Monday, October 21, 2002

„გულავი“

ბევრი ამტკიცებს, რომ ქართველებს კარგად გვესმის დროის გატარების, ე. წ. „გულავის“ ფასი. ვინც ამას ამბობს, ყოველთვის როდი აკვირდება, ვიცით თუ არა სხვა რამის ფასი. „საგულაოდ“ ქართველები ყოველთვის მწუხრს, ღამეს ირჩევენ და ცდილობენ, შეიქმნან სასიამოვნო გარემო სასიამოვნო მუსიკის თანხლებით.

წარმოიდგინე, თბილისში შემოდგომის გრილი ღამე ჩამოწვა. შენ და შენმა ამხანაგებმა არ იცით, რა გააკეთოთ. ამიტომ შედიხართ ერთ-ერთ თბილისურ ღამის დაწესებულებაში, სადაც მთელი ხმითაა ჩართული რადიო „ფორტუნა პლიუსი“, რომელშიც უბიწო, მაგრამ სექსუალური ხმით ჯენიფერ ლოპესი მღერის. აქვე სხედან ერთმანეთს მიწებებული შეყვარებული წყვილები, რომლებიც საწოლში ჩაგორების წინა პრელუდიას გადიან. სიგარეტის კვამლით გაჯერებული კაფეს ინტერიერი უფრო კაზინოს შემოსასვლელს წააგავს, ვიდრე საკვების მიღებისთვის განკუთვნილი დაწესებულების დარბაზს. შენ და შენი მეგობრები ღრეობთ, გამოგაქვთ არაყი და ხინკალი. მუსიკის აწეული ხმის გამო ხმამაღლა საუბრობთ, თითქმის ყვირით. ადღეგრძელებთ თქვენს უბანს, თბილისს, მშობლებს, დედმამიშვილებს, ხოლო სამშობლოს სადღეგრძელოს ენრიკე იგლესიასის სიმღერის ფონზე ბღავილითა და ცრემლის ღვარღვარით ამბობთ.

დარბაზში გამეფებული მუსიკა გულს გიჩუყებთ – საკუთარი თავი გებრალებათ, რომ ამ დაქცეულ ქვეყანაში დაიბადეთ და არა რიო დე ჟანეიროში. ვნებები გიმძაფრდებათ და ცეკვის სურვილიც იბადება. შენი ამხანაგი ვიღაც გოგონას იღებს მიზანში და საცეკვაოდ იწვევს.

ამხანაგი ქურთუკის საყელოგადაღეღილი ენერგიულად ცეკვავს – თუ ბანცალს ცეკვა ჰქვია – მარცხენა ხელით კი შავ გაოფლილ ცხვირსახოცს აფრიალებს. უცხო გოგონასაც ხელები მოუმუშტავს და დაძაბულად, დარცხვენით იკვანწება. მისი დაქალები მაგიდასთან ქირილებენ და თქვენსკენ თვალებს აპარებენ. ალკოჰოლი და ვნება შენც გერევა და გოგონების მაგიდისკენ მიემართები. გოგონები ქირქილს უმატებენ. სახეაფაკლული, ცოტა მსუქანი, მაგრამ მოკლეკაბიანი თვალდახრილი გოგონა შენ გემორჩილება.

უკვე დერენ ჰეისის ყმუილი ჰქუხს და ნელ ცეკვაზე გადადიხართ. შავცხვირსახოციანი ამხანაგი უკვე გოგონას ესაუბრება – არკვევს რომელი უბნელია. შენი მეორე ამხანაგი კი ოფიციანტს უყვირის და „ქართულების“ ჩართვას სთხოვს. ოფიციანტის განმარტებას, რომ ახლა რადიოა ჩართული და ამიტომ თხოვნას ვერ შევასრულებო, შედეგი არ მოაქვს. პირიქით, ამხანაგი უფრო ინთება და ოფიციანტის დედას საროსკიპოში აგზავნის. თანამედროვე ღამის დაწესებულებებს, როგორც მოგეხსებათ, დაცვაც ჰყავს, რომლის წარმომადგენლებიც შენს მეორე ამხანაგს ეჭიდავებიან და ცდილობენ, გარეთ გააგდონ. თქვენ გოგონებს საცეკვაო დარბაზში ტოვებთ და დედის გინებითა და ყვირილით ცდილობთ, ამხანაგს მიეშველოთ.

კაფეში უკვე ხელჩართული ჩხუბი იწყება. დაცვა ახერხებს თქვენს გარეთ გაგდებას და კარის მაგრად ჩაკეტვას. თქვენ კი შეურაცხყოფილები, თვალებჩალილავებულები და მთვრალები ისევ აგრძელებთ საკუთარი დედებისა და დაცვის ბიჭების გინებას.

ამის მიუხედავად, მეორე დღეს მაინც აუცილებლად იტყვით, რომ წინა ღამით მაგრად „იგულავეთ“. ასი პროცენტით გეთანხმებით – თქვენ მართლაც „იგულავეთ“, რადგან სხვა სიტყვა ნამდვილად არ შეეფერება თქვენს ტრაპეზს იმ მუსიკის ფონზე, რომელიც იმ კაფეში იყო ჩართული. თუმცა „გულაობისთვის“ თქვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რას მღერის, მაგრამ ეს ერთმნიშვნელოვნად „ვარსკვლავი“ უნდა იყოს – გინდ ქართველი, გინდაც რიო დე ჟანეიროელი. როდესაც მათი „ტკბილი“, მადის აღმძვრელი მუსიკაა ჩართული, ხინკლის ჭამა და კვინტრიში დიახაც, რომ ფრიად სასარგებლოა.

ასე რომ, პოპსა საჭმლის მონელების ტრაქტს, საკვები რაციონის გადამუშავებასა და მერე დედის გინებას სალბუნად ედება. ამიტომ, თუ მოგშივდათ, სანამ რამეს მიირთმევდეთ, შეგიძლიათ ბრიტნი სპირსი ჩართოთ. იგი აუცილებლად გაგიათმაგებთ საკვების მიღების მადას და გარწმუნებთ, საცივს მშიერი ქორივით დააცხრებით. მაგრამ სამშობლო არ დაგავიწყდეთ და „გულაობაში“ აუცილებლად ქართული ესტრადაც ჩართეთ. ქართული ენა ქართული სადღეგრძელოების მომზადებაშიც დაგეხმარებათ. ხშირად გითქვამთ: „ვჭამთ, ვსვამთ და მაინც არავინაა მადლიერი“. ეს კი არ დაიჯეროთ! ჩართეთ ქართული ესტრადა და ჭამეთ, სვით, იკვინტრიშეთ, იჩხუბეთ, ერთი სიტყვით, „იგულავეთ“. ქართველი და მსოფლიოს ესტრადის „ვარსკვლავები“ ამ დიდ ამაგს არ დაგივიწყებთ.

No comments:

Post a Comment