Monday, November 27, 2023

On The Road – Heal Yourself

ჯგუფ On The Road-ისთვის Heal Yourself სადებიუტო სტუდიური ალბომია, რომელიც 10 აუდიო ბილიკისგან შედგება. ქართულ ენაზე რომ ვთარგმნოთ ეს ყველაფერი და ერთად დავწეროთ, მშვენიერ სლოგანს მივიღებთ – „გზაზე – განკურნე თავი შენი!“


მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის სახელწოდებას მაშინვე ჯეკ კერუაკის ამავე სახელწოდების ბიტნიკური ლიტერატურის და ზოგადად ამერიკულ, მე-20 საუკუნის კლასიკურ რომანთან მივყავართ, ამ ალბომის მუსიკაში ნაკლებად იგრძნობა კერუაკისეული ბიტნიკური სულისკვეთება. ერთიანობაში ის უფრო ინდი როკად შეიძლება მივიჩნიოთ. თუმცა თუ ამ ჯგუფის წევრებს საქართველოს „დამსხვრეული თაობის“ წარმომადგენლებად მივიჩნევთ, მაშინ რაღაც პარალელების გაკეთება ნამდვილად შესაძლებელია. მოგეხსენებათ, ბიტნიკები საკუთარ თავს „დამსხვრეულ თაობას“ მიაკუთვნებდნენ. ჯგუფის წევრების თაობასაც თითქმის იგივე პრობლემები აქვს, რაც ბიტნიკებს ჰქონდათ. ესაა თუნდაც ომის (ომების) შემდგომი ეპოქა, ასევე, ნეგატიური განწყობები მთელ საზოგადოებაში, პლუს, გაუცხოება წინა თაობებთან. საყურადღებოა ნარკომანიის პრობლემაც, რომელსაც 1960-იანი წლების ამერიკელი ახალგაზრდებივით, ჩვენი ახალგაზრდა თაობაც გადააწყდა. ალბომის სახელწოდება Heal Yourself შეიძლება ვთარგმნოთ: „მიხედე საკუთარ თავს“, ან „აზრზე მოდი“, ან სულაც „მოიხოდე“ და ა.შ. თუმცა მინდა, რომ ვთარგმნო, როგორც „განკურნე თავი შენი“. ალბომის ამ სათაურში დევს სწორედ ის კონცეფცია, რასაც ზემოთ შევეხე და „დამსხვრეული თაობა“ ვახსენე. ეს ჯგუფის წევრების მხრიდან თავიანთი თაობის წარმომადგენელთა მიმართ მოწოდებაცაა. ამის შესახებ ქვემოთაც ნახავთ.

ჯგუფი On The Road ჩამოყალიბდა 2019 წელს. მან მონაწილეობა მიიღო Tbilisi Newcomers 2019-ში და ფინალისტებს შორისაც აღმოჩდა. სწორედ მაშინ დაინტერესდა ამ ჯგუფით გია ქარჩხაძე და პროდიუსერობა შესთავაზა. გიას საკუთარი სტუდია და ლეიბლი აქვს. ამის შემდეგ, გიას პროდიუსერობით ბენდმა ერთი მინიონი (ანუ EP) Hundred Homes (2020 წ.) და 5 სინგლი ჩაწერა.

ჯგუფის წევრები არიან:
ლადო გიგაია (ვოკალი, გიტარა);
გიგი კობერიძე (დრამი);
თორნიკე ჯაფიაშვილი (კლავიში);
ავთო ირემაშვილი (სოლო გიტარა, ვოკალი);
ბექა ჩხარტიშვილი (ბას გიტარა).

ალბომში შესული სიმღერების უმეტესობის ავტორია ლადო გიგაია, მხოლოდ მე-8 ბილიკის – Stay Back-ის ავტორია ავთო ირემაშვილი, რომელიც ამ სიმღერას მღერის კიდეც.