Monday, June 17, 2002

ბავშვების ხელოვნური გადიდება

„რატომ ვამღერებთ ბავშვებს დიდების სიმღერებს? ისინი ხომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის აზრზე არ არიან“

საქართველოში სულ უფრო ფრთებს შლის ბავშვთა საესტრადო მუსიკა. თუ ადრე მშობლებს ბავშვები სამუსიკო სკოლებსა და ფოლკლორულ წრეებზე დაჰყავდათ, დღეს სოკოებივით მომრავლდა საბავშვო საესტრადო სტუდიები. ბავშვების ამ „შემოქმედებას“ (რაშიც მათი ფონოგრამული, კომპიუტერზე გასწორებული სიმღერები იგულისხმება) ფართო ასპარეზი მისცეს სხვადასხვა ტელევიზიებმა, მათ შორის, სახელმწიფო ტელევიზიამაც.

ბავშვები პროფესიონალურ ესტრადაზეც მომრავლდნენ, სადაც ისინი დიდებთან ერთად მღერიან. ბავშვების შემოქმედებაზე და საერთოდ, მათი სულების დამახინჯებაზე საკუთარ გულისტკივილს გვიზიარებენ ჟურნალისტი და მწერალი დავით-დეფი გოგიბედაშვილი და მუსიკოსი რობი კუხიანიძე.

დავით-დეფი გოგიბედაშვილი: „ბავშვთან ურთიერთობის საკითხი მეტად ფაქიზია. ჩვენ თავად უნდა დავემსგავსოთ ბავშვებს. უფალი მოგვიწოდებს, ბავშვები მასთან მივუშვათ. დღეს საქართველოში ცდილობენ, ბავშვს თავისი ბუნებრიობა დააკარგვინონ. ამის ყველაზე აქტიური და სუროგატული შედეგი უკვე მივიღეთ. სიმახინჯე ყველაზე თვალსაჩინოდ ესტრადაზე ჩანს. თაობებს შორის არსებული დროთა კავშირი თუ ირღვევა, ბავშვის წარმოსახვითუნარიანობაც იზღუდება.























მე დედამიწის ზურგზე არ მეგულება ისეთი ქვეყანა, რომელშიც ასეთი წაქეზებულია ესტრადაზე გამოტანილი ბავშვის დამახინჯებული აზროვნება, რაც, სხვათა შორის, საქართველოში ყოველთვის ხდებოდა. საშინელებაა, როდესაც ესტრადაზე დიდი ქალივით და კაცივით ჩაცმული ბავშვები გამოჰყავთ. უნდათ, ბავშვების სულები დააბერონ. აბა, რატომ უნდა იმღეროს ბავშვმა ცხოვრებაგამოვლილი ადამიანის სიმღერა და იმეოროს სიტყვები: „პატარა ბიჭი (ან გოგო) დამეკარგა“, „რატომ მიმატოვე?“, „ერთი შენი კოცნა“, „სიყვარულო ჩემო“ და მსგავსი? ის ხომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის აზრზე არ არის? ამის სანაცვლოდ მივიღეთ ფსევდოპედოფილური კიჩი. საერთოდ, კიჩში დანაშაულს ვერ ვხედავ, მაგრამ კიჩის გამოყენებასაც თავისი კანონები აქვს, ისევე, როგორც მოდას. როცა ბავშვი სიმღერას ასრულებს მიტოვებულ სიყვარულზე, ანუ ლტოლვასა და ვნებაზე, რომელსაც 20-30 წლის ადამიანი უნდა მღეროდეს, აშკარად დამახინჯებული ფსევდოკულტურაა და არც ერთ კატეგორიით, მისი გამართლება არ შეიძლება.

ჩემი აზრით, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, სხვა ნორმალურ სახელმწიფოში რომ გაკეთდეს (თუნდაც აშშ-ში), სასამართლო და ციხე არ ასცდება არც მუსიკა და ტექსტის დამწერს, არც კლიპის გადამღებს და არც იმ ტელევიზიასა და რადიოსადგურს, რომლის ეთერში ასეთი სიმღერა გავიდა. სამწუხაროდ, ჩვენ აღქმის ის საფუძველი დავკარგეთ და იმ ბუნებრიობაზე ჭიპლარით აღარა ვართ მიმაგრებულები, რომელმაც გვშვა. არადა, მაგალითად, ინოლა გურგულიამ მართლაც კარგი საბავშვო სიმღერები, ნამდვილი შედევრები დაგვიტოვა.

დღეს ჩვენი მორალური კატეგორიები ირღვევა. ბევრმა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ ის ამა თუ იმ საკითხსა და საქმეში კომპეტენტურია, მაგრამ ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ამ ადამიანების ხელშია დღეს ორგანიზაცია, როგორც პოლიტიკაში, ასევე კულტურასა და ადამიანების ურთიერთობებში. დამახინჯებული ურთიერთობები ქმნის დამახინჯებულ პროდუქტს, რომელიც, თავის მხრივ, გემოვნებას ამახინჯებს, ხოლო დამახინჯებულ გემოვნებას ადამიანი კატასტროფისკენ მიჰყავს. ქვეყანას წინ, დამახინჯებული ლიდერული გემოვნება მიუძღვის.

არ ვიცი, ეს ბავშვები მომავალში ვინ გამოვლენ. ღმერთმა ქნას, მათ ნამდვილი კულტურა შექმნან. ჯონ ლენონი ამბობდა: „მივცეთ მშვიდობას შანსი“. მოდით, ბავშვებს შანსი მივცეთ, აირჩიონ ის, რაც მათ სურთ. დაე, სცენაზე ითამაშონ. თამაშის სურვილი ბავშვის გენში, დედამ და მამამ კი არა, მამაზეციერმა ჩადო. ნუ შევუშლით მათ ხელს, რომ ეს თამაში ბუნებრივი იყოს“.

რობი კუხიანიძე: „ასაკის მომატებასთან ერთად ვხვდები, რომ ბევრი „ნეხვიჭამია“ იზრდება. ეს, ალბათ, ცხოვრების ბრალია, რადგან მიმდინარეობს პატარა ბავშვების გადიდება. პოლიტიკოსები ცდილობენ დაშტამპონ პატარა ბავშვები. საქართველოში უკვე ტრადიციად იქცა ბავშვის ძალადობით გაზრდა. წარმოიდგინეთ – ბავშვთა კოლონიის მკვიდრი და გარეთ მყოფიც ერთნაირ პირობებშია.




















ჩვენ მიახლოვებით მაინც ვიცით, რა არის ცუდი და კარგი. პატარას კი უნდა ასწავლო, რომ ეს ცუდია და ის კარგი, ან პირიქით. საქართველოში სისუფთავე აღარ არსებობს. წარმოიდგინე, რა ხდება იმათ ოჯახებში, ვინც ჩვენ ჭკუას გვარიგებს. ისინი ხომ დაურიგებელი პენსიების, უპატრონო ბავშვების ხარჯზე ცხოვრობენ. მათი მხრიდან მოდაში შემოვიდა სხვადასხვა აქციების მოწყობა, ეკლესიების მშენებლობა, ბავშვების დაცვა. დარწმუნებული ვარ, არც ერთი არ არის გულწრფელი. ამ აქციებსაც საკუთარი სახელისათვის აკეთებენ, რათა მერე თქვან: აი, მე, ბავშვებს ვაჭამეო. დღეს თუ საქართველოში ვინმე ამ გაჭირვებულ ადამიანებს ეხმარება, ნიშნავს, რომ წართმეული მილიონებიდან ორ თეთრს უბრუნებს.

თუ ბავშვს „კალბასითა“ და პურით დაცვა სჭირდება, მაშინ საშველი აღარ ყოფილა. ბავშვს ძეხვი კი არა, დაცვა და პატრონობა – დედა და მამა სჭირდება. თუ მას ლოთი მამა და ბოზი დედა ჰყავს, იგი მაინც უპატრონოდ რჩება. ამაში დამნაშავე სახელმწიფოა. ჩვენი სახელმწიფო „ამაყობს“ ბევრი მათხოვრით, მაწანწალა ბავშვით და თავად, სხვა ქვეყნებთან მათხოვრობს. ვერ ვხვდები, რატომ უყვართ ადამიანების პატრონიანებად და უპატრონოებად დაყოფა. საქართველოში ხომ, ყველანი უპატრონოები ვართ?

ხშირად მიწევს ძალიან ახლო მეგობრების მუსიკალურ სტუდიებში მისვლა. ალბათ, მერაბ სეფაშვილსა და სოსო პავლიაშვილსაც არ მოეწონებათ ის, რომ მშობლები ცდილობენ, საკუთარი ბავშვები მათ დაამსგავსონ. წარმოიდგინე, რა სისულელეა, შენი და შენი მეუღლის შვილი ვიღაც სხვას დაამსგავსო. ამ შემთხვევაში, ყველაზე საშინელი მასწავლებელი მშობელია, რადგან მისმა ბავშვმა ვიღაცის ჯიბრზე უნდა იმღეროს. ჩვენი ბავშვები ესტრადაზე უფროსებთან ერთად მღერიან, მაგრამ ამ სიმღერებს ჩამოსული უცხოელივით ვუსმენ. შესაძლოა, ამ ბავშვებში, მართლაც არის ისეთი, ვინც მომღერალი იქნება, მაგრამ ამ სისტემას და სტრუქტურაში, ის ვერ გაიზრდება. ჩვენ ვამბობთ, რომ ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები ვართ, თუმცა, ერთმანეთის ჭამაში ხომ არა ვართ ზარმაცები?

დარწმუნებული ვარ, პატარების სოციოლოგიური გამოკითხვა რომ გავაკეთოთ, დავინახავთ, რომ ყველა ბავშვი ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობს. ყველაზე საშინელებაა, რომ გაღებული კარიდან გარბიან (კარები გაგვიღეს), რადგან ეს მონების სახელმწიფოა. არც სამი მილიონი დავრჩით, როგორც ახლა იძახიან. სტატისტიკა პოლიტიკოსებს არჩევნებისთვის სჭირდებათ, რომ მეფეები იყვნენ და ვინმე რომ ჩამოვიდეს, დაანახონ – პრეზიდენტს ამდენი და ამდენი ქართველი მხარს უჭერდაო.

სისულელეა ეროვნულ ინტერესებზე ლაპარაკი, როცა ამ მასონურ და სექტანტურ აზროვნებაში გაგვთქვიფეს. საქართველო ცარიელდება, თუმცა ეს არ არის ახალგაზრდების ბრალი. მათ ასეთი ნიადაგი მოუმზადეს. ვფიქრობ, გამოსავალი ერთია. ღმერთმა უნდა დაგვიფაროს და რაღაც სასწაული მოახდინოს, რომ გადავრჩეთ. ჩვენი ერთადერთი გამოსავალი ღმერთის რწმენაშია. ყველამ წინ უნდა ვიაროთ, – უზენაესისკენ“.

1 comment:

  1. რობის ვეთანხმები, მომეწონა მისი აზრი.

    ReplyDelete