Saturday, January 19, 2013

ბექა გოჩიაშვილი – ახალგაზრდა ქართველი ჯაზმენი

საქართველოში ჯაზი ყოველთვის ძალიან უყვარდათ და უყვართ, თუმცა არც ერთ ქართველ ჯაზმუსიკოსს იმდენი აღიარება ჯაზის სამშობლოში არ მიუღია, როგორსაც ძალიან ახალგაზრდა ბექა გოჩიაშვილმა მიაღწია. იგი ნიუ-იორკის ჯულიარდის კონსერვატორიის სტუდენტია – ყველაზე ახალგაზრდა აღსაზრდელი ამ სასწავლებლის ისტორიაში. 16 წლის ასაკში ბექა უკრავს და კომპოზიციებს იწერს ჯაზის სახელგანთმულ მუსიკოსებთან – ჩიკ კორეასთან, ლენი უაითთან, სტენლი კლარკსა და სხვებთან ერთად. უკრავს სხვადასხვა ჯაზდარბაზში, მათ შორის, ლეგენდარულ „ბლუ ნოუტში“.

ბექა გოჩიაშვილი 1996 წლის 11 მარტს დაიბადა. 3 წლის ასაკში პიანინოზე დაკვრა დაიწყო, 4 წლისა უკვე სრულფასოვნად ასრულებდა მუსიკალურ ნაწარმოებებს. 3 წელი კლასიკური პიანინოს მასწავლებელთან – თენგიზ ჩიტაიშვილთან ხვეწდა ტექნიკას. 7 წლის ასაკში საქართველოში ყველაზე ცნობილ ჯაზის პედაგოგთან, პროფესორ ზურა რამიშვილთან დაიწყო მეცადინეობა. 10 წლისა კი უკვე თბილისის სხვადასხვა ჯაზკლუბში უკრავდა.

2007 წელს ლატვიის ქალაქ საულკრასტის ჯაზფესტივალზე ბექამ ლეგენდარული ჯაზდრამერი ლენი უაითი გაიცნო, რომელმაც მას მოგვიანებით მრავალმიმართულებიანი მუსიკოსი უწოდა: „ახალგაზრდა მუსიკოსების უმრავლესობა, რომლებიც დღეს სცენაზე არიან, მემკვიდრეობით იღებს მათი წინამორბედი მუსიკოსების ტექნიკასა და ცოდნას. ბექა ახლა გახდა 16 წლის, შესაბამისად, მას ამდენი გამოცდილება ვერ ექნება, ამიტომ იგი მუსიკას თავისებურად ამუშავებს. მისი შესრულება კლიშეებისგან თავისუფალია“.

ამერიკაში ჩაწერილ და გამოშვებულ სადებიუტო ალბომში ბექას რამდენიმე საკუთარი კომპოზიციაც შევიდა, ორი მათგანი მან თავის „მუსიკალურ მამებს“ – კიტ ჯარეტს და ჩიკ კორეას მიუძღვნა. მას მიაჩნია, რომ მუსიკოსი არ უნდა იყოს „დახურული და შემოსაზღვრული“ მხოლოდ ჯაზური მუსიკით... სხვა მუსიკალური ჟანრებისგან (პოპი, სოული, ფანკი, როკი და კლასიკა) მიღებული სიმდიდრე ძალიან მნიშვნელოვანია. ის მეხმარება, კონცერტებზე იმპროვიზირებისას თავისუფალი და კრეატიული ვიყო. ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია“, – აღნიშნავს ბექა თავისი პირველი დისკის რეცენზიაში.

ჟურნალი „თბილისი Out“ #28, იანვარი, 2013 წელი 

3 comments:

  1. კარგად იწყებს, მართლა ნიჭიერია. კარგი იქნება, თუ იქ დარჩება, სადაც ახლა სწავლობს, რამდენიმე ხნით მაინც.

    ReplyDelete
  2. ძალიან ნიჭიერია ბექა, თავიდან მეშინოდა არ დაიშტამპოსთქო, სულ ჯარეტს უსმენდა, თუმცა არც მელდაუს და ჩიკ კორეას მოაკლო ხელი :) , საბოლოოდ ბექა ნამდვილად ძალიან კარგი თვითმყოფადი მუსკოსი ჩამოყალიბდა (დიახ უკვე ჩამოყალიბდა ჩემის აზრით)

    ReplyDelete
  3. კარგი ბიჭია,წარმატებები! ) ბრისტოლში მქონდა მისი მოსმენის პატივი

    ReplyDelete