I ნაწილი
„მე ბედნიერი ვარ, აქ რომ ჩამოვედი“ (ალექსანდრ სკლიარი. ჯგ. Ва-Банкъ)
„აქ რომ მოვდიოდით, რა თქმა უნდა, გარკვეული სკეპტიციზმი შეიმჩნეოდა. და მიუხედავად პატარა ლაფსუსებისა და ცოდვებისა, – საერთო შთაბეჭდილება ძალიან კარგია. ბევრმა ჯგუფმა არა მარტო გაგვახარა, არამედ გაგვაკვირვა“ (ეკატერინა ხრომოვა, რუსული MTv).
„ჩვენ, მართლაც სკეპტიკურად ჩამოვედით აქ, მაგრამ პირველივე ქართული ჯგუფის მოსმენამ შოკში ჩაგვაგდო. ჩვენ ვიდექით და ვტკბებოდით, რუსეთში ასეთი სიამოვნება კარგა ხანია არ გამოგვიცდია“ (არტურ რაკოვი, რუსული MTv).
ასეთი შეფასებები გაუკეთდა 5-7 მაისს თბილისის სპორტის სასახლეში ჩატარებულ როკ-ფესტივალს „მერცხლები გაზაფხულზე ბრუნდებიან“. ჩემის აზრით, ეს ფესტივალი იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რაც საქართველოში ჩატარებულა. მისი სულისჩამდგმელი კი, როგორც ალბათ მოგეხსენებათ, არის ლადო ბურდული. პირველი ასეთი ფესტივალი ჩვენი გაზეთის მკითხველებმა იციან, რომ გასული წლის 17-18 სექტემბერს ჩაატარა თბილისის ღამის კლუბებსა და პაბებში. უკვე მაშინ ფესტივალისთვის შეგვეძლო „საერთაშორისო“ სტატუსი მიგვენიჭებინა. თავისი მასშტაბებით მაისის ფესტივალი უფრო გრანდიოზულია, ვიდრე სექტემბრის. აქ გამოვიდნენ ჯგუფები საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ინგლისიდან. ფესტივალის რეკლამა დღეში 4-ჯერ ბრუნავდა ფრანგულ მუსიკალურ ტელეკომპანია MCM-ზე. ფესტივალს კი აშუქებდა მუსიკალური ტელევიზია MTv (რუსეთის).
![]() |
| ლადო ბურდულთან |
როგორც ცნობილია, ფესტივალში მონაწილე ჯგუფები ორ დღეზე გადანაწილდნენ, ხოლო 7 მაისს ერთგვარი გალა კონცერტი ჩატარდა. წინა ფესტივალთან შედარებით, მინდა აღვნიშნო ორგანიზატორების მხრიდან ჩამოსული ჯგუფების წევრებისა და ჟურნალისტების მიმართ ჩინებული დამოკიდებულება. იმერლებს, – სამტრედიელებს და ქუთაისელებს, – ღამეს კოჯორში გვათევინებდნენ. დღეში ერთხელ ჟურნალისტები და მუსიკოსები დავყავდით სადილზე. სამწუხაროა, მაგრამ არ იყო დაბეჭდილი ფესტივალის პროგრამა, ამიტომ, მოულოდნელობისაგან ცოტა გაკვირვებული და გაოცებული დავრჩი, როდესაც პირველივე ღამეს თეატრალური სარდაფის ღამის კლუბში ამოვყავი თავი.
როკ-ფესტივალს უამრავი სპონსორი ჰყავდა, რომელთაგანაც გამოვყოფ „ყაზბეგს“. იმ ლუდს ყოველდღიურად დიდი დოზებით არიგებდნენ ღამის კლუბში. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები იყვნენ: ფრანგული MCM, რუსული MTv, ტელეკომპანიები: „I სტერეო“, „რუსთავი 2“ და გადაცემა „კომუნიკატორი“, ასევე „I რადიო“ (FM 106,4).
![]() |
| ქუთაისელი მუსიკოსები ლადო ბურდულის სახლში |
5 მაისი: ლადოსთან შევიკრიბეთ ქუთაისელები და მერე ერთად წავედით ლურჯი მიკროავტობუსით (ამის გარდა სტაფილოსფერი მიკროავტობუსიც გვემსახურებოდა ფესტივალის დღეებში). სპორტის სასახლეში აკრედიტაციაზე.
„აუტსაიდერსა“ და „ბესტ ჰისტორს“ სხვადასხვა დღეებში მოუწიათ გამოსვლა. იმ დღის პროგრამა ასე გამოიყურებოდა: 1. ლადო ბურდული; 2. Дочка Монро И Кеннеди (პეტერბურგიდან); 3. Argentum (ბაქოდან); 4. Wob (ლონდონიდან); 5. ბაკურ ბურდული; 6. „აუტსაიდერი“; 7. Ва-Банкъ (მოსკოვიდან). კონცერტი დაიწყო საღამოს 6 საათზე. შესანიშნავი განათებით აელვარებულ სცენაზე მაყურებელთა წინაშე „I რადიოს“ წამყვანი, ლეგენდარული დათო ჟორჟოლაძე (ჟორჟიკა) წარსდგა და კონცერტიც დაიწყო. პირველად ლადო ბურდულმა იმღერა თავისი ახალი და თუ არ ვცდები, ძველი სიმღერები – ახალი, ცოტა მძიმე არანჟირებით. იგი პეტერბურგულმა ტრიომ შეცვალა. სხვათა შორის, როგორც რუსული MTv-ის ერთ-ერთმა კორესპონდენტმა ჩემთან საუბრისას აღნიშნა Дочка Монро И Кеннеди თავად პეტერბურგსა და მოსკოვშიც კი არ ყოფილა ჯერჯერობით პოპულარული. ჯგუფის ვოკალისტი ქალი ბალალაიკის აკომპანიმენტის ქვეშ მღეროდა რუსული სულის მქონე თანამედროვედ არანჟირებულ არცთუ ცუდ როკ-სიმღერებს.
| ჯგუფ Ва-Банкъ-ის ლიდერი ალექსანდრ ფ. სკლიარი |
***
„ადრე ჯგუფი „არგენტუმი“ მძიმე კოლექტივი იყო, მძიმე მუსიკას ვუკრავდით. დროთა განმავლობაში ჩვენ უფრო და უფრო ჩავუღრმავდით მუსიკას და გადავერთეთ კლასიკაზე. ჩვენი მუდმივი სამუშაო კლასიკური საგიტარო დუეტია. როკ-მოძრაობა აზერბაიჯანში განუვითარებელია, ე.ი. რაღაც დაიწყება, მერე ისევ წყდება. ამაზე ძალიან მოქმედებს რაღაც პოლიტიკური სიტუაცია. გვითხრეს, რომ თბილისში ფესტივალი ტარდებაო. ჩვენ გადავწყვიტეთ, ტრანს-აკუსტიკური პროგრამა გამოგვეტანა. ცოტა არ იყოს შეცდომაში შეგვიყვანეს, აქ როკ-ფესტივალი ყოფილა, ჩვენ კი გვითხრეს, რომ 21-ე საუკუნის მუსიკა იჟღერებდა, ამიტომ, ამ მძიმე როკერების გვერდით რაღაც უხერხულად ვიგრძენით თავი. მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ მუსიკაში საზღვრები არ არსებობს. როკი თავისუფლებაა. ჩვენ აქ გვეკითხებოდნენ, თუ მღერითო. ჩვენი უარყოფითი პასუხი უკვირდათ. მე მათ ვკითხავ: თუ კი ადამიანი მუნჯია, რა, მას აღარ შეუძლია იყოს როკერი? როკი ხომ სულის მდგომარეობაა, ეს ხომ ცხოვრების წესია. ჩვენს დუეტს აქ წამოსვლისას შემოუერთდა ბაქოელი DJ სამანდაარი, ის სასულიერო პირია, კრიშნაიდი, ვეგეტერიანელია, არ გვაძლევს ხორცის ჭამის საშუალებას (იცინის. ლ.გ.). სასიამოვნოა, რომ ხალხი ჩვენი მუსიკით დაინტერესდა. ჩვენ უფრო სერიოზულ პროგრამას მოვამზადებთ, ხოლო ეს პროგრამა დაახლოებით 2 საათში გაკეთდა. ჩვენ უმაღლესი მუსიკალური განათლება გვაქვს მიღებული.
– როგორ ფიქრობ, როგორი მუსიკა იჟღერებს მალე?
![]() |
| სამანდაარ კირიმოვი ჯგუფიდან „არგენტუმ“ |
სამანდაარი: – ჩვენ ვფიქრობთ, რომ მუსიკის შექმნა შეუძლებელია, მუსიკა არსებობს ატმოსფეროში და ის უნდა დაიჭირო.
ვლადიმირი: – ყველა დრო თავის მუსიკას კარნახობს.
– მე, როგორც ვხვდები, თქვენ უპრობლემო მუსიკას უკრავთ.
– ჩვენ ვუკრავთ ჩვენს პრობლემებზე. ჩვენ შეგვიძლია ადამიანზე რაღაც აზრი დაგვრჩეს მისი იმპროვიზაციის მოსმენის შემდეგ. ყველა ადამიანს ნაზი სული აქვს, შესაბამისად, ის ფაქიზ მუსიკას უნდა უკრავდეს. მაშინაც კი, როდესაც ადამიანი მძიმე მუსიკას უკრავს, სიფაქიზე უნდა შეიმჩნეოდეს, ამიტომ ჩვენი მიზანია გამოვხატოთ სულის მდგომარეობა, განწყობილება, არ არის საჭირო ვინმე გააკვირვო. დღეს აქ იყვნენ ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ მაყურებლის გაკვირვებას, მაგრამ მათ არ ჰქონდათ განწყობილება. სცენაზე უნდა დაუკრა პატიოსნად და ის აუცილებლად მივა მსმენელებამდე.
– რა ხდება აზერბაიჯანის როკში?
– ჩვენ წამოვიზარდეთ და გადავედით პოპსაში. ვმუშაობთ სტუდიებში, ვაკეთებთ არანჟირებებს, რაც ნიშნავს, რომ გავხდით პროფესიონალები, ხომ უნდა ვიცხოვროთ? ამ მხრივ სიძნელეებია. ჩვენ არ გაგვაჩნია საკუთარი ბაზარი. ჩვენ გვყიდულობენ უცხოეთში, რუსეთში, რაც ზოგიერთებს შურთ და თავს გვესხმიან. ახლა ბაქოში აპირებენ ჩაატარონ როკ-პანორამა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 15 კოლექტივი. მე მომხრე ვარ ეს საქმე განვითარდეს, რომ ეს ახალგაზრდა ჯგუფები აქ საქართველოში მაინც ჩამოვიდნენ და ნახონ, აქ რა ხდება“.
***
აზერბაიჯანელები სცენაზე ინგლისურმა ჯგუფმა Wob შეცვალა. ჯგუფი აკუსტიკური
გიტარებით (ერთ-ერთი ბასი) წარსდგა სცენაზე. თავდაპირველად, ჯგუფმა არ დამაინტერესა, მაგრამ სადღაც მესამე სიმღერისთვის მივხვდი, რომ არცთუ მთლად ჩვეულებრივ, როგორც ერთი შეხედვით ჩანდა, ჯგუფთან გვქონდა საქმე. უნდა ითქვას, რომ ტრიო ძალზედ მელოდიურ სიმღერებს ასრულებს, სხვათა შორის, სამ ხმაში. თვითონ ვოკალისტს, გიტარისტს და სიმღერების ავტორს Wob-ს სასიამოვნო და ამავე დროს, ძლიერი ხმა აქვს. ჯგუფის სიმღერებმა ისე ჩამითრიეს და ბოლოს, როდესაც ტრიომ ჯგუფ U2 -ს ლეგენდარული სიმღერის With Or Witout You-ს ჩემის აზრით, შესანიშნავი ვერსია შეასრულა, მეგობრებთან ერთად ცეკვა დავიწყე. იმავე დღეს გავიცანი ჯგუფის წევრები და მეორე დღისთვის ინტერვიუზე დავითანხმე. აი, ეს საუბარიც.
***
„– ვინა ხართ თქვენ, Wob-ი?
![]() |
| Wob |
– უობ, რატომ უკრავ საერთოდ?
– ეს ნარკოტიკივითაა. როცა პატარა ვიყავი, როგორც შეიძლება ხველებით ვინმე დაავადდეს, ისე გავხდი ავად მუსიკით. მე ყოველთვის მინდოდა დამეკრა და ვუკრავ დღემდე. ეს კარგი ავადმყოფობაა. თავს თუკი კარგად არა ვგრძნობ, ვუკრავ.
– როგორ მუსიკას უსმენდი ადრე?
– ძალიან მომწონდა გარი გლიტერი. როდესაც ტელევიზორში ვნახე, აღფრთოვანებული დავრჩი. დავიწყე გიტარაზე დაკვრა. თინეიჯერობისას გატაცებული ვიყავი ჰევი-მეტალით: ACDC, Motorhead, Rainbow – ჩემი საყვარელი ჯგუფები იყო. მერე მომეწონა პანკ-როკი. Sex Pistols – მაინცადამაინც არ მომწონდა, სამაგიეროდ ვაფასებდი Buzzcocks-სა და მის მსგავს ჯგუფებს. ფანტასტიკური დიდებული ჯგუფი ჩემთვის იყო The Police.
– დღეს რა მოგწონს?
– მე ისევ მომწონს ACDC და The Police, მაგრამ ახლა უფრო ბევრ, სხვადასხვა ჟანრის მუსიკას ვუსმენ: კლასიკას, ჯაზს, კერძოდ, მაილს დეივისს, ბილი ჰოლიდეის. მე არ შემიძლია დავუკრა ჯაზი, მაგრამ ბევრს ვუსმენ. ძალიან მიყვარს ფლამენკო. არა მაქვს ბევრი ჩანაწერი, მაგრამ მიყვარს ვუყურო, როგორ უკრავენ გიტარებზე ფლამენკოს. ძალიან მომწონს ჯგუფი R.E.M..
– რომელი ჯგუფები მოგეწონა აქ, თბილისში?
– თითქმის ყველა ჯგუფმა დიდებულად დაუკრა. ჩვენ შესანიშნავები ვიყავით. ძალიან მოგვეწონა ჯგუფი, რომელმაც ღამის კლუბში კარგი როკ-ნ-როლი დაუკრა (იგულისხმება „ბესტ ჰისტორი.“ ლ.გ.), ისინი დღევანდელ კონცერტზე (6.05) დაუკრავენ. ძალიან ფაქიზი და ლამაზი მუსიკა დაუკრა აზერბაიჯანულმა ჯგუფმა (იგულისხმება „არგენტუმი“ ლ.გ.)
– რამდენი ალბომი გაქვთ გამოშვებული?
– 3 ალბომი. ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ბოლო არის პირადად ჩემი სოლო ალბომი.
– როგორი მუსიკა იჟღერებს ახალ საუკუნეში?
– იქნება Wob (იცინის. ლ.გ.). არ ვიცი რა იქნება ინგლისში, რადგან აქ მრავალფეროვანი მუსიკა ჟღერს. ძალიან ბევრი საცეკვაო მუსიკაა, რომელსაც ინფორმაციის სახით მეც ვუსმენ, მაგრამ როკმუსიკა, როგორც ასეთი, არასოდეს მოკვდება, როგორც ერთ სიმღერაში მღერიან (Wob-მა წაიმღერა. ლ.გ.)“.
ინტერვიუს დასასრულს მან თავისი სოლო ალბომ Gather-ის კომპაქტ-დისკი მაჩუქა წარწერით „გაუმარჯოს როკ-ნროლს!“. ამ ფირფიტაში შესულ სიმღერებს შეგიძლიათ მოუსმინოთ რადიო „ლეგენდას“ ეთერში FM105 მგჰც-ზე.
![]() |
| ლაშა გაბუნია და Wob |
დადგა „აუტსაიდერის“ დროც. რობის ამ დღეს ძველი სიმღერების გარდა ახლებიც უნდა დაეკრა. შეიძლება ითქვას, რომ ამ კონცერტისათვის მზადების წინა, თითქმის 3-თვიანმა რეპეტიციებმა უკვალოდ არ ჩაიარა. ჯგუფმა კიდევ ერთხელ მონუსხა ნაცნობები და უცნობები, ქართველები და არაქართველები.
„მძლავრი აღმოჩენა ჩემთვის იყო „აუტსაიდერი“ (კატია. რუსული MTv-ს წამყვანი), „ჩვენ არ მოველოდით ასეთ ენერგიას. მე, პირადად, ჯგუფმა „აუტსაიდერმა“ გამაცვიფრა“ (ტელეოპერატორი რუსული MTv-დან). „როგორც ყოველთვის მომეწონა ჯგუფი „აუტსაიდერი“. მე მიმაჩნია, რომ ისინი მაგრები არიან, მინდა რომ ისინი წავიყვანო მოსკოვში“ (ალექსანდრ. ფ. სკლიარი. ჯგ. Ва-Банкъ). სიმღერა „მძღ**რი“ ჯგუფში შესრულდა ლელა ლომთაძის ვიოლინოს აკომპანიმენტით. უნდა ითქვას, რომ უზადოდ შესრულებული სიმღერა გამოვიდა, რომლის შესრულებაშიც ჯგუფის ყველა წევრმა თავისი დიდი წვლილი შეიტანა.
![]() |
| რობი კუხიანიძე და ჯგუფი Outsider |
გამო საკონცერტო პროგრამაშიც ჯგუფს დაემატა კლავიშისტი. გამოყენებულია ცოცხალ დასარტყამებთან ერთად დრამ-მანქანაც. ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ჯგუფმა თავისი კლასით და თუნდაც პროფესიონალიზმით (ვეცადე, მათთვის ისე მეცქირა, თითქოს არ ვიცნობდი) ყველა დაჩრდილა. ძალიან კარგად დამუშავებული, არანჟირებული და შესრულებული სიმღერები აღტაცებას იწვევდნენ, თუმცა დრამ-მანქანის გამოჩენამ ზოგი ჩემი მეგობარი ოდნავ, მაგრამ მაინც გააღიზიანა.
კონცერტის შემდეგ ღამე გაგრძელდა თეატრალური სარდაფის ღამის კლუბში, სადაც სუყველას უფასო „ყაზბეგით“ გაგვიმასპინძლდნენ. პატარა სცენაზე დაუკრეს „აუტსაიდერმა“, Wob-მა. გადასარევად გამოვიდა Best History-ც, ჯგუფთან სეიშენში პერკუსიებზე დაუკრა თვით ალექსანდრ სკლიარმა. ამის შემდეგ რა მოხდა, უკვე თითქმის აღარ მახსოვს გადაღლილობის და სიმთვრალის გამო.
გაზეთი P.S. #86, 2000 წლის 15 – 21 მაისი
II ნაწილი
6 მაისი: დილით კოჯორში გამოღვიძებულებს თითქმის ყველას გვციოდა საქართველოსთვის წელიწადის ამ დროისათვის შეუფერებელი სიგრილის გამო, ამიტომ ბევრმა თბილი, ნაქსოვი ტანისამოსი ჩავიცვით. შუადღის 12 სთ-მდე ერთგვარ სასტუმროში დავყავით. „ლაბირინთსა“ და Best History-ს ამ დღეს ფესტივალზე უნდა დაეკრათ. ამ დღეს ჯგუფები შემდეგი თანმიმდევრობით უნდა გამოსულიყვნენ: 1. ბაჩი ქიტიაშვილი და „ბერმუხა“, 2. Best History (ქუთაისი), 3. Insight (ბათუმი), 4. „მოდუსი“ (თბილისი), 5. „ლაბირინთი“ (სამტრედია) და 6. Wob (ლონდონი). შუადღისათვის სტაფილოსფერი მიკროავტობუსით დედაქალაქისკენ დავეშვით. მიუხედავად მზიანი ამინდისა, თბილისშიც გრილოდა.
რამდენიმედღიან ფესტივალებს, საერთოდ, ძალიან დიდი პლუსი ახასიათებს, რომ პირველი დღის შემდეგ უკვე თითქმის ყველა მონაწილეს იცნობ, გულშემატკივრობ, ესაუბრები მათ და, როგორც ამბობენ, კათხა ლუდის თანდასწრებით აზრებს იზიარებ. მოკლედ რომ ვთქვათ, იქმნება უშუალობის ატმოსფერო, თითქმის აღარ არსებობს ენობრივი ბარიერები, აქ მხოლოდ მუსიკა წარმოადგენს ურთიერთშორის დამაკავშირებელ ძალას, რომელიც ყველას აერთიანებს. თვით საუნდ-ჩეკების (ხმის გასწორება აპარატურაში, წინასწარი მზადება კონცერტისათვის) დროსაც კი ყველა ყურადღებითაა და ერთმანეთს უსმენს. ლადო ბურდული და თემურ გოცაძე ამ ყურთგამგმირავი ხმაურის დროს კი შეშფოთებულები დარბიან და დღის პროგრამას კიდევ ერთხელ აზუსტებენ ან ფესტივალის მონაწილეებს სადილზე ეპატიჟებიან ნაწილ-ნაწილ. მიუხედავად იმისა, რომ სუფრაზე ყველაფერია (სულო და გულო) იმერლები ღვინის უკმარისობას განიცდიან და დამატებით გამოაქვთ, რა თქმა უნდა ორგანიზატორების თანხმობით. სუფრაზე ქუთაისელები ლაღობენ და სტუმრებს ან ართობენ, ან ნერვებს უშლიან (აბა, რისი ალტერნატივის ფესტივალია?!).
![]() |
| ლელა ლომთაძე, გიგა ერისთავი (იგივე Bajoo), ლაშა გაბუნია და ირაკლი მაჩიტიძე |
Best History-მ სცენაზე, ჩვეულებისამებრ ცეცხლი დაანთო, მაგრამ ფესტივალზე საჩვენებელი მათი საუკეთესო პროგრამა წინ იყო. საოცარია, მაგრამ Insight-ის შესახებ
ჯერ კიდევ წინა ფესტივალზე საუბრობდნენ. ამბობდნენ, რომ ეს ძალიან საინტერესო კოლექტივი იყო. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, არც ერთი როკ-მუსიკოსი არ მოელოდა იმ ფურორს, რაც ამ ჩვენი ზღვისპირა ქალაქ ბათუმის ჯგუფმა და მისმა ვოკალისტმა ქალმა ნინო ქათამაძემ ფესტივალზე მოახდინა. იმავე ღამით, „თეატრალური სარდაფის“ ღამის კლუბში მოკლედ გავესაუბრე ჯგუფ „ინსაიტის“ მენეჯერს ნანა ცინცაძეს.
***
„მე ჯგუფის მენეჯერი დამარქვეს, ისე კი მეგობარი ვარ. ეს ჯგუფი ადრე სხვა სახით არსებობდა და ყველასათვის დამახასიათებელი პრობლემები ჰქონდა, თუნდაც აპარატურა. მეგობრები დაგვეხმარნენ და შევიძინეთ კარგი აპარატურა და ინსტრუმენტები. უკვე სამი წელიწადია, რაც ეს ჯგუფი ქმნის თავის სულიერ ნაყოფს, თუ შეიძლება ასე ითქვას. ჯგუფის შემადგენლობაში არაორდინარული ადამიანები შედიან, რადგან მარტო ერთი გვყავს მუსიკალური განათლებით (ტექნიკუმი აქვს დამთავრებული). ესენი არიან: გოჩა ყაჭეიშვილი – გიტარა (სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული), გია ჭელიძე – მასაც სამხატვრო აკადემია აქვს დამთავრებული, მალხაზ აბულაძე – ძალიან კარგი მსახიობი გვყავს, ვაჟა ტუღუში – მუსიკალური განათლებით და ნინო ქათამაძე, რომელიც 2-3 თვეა ჩვენთან არის. ადრეც, ეხმარებოდნენ ეს ბიჭები მას გაეკეთებინა იგივე სიმღერები, რაც დღეს ჩვენ გამოვიტანეთ. სტუდიაში ჩანაწერები გაკეთებული გვაქვს, მაგრამ არ ვართ კმაყოფილები, მზად არა ვართ მთლიანი ალბომის ჩასაწერად, მაგრამ ბევრი კონცერტები გვაქვს. ჩვენი ჩანაწერები თბილისის რადიოებში ტრიალებს. გვიწვევენ ბევრ კონცერტებზეც. საზღვარგარეთიდანაც იყო მოწვევები, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო (მრავალმნიშვნელოვნად იცინის. ლ.გ.) ვერ წავედით. მომავალში ღმერთი და ალბათ, ადამიანებიც დაგვეხმარებიან. ჯგუფში ვაჟა ტუღუში სიმღერებს წერს, მაგრამ არანჟირებაზე ყველანი მუშაობენ.
– ერთი რამ მაინტერესებს, ბათუმში თუ გიცნობენ?
– ძალიან კარგად გვიცნობენ და ძალიან ვუყვარვართ. მე ძალზედ ბედნიერი ვარ, რომ დღეს, თქვენი ჩათვლით, ძალიან ბევრი მოსიყვარულე თვალი გვიყურებდა. დიდი მადლობა“.
* * *
ჯგუფმა „ინსაიტმა“ ამ დღეს თითქმის ყველა ჯგუფი დაჩრდილა, უპირველეს ყოვლისა, თავისი სიკაშკაშით და ნინო ქათამაძის იმპროვიზაციის გასაოცარი უნარით. მათ მიმდინარეობას, არ ვიცი, რა ვუწოდო, აქ იყო ჯაზი, ფოლკი (უფრო თბილისური,– სიმღერისას „აჰ, ტურფავ, ტურფავ“), რიტმი, სიმძიმე, როკიც. არ ვიცი „ინსაიტის“ მუსიკამ როგორ იმოქმედა ქართველებზე, მაგრამ უცხოელები ფრიად მოხიბლულები დარჩნენ.
ძალიან, ძალიან სუფთად დაუკრა ამ ფესტივალზე სამტრედიულმა „ლაბირინთმა“. ბიჭებს ნამდვილად ეტყობოდათ თავდაუზოგავი შრომის კვალი. მათი რეპეტიციების შედეგად დაკრული მძიმე რიტმ-ენდ-ბლუზი ჰევი-მეტალის ბევრი ელემენტით ძალიან სასიამოვნოდ ისმინებოდა. თუმცა, გულახდილად მინდა ვთქვა, რომ ასეთ მუსიკას, ალბათ, მხოლოდ სამტრედიაში თუ უკრავენ მთელს მსოფლიოში. ჯგუფი ნამდვილად დააინტერესებს 1970-იანი წლების მძიმე მუსიკის თავგადაკლულ ფანებს. საინტერესო ფაქტია, რომ ჯგუფი „ლაბირინთი“ წერს როკ-ოპერას. სხვათა შორის, ერთი სიმღერა „ბრმა ჯოჯოხეთის კარიბჭესთან“, რომელიც ამ როკ-ოპერაში უნდა შევიდეს, შესრულდა ამ ფესტივალზე. სიმღერა საკმაოდ რთულია. მე მინდა წარმატებები ვუსურვო ამ სამტრედიულ ჯგუფს.
![]() |
| ჯგუფი „ლაბირინთი“ |
კონცერტის შემდეგ, ტრადიციისამებრ, ღამის კლუბში წაგვიყვანეს, სადაც ასევე ტრადიციისამებრ, ბევრი ლუდი „ყაზბეგი“ დაგვირიგეს. მანამ, სანამ თეატრის გასასვლელში „ინსაიტის“ მენეჯერთან ინტერვიუს ვიღებდი, კლუბში ჩოჩქოლი ატყდა. როგორც გავიგე, თბილისელ და მოსკოველ მუსიკოსებს შორის რაღაც გაწევ-გამოწევა მომხდარა. სიტუაცია მალე დაშოშმინდა და მშვენიერი საკლუბო კონცერტი გაიმართა.
აქ დაუკრეს „ინსაიტმა“, ნიაზ დიასამიძემ და „33-ა“-მ, ჯგუფმა „მთვარის კლუბმა“, Wob-მა, „აუტსაიდერმა“ და სხვებმა. მე და ჩემმა ფეხბურთის მოყვარულმა მეგობარმა ზურიმ „გამოვიჭირეთ“ Wob-ის დრამერი ტერი ლაიონსი, რომელიც, როგორც Wob-მა გვითხრა, ფეხბურთის თავგადაკლული ფანი ყოფილა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ინგლისური ფეხბურთის ირგვლივ, ზური ფრიად ჩახედულია ინგლისის ჩემპიონატში, ამიტომ, ძირითადად, ისინი საუბრობდნენ, მე ერთგვარ თარჯიმნის (ენის მოკრძალებული ცოდნის გამო) ფუნქციას ვასრულებდი. თვალები გამიფართოვდა, როცა საუბრის დასასრულს (ჯგუფს სცენაზე ეძახდნენ) ტერიმ მითხრა, ქუთაისის „ტორპედო“ ქვეყნის ჩემპიონი გახდებაო, მერე ლუდის ბოთლით „ტორპედოსა“ და ლონდონის „კრისტალზის“ ( გუნდი ინგლისის ჩემპიონატის პირველ დივიზიონში) საფეხბურთო კლუბები ადღეგრძელა (მისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა ლუდით სადღეგრძელოების თქმა) და წავიდა. გამიკვირდა, რადგან „ტორპედოზე“ საუბარი საერთოდ არ ყოფილა, თანაც ძალიან მესიამოვნა.
7 მაისი: ფესტივალის ეს დასკვნითი დღე მშვენიერი იყო. მე თამამად ვუწოდებ მას Best History-ს აღმაფრენის დღეს. საოცარი კი იყო, მაგრამ ამ ქუთაისის ჯგუფის ვოკალისტმა გიო ხონელიძემ კონცერტამდე გაურკვეველი სიცივისა და მისი და ვატო კიკალეიშვილის (ამ კონცერტზე ჯგუფ „აუტსაიდერის“ გიტარისტი) ერთობლივი დესისტიური (დესი – მიმდინარეობაა მძიმე მეტალში) რუდუნების, ანუ გართობის წყალობით დაკარგა... ვოკალი (!), ანუ ხმა. ასეთი სამწუხარო ფაქტით დაიწყო დღე ამ ჯგუფისათვის და ყველა ჩვენთვის. ასე, რომ ჩაბნელებულ დარბაზში თუ კისერშეფუთნულ გიოს (იგივე ჟორას) გამოელაპარაკებოდი, გარეშე პირს მისი ხმის პატრონის სქესი შესაძლოა ვერ დაედგინა.
დასკვნით კონცერტზე ჯგუფები ასე გამოვიდნენ: 1. „ლაბირინთი“, 2. Argentum, 3. Best History, 4. Дочка Монро И Кеннеди, 5.33-ა, 6. Insight, 7. ბაკურ ბურდული, 8. Ва-Банкъ, 9. „აუტსაიდერი“, 10. Wob, 11. ლადო ბურდული.
ამ დღეს შემიძლია გამოვყო 3 ჯგუფი, რომელთაც თავი კარგად დამამახსოვრეს. ძალიან სასიამოვნო დასანახი იყო ჯგუფ „ბესტ ჰისტორის“ გამოსვლა. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო საუკეთესო გამოსვლა ჯგუფისა თავის ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისელებამდე სცენაზე ორმა ჯგუფმა იმუშავა, მაყურებელი სცენის წინ ძალიან ცოტა იყო. საერთოდ, კი, როგორც აღვნიშნე ფესტივალი განიცდიდა მაყურებელთა სიმცირეს, თუმცა ვინც მოსული იყო, ის ნაღდი მსმენელიც გახლდათ. დაიწყო თუ არა „ბესტ ჰისტორიმ“ სცენაზე მუშაობა (დიახაც, რომ მუშაობა), უნდა გენახათ, როგორ მიაწყდა მსმენელი სცენის მისადგომებს და ენერგიამოწყურებულებმა, როგორ დაიწყეს როკვა. სხვათა შორის, ეს კარგი შოუც იყო, რომლის მთავარი გმირები გიო ხონელიძე და გიტარისტები ნიკა სვანაძე და ზვიად საკანდელიძე იყვნენ. ჯგუფის ყველა წევრის საშინელი მონდომების წყალობით ჟორას ხმაც დაუბრუნდა თითქოს, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში, როგორც საერთოდ, ნიკა ეხმარებოდა. ამ დღეს საოცრად დაუკრა ბასისტმა ჩიიმ (თემურ ფხაკაძემ) და დრამერმა ზაალ საკანდელიძემ, რომელიც ხანდახან თავმდაბლობით ამბობს ხოლმე, მე დრამერი კი არა, კბილის ტექნიკოსი (მისი პროფესიაა) ვარო. ჯგუფმა ძველ რეპერტუართან ერთად ახალი სიმღერებიც შეასრულა, რომელთა შორის უნდა გამოვყოთ „მე ვარ კაცი“ და „მოჯო.“
![]() |
| ზვიად საკანდელიძე და ნიკა სვანაძე (Best History) |
ამ ერთგვარ გალა-კონცერტზე ჯგუფები თავისუფალი პროგრამით გამოდიოდნენ და არცთუ მკაცრად იყვნენ დროში შეზღუდულები, რამაც დადებითად ვერ იმოქმედა კონცერტის სრულყოფილ აღქმაში და ზოგიერთი ჯგუფის ძალიან გაწელილ, უკვე უინტერესო გამოსვლებზე. ვიმედოვნებ, ლადო ამ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო პრობლემას მომავალში გაითვალისწინებს.
მეორე, ვინც ნათლად დამამახსოვრდა, ბაკურ ბურდული იყო, რომელიც, ძალიან კარგ, ქართულ ალტერნატივას უკრავს. ძალიან ზომიერი ნერვებითა და სასიამოვნო რომანტიზმით. ეს არ არის რადიკალური მუსიკა, რაღაც რევოლუციური, მგზნებარე მოწოდებებით, მაგრამ ეს ძალიან კარგი რამეა, შესანიშნავი როკ-ნ-როლია ჯერჯერობით.
![]() |
| ბაკურ ბურდული |
სხვათა შორის ბოლო კონცერტი სადღაც 15 საათისათვის დაიწყო. ვარაუდობდნენ, რომ ის გვიან ღამემდე გასტანდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. „აუტსაიდერის“ გამოსვლის შემდეგ ჩემი დიქტოფონით სპორტის სასახლის გასახდელებს (ამ შემთხვევაში საგრიმიოროებს) მივაშურე. სხვათა შორის, სამტრედიელებსა და ქუთაისელებს ასეთი აპარტამენტები რატომღაც არ ჰქონდათ. პირველად კომენტარი ვთხოვე ფესტივალის სამივე დღის უცვლელ წამყვანს, „პირველი რადიოს“ წამყვანს, თბილისის ერთგვარ ლეგენდარულ ბარდს (გაიხსენეთ მისი სიმღერა „ჩემი გიტარა ეწევა სიგარას“, უსმინეთ „შუაღამის გემზე“ FM 105-ზე) დათო ჟორჟოლაძეს.
* * *
![]() |
| დავით ჟორჟოლაძე |
„ამ ფესტივალის შესახებ ვრცლად შემიძლია ვისაუბრო, მაგრამ მოკლედ ვიტყვი სათქმელს. საერთოდ, ფესტივალი კარგი წამოწყებაა, ასევე კარგი იქნება მისი გაგრძელებაც. ამ პირობებში, რაც ფესტივალმა მისცა ჯგუფებს, აპარატურამ და ამ დარბაზმა, რომელიც, ჩემი აზრით, საკონცერტოდ არ ვარგა, მე ძალიან მომეწონა: პირველ რიგში ჯგუფი „ვა-ბანკი“, „ინსაიტი“, Wob. ძირითადად, ამ სამ ჯგუფს მოვუსმინე დიდი სიამოვნებით. მე აქ თითქმის ყველა ჯგუფში მყავს მეგობრები, ამიტომ, არ მინდა ვინმე რომ გამომრჩეს. ალბათ, ამ სამი ჯგუფის უფრო ყურადღებით მოსმენა შევძელი. დანარჩენი ჯგუფები საკმაოდ ახლოს არიან ჩემთან, ვიცნობ მათ მუსიკას, ამიტომ მათი შეფასებისაგან თავს შევიკავებ, მაგრამ დღეს, ყველა ბოლომდე დაიხარჯა და ყველამ ხუთიანზე იმუშავა“.
* * *
პატარა ფრაგმენტი ჩემს კასეტაში. ლადო ბურდული სცენაზე გარბის სამღერლად. მე უკან მივდევ და ვეკითხები:
„– ლადო, როგორ მოგეწონა ეს ფესტივალი?
– მე სულ მომწონს, რასაც ვაკეთებ (იცინის)“.
აი ასე, კარგია, როცა ადამიანს მოსწონს ის, რასაც აკეთებს და ორმაგად უკეთესია, როცა სხვასაც მოწონს ის, რასაც ეს ადამიანი აკეთებს. ქუთაისში გამომგზავრებამდე ჩემს კოლეგებს MTv-დან ვთხოვე აზრის გაზიარება, რაზეც ისინი, მოუცლელობის მიუხედავად, სიამოვნებით დამთანხმდნენ.
„ძალიან მოგვეწონა ფესტივალის ატმოსფერო და აქაური მუსიკა. არ ვიცი როგორია შეგრძნება ირაციონალური, თუ რაციონალური, მაგრამ თავად ფესტივალი, დარწმუნებული ვარ, მომავალში უფრო ღირსეული იქნება. ქართულ როკში მომეწონა მუსიკოსების მხრიდან რაღაცნაირად მსუბუქად შესრულების მანერა, რომლებიც თავიანთ დაკრულში დარწმუნებულები არიან. მათი თავების სიღრმეში კი ეთნიკური მუსიკა ზის, მიუხედავად იმისა, თუ რას უკრავენ ისინი. შესაძლოა მათ დაავიწყდეთ ტრადიციული როკ-ნ-როლი, მაგრამ საკუთარს ისინი არასოდეს ივიწყებენ. ძალიან უხეშად ხმარობენ ფოლკლორს თანამედროვე რუსული ჯგუფები, უფრო მეტიც, კარგ მუსიკად დასავლური ანალოგის განმეორება ითვლება. ფოლკლორი რუსეთში გამოწურულია როკიდან და დაყვანილია ჩასტუშკებისა და შანსონის დონეზე. მე ძალიან მაინტერესებს ჯგუფები, რომლებიც ძალიან გონივრულად ეპყრობიან თავიანთ ეთნიკურ მუსიკას. ექსპერიმენტებს კი არ აკეთებენ, არამედ საკუთარ თავში ატარებენ და თანამედროვედ აჟღერებენ. ასევე ვუყურებ უცხოურ მუსიკასაც. აქ შემიძლია კონკრეტულად დავასახელო საყვარელი ჯგუფები, მაგრამ ძალიან ბევრი მუსიკის მოსმენა მიხდება და მისწრაფებებიც გამორჩეული ჯგუფების მიმართ აღარა მაქვს. ამის ბრალი ჩემი პროფესიაა“ (ეკატერინა ხრომოვა).
„როკ-ნ-როლისა და ეროვნული რიტმების ასეთი სინთეზი ძალიან ახალია ჩვენთვის, რადგანაც ეს იშვიათად გვხვდება რუსეთში. ეს ჩვენთვის დიდი კაიფი იყო, სიმართლე რომ გითხრათ“ (არტურ რაკოვი).
სამწუხაროდ, ვეღარ მოვასწარი უცხოელებისაგან ინტერვიუს აღება, რადგან ძალიან მეჩქარებოდა. თბილისის როკ-ფესტივალსა და თბილისს იმ იმედით დავემშვიდობე, რომ ივლისის თვის როკ-ფესტივალზე მოვახერხებთ ჩასვლას. მანამ კი ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს.
გაზეთი P.S. #87, 2000 წლის 22 – 29 მაისი
ლაშა გაბუნიას ფოტოები











No comments:
Post a Comment