იმპროვიზაცია, რაც უდავოდ ნინო ქათამაძის დამსახურებაა. თვალდახუჭული და თმაგაშლილი მომღერალი ქალი, რომელსაც, ცოტა არ იყოს, ჰიპური იმიჯი აქვს (ოღონდ არა ხელოვნურად შექმნილი ან დაყენებული), სცენიდან უზარმაზარ ენერგიას აფრქვევს და მას ყველა მუსიკის მოყვარულს თანაბრად უწილადებს.
ნინო 29 წლისაა. იგი ქობულეთში დაიბადა, მაგრამ ბათუმში ცხოვრობს. ერთი პერიოდი დილიდან საღამოს 6-მდე მაღაზიაში მუშაობდა. 6-დან ღამის 11-მდე რეპეტიციები ჰქონდა, 11-დან ღამის 1 საათამდე – ოფიციალური პროგრამა შესასრულებელი, ხოლო 2-დან დილის 4 საათამდე ცეკვავდა. თუმცა, როგორც თავად ამბობს, მეორე დღეს ყოველთვის საკმაოდ კარგად გრძნობდა თავს.
„მე თუ ენერგია არ დავხარჯე, შესაძლოა ადამიანი შევჭამო. ჩემი ჩვეულებრივი დღე ასე იწყება: დილა მშვიდობისა, რა კარგია ცხოვრება. იქნებ დღეს რაღაცაში გამოგადგეთ?“ – ამბობს „ინსაიტის“ ფრონტვუმენი. მომღერლებიდან ნინოს ძალიან მოსწონს ალიხანი, ელა ფიცჯერალდი და ჯენის ჯოპლინი. შეიძლება ითქვას, ნინო ქათამაძე ჯენის ჯოპლინივით ინდივიდუალური და განუმეორებელია. მიუხედავად იმისა, რომ „ინსაიტი“ უკვე კარგა ხანია არსებობს, იგი განსაკუთრებულად პოპულარული მაინც ზემოაღნიშნული ფესტივალის შემდეგ გახდა. აქედან მოყოლებული ნინო ქათამაძე სულ უფრო და უფრო ხშირად თბილისის როკ-ტუსოვკებში ტრიალებს, თუმცა უარს არც საკლუბო გამოსვლებზე ამბობს.
„აჰ, ტურფავ, ტურფავ“ კი ალბათ ის სიმღერაა, რომელმაც ნინოსა და მის ჯგუფს საქვეყნოდ სახელი გაუთქვა. ნინოს უსიტყვებოდ, ან გამოგონილი სიტყვებით შეუძლია იმღეროს და ამ სიმღერებში ისეთი იმპროვიზაციები აკეთოს, რომ მთელი აუდიტორია მონუსხოს.
ნინო ქათამაძე: – როცა ვმღერი, ერთადერთი სურვილი მაქვს, სცენაზე ტყუილად არ ვიდგე. მხოლოდ სცენაზე ყოფნისას ვგრძნობ თავს სრულყოფილად. მაშინ ვარ ქალი, მეგობარი, ვიცი, რას ვაკეთებ და რატომ ვარ სცენაზე. დაცემამდე ვცდილობ მოვასწრო, გავცე ის სითბო და ენერგია, რაც ჩემშია და მნიშვნელობა არა აქვს, ერთ სიმღერას შევასრულებ თუ – ათს. საკმარისია, სიმღერის შესრულებისას თვალი გავახილო და ვინმეს შევხედო, რომელიც მისმენს და ჩემგან რაღაცას ელოდება, დაღლილობა აბსოლუტურად ქრება და მომენტალურად, ავტომატურად ახალი ენერგიით ვივსები. მე მაყურებლისთვის ვმღერი, ჩემთვის სიმღერა სახლშიც შემიძლია.
– შენი შემოქმედებით თავს თუ ინახავ?
– რა სისულელეა! ვერანაირად. არ მინდა ფინანსებზე ვილაპარაკო. დღეს ცოცხალი ჯგუფის სცენაზე გაყვანა დიდი პრობლემაა.
– როგორი ურთიერთობა გაქვს ე. წ. „პოპსავიკებთან“ და „ფონოგრამშიკებთან“?
– ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ბევრ მათგანს ცოცხალ ჯგუფთან ერთად მუშაობა უნდა. იმათ თავისი ცხოვრება აქვთ და იციან, როგორ უნდა იმუშაონ, ჩვენ კი ჩვენი ცხოვრება გვაქვს. მათ სხვა მოთხოვნები და პრეტენზიები აქვთ. მე ვხედავ რისგან რას აწყობენ. ამას მერე სახელს არქმევენ და ვარსკვლავობაზე აქვთ პრეტენზია. ეს ასე არ ხდება. გინდ ფონოგრამაზე, გინდ დასარტყამებთან, გინდ მარტომ იმღერე, რასაც აკეთებ, ნაღდი უნდა იყოს. ფონოგრამები ჩამიწერია, მაგრამ „პლიუსი“ არასოდეს გამიკეთებია. იმათ შეუძლიათ იხალტურონ და „პლიუსზე“ იმღერონ, ჩვენ კი ამას ვერასოდეს შევძლებთ. ჩვენს შორის პროფესიონალიზმის დონე ერთმანეთისგან განსხვავდება და ეს თვითონაც იციან. საჩხუბარი არაფერია. მე მსიამოვნებს მათთან ერთად ყოფნა და შესანიშნავად ვერთობი.
– რომელ ქართულ ჯგუფს სცემ პატივს?
– რთულია ამაზე პასუხის გაცემა, რადგან ბევრს ვცემ პატივს, თუნდაც, აი, გოგონების ჯგუფს, „ემბრიონს“. ესენი ნაღდები, კარგი ადამიანები არიან.
– ნინო, გარეგნობასა და ჩაცმულობას, რა დროს უთმობ?
– არ მინდა ვიწუწუნო. ისე კი ჩემს სტილზე მინდა ვიმუშაო. ჩემი თმა მიყვარს – ის შეკრულიც და გაშლილიც ლამაზია, ბევრ საშუალებას იძლევა. მთავარია, მე ერთ რამეს ვგრძნობ – როცა სიმღერა კარგად გამომდის, იმის შემდეგ აღარავის ახსოვს, რა მეცვა. „პოპსავიკები“ ამას დიდ ყურადღებას უთმობენ. მე შემიძლია დასარტყამი ინსტრუმენტების უკან დავდგე და არ გამოვაჩინო, რომ დახეული შარვალი მაცვია. ჩემთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ქალი ვარ, მაგრამ დიდ პრობლემას მაინც არ წარმოადგენს. კარგი ჩასაცმელის არქონის გამო სცენაზე გამოსვლაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი, ფეხშიშველიც გამოვალ.
– ახლა მეტად ბანალური კითხვა. შენი აზრით, რა არის ქალური ბედნიერება?
– ქალური ბედნიერებაა, როდესაც შენს საყვარელ საქმეს აკეთებ და მას მაქსიმალურ დროს უთმობ. მე კაცთმოყვარე და ოპტიმისტი ვარ. ქალური ბედნიერებაა შვილი, ნაღდი სიყვარული... არ ვიცი, როგორ აგიხსნა. ამაზე ალბათ, პოპსავიკი ქალები უფრო გაგცემენ პასუხს. ჩემნაირი, ჩვენნაირი ქალების ბედნიერება ენერგიის დახარჯვაა.
– როგორი შოუბიზნესი გვაქვს საქართველოში?
– ჩვენთან შოუბიზნესი მოგეხსენება, რა დონეზეცაა. აქ შემსრულებლებს გემოვნებით კი არა, იმის მიხედვით არჩევენ, თუ რამდენჯერ მოხვდა ტელეეკრანზე. მართალია ეს მთელს მსოფლიოშიც ასეა, მაგრამ იქ ცოტა სხვანაირადაა საქმე. იქ იციან, რას აფინანსებენ. თუ გრძელ ფეხებში დებენ ფულს, აქცენტს სწორედ იმ გრძელ ფეხებს უკეთებენ, მაგრამ ასეთების გვერდით ნაღდი მუსიკოსი არ იკარგება, გესმის? იქ არის სტუდიები, რომლებიც შენს ალბომებს ყიდულობენ და პრობლემებს გიხსნიან. აქ სტუდიებში შენი სულიერი ფასეულობები არავის აინტერესებს. პირიქით, დისკომფორტს გიქმნიან, რომ მახინჯი იყო. ესენი მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები არიან.
– ხარ თუ არა პრეტენზიული მომღერალი?
– პრეტენზიული მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ ვარ. ვთქვათ, არა მაქვს შუქი, მაგრამ ეს იმის მიზეზი არ გახდება, რომ საღამოს კონცერტი არ ჩავატარო. წუწუნს არ დავიწყებ – იცით, შუქი არ იყო , მე გავცივდი და ვეღარ ვიმღერებ-მეთქი. ჩემს საქმეს მე მაინც გავაკეთებ, თუნდაც ფეხებით ჩამოკიდებული ვიყო. ჩვენთან ენთუზიაზმსაც კი არ სცემენ პატივს. მირჩევნია, მსმენელი ჩემი მუსიკით დაინტერესებული უფრო იყოს, ვიდრე იმით, თუ რამდენი ფილმი ვნახე, ან მიდევს თუ არა სახლში ასდოლარიანი მაკიაჟი. ეს ჩემთვის მეასეხარისხოვანია, ამიტომ ინტერვიუებს გავურბივარ ხოლმე. თანაც მუსიკაში ჯერ იმდენი არ გამიკეთებია და ამის თქმა მუსიკითვე უნდა შევძლო. ჩემი სიმღერის 40-50 პროცენტი იმპროვიზაციაზე, ანუ ჩემს განწყობაზე მოდის. ჩვენი მაყურებელი ყოველთვის ცუდს უფრო იმახსოვრებს, ვიდრე კარგს, რადგან ასეა ადამიანი მოწყობილი. შენ პრეტენზიული თუ ხარ, ყოველთვის ფორმაში უნდა იყო. მსმენელებს, თავის მხრივ, სხვა პრეტენზიები აქვთ.
No comments:
Post a Comment