Monday, February 25, 2002

ლევან ლომიძის ბლუზ-ჯგუფი რუსულ სცენას იპყრობს

ათი წლის წინ მოსკოვში სამუშაოდ გადასულ ქართველ მუსიკოსს, ლევან ლომიძეს მისი ქართველობა ეამაყება. მისი თქმით, რუსებს ქართული კულტურა ძალიან მოენატრათ. ლევანის ჩამოყალიბებული ჯგუფი Blues Cousins უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს. ლევან ლომიძე რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტად დაასახელეს. სულ ახლახანს მოსკოვში ძალიან დიდი, 80 000-იანი ტირაჟით გამოვიდა ფირფიტა „რუსეთის საუკეთესო გიტარისტების კრებული“, სადა ჯგუფ Blues Cousins-ის კომპოზიცია „უძილო ღამე“ შევიდა, რომელიც ლევანიმ დაწერა.

---------------------------
მცირე პრეს-დოსიე
---------------------------
ლევან ლომიძე 1964 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა 52-ე საშუალო სკოლა და „გეპეი“. პროფესიით ენერგეტიკოსია. 80-იანი წლების დასასრულსა და 90-იანების დასაწყისში ჰყავდა ჯგუფი „პრიზი“. უკრავს მოსკოვურ ჯგუფ Blues Cousins-ში. რუსეთში აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესო გიტარისტად. მის ბოლო ალბომს ჰქვია Hoochie Coochie Man, რომელიც პრეზიდენტ პუტინის სტუდიაშია ჩაწერილი. ჰყავს მოსკოველი ქართველი მეუღლე და სამი შვილი.
-------------
----------------------------------------------

გიტარისტმა და ვოკალისტმა ლევან ლომიძემ თბილისში 80-იანი წლების მიწურულს ჯგუფი „პრიზი“ ჩამოაყალიბა, რომელსაც ქართველი მსმენელი იცნობს სიმღერებით: „ქალაქი ღამით“, „დუმილის დრო“ და სხვა. 1992 წელს ფირმა „მელოდიამ“ აღნიშნული კოლექტივის ვინილის ფირფიტა (LP) გამოსცა სახელწოდებით „ღამის ქალაქი“. ჩემის აზრით, ამ შესანიშნავი ალბომის გამოსვლის შემდეგ ტელერეჟისორმა გიორგი ებრალიძემ მასში შესული სიმღერების მიხედვით მუსიკალური ვიდეოფილმი გადაიღო, რომელიც „მეორე არხმა“ რამდენჯერმე აჩვენა. ჯგუფმა „პრიზიმ“ მოღვაწეობა იატაკქვეშეთში დაიწყო და დროთა განმავლობაში პოპულარობის მოპოვება შეძლო. მათი მელოდიური სიმღერები მსმენელისთვის ადვილი დასამახსოვრებელი იყო და, შეიძლება ითქვას, ქართულ მეინსტრიმს, კიდევ რამდენიმე ჯგუფთან ერთად, სწორედ „პრიზიმ“ ჩაუყარა საფუძველი. თუმცა ეს პროცესი, სამწუხაროდ, საქართველოში არსებული სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების გამო შეჩერდა.


1991 წელს ლევან ლომიძე გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გაემგზავრა. ამის თაობაზე იგი ამბობს: „მაშინ მივხვდი, რომ ბლუზი თანამედროვე მუსიკის საფუძველია და სასწრაფოდ მისი ათვისება დავიწყე. „ათვისება“ არასწორი სიტყვაა, რადგან ყველა გიტარისტი ინსტრუმენტის შესწავლას ბლუზით იწყებს. შემდეგ მოსკოვში გადავინაცვლე, რომელიც, თავის დროზე, ამ მხრივ ნაკლებად პერსპექტიულად გამოიყურებოდა. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ მოსკოვი ამ მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქალაქია და იქ უამრავი ბლუზ-კლუბი არსებობს. ჩვენ ევროპაშიც ხშირად ვუკრავთ, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, ბლუზის მხრივ მოსკოვში ძალიან კარგი სიტუაციაა და კლუბების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე პარიზში, ბერლინში ან ჰამბურგში. ევროპის სხვა ქალაქებთან შედარებით, ბლუზისადმი ინტერესი მოსკოვში გაცილებით დიდია. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის მხრივ, რუსეთი განვითარებადი ქვეყნების სიაში შედის, საკონცერტო და საკლუბო ბილეთების ფასი თითქმის იგივეა, რაც ევროპაში“.

ლევანმა მოსკოვში რუს მეგობრებთან ერთად ბლუზ-ტრიო Blues Cousins ჩამოაყალიბა, რომელმაც უკვე 8 ალბომის ჩაწერა და თავბრუდამხვევი წარმატების მიღწევა მოახერხა. რამდენიმე წლის წინ მან ჯგუფის სახელწოდებას წინ საკუთარი სახელი და გვარი დაურთო, რამაც, მისი აზრით, კოლექტივის რეიტინგი გაზარდა – ქართული სახელი ამ ქალაქში შეიძლება პოპულარობის მომტანი გახდეს. ლევანი ამბობს, რომ მოსკოვში არსებობს ტერმინი „ქართული წარმოშობის რიტმ-ენ-ბლუზი“, რადგან იქ მათ გარდა კიდევ ბევრი ქართული მუსიკალური კოლექტივი საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობს. ეს მუსიკოსს სიამაყის საფუძველს აძლევს. ლევანის ინფორმაციით, მოსკოვური კლუბების 30% ქართველების საკუთრებაა.

სანამ ლევანი თბილისში რამდენიმე დღით ჩამოვიდოდა, მასთან НТВ-ს კორესპონდენტი მივიდა, რომელმაც მუსიკოსს ქართული ჯგუფების ჩანაწერების მოსკოვში ჩატანა სთხოვა. ჟურნალისტმა განსაკუთრებით „ბერმუხას“ ფირფიტა ითხოვა (რაც, სამწუხაროდ, ჯერ არ არსებობს). გასულ წელს რუსეთის დედაქალაქში ჩაისახა იდეა – გაკეთდეს ათასკაციანი კლუბი, რომლის სცენაზე მხოლოდ ქართველი მუსიკოსები დაუკრავენ. თუ როკ-მუსიკაზე მიდგება საქმე, ქართველებმა მოსკოვში აუცილებლად ქართულად უნდა იმღერონ, ხოლო ბლუზი ან ჯაზი, ლევანის აზრით, აუცილებლად ინგლისურად (ორიგინალში) უნდა შესრულდეს.

ლევან ლომიძე ამბობს, რომ რუსეთში შოუბიზნესი აბსოლუტურად მომგებიანია, რადგან ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ცოცხალი მუსიკის მიმართ ინტერესი არნახულად გაიზარდა. როკი ლევანს არც ისე ძალიან მოსწონს, მაგრამ აღიარებს „რუსული როკის“, როგორც ფენომენის, არსებობას. საინტერესოა მისი დამოკიდებულება ე. წ. მუსიკალური „მეკობრეების“ მიმართ. ის ფიქრობს, რომ მეკობრეები ჯგუფს ხელს კი არ უშლიან, პირიქით, ეხმარებიან. „რაც მეტი მეკობრული ფირფიტა გამოვა, ჩვენთვის უკეთესია, რადგან ეს პოპულარობის მაჩვენებელია. სხვათა შორის, ბოლო დროს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ჩვენი მიწვევები გახშირდა და ეს სწორედ მეკობრეების მიერ გავრცელებული ჩვენი ფირფიტების დამსახურებაა. დეკემბერში პეტერბურგში ვიყავით და იქ, როგორც ვარსკვლავები, ისე მიგვიღეს. ნევსკი პროსპექტის გასწვრივ, მთელს სიგრძეზე ჩვენი აფიშები იყო გამოკრული. უზარმაზარ, გავსებულ დარბაზში დაგვაკვრევინეს და 5-ჯერ ბისზე მოგვიწია სცენაზე დაბრუნება. ეს, ალბათ, მეკობრეობის პოზიტიური მხარეა. ჩვენი თვალით გვინახავს მეკობრული ფირფიტები, მაგრამ სასამართლოში არ გვიჩივლია“ – გვიმხელს მუსიკოსი.

ამას წინათ „კომსომოლსკაია პრავდა“ წერდა, რომ მოსკოვის ცნობილ „ახალგაზრდობის სასახლეში“ ლევან ლომიძისა და Blues Cousins-ის კონცერტს 3000 მაყურებელი (!) დაესწრო და 800 ადამიანი ბილეთის გარეშე დარჩა. ლევანი განმარტავს, რომ, მიუხედავად საქართველო-რუსეთს შორის არსებული არასახარბიელო ურთიერთობისა, რუსეთში ქართულ კულტურაზე მოთხოვნილება გაიზარდა. ორი თვის წინ ლევან ლომიძეს ცნობილმა რადიოსადგურმა „ეხო მოსკვიმ“ ორი საათი დაუთმო, სადაც იგი სტუმრად პოპულარულმა წამყვანმა მატვეი განაპოლსკიმ მიიწვია. გადაცემაში რუსი მსმენელის სატელეფონო ზარები არ შეწყვეტილა. მსმენელები კითხულობდნენ: „რატომ გაქრა რუსული სცენიდან ქართული ნიჭი?“, „მადლობა ღმერთს, რომ თქვენ არსებობთ“ და ა. შ. ლევანი ყოველთვის ხაზს უსვამს, რომ ქართველია. ერთ-ერთ კონცერტზე ისე გათამამდა, რომ მაყურებელს მიმართა – შემდეგ სიმღერას იმ შემთხვევაში შევასრულებ, თუ ქართულად რამეს მეტყვითო. მთელი დარბაზი ახმაურდა. ისინი ყვიროდნენ „გამარდჟობა“, „გენაცვალე“ და სხვა ქართულ სიტყვებს. რუსეთის საუკეთესო ქართველმა გიტარისტმა თავისი ჯგუფის დრამერი გაიხსენა, რომელსაც ერთხელ უთქვამს – ჩვენი ჯგუფი საქართველოდან არისო. მაგრამ ლევანი ხედავს, რომ მსგავსი სიტუაცია რუსეთის პროვინციებსა და პერიფერიებში არ არის, სადაც ჯერ კიდევ რუსული შოვინიზმი მძლავრობს.

ლევან ლომიძეს დიდი სურვილი აქვს, თავის ჯგუფთან ერთად მშობლიურ თბილისშიც დაუკრას.

Blues Cousins-ის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერნეტ-საიტზე:

1 comment: