Monday, December 24, 2001

„ამო“ – ამო-ვძვრეთ ძველი ქერქიდან!

ირაკლი ჩარკვიანის ახალი ალბომი მდგომარეობიდან ამო-სავალს გვთავაზობს

სულ ახლახან, 12 დეკემბერს, მუსიკალურ მაღაზიებში ირაკლი ჩარკვიანის ახალი ალბომი „ამო“ გაჩნდა, რომელიც ჩაწერა და სავაჭრო ქსელში ჩასაშვებად ხმისჩამწერმა სტუდია „ქართულმა ჩანაწერებმა“ (Geo Records) მოამზადა. როგორც სტუდიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა და პროდიუსერმა ბასა ჯანიკაშვილმა მითხრა, ალბომის პოლიგრაფია, კომპაქტ-დისკები და აუდიოკასეტები მოსკოვში დამზადდა. დისკის დიზაინის იდეა მაქსიმე ჩარკვიანს ეკუთვნის, ყდაზე გამოსახული ფოტო 1912 წელს უცნობი ფოტოგრაფის მიერაა გადაღებული.

























ჯანიკაშვილის ინფორმაციით, ალბომის ჩაწერა საკმაოდ ძვირი დაჯდა, თუმცა მისი სავაჭრო ღირებულება სხვა ქართული ანალოგიური პროდუქციების ფასებისგან განსხვავებული არ იქნება. საავტორო უფლებები Geca-შია დაცული. ალბომ „ამო“-ს ჩაწერას დაეხმარნენ ორგანიზაციები „მაკდონალდსი“, Georgia Online, Georgian Airlines, „კომუნა“, „ალმა +“, „პირველი რადიო“ და „მწვანე ტალღა“. გაისად ირაკლი ჩარკვიანის „ოქროს ჰიტების“ გამოცემაცაა დაგეგმილი.

ალბომ „ამო“-ს ჩაწერაში ირაკლი ჩარკვიანის (ვოკალი, გიტარა, დასარტყამები, კლავიშები, მუსიკისა და არანჟირების ავტორი) გარდა მონაწილეობა მიიღეს: ქეთათო პოპიაშვილმა, რომელმაც ქალის ყველა ვოკალური პარტია შეასრულა; გია მირზაშვილმა სიმღერებში „საქართველო“ და „უსაფრთხოება“ პერკუსიებზე დაუკრა; გიგა მიქაბერიძემ, რომელიც ბექ-ვოკალისტია სიმღერაში „დისკო“; გიორგი შამანაურმა საყვირზე დაუკრა სიმღერაში „ჭერს“; უჩა გუგუნავამ ბასის პარტია შეასრულა კომპოზიციაში „როგორც ჩანს“. ამავე დროს, იგი ალბომის დიზაინის ავტორიცაა. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ სიმღერაში „როგორც ჩანს“ კახა ცისკარიძე დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს.

– ირაკლი, რა დრო მოანდომე ამ ფირფიტის ჩაწერას?

– შემიძლია გითხრა, რომ რეალურად ეს ერთი წლის მუშაობის შედეგია. თუმცა „საქართველოს“ და „უსაფრთხოების“ კონცეფციაზე მუშაობა ორი წლის წინ დავიწყე.

– ალბომის ჩაწერისას რაიმე ეგზოტიკური ინსტრუმენტი ხომ არ გამოგიყენებია?


– თითქმის ყველა სიმღერაში ბრინჯჩაყრილი ჩინური ჩაის ქილა გამოვიყენე. ეს სახელდახელოდ გაკეთებული ინსტრუმენტი მარაკასის ფუნქციას ასრულებს. აგრეთვე, სიმღერებში „მოგიტან წყალს“ და „ერთად“ რუსული ნაციონალური ინსტრუმენტი გამოვიყენე, რომელსაც პერეპელკა ჰქვია. ეს სიმებიანი ინსტრუმენტია და სიმები რაღაც დაფაზეა გადაჭიმული. ის ძალიან წააგავს არფას, მაგრამ პატარაა და მას მუხლებზე იდებენ. ალბომში, ძირითადად, როკის სტანდარტის ცოცხალი ინსტრუმენტებია გამოყენებული. ზოგიერთ კომპოზიციაში კომპიუტერული დასარტყამების ხმაც ისმის.

– ეს ალბომი არის თუ არა შენთვის კონცეპტუალური?

– ჩემი ყველა ალბომი ასეთია და ეს ალბომიც, მე მგონი, ყველაზე უფრო კონცეპტუალურია იმათ შორის, რაც კი დღემდე გამიკეთებია. თავად ალბომის სახელწოდება – „ამო“ ძალიან ბევრ რამეს გულისხმობს. ჩემთვის მთავარია, ქართულ საზოგადოებას, მსმენელს სტიმული მივცე, რომ იგი ამო-ვიდეს იმ მდგომარეობიდან, რომლიდანაც დიდი ხანია ვერ გ-ამო-ვიდა. თუ მდგომარეობიდან გ-ამო-სავალი არ არსებობს, შეიძლება არსებობდეს ამო-სავალი. ეს ალბომი, სწორედ ამო-სვლის და არა გ-ამო-სვლის მომენტია. ამ ალბომის ერთ-ერთი მთავარი კონცეფცია სწორედ სულიერების სტიმულაციაა. დისკში პოზიტიური სიმპტომატიკაც არის, რადგან ადამიანს ეუბნები წ-ამო-დი, მოგიტან წყალს, მეორეს მხრივ, კი სიმღერებში „ბუია“, „უსაფრთხოება“ აჩვენებ, როგორი რეალობაცაა ირგვლივ.





















– „ამო“ ხომ შეიძლება აბრევიატურადაც მივიჩნიოთ და, ვთქვათ, ამოუცნობ მფრინავ ობიექტში ირაკლი ჩარკვიანი ვიგულისხმოთ?

– მშვენიერი კონცეფციაა, ლაშა. როდესაც ალბომი კონცეპტუალურია, იგი გახსნილია და საინტერესო. თუ კონცეფცია ჩაკეტილია, იგი მსმენელს იმპროვიზაციისა და ვერსიების მოფიქრების საშუალებას არ აძლევს. ასეთი კონცეფცია მკვდარია. თუნდაც ფარდობითობის თეორია ბევრ შანსს გვაძლევს, ამიტომ „ამო“-ში ბევრი რამ შეიძლება ვიგულისხმოთ. თუნდაც ამო-სავალი, ან შელოცვა – „ამო, ამო, მზეო“. ამ შელოცვას მართლაც შეუძლია რაღაც ზემოთ ამო-იყვანოს და გლობალურად რომ ვთქვათ, საქართველო მართლაც უკეთესი ქვეყანა გახადოს.

– მახსოვს, ადრე ახსენე, რომ მთელი სამყარო ციფრებისგან შედგება და ძალიან გიყვარს აინშტაინის ფარდობითობის თეორია. საინტერესოა, საკუთარი ალბომი რამდენად კარგად გათვალე?

– ვფიქრობ, მასში ბევრი რამ არის გათვლილი, მაგრამ ბევრი რამ გაუთვლელიცაა, რაც ირაციონალური მომენტია, რომელიც გათვლის მერე ჩნდება. საშინელებაა, როდესაც მთლიანად სისტემა გაუთვლელი რჩება. რა თქმა უნდა, იგი გათვლილი უნდა იყოს, მაგრამ გათვლილ სისტემაში მერე შეცდომები ჩნდება, რომლებიც, ჩემი აზრით, უფრო ღვთაებრივი მოვლენაა. ეს ის ღვთაებრივი ხელია, რომელიც ზოგჯერ ციდან გვეფერება ხოლმე, რასაც ლოგიკა უკვე ვერ ხსნის. ამიტომ წარმოუდგენელია, ყველაფერი მთლიანად იყოს გათვლილი, მაგრამ ხელოვნების ნიმუში, ნაწილობრივ მაინც, გათვლილი თუ არ არის, ის ნიმუში ისტორიისთვის ფასეული არაა.

– საინტერესოა, ალბომის კონცეფციის ჩამოყალიბებაში შენმა ცხოვრების თანამგზავრმა ქეთათომ რა როლი შეასრულა?


– ეს პროექტი ჩვენ ერთად გავაკეთეთ. იგი ბევრი იდეის გენერატორია...

– ამაში მუზას ხომ არ გულისხმობ?

– რა თქმა უნდა, გეთანხმები. როგორც ტექნიკური, ასევე, სულიერი თვალსაზრისით, ქეთათო ნამდვილად ჩემი მუზაა. ეს იყო აბსოლუტურად ჩამოყალიბებული გზა, რომელსაც ქეთათო, თავის მხრივ, მთავაზობდა, ხოლო მე ჩემს რაღაც გ-ამო-სავალს და ამო-სავალს ვთავაზობდი. აქედან გ-ამო-მდინარე, ამ პროექტში ორთავემ ერთნაირი ძალ-ღონე, გული, ტვინი და ენერგია ჩავდეთ.

– ირაკლი, რა რეაქცია გქონდა, როცა ალბომში შესული სიმღერა „სექსი“ როტაციაში ჩაშვებისთანავე საქართველოს ოფიციალურ ჰიტ-პარადში („კომუნა Top-20“) პირველივე კვირას სათავეში მოექცა. ეს ბუნებრივი იყო თუ მოულოდნელი?

– საერთოდ არ ვიცოდი ამის შესახებ, პირველად შენ მითხარი. ეს მართლაც, ძალიან სასიამოვნოა. თუმცა რეაქცია ბუნებრივი არ არის, რადგან ეს კომპოზიცია რაღაც ცოტა უცნაურად შეიქმნა და ნამდვილად არ მოველოდი, რომ იგი პირველივე კვირას პირველ ადგილზე გავიდოდა. ეს სიმღერა ალბომში ყველაზე ბოლოს გაკეთდა. მეგონა, რომ „სექსი“ საკუთარ თავს მსმენელს უფრო მერე მოასმენინებდა. თუკი ასეთ წარმატებას მიაღწია, ე.ი. იგი თავისებურად „ჯანმრთელი ბავშვი“ აღმოჩნდა.

– რას აპირებ, სტუდიურ მუსიკოსად დარჩები თუ კონცერტებიც გაქვს დაგეგმილი?

– მომავალში ცოტ-ცოტას დავუკრავ, რადგან მიმაჩნია, რომ თუკი პროდუქცია არსებობს, მასზე ლაპარაკია საჭირო, ხოლო მუსიკაში ლაპარაკი დაკვრაა. ჩვეულებრივი საქმეა, როცა მსმენელს რაღაც პროდუქციას სთავაზობ, ხოლო „ლაივი“ არის ის, თუ როგორი დამოკიდებულება გაქვს შენ ამ პროდუქციასთან. სწორედ ამიტომ აქვს აზრი ცოცხალ მუსიკას და ამიტომ არის იგი საინტერესო. მე ვფიქრობ, მარტო ცოცხალი კონცერტი ნაკლებად საინტერესოა, მაგრამ, როდესაც პროდუქციას სახლში მოუსმენ და მერე კონცერტზე მოხვალ, პირიქით, ძალზედ მიმზიდველია.

– ირაკლი, რა საახალწლო და საშობაო სურვილები გაქვს?


– ძალიან მსურს, ჩემი ალბომის სახელწოდებიდან გ-ამო-მდინარე, ჩვენი ქვეყანა გ-ამო-ვიდეს, წ-ამო-ვიდეს და ამო-ვიდეს იქიდან, რასაც მე-20 საუკუნე ჰქვია. მე ვთვლი, რომ ამ საუკუნიდან ბევრი ნეგატიური რამ არის შემორჩენილი. რა თქმა უნდა, კულტურაში ბევრი პოზიტიურიც არსებობს, რაც აუცილებლად უნდა დარჩეს. ჩვენ, ალბათ, ძველისგან განთავისუფლება მაინც უნდა შევძლოთ, რათა უფრო ახლები ვიყოთ. სუყველას განახლებას ვუსურვებ. ხომ იცით, ახალ ღვინოს რა დაემართება თუ მას ძველ ტიკებში ჩავასხამთ? თვით იესო გვარიგებს, რომ ეს ასე არ ვარგა. შევეცადოთ, ცოტა ახლები გავხდეთ, ძველი ქერქიდან ამო-ვძვრეთ და სამყაროს შემეცნების ახალ სისტემაში ჩავერთოთ.

2 comments:

  1. ძალიან საინტერესო ინტერვიუა. მადლობა, ლაშა :): გავა დრო და ახალი თაობები დააფასებენ შენს შრომას :):

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა. გაიხარე .)))

    ReplyDelete