მსოფლიოში პოპ-შემსრულებლები წარმატებებს ზედმეტად სექსუალური, ძვირადღირებული კლიპებით აღწევენ (შაკირა, ბრიტნი სპირსი, ჯორჯ მაიკლი, ენრიკე იგლესიასი და მრავალი სხვა). ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა პოპ-დუეტმა „პეტ შოპ ბოისმა“ საინტერესო კლიპი გადაიღო, რომლის მთავარი გმირია პატარა წრუწუნა. იგი რკინიგზის ლიანდაგის ქვემოდან ძვრება და არხეინად მიირთმევს ადამიანების მიერ მიწაზე დაყრილ საკვების ნარჩენებს. დაბალი ბიუჯეტის მიუხედავად, კლიპი საკმაოდ სკანდალური აღმოჩნდა, რადგან ძალიან ბევრმა ტელევიზიამ მის გაშვებაზე უარი განაცხადა – სამოყვარულო კამერით არის გადაღებულიო. ამასთან დაკავშირებით დუეტის ფრონტმენმა ნილ ტენანტმა აღშფოთებით განაცხადა, რომ დღეს, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში ტელევიზიებს უკვე აღარაფერი აინტერესებთ ქალის მოშიშვლებული უკანალების გარდა. ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში საქმე სხვაგვარადაა.
ჩვენთან კლიპს ორი სახის ვიდეოს ეძახიან: ერთი არის ფონოგრამული საკონცერტო გამოსვლების ფრაგმენტებით დამზადებული პროდუქტები, მეორე კი – სახელდობრ კლიპებია, რომელშიც ძირითადად დომინირებს არარეალური, ხშირ შემთხვევაში „სამარიაჟო“ ასპექტები. თითქმის ყველა ქართულ კლიპში შეიძლება წააწყდეთ ძვირადღირებულ ავტო-მოტო საშუალებას, რომელიც ისე არაბუნებრივად ჩანს ჩვენი გზებდანგრეული ქვეყნის სატელევიზიო ეკრანებზე, როგორი არაბუნებრიობითაცაა გაჟღენთილი თავად ამ სიმღერის შინაარსი. ქართული კლიპების უმრავლესობა დიდი საშინელებაა, ზოგიერთი კი იმდენად „ფენომენალური“ მოვლენაა, რომ, ალბათ, სათანადო შესწავლას საჭიროებს. თითზე ჩამოსათვლელი ერთეული შემთხვევების გარდა, თითქმის არც ერთ ქართულ კლიპში შემსრულებელი არ არის უბრალო მომღერალი, ადამიანი. იგი ეკრანზე ან ლა სკალას მომღერალივით დაყენებული ფიზიონომიით დგას და გვებღინძება, აქაოდა, შემხედეთ, რა მაგარი მომღერალი ვარო, ან ძველბიჭური „კაი ტიპის“ იერი აქვს მიღებული, თითქოს ამბობს, ქიციც ვიცი და ქიცმაცურიცო. ორივე შემთხვევაში შემსრულებელი ყალბია და არაბუნებრივი.
ქართველი კლიპმეიკერები დღეს ტელემაყურებლებს მტკნარად ატყუებენ, რაშიც მათ ხელს უწყობს სიმღერების ტექსტებიც. საინტერესოა, რატომ ირჩევენ ჩვენი მომღერლები ასეთ ყალბ სიმღერებს, ან სად დაკარგეს რეალობის შეგრძნება. წარმოიდგინეთ, ე. წ. განვითარებულ ქვეყნებშიც კი მუსიკოსებს სოციალური პრობლემები აწუხებთ, რომელსაც ისინი გულწრფელად ან გულისტკივილით, ან იუმორით მღერიან. ხოლო ამ დაქცეულ ქვეყანაში „ვარსკვლავები“ გვიმღერიან: „გიხაროდენს“, „ოო, რა კაიას“ და „ადექი იცეკვეს“, აგრეთვე, უამრავ ბოტანიკურ, ჰიდრომეტეოროლოგიურ სიმღერას. საინტერესოა, ნუთუ ჩვენს მომღერლებს არა აქვთ საკუთარი პრობლემები და მხოლოდ სხვისი ფსევდოპრობლემებით ცხოვრობენ. ყველაზე მეტად კი მაინტერესებს, ისინი ერთხელ მაინც თუ აღმოჩენილან ისეთ სიტუაციაში, რასაც თავად უმღერიან. ვფიქრობ – არასოდეს, რადგან სიზმრებსა და ოცნებებში სიყვარული მხოლოდ ავადმყოფებს შეუძლიათ. მათი სიმღერები კი მკვეთრად განსხვავდება არა მარტო დღევანდელი, არამედ, საერთოდ, ზოგადადამიანური (თვით გიჟური) ცხოვრების წესისგან.
ჯერ არ შემხვედრია ერთი ადამიანიც კი, რომელსაც გახარებია „გიხაროდენის“ მოსმენის შემდეგ. არ ვიცნობ ისეთსაც, ვისაც სიზმარში ან ოცნებაში შეყვარებია ვინმე. ჯერ არ მინახავს ისეთი ბავშვი, რომელიც სიხარულით (ან სევდიანად) იმღერებს ნავთობის ჭაბურღილთან ან მაღალი სიხშირის ძაბვის ანძასთან მდგომი. რატომ იტყუებიან ჩვენი მომღერლები? ისინი ინტერვიუებში ხომ ამბობენ, რომ ხალხისთვის მღერიან! ან, საერთოდ, რას ნიშნავს ხალხისთვის სიმღერა? ნუთუ მათ საკუთარი სათქმელი აღარა აქვთ თუ ნიჭი აღარ უწყობთ ხელს? იმედია, დადგება დრო, როცა ადამიანი მომღერალს საკუთარი, ინდივიდუალური, მართალი შემოქმედებით და არა მარტო ხმის სიძლიერით შეაფასებს. მომღერალი მაშინ არის ხალხის სამსახურში, როდესაც რეალურ ადამიანურ გრძნობებსა და განცდებზე მღერის და არა მოდური კლიშეებით დაყენებულ ფსევდოგრძნობებზე. ჩვენი მომღერლებიდან არავინ ითხოვს რაღაც წამებულის გვირგვინის დადგმას და მწარე სიმართლეების თქმას. უბრალოდ, იყვნენ მართლები და ნაღდები იმ საქმეში, რასაც ისინი ემსახურებიან. ამას კი, იმედია, კარგი კლიპები მოჰყვება, თორემ, როგორც უთქვამთ, სინდისიც კარგი საქონელია.
No comments:
Post a Comment