Monday, June 24, 2002

უშედეგოდ დაღლილნი და მეეზოვეები

შეიძლება თუ არა კაცს რამე მოწყინდეს? რა თქმა უნდა, შეიძლება. აი, ვთქვათ, დაღლილი ზიხარ თბილისის ერთგვარ სიმბოლოში – მარშრუტკაში (წინადადება შემომაქვს, თბილისის გერბში ჩაიხატოს ეს სატრანსპორტო საშუალება) და იქ, ძალით გასმენინებენ ენრიკე იგლესიასს, რომელიც შენ უკვე ყელში გაქვს ამოსული. მძღოლისადმი შენს თხოვნას, რომ მუსიკას ჩაუწიოს ან სულაც გამორთოს, არვინ არაფრად აგდებს. არადა, შენ მის ფონზე, უკვე ყველაფერი გწყინდება, ნერვები გეშლება და უკვე აღარც იცი, რა მოიმოქმედო. თუ ჟურნალისტი ხარ, საკუთარ ემოციებს გაზეთში დაწერ და გულს მოიოხებ, მაგრამ სხვა შემთხვევაში, რა უნდა ქნა, როცა ჩახუთული მარშრუტკის სალონში უაზრო მუსიკასთან ერთად, თევზის სუნიც დანავარდობს (სხვა ადამიანურ „არომატებზე“ რომ არაფერი ვთქვათ). შენ ყველაფერი მოგწყინდა – პრეზიდენტის ორშაბათის რადიოინტერვიუდან დაწყებული, ბრიტნი სპირსითა და ბაზრობაზე ნაყიდი თევზის აყროლებული სუნით დამთავრებული. რა უნდა ქნა, სად უნდა წახვიდე? როგორ უნდა გაიქცე აქედან?

ალბათ, არსად. იფიქრე, რომ სახლში მიდიხარ, სადაც გრილი შხაპი და CD-პლეერი გელოდება, რომელიც სასოწარკვეთის საშუალებას არ მოგცემს. აქ, ამ ნახევრად დანგრეულ, ვიწროსკამიან, ტექდათვალიერებაგაუვლელ, ჩინურრადიოიან მარშრუტკაში კი ხალხმა და სახეგარუჯულმა მძღოლმა რაც უნდათ, ის აკეთონ. შენ ეს აღარ გაღელვებს, რადგან ძალიან დაიღალე. შეიძლება თუ არა ადამიანი ძალიან დაიღალოს? განსაკუთრებით ბოლო დროს, სულ უფრო ხშირად ჩივიან, რომ ძალიან დაიღალნენ. ხედავ, რომ ყველა წუწუნებს, ზოგი კი დაღლისაგან გულწრფელად ტირის. ხედავ, რომ დაღლა, როგორც ასეთი, გახდა არა ინტიმური ან ინდივიდუალური, არამედ მასობრივ-ფსიქოზური.

გიჩნდება კითხვა, თუ ადამიანები ყოველდღე უფრო და უფრო იღლებიან, მაშინ ირგვლივ რატომ არ კეთდება რამე?

აი, თუნდაც „პირველი სტერეო“ ეთერში გვიჩვენებს მომღერალს, რომელსაც გადაღლისაგან თვალები ამოღამებია. ის მაყურებელს ამაყად ეუბნება, რომ მან სიმღერის ჩაწერას რამდენიმე ღამე მოანდომა. შენც ფიქრობ, რომ თუ ამდენი იშრომა, ალბათ, მაგარი სიმღერა გამოვიდოდა. მერე კომპოზიციას გასმენინებენ და ხედავ, რომ სიმღერა კი არა ნაგავია. მაშინ რატომ იშრომა ამდენი და რატომ ჰქონდა წამებულის გამომეტყველება იმ საცოდავს? რისი თქმა სურდა? ნუთუ მხოლოდ იმისი, რომ დაიღალა? ყველაზე საინტერესო კი მაინც ისაა, თუ რატომ არიან ამ არხის წამყვანები ასეთი ბედნიერები, ყოველ წუთში რომ გაიძახიან მაგრად ვართო?

ასეთი მასობრივი, ფსიქოზური და რაც მთავარია, უშედეგო დაღლა, რაც საქართველოს მცხოვრებლებს ახასიათებთ, კაცობრიობის ისტორიას ალბათ, არც ახსოვს. დღეს დაღლა თითქოს მოდაში შემოვიდა. რაც ყველაზე სასაცილოა, ყველა თავის დაღლას სხვას ამადლის. კიდევ ერთი კითხვა: ვისთვის იღლება ნებისმიერი ადამიანი? შენ ფიქრობ, რომ ადამიანი ეგოისტიც და ალტრუისტიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის იღლება და არა შენთვის.

თუმცა ამქვეყნად არსებობენ ისეთებიც, რომლებიც დაუღალავად იღლებიან საკუთარი თავისთვისაც და შენთვისაც, მაგრამ ასეთები არასოდეს წუწუნებენ, ამიტომ თითქოს არ ჩანან, არც მარიაჟობენ საკუთარი გადაღლილობით, თუმცა ისეთ რამეს ქმნიან, რაც ძალიან მოგვწონს. მათ არც ყოველკვირეული რადიოინტერვიუები აქვთ და მათ სიმღერებს მარშრუტკებსა და ბაზრობებზე ვერ მოუსმენ. ისინი არც „ღამის კურიერებში“ სტუმრობით გვაბეზრებენ თავს და არც საკუთარი შემოქმედების ან მუშაობის გამო წუწუნებენ. ხომ არ ფიქრობ, რომ შენ მხოლოდ მოსაწყენმა ხალხმა მოგაწყინა თავი და დაგღალა ამდენი გადაღლილი ადამიანების ცქერამ? ამდენი ნაგავი (ორშაბათის რადიოინტერვიუ, ბრიტნი სპირსი, ქართული პოპსა და თევზის სუნი) ყელში ამოგივიდა.

გაუმარჯოს ქურთ მეეზოვეებს, რომლებსაც კარგა ხანია, მოწყენაც მოწყინდათ და ყოველდღე, ყოველგვარი წუწუნის გარეშე გვიან ჩვენ მიერ დაყრილი ნაგავს. გვიან ჭუჭყიან ქუჩებს. ჩვენი ქალაქი ვიღაცამ ხომ უნდა დაასუფთაოს?

No comments:

Post a Comment