„არ შეიძლება ლიტერატურასა და მკითხველს შორის შუამავალი სახელმწიფო მინისტრი იყოს“
ქართულ ლიტერატურულ გამოცემებს ახალი გაზეთი შეემატა – „სუფთა წერა“. გაზეთი დააფუძნეს მწერლებმა: შოთა იათაშვილმა, ბესო ხვედელიძემ, შალვა ბაკურაძემ, დავით ქართველიშვილმა, დათო რობაქიძემ, ზაზა ბურჭულაძემ და ზურაბ რთველიაშვილმა. ეს მწერლები სამოღვაწეო ასპარეზზე 90-იანი წლებიდან გამოჩდნენ და ლიტერატურულ წრეებში უკვე საკმაოდ ცნობილნი არიან. „სუფთა წერით“ ისინი პოლიტიზირებულ მწერლურ კლანებს უპირისპირდებიან.
გაზეთის დამფუძნებლებმა პირობა დადეს, რომ თავიანთი ნაწარმოებები მხოლოდ „სუფთა წერაში“ დაბეჭდონ. ეს არ შეეხება მხოლოდ პუბლიცისტიკას. ზაზა ბურჭულაძე აცხადებს, რომ მათ გაზეთში არ დაიბეჭდებიან „სახელმწიფო დოტაციაზე მყოფი მწერლუკები“.
დავით ქართველიშვილი: ქართულ ლიტერატურულ პროცესში სიტუაცია აყროლებულია. ამიტომ დავარქვით გაზეთს „სუფთა წერა“. ჩვენ ვეცდებით, საკუთარი ძალებით გავასუფთავოთ ქართული ლიტერატურა.
ზაზა ბურჭულაძე: დღეს ყველაზე თვალშისაცემი ლიტერატურული პროსტიტუციაა. ამ გაზეთის გამოცემა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ამის უკან არ იგულისხმება ლიტერატურული მეძაობა. ჩვენგან არც ერთი არაა გაყიდული და რაიმე ფინანსური ინტერესები არ გვამოძრავებს. ჩვენს შემოქმედებას აერთიანებს იდეა. რა თქმა უნდა, ჩვენს გაზეთში კრიტიკაც დაიბეჭდება, რადგან მწერლისთვის კრიტიკა ისევე აუცილებელია, როგორც კოსმონავტისთვის სკაფანდრი. ამ გაზეთმა პრიზმის ფუნქცია უნდა შეასრულოს და უნდა გავარჩიოთ, რა არის ქაქი და რა – კარგი.
ზურაბ რთველიაშვილი: როდესაც აღმშენებლობაზეა საუბარი, იქვე შეიძლება დესტრუქციაზეც ვილაპარაკოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ცუდია. ამბობენ, 80-იანი წლების მიწურული და 90-იანების დასაწყისი დესტრუქციული წლები იყო. თუმცა სიახლის ძიების მცდელობებიც არსებობდა, მაგრამ ეს პროცესები კონტროლის ქვეშ არ იყო აყვანილი. ასეთი კონტროლი XXI საუკუნეში დაწესდა. უკვე გამოიკვეთა ორი ბანაკი – ძველი და ახალი ტრადიციონალისტების... ამ კორპორატიულ ხელოვნებაში არ არის გამორიცხული, ვთქვათ, ფირმა „ყაზბეგს“ ჰყავდეს თავის მწერალთა და მუსიკოსთა ჯგუფი. შეიძლება გარკვეულმა ჟურნალისტებმა მთავრობის რომელიღაც პოლიტიკური ძალის ინტერესები დაიცვან. მწერლისთვის ეს უპრინციპობაა. მწერლობაში უკვე არსებობენ დაჯგუფებები, კლანები, რომლებიც გარკვეულ მიზნებს ემსახურებიან. ჩვენ მათ ზნეობრიობას ვერ მოვთხოვთ. მათ ლიტერატურული გამოცემების ფურცლები გადააქციეს რაღაც დაჯგუფებების კონფრონტაციის პოლიგონად. ჩვენ პოზიციას გამოვხატავთ ლიტერატურული გაზეთის ფურცლებზე, ოღონდ ლიტერატურული ნაწარმოებებით და კრიტიკული სტატიებით. ჩვენ სწორედ ამ უპრინციპობას ვუპირისპირდებით.
დავით რობაქიძე: საქართველოში არსებობს ზონალური ლიტერატურული ჭაობი, რომელშიც ამ გაზეთის სახელით ამოვიდა თეთრი ლოტოსის ყვავილი.
ზაზა ბურჭულაძე: „სუფთა წერა“ სკოლას და კლასს გვახსენებს, როდესაც ბავშვის ტვინი ჯერ კიდევ შეუბღალავია. ჩვენ ამის პარალელს ვავლებთ ლიტერატურაში. გვინდა, შეურყვნელი ლიტერატურა შევთავაზოთ მკითხველს. ამით ლიტერატურულ პროსტიტუტკებს ვუპირისპირდებით. ბავშვზე დიდი მასწავლებელი არავინაა. ბავშვობაში ან უნდა დარჩე, ან მერე უნდა დაუბრუნდე მას. ჩვენ ბავშვობაში დარჩენილები ვართ, თუ მასში დაბრუნებულები, თავად მკითხველმა გადაწყვიტოს. მთავარი იდეა ის არის, რომ ჩვენ სუფთა ლიტერატურა შევთავაზოთ გონებადაბინძურებულ მკითხველს.
დავით რობაქიძე: ვინც არასოდეს ყოფილა მოწაფე, ვერასოდეს გახდება მასწავლებელი. თუ ისინი არ ისურვებენ, ჩვენთან ერთად ეს ყველაფერი ისწავლონ, იგივე ლიტერატურულ ჭაობში დარჩებიან. ჩვენ არ მოგვწონს საპნის კაცები, არც გასაპნულები.
შალვა ბაკურაძე: შემიძლია პარალელი გავავლო დღევანდელ ქართულ მუსიკალურ სივრცესთან. საქართველოს პოპ-სცენაც სრულიად გაუფასურებულმა, უხარისხო პროდუქციამ დაიკავა, ხოლო ნამდვილი ხელოვნება მიჩუმათებულია. პოპულარიზაცია მხოლოდ ნაგავს უკეთდება. ლიტერატურაშიც მსგავსი სიტუაციაა. ჩვენ პოპულარიზაციას გავუკეთებთ ნამდვილად სუფთა ლიტერატურას.
შოთა იათაშვილი: ამ გაზეთში ჩვენი ძალების კონცენტრაცია მოხდა. მე არ მინდა აქამდე ნათქვამი ისე გაიგოთ, რომ, რაც ადრე საქართველოში კეთდებოდა, ყველაფერი ბინძური იყო. 90-იანი წლების დასაწყისიდან რომ არ ყოფილიყო პროგრესული ლიტერატურული გამოცემები, თუნდაც ჩვენ ვერ მოვიყრიდით თავს. სუფთა ჰაერი სულ ტრიალებდა ზოგიერთ სივრცეში – გამოცემებში: „რუბიკონი“, „მესამე გზა“, „ალტერნატივა“, „არილი“ და ა. შ. ერთ-ერთმა ჩვენმა მკითხველმა ეს გაზეთი შრიფტით „ალტერნატივას“ მიამსგავსა. ამ მსგავსებაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ჩვენ (შვიდნი) ვერთიანდებით, რათა ხაზგასმით გამოვკვეთოთ ის პოზიტიური ასპექტები, რაც თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ხდება. ამ შემთხვევაში უფრო მეტის გაკეთების შესაძლებლობა გვეძლევა.
დღეს მწერლების დიდმა ნაწილმა ელემენტარული წერის პრინციპებიც კი არ იცის. მე გაზეთ „ალტერნატივას“ რედაქტორობის დიდი გამოცდილება მაქვს და ვხვდები, რომ ქართველი მწერლების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ნულ კლასშია. ამიტომ ფონს რაღაც შოუებით გადიან. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, პირველ რიგში, სუფთა წერა, ანუ ორთოგრაფია, გრამატიკა, სინტაქსი და ა. შ. ისწავლონ.
შალვა ბაკურაძე: საბჭოთა კავშირის დროს მწერალს ყველაფერზე აზრის გამოხატვას სთხოვდნენ, გარდა ლიტერატურისა. ეკითხებოდნენ, რა მოხდება ქართულ ფეხბურთში, როგორი ორიენტაცია უნდა ჰქონდეს სოციალისტურ ქვეყნებს და ა. შ. ბოლო 10 წლის განმავლობაში ლიტერატურა, წესით, უნდა დამდგარიყო საკუთარ რელსებზე, მაგრამ დღესაც იგივე ხდება. ისევ გამოჩდნენ პრივილეგირებული ავტორები, რომლებსაც ყველაფერი მოეკითხებათ ლიტერატურის გარდა.
ზაზა ბურჭულაძე: ამიტომაც სჭირდებათ მათ სახელმწიფო დოტაციაზე ყოფნა, ნაირგვარი სუფსიდიებით არსებობა და ლიტერატურის გარდა ყველაფრის კეთება. თუნდაც – რაღაც ბაფთიანი და უბაფთო ორდენების დაწესება, აგრეთვე, ათასი ხრიკი. ჩვენ მხოლოდ ლიტერატურას მივხედავთ. ნამდვილ ლიტერატურას შოუ არ სჭირდება. უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე. მთავარი მიზანია, ჩვენსა და მკითხველს შორის დიალოგი შედგეს. პირველად იყო სიტყვა და ყოველი შემოქმედი თავის ერთადერთ სიტყვას ეძებს. ჩვენ მკითხველთან გვინდა დიალოგის სუფთა ფორმა ავირჩიოთ. მკითხველსა და ლიტერატურას შორის სახელმწიფო მინისტრი შუამავლად არაა საჭირო.
ბესო ხვედელიძე: ჩვენს „სუფთა მანიფესტში“ მივუთითეთ: „სუფთა წერა“ განასხვავებს კულტურული ღირებულებების მქონე ტრადიციებს, ხელს უწყობს მათი განვითარების შესაძლებლობებს და ახლებურ წარმოჩენას“, ანუ სისუფთავეს ყველაფერში ვეძებთ. მნიშვნელობა არა აქვს, ეს ეროვნული თუ სხვა ტრადიციებიდან წამოვა. მთავარია, სისუფთავე. ჩვენ არ დავბეჭდავთ გაყიდულ მწერლებს. აუცილებლად ორიენტაცია გაკეთდება მწერლის ტექსტზე და არა მის სახელზე. ვფიქრობთ ერთი ისეთი ნომრის გაკეთებასაც, სადაც საერთოდ არ იქნება მითითებული ავტორის ვინაობა.
შალვა ბაკურაძე: ლიტერატურა უნდა მივიდეს მკითხველთან. წლების განმავლობაში ბევრი ახალგაზრდა წავიდა აქედან. ზოგი გარდაიცვალა, ზოგიც სხვა ქვეყანაში გადასახლდა. იგივე მოხდა მუსიკაშიც. რა დარჩა საქართველოში? ნაგავი! არ მინდა, მეც სადღაც ამერიკაში ამოვყო თავი და ემიგრანტი გავხდე. მინდა, ქართველ მკითხველს ქართული სიტყვით ვემსახურო.
rogor sheidzleba "sufta weris" romelime redaqtors davikavshirde?
ReplyDeleteსტატიის გამოქვეყნების თარიღს თუ დაავირდებით, ნახავთ, რომ ეგ გაზეთი დიდი ხნის წინ გამოდიოდა, ახლა უკვე აღარ არსებობს. .)
ReplyDelete