„მძიმე ყოფაქცევის“ თბილისელი გოგონების დიდი წარმატება როკის ევროპულ სამშობლოში
„ახალი ვერსიის“ მკითხველი ალბათ შეამჩნევდა, რომ ჩვენ მთელი სექტემბრის განმავლობაში ექსკლუზიური უფლებებით ვაშუქებდით გოგონათა ჯგუფ „ემბრიონისა“ და „Soft Eject“-ის ინგლისურ ვოიაჟს. როგორც იცით, „მძიმე ყოფაქცევის“ ქართველმა გოგონებმა მონაწილეობა მიიღეს მანჩესტერის საერთაშორისო ფესტივალში „In The City“ და ჩვენდა გასახარად, გაიმარჯვეს. უფრო მეტიც, ბრიტანელები სასიამოვნოდ გააოცეს და ძალიან ბევრს საქართველო გააცნეს.
ჩვენთვის გოგონების გამარჯვება თუნდაც იმითაც არის სასიხარულო, რომ ამ ნიუ-მეტალ ჯგუფის (ინგლისში ასე უწოდეს) „ემბრიონის“ არსებობის მცირე ისტორიის განმავლობაში „ახალი ვერსია“ მათ ყურადღებას არ აკლებდა და დარწმუნებული იყო ამ არაჩვეულებრივი თბილისელი გოგონების ნიჭიერებაში. ფესტივალზე გამარჯვების შემდეგ, ისინი რედაქციაში გვეწვივნენ „სოფტების“ ერთ-ერთ ფრონტმენ, გია ქარჩხაძესთან ერთად, რომელიც ამჟამად „ემბრიონელთა“ ქართველი მენეჯერია და თავიანთ ბრიტანულ შთაბეჭდილებებსა და გეგმების შესახებ ისაუბრეს.
ნინო ლეშენკო (ვოკალისტი): სანამ ინგლისში ფესტივალზე გავემგზავრებოდით, გაირკვა, რომ ჩვენ მოვხვდით საუკეთესო 50 ჯგუფს შორის, რომელიც 5000 კოლექტივს შორის შეარჩიეს. ფესტივალზე დაკვრის შემდეგ ამ 50 ჯგუფშიც საუკეთესოდ დაგვასახელეს. დანარჩენები ძირითადად, ბრიტანელები იყვნენ, თუმცა, მგონი, ერთი ჯგუფი ბრაზილიიდან იყო.
სოფო ფრუიძე (დასარტყამი ინსტრუმენტები): ეს ის ჯგუფები იყვნენ, რომლებსაც რაიმე კონტრაქტზე ხელი არ ჰქონდათ მოწერილი.
მაკა ბაქრაძე (ბასი): ჩვენ ის უპირატესობა გვქონდა, რომ განსაკუთრებულ სცენაზე გვაკრევინებდნენ, უფრო სერიოზული ხალხი გვისმენდა, უფრო მეტი ყურადღება ეთმობოდა ამ ჯგუფებს და კონტრაქტის დადების უფრო მეტი შანსი არსებობდა.
ნ. ლ.: ინგლისში პირველი კონცერტი ლივერპულის „კავერნში“ გვქონდა. 14 სექტემბერს ფესტივალი გავხსენით. გამარჯვების შემდეგ კი ფესტივალი ჩვენ დაგვახურინეს, როგორც გამარჯვებულებს. ეს კონცერტი ლონდონში ჩატარდა.
ს. ფ.: ამ გამარჯვებას რამდენიმე კომპანიის მხრიდან შემოთავაზებები მოჰყვა. ხელშეკრულებას ისინი ალბათ ერთ-ერთთან დავდებთ. დილით ძალიან ადრე, 7 საათზე ვდგებოდით და მთელი დღის განმავლობაში ვმუშაობდით. მართლა ძალიან დავიღალეთ, მაგრამ სასიამოვნოდ. ძალიან დადებითი ენერგიებით ჩამოვედით.
მ. ბ.: კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ, ალბათ, ინგლისის გარშემო ტური დაიგეგმება, ალბომსაც ჩავწერთ და კლიპსაც გადავიღებთ.
გია ქარჩხაძე („ემბრიონის“ მენეჯერი): ამ ფესტივალს ყველაზე ინტენსიურად ინტერნეტ-პრესა აშუქებდა, განსაკუთრებით ჟურნალი „ფლეილაუდერი“ (www.playlouder.co.uk). ამ გვერდზე რამდენიმე სტატია გამოქვეყნდა გოგონების შესახებ (http://playlouder.com/dhtml/#/content/13279/oh-boy-georgians), მათ შორის, ინტერვიუც. რადიო „ბი-ბი-სი“-ს საინფორმაციო პროგრამა „World News“-მაც აიღო ჩვენგან ინტერვიუ, მანჩესტერის რადიოში ცოცხლად დავუკარით. კონცერტი გავმართეთ, აგრეთვე, Mtv-ის ლონდონის ფილიალშიც, სადაც აკუსტიკური კონცერტები იწერება.
ს. ფ.: ყველას ამერიკის ჯორჯიის შტატიდან ვეგონეთ, ამიტომ ხშირად ახსნა-განმარტებების მიცემა გვიხდებოდა. ძალიან მოგვენატრა თბილისი. თუმცა თავად ინგლისის ბუნება, ქუჩების განლაგებაც კი საქართველოს გვაგონებდა. ერთხელ ლონდონის ერთ ქუჩაზე ვსეირნობდით და თავი ვაკეში ვიგრძენით. არ ვიცი ეს ასოციაციები რატომ გვიჩნდებოდა. ალბათ, ძალიან გვიყვარს, ძალიან გვენატრებოდა და ამიტომ ვამსგავსებდით ინგლისს საქართველოს.
ნ. ლ.: ინგლისელთა უმეტესობას წარმოდგენაც არ ჰქონდა საქართველოზე. ჩვენ ვამბობდით, რომ რუსების მეზობლები ვართ და ადრე სსრკ-ს შემადგენლობაში ვიყავით.
მ. ბ.: ჟურნალისტებმა კარგად იცოდნენ ქინქლაძე და შევარდნაძე, ამიტომ მათ სახელებს ხშირად ვახსენებდით. ინგლისში ძალიან მკაცრი პუბლიკაა. ჩვენ ცოტა გვიკვირდა კიდეც, ისე თბილად გვეპყრობოდნენ. ძალიან დიდი ოვაციები იყო და სცენაზე დარჩენას გვთხოვდნენ, მაგრამ მხოლოდ საათნახევრიანი პროგრამის შესრულების უფლება გვქონდა. უკვე ინგლისიც ძალიან გვენატრება.
გ. ქ.: ბრიტანეთში ისევ წასვლამდე გვინდა, ერთი დიდი კონცერტი თბილისში გავაკეთოთ. ის ალბათ უნივერსიტეტში გაიმართება. ინგლისში „ემბრიონის“ მენეჯერ-კომპანია შეიქმნა, რომელშიც სამი წევრი ვართ გაერთიანებული. ჩემს გარდა ჯგუფის მენეჯერები არიან მარკ ტოლე და ჯონ კინგი. ამჟამად მარკი პროდიუსირებასაც აკეთებს, მაგრამ საბოლოოდ პროდიუსერს ალბათ ვიქირავებთ. თუ დიდი კონტრაქტი გავაკეთეთ, შეიძლება „რედ ჰოთ ჩილი პეპერსის“ პროდიუსერიც კი მოიყვანო, რომელიც გარკვეული თანხის გადახდის შემდეგ თავის საქმეს გააკეთებს. ტოლე ახლა ოთხ სხვადასხვა ჯგუფზე მუშაობს. მისი ყველაზე ცნობილი ჯგუფია „სტოუნროუზისი“, რომელმაც უკვე ოქროს დისკის აღებაც კი მოახერხა. ახლა, სიმართლე რომ გითხრათ, ის ყველაზე დიდ იმედებს „ემბრიონზე“ ამყარებს.
ს. ფ.: მარკი ძალიან თბილია. იმდენად თბილი, როდესაც თბილისიდან ვაცილებდით, აეროპორტში ვტიროდით, ხოლო იქიდან ჩვენი წამოსვლისას მარკი ტიროდა. ახლაც ერთი სული აქვს, როდის გვნახავს. ჩვენც ძალიან გვენატრება. ჯონ კინგს ასე კარგად არ ვიცნობთ. იგი ჩვენს კონცერტებს ესწრებოდა.
ნ. ლ.: ჩვენ უკვე დავიწყეთ რეპეტიციები, ახალი სიმღერების გაკეთება, რომელიც ადრინდელ ნაწარმოებებთან ერთად მომავალი ფირფიტის მასალა იქნება. გვინდა 14-15 სიმღერა მზად გვქონდეს. თბილისში ახალ სიმღერებსაც შევასრულებთ. ჩვენს პროგრამასაც გავზრდით. ნახევარი საათი ცოტაა იმისთვის, რომ სოლო კონცერტზე დავუკრათ.
გ. ქ.: როგორც კი ლონდონში ჩავალთ, შევდივართ სტუდიაში, რომელსაც ჰქვია „Strongroom“. ჩვენ სამი დღე დაგვითმეს, როგორც ფესტივალში გამარჯვებულებს და ორი სიმღერა უნდა ჩავწეროთ. ეს სიმღერები ინგლისის რადიოებში დატრიალდება. ალბომისა და სინგლის ჩაწერას მას შემდეგ დავიწყებთ, როცა რომელიმე რეკორდ-კომპანიასთან კონტრაქტს დავდებთ. მანამდე ეს იქნება ორი დასრულებული, საჩვენებელი სიმღერა.
ს. ფ.: იქ არავინ შეგვყვარებია. მაგის დრო ვის ქონდა? არ გვეცალა. არც იქით შეგვყვარებია ვინმე და არც აქეთ გვიყვარს. მართლა არ გვცალია.
ნ. ლ.: ძალიან რთულია სწავლისა და მუსიკის შეთავსება. მე მონპელიეს თბილისის უნივერსიტეტში ფრანგულ ენას ვსწავლობ. ჩვენთან კი ძალიან სიმკაცრეა. ჩემთვის ეს დიდი პრობლემაა, მაგრამ, ასე თუ ისე, ვცდილობ, რამენაირად მოვაგვარო და სწავლა და მუსიკა ერთმანეთს შევუთავსო.
ს. ფ.: ეს მართლაც დიდი პრობლემაა, რადგან მშობლები თვლიან, რომ, პირველ რიგში, უნდა ვისწავლოთ. თუმცა ოჯახში დაინახეს, რომ ჩვენ სერიოზულად ვმუშაობთ და რეპეტიციებზე გასართობად არ დავდიოდით. ჩემები ამას შეეგუენ და დამშვიდდნენ. მანამდე კი სულ მეხვეწებოდნენ, ისწავლეო. პირველად ფსიქოლოგიურზე ვსწავლობდი. გამოვედი, მერე ჯაზ-აკადემიაშიც ჩავაბარე და იმასაც თავი მივანებე. წელს კი უნივერსიტეტში სარეჟისორო მივატოვე ინგლისურის გამო. სხვათა შორის, მამაჩემს ჩვენი მუსიკა ძალიან მოსწონს.
მ. ბ.: მე არა მაქვს პრობლემები. მართალია, ჩემს მშობლებს ძალიან უნდათ, რომ ვსწავლობდე, მაგრამ ჩემს სურვილსაც დიდ ყურადღებას აქცევენ. იციან, რომ არასოდეს ცუდს არ გავაკეთებ. ისინი საკმაოდ კარგად იცნობენ ჩვენს შემოქმედებას.
ნ. ლ.: ჩემი მშობლები ინგლისში გამარჯვებამდეც მხარს მიჭერდნენ. მათ ჩვენი მუსიკა მოსწონთ კიდეც. თუმცა დედაჩემს ცოტა ეშინია, როცა აგრესიული ხმით ვმღერი.
გ. ქ.: მარკი ალბათ მალე ჩამოვა თბილისში და თუ რამე არ შეიცვალა, მერე ერთად დავბრუნდებით ინგლისში ორი კვირით. ჩვენს გეგმაშია ორი სიმღერის ჩაწერა, ორი კონცერტი, რადიოინტერვიუები და კონტრაქტებზე ხელის მოწერა. კონტრაქტის მერე კი ვნახოთ.
No comments:
Post a Comment