Tuesday, December 7, 2010

ბობ დილანი - Bob Dylan

ბობ დილანი, იგივე რობერტ ალენ ციმერმანი 69 წლისაა. მკითხველისთვის საინტერესო იქნება თუ რას ფიქრობს ამერიკელი მუსიკოსი, პოეტი და მხატვარი, თანამედროვე მუსიკის ცოცხალი ლეგენდა განვლილ წლებზე, აწმყოსა და მომავალზე. როგორია მისი თამაშის წესები. ამას მისი გულახდილი საუბრებიდან შეიტყობთ.

თავს პოეტად არ მივიჩნევ, რადგან არ მიყვარს სიტყვა „პოეტი“. ჩამთვალეთ ტანმოვარჯიშედ რეპეტიციაზე.

ამბობენ დილანი არავის ესაუბრებაო. რა სისულელეა! მე ამისთვის არ გამოვდივარ პუბლიკის წინაშე.

თუ გინდა იპოვო ის, ვისაც დაუჯერებ, შეწყვიტე საკუთარი თავის მოტყუება.

შესამჩნევ პერსონად ყოფნა უმძიმესი ტვირთია. ქრისტე იმიტომ აცვეს ჯვარს, რომ ზედმეტად შესამჩნევი გახდა.

არასოდეს მნდომებია წინასწარმეტყველი ან მაცხოვარი გავმხდარიყავი. შესაძლოა მსურდა, ელვის პრესლი ვყოფილიყავი. ძალიან იოლად წარმოვიდგენ თავს მის ადგილას, მაგრამ წინასწარმეტყველად – არა, არასოდეს.

როდესაც ელვისს პირველად მოვუსმინე, მივხვდი, რომ არასოდეს არავინ გახდებოდა ჩემი უფროსი. მისი მოსმენის შემდეგ ვიგრძენი, რომ თითქოს ციხე გავარღვიე.

უკვე არც ისე ახალგაზრდა ვარ. ამიტომ ყოველთვის, როცა დილით ვიღვიძებ და ძალ-ღონის მოზღვავებას ვგრძნობ, ვფიქრობ: „შესანიშნავია, როგორც ჩანს, არც ისე მალე ვნახავ ელვისს“.

ჰიბინგში (ქალაქი მინესოტას შტატში), სადაც მე გავიზარდე, არასოდეს ყოფილა რაბინი. იგი იმ მომენტში გაჩნდა, როდესაც ჩემი ბარ-მიცვის (იუდეური წეს-ჩვეულება, რომელიც აღინიშნება, როცა ყმაწვილი ბიჭუნა 13 წლის ხდება ლ. გ.) დრო დადგა. იგი ჰიბინგში მხოლოდ ერთი წლით ჩამოვიდა – ცოლთან ერთად შუა ზამთარში ავტობუსს ჩამოჰყვა. ეს თეთრწვერა და შავსამოსიანი ბრუკლინელი მოხუცი გახლდათ. იგი იმ კაფეს თავზე დაასახლდა, რომელიც ქალაქის მთავარ გასართობად ითვლებოდა. ეს როკ-ენ-როლ კაფე იყო, სადაც ყოველდღე დავდიოდი. ასე რომ, რაბინთან გატარებული საათის შემდეგ, მე თავით ვეშვებოდი სიშლეგეში.

მინესოტელი ვარ. ეს არის ადგილი, სადაც არაფერი ხდება. არ ვიცრუებ და არ ვიტყვი, რომ იქიდან გამოვიქეცი, სამყარო რომ მენახა ან დამეპყრო. იქიდან უბრალოდ წამოვედი და როდესაც ამას ვაკეთებდი, მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი: მჭირდებოდა წამოსვლა, რომ აღარასოდეს დავბრუნებულიყავი.

მამაჩემმა არც ისე ბევრი, შეიძლება ითქვას, თითქმის არაფერი დამიტოვა. ძალზედ უბრალო ადამიანი გახლდათ და ერთხელ მითხრა: „შვილო, შენ ხომ იცი, ამ ცხოვრებაში იოლია თავი ისე გაიფუჭო, რომ დედ-მამამაც კი შეიძლება ზურგი შეგაქციოს. ამიტომ დაიმახსოვრე, ერთადერთი, ვინც შენს გამოსწორებას ირწმუნებს, უფალი ღმერთი იქნება“.

საკმაოდ ჩამოვცილდი რწმენას, რადგან რწმენა ყოველთვის გაიძულებს, თავი დამნაშავედ იგრძნო.

ადამიანები იშვიათად აკეთებენ იმას, რისიც სწამთ. გაცილებით ხშირად ისინი იმას აკეთებენ, რაც მოცემულ სიტუაციაში სჭირდებათ და მერე ამას ნანობენ.

არსებობს ერთი რამ, რომელსაც უმრავლესობა უბრალოდ ვერ იგებს: გრძელი თმით სიარული უფრო თბილია, ვიდრე მოკლეთი. მოკლეთმიანები უფრო მალე იყინებიან. ისინი იძულებულები არიან დაფარონ საკუთარი კანკალი და ჟრჟოლა და ყოველთვის შურდეთ იმათი, ვინც სითბოშია. შემდეგ ასეთი ადამიანები დალაქები, ან უფრო უარესი – კონგრესმენები ხდებიან. ციხის მეთვალყურეთა უმრავლესობასაც მოკლე თმა აქვს. და საერთოდ, ოდესმე თუ აღგინიშნავთ, რომ აბრაამ ლინკოლნს გაცილებით გრძელი თმა ჰქონდა, ვიდრე ჯონ უილქს ბუტს (თეატრის მსახიობი, ლინკოლნის მკვლელი – ლ. გ.).

მეზიზღება თანასწორობაზე ლაყბობა. ერთადერთი, რაშიც ადამიანები თანასწორნი ვართ ისაა, რომ ყველანი მოვკვდებით.

მომწონს ბარაქ ობამა. იგი რომელიღაც წიგნის პერსონაჟს ჰგავს, რომელიც სინამდვილეშიც არსებობს.

პოლიტიკოსები ყოველთვის უფრო მეტ პრობლემას აჩენენ, ვიდრე შეუძლიათ მოაგვარონ.

როდესაც ახალ ამბებს ვუყურებ, ვხვდები, მსოფლიოს მართავენ ისინი, ვინც მუსიკას არ უსმენენ.

ომი დღეს ყველგანაა. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ომი უკანა ეზოებშიც კი გაჩაღებულია.

მორალი და პოლიტიკა ზედმეტად შორს არიან ერთმანეთისგან.

მზად ვარ დავწერო სიმღერა ჯორჯ ბუშზეც კი. უკიდურეს შემთხვევაში, მის სახელზე რითმის შერჩევა არ გაჭირდება.

არც ერთი პოლიტიკური სიმღერა არ დამიწერია, რადგან მუსიკა მსოფლიოს ვერ გადაარჩენს.

სიცოცხლის განმავლობაში სულ რაღაც ოთხი სიმღერა დავწერე, მაგრამ ეს ოთხი სიმღერა მილიონჯერ დავწერე.

ფეხებზე მკიდია მელოდიის წარმოშობა, რადგან ყველა მელოდია ამა თუ იმ აზრით, ტრადიციულია და უფრო დიდი ხნით ადრე დაიბადა, ვიდრე მე გავჩნდებოდი.

ფოლკმა საკუთარი თავი გაანადგურა. არავის უცდია მისი განადგურება. ამასთან, იგი ყოველთვის აქაა და თუ იცი, სადაც უნდა ეძებო, ყოველთვის აქ დარჩება.

ჩემს შესახებ რომ შეიტყო, შეგიძლია უბრალოდ ჩემს სიმღერებს მოუსმინო. მთავარია, საჭირო სიმღერები ამოარჩიო. მე ხომ დრამატურგი არა ვარ, ამიტომ ჩემი სიმღერების მთავარი პერსონაჟი თავად გახლავართ.

ჩემი მუსიკა თუ მოგწონს, არ ნიშნავს, რომ შენი ვალი მაქვს.

რა არის კარგი ფანატებში? შენ ვერ შეძლებ აპლოდისმენტებით საუზმობას და ვერც მათთან ერთად დაიძინებ.

ხდება ხოლმე, ჩემთან მოდის ვინმე და ამბობს – მაინც რა მაგარი ბრძანდებით. მაგრამ ამას იშვიათად ვიღებ კომპლიმენტად. რადგან ვინც ამბობს „მაინც რა მაგარი ბრძანდებით“, როგორც წესი, ჩამოყალიბებული გიჟია.

ოდესღაც ბიცოლაჩემი ერთსა და იმავეს მემუდარებოდა: „ბობი, ბოლო-ბოლო როდის დაწერ ჩემზე სიმღერას? მინდა რადიოში მოვხვდე“. ამის მოსმენა გაუსაძლის წამებად იქცა. „უკვე დავწერე ბიცოლა, – ვუთხარი ერთხელ. – უბრალოდ, თქვენი მიმღები სხვა სადგურზეა აწყობილი“.

არავითარ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ მათ მიმართ, ვინც თავს ჩემს გულშემატკივრებად ასაღებენ. პასუხისმგებელი ვარ იმაზე, რასაც ვქმნი, ხოლო გულშემატკივრების შექმნით არ ვარ დაკავებული.

იმ ადამიანების წინაშე, ვისთვისაც ვუკრავ, შემიძლია ყველაზე მეტად დავრჩე ის, რასაც წარმოვადგენ, – არ ვითამაშო მათთან და არ ვუწოდო საკუთარ თავს უდიდესი მებრძოლი, ან დიადი საყვარელი, ან დიდებული ვუნდერკინდი. არც ერთი ვარ, არც მეორე და არც მესამე და არ მინდა ვინმე შედცომაში შევიყვანო. დაე, ეს აკეთონ მედისონ ავენიუზე (ნიუ-იორკის ქუჩა, სადაც ტრადიციულად სარეკლამო კომპანიებია განთავსებული ლ. გ.), რადგან გაყიდვა მათი საქმეა.

მე მომწონს ფულის კეთება.

პოეტი რომ იყო, სრულიად არაა აუცილებელი რამე წერო. ზოგიერთი მთელი ცხოვრება ავტოგასამართ სადგურებზე მუშაობს და პოეტია.

მიაჩნიათ, რომ ხელოვნების სამყარო სავსეა ლამაზი ქალებით. მაგრამ მე ასე ვიტყვი: მას, ვისაც უნდა თავის ცხოვრებაში აუარება ლამაზმანის ხილვა, უკეთესია ადვოკატი ან ექიმი გამოვიდეს, კიდევ უფრო უკეთესი შანსია კერძო დეტექტივობა.

ვისაც სურვილი აქვს მუსიკით სერიოზულად დაკავდეს, უნდა დაიმახსოვროს, რომ აკორდეონს შეუძლია პრაქტიკულად ყველა ინსტრუმენტის ჩანაცვლება.

მუსიკა ისეთი უნდა იყოს, რომ თავში კბილის ტკივილივით გაგიჯდეს.

„ბითლზი“ – ეს უდიდესი მუსიკაა, მაგრამ მე მას როკ-ენ-როლს ვერ დავარქმევდი. როკ-ენ-როლი – ეს მოზარდების სექსის იმიტაციაა და მეტი არაფერი.

მე მგონი საკმაოდ ხშირად ვუყურებ ტელევიზორს.

ყველაზე მეტად იმედს მიცრუებს და ძალას მაცლის, როცა ვხედავ, თუ როგორ დადიან თანამედროვე ახალგაზრდები ქუჩებში თავიანთი მობილურებითა და აიპოდებით ხელში, თავიდან ფეხებამდე ფაილებსა და ვიდეოთამაშებში გახვეულები. ყველა ეს საგანი მათ საკუთარ პიროვნებას ჰპარავს, რეალური ცხოვრების ტალღაზე აწყობის საშუალებას არ აძლევს. რა თქმა უნდა, ისინი თავისუფლები არიან და შეუძლიათ აკეთონ ის, რაც სურთ, – თუ აქ საერთოდ თავისუფლებაზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ თავისუფლება დღეს არაა იაფი. ვიმედოვნებ, რომ მათ შეუძლიათ გააცნობიერონ ეს აზრი მანამ, სანამ საკუთარ ცხოვრებას სხვადასხვა ელექტრონულ სისულელეზე გაფლანგავენ.

არ ვფიქრობ, რომ თანამედროვე სამყაროს მიღმა ვცხოვრობ. უბრალოდ, ოდნავ გვერდზე ვარ.

ადამიანებს, რომელთაც ყველაფერი ჰკიდიათ, სხვადასხვანაირები არიან. ბენზოგასამართი სადგურის ოპერატორსა და ძენ-ბუდისტს სხვადასხვა მიზეზების გამო არ სურთ საკუთარი თავები ათასი სისულელით გამოიტენონ.

ას მილიონამდე ჩემი ფირფიტა გავყიდე, მაგრამ აზრზე არა ვარ, როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო.

წარმატება – ესაა შესაძლებლობა დილით გაიღვიძო და საღამოს დაიძინო, ხოლო ამ ორ მოვლენას შორის მოასწრო იმის გაკეთება, რაც ყველაზე მეტად მოგწონს.

შთაგონება არც ისე ხშირად გვსტუმრობს, როგორც ჩვენ ეს გვსურს. ასე რომ, ჩაავლე ხელი იქ, სადაც შეხვდები.

იმედი და შიში სულ ერთად დადიან, როგორც პროფესიონალი კომედიური დუეტი.

თუკი ყოველი ჩვენი სიზმრის დამახსოვრებას ვისწავლით, ძალიან ბევრს შევიტყობთ ჩვენს ქვეცნობიერზე. ეს იგივეა, მიახლოების გარეშე გაიგო, თუ რა არის ბნელ კუთხეში.

პატივს ვცემ ქაოსს, მაგრამ დარწმუნებული არა ვარ, რომ ქაოსსაც მოვწონვარ.

შეუძლებელია იყო ერთდროულად შეყვარებული და ბრძენი.

მგონი, 80-იანებში გავეჭედე.

ჟურნალი „ათიანში“ #10, სექტემბერი, 2010 წელი

7 comments:

  1. ის ჭეშმარიტი ხელოვანია,რომლის თვითმიზანი პოპულარობა და აღიარება არასოდეს ყოფილა..ნამდვილ შემოქმედს ეს არ აინტერესებს,ის მთელი ცხოვრება ძიებაშია და ამ ძიების პროცესში შედევრებს ქმნის...

    ReplyDelete
  2. გმადლობთ რომ ეს გამოაქვეყნეთ:)) კარგი იქნებოდა დილანის შემოქქმედებაზე თუ ცხოვრებაზე კვლავ გამოაქვეყნებდით რამეს..ამისთვის კი დიდი მადლობა:))

    ReplyDelete
  3. როგორ მიყვარს <3

    ReplyDelete
  4. მარტო ამ სიტყვებისთვის მიყვარს:თავს პოეტად არ ვთვლი, რადგან არ მიყვარს სიტყვა „პოეტი“. ჩამთვალეთ ტანმოვარჯიშედ რეპეტიციაზე.

    ReplyDelete
  5. привет из Москвы...я всегда читаю ваши статьи...я с нетерпением жду новую...спасибо за ваше творчество...я обожаю вас..

    ReplyDelete
  6. დიდი მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის.

    ReplyDelete