პროზაიკოსი დათო ტურაშვილი დაიბადა თბილისში, 1966 წლის 10 მაისს, როგორც თავად ამბობს – უკუღმა (ფეხებით). დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა და სწავლობდა ჯერ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ მაასტრიხტსა (ნიდერლანდები) და ლონდონში (დიდი ბრიტანეთი). შეისწავლა ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორია. ამჟამად ლექციებს კითხულობს უნივერსიტეტში და მიიჩნევს, რომ არასოდეს ჰქონია სამსახური იმ გაგებით, როგორც ჩვენში ტრადიციულად ესმით, ანუ არასოდეს ჰქონია ხელფასი. მიღებული აქვს მხოლოდ ჰონორარები. არის რამდენიმე პროზაული კრებულის ავტორი და მისი მოთხრობები თარგმნილია უცხო ენებზე. გამოქვეყნებულია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
* * *
– დათო, მახსოვს, თქვენ აქტიურად იყავით ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. თქვენი აზრით, რა შედეგი მოიტანა ეროვნულმა მოძრაობამ?
– კაცობრიობის ისტორიაში არცერთი მოძრაობა არ ჰგავს თევზაობას ან სოკოს კრეფას, რომ საღამოს დაჯდე და შედეგები დათვალო. ნებისმიერი მოძრაობა სულიერი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა და, იმავდროულად, აუცილებლობაცაა სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ამიტომაც ეროვნული მოძრაობის შედეგებს მატერიალისტურად ვერ განსაზღვრავ, მით უმეტეს, ჟურნალის ფურცლებზე.
– ახალგაზრდობისა და თინეიჯერების უმრავლესობას თითქმის აღარ აინტერესებს წიგნი. ისინი უპირატესობას ტელე-რადიო გადაცემებს, ვიდეოს, ინტერნეტს ან ქუჩაში ბირჟაზე დგომას ანიჭებენ. ამას ისინი თავად აღიარებენ მასმედიის საშუალებებით. როგორ ფიქრობთ, ეს კანონზომიერი მოვლენაა თუ რაღაც დაავადება?
– ვერ დაგეთანხმებით, რომ ახალგაზრდებსა და თინეიჯერებს არ აინტერესებთ წიგნი, უფრო მეტიც, მათი მხრიდან საკმაოდ იგრძნობა ინტერესის ზრდა წიგნისა და ლიტერატურისადმი. შემიძლია უამრავი მაგალითის მოყვანა. ინტერნეტით მეც ვსარგებლობ და ამაში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ. უბრალოდ, თუ ვიღაც ვერ მიხვდება, რომ ინტერნეტი ვერასდროს შეცვლის იმ ფენომენს, რასაც წიგნი ჰქვია, სამწუხარო იქნება.
– დათო, რატომაა გავრცელებული ასე მახინჯად უცენზურო სიტყვების გამოყენება ყოფა-ცხოვრებასა თუ საინფორმაციო საშუალებებში? ეს მოდას, დასავლურ ფილმებს თუ დროს დავაბრალოთ? და არის თუ არა ეს დეგრადაციის დასაწყისი?
– „პირველად იყო სიტყვა“ და ნებისმიერი დეგრადაციის ასახვა, რომლითაც საზოგადოება არსებობს, ძალიან სწრაფად ხდება სიტყვასა და მეტყველებაში, მაგრამ იმას, რაც საქართველოში ხდება, ანალოგი არა აქვს მსოფლიოში. არცერთ ქვეყანაში ასეთი მონდომებით არავინ აგინებს საკუთარ დედას. მიზეზების ახსნაც არაა მარტივი და ამ პროცესის განსაზღვრას, შესაძლოა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და დასჭირდეს.
– ალბათ უაზრობაა, ყველანაირი საშინელების თინეიჯერებზე გადაბრალება. ვფიქრობ, ამაში ლომის წილი მამების თაობას უდევს. როგორ ფიქრობთ, სად უშვებენ ისინი, ანუ უფროსები შეცდომას?
– ჩემთვის არსებობს აქსიომა – როცა ორი თაობა კამათობს, დამნაშავე ყოველთვის უფროსი თაობაა და მაშინაც კი, როცა პატარები ცდებიან, დიდებმა უნდა მოსთხოვონ პასუხი საკუთარ თავს.
– საინტერესოა, როგორი მუსიკა მოსწონს დათო ტურაშვილს და რატომ?
– მუსიკას არ ვყოფ ჟანრობრივად, ანუ შესაძლოა კლასიკურთან ერთად მომწონდეს ნებისმიერი მიმართულების ნაწარმოები, თუ ის კარგია. ვერ ვიტყვი, რომ მუსიკა მხოლოდ მომწონს, რადგან მუსიკა ისევე მჭირდება, როგორც წყალი და ჰაერი. წერის დროსაც გამუდმებით ვუსმენ მუსიკას, მაგრამ ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება სიამოვნება მივიღო როგორც მოცარტის, ასევე ნიკ ქეივის მოსმენით. აპრიორულად არ ვზღუდავ ჩემს თავს მუსიკაში იმ დოგმატიკით, რომ მხოლოდ ჯაზია კარგი და რეპი უნდა მძულდეს. საერთოდ, დოგმები არ მიყვარს.
– ჩამოთვალეთ თქვენი საყვარელი უცხოური ჯგუფები და შემსრულებლები, რომელთაც ადრე უსმენდით. დღეს რას (ვის) უსმენთ?
– შესაძლოა მუსიკას ჰქონდეს თავისი ასაკი, მაგრამ არის წიგნი, რომელსაც მერამდენედ (ალბათ, უსასრულოდ) გადაიკითხავ ხოლმე და რამ უნდა შემაცვლევინოს აზრი მოცარტზე, ვერ წარმომიდგენია. ამიტომ მარტივად მოვიქცევი – ჩამოვთვლი მათ, ვისაც სხვადასხვა დროს, ასაკისა თუ განწყობილების მიხედვით ვუსმენდი და, ალბათ, ახლაც მოვუსმენ: ჯენის ჯოპლინი, ჯიმ მორისონი, ჯიმი ჰენდრიქსი, რობერტ პლანტი, როჯერ უოტერსი, სიდ ბარეტი, ლუ რიდი, ნიკ ქეივი, ტომ უეიტსი, ბობ დილანი, ფრენკ ზაპა, მიკ ჯაგერი...
– დათო, რომელი ქართულენოვანი ჯგუფები მოგწონთ და, თქვენი აზრით, არსებობს თუ არა ქართული შოუბიზნესი? თუკი არსებობს, განვითარების რა ეტაპზე (დონეზე) იმყოფება ის?
– რამდენიმე ქართულენოვანი ჯგუფი და შემსრულებელი მომწონს, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან იმათთან შედარებით, ვინც აიკლო ფილარმონია, ტელევიზია და მათ არათუ ვუსმენ, სირცხვილისაგან სად დავიმალო ხოლმე, არ ვიცი. შოუბიზნესს აქვს ერთი დიდი მინუსი – იგი ვითარდება იმის მიხედვით, თუ როგორია მასების მოთხოვნა. მასკულტურას კი ყველგან მუდმივად ემუქრება საშიშროება მაკულატურაში გადაზრდისა.
– არც ერთ მუსიკალურ ინსტრუმენტზე არ ვუკრავ და, აქედან გამომდინარე, არც ვიცი, შემიძლია თუ არა დაკვრა. გიტარაზე ჩხაკუნი და ტამტამზე ტყაპუნი არ ითვლება. რაც შეეხება სიმღერას, როცა ვსვამ, ვმღერი ხოლმე რატი ამაღლობელთან, ლაშა ბუღაძესთან და დათო საყვარელიძესთან ერთად. მეჩვენება, რომ ხელს ვუშლი ხოლმე, მაგრამ თვითონ არ იმჩნევენ.
– მოგწონთ თუ არა ისეთი ჯგუფები და შემსრულებლები, რომელთაც აერთიანებს ტერმინი „ალტერნატივა“? თუ მოგწონთ, შეგიძლიათ ჩამოთვალოთ თქვენთვის საინტერესო შემსრულებლები, მათ შორის ქართველები.
– ალტერნატიულ მუსიკას – დასავლურსაც და სამამულოსაც – საკმაოდ კარგად ვიცნობ. ორი თვის წინ იყო ქართული ალტერნატიული კულტურის დღეები მოსკოვში და ერთ-ერთი კლუბში დავესწარი ირაკლი ჩარკვიანის კონცერტს, რომელმაც გამაოგნა მეც და გააოგნა სხვებიც.
– მსმენია, რომ თქვენ და სახელგანთქმულ ალტერნატიულ ისლანდიელ მომღერალ ქალს ბიორკს (Bjork) საკმაოდ ახლო მეგობრობა გაკავშირებთ. სად და როგორ გაიცანით ის? როგორი პიროვნებაა ბიორკი და ხომ არ აპირებთ მის საქართველოში მოპატიჟებას? მოგვიყევით თქვენი ურთიერთობის შესახებ.
– ბიორკთან საკმაოდ ახლო მეგობრობა ნამდვილად არ მაკავშირებს. მაკავშირებს დიდი და ნამდვილი სიყვარული, რადგან მიმაჩნია, რომ ნამდვილი მოვლენაა. სამი წლის წინ პრაღის უნივერსიტეტში ვკითხულობდი ლექციებს, სადაც ჰყავდათ ორი ქართული ენისა და ლიტერატურის შემსწავლელი ჯგუფი. სტუდენტები იყვნენ არა მარტო ჩეხები, არამედ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულები. მათ შორის იყო ისლანდიელი გოგონა, რომელიც ქართულს იმიტომ სწავლობდა, რომ მადლობა გადაეხადა იმ ქართველი ახვლედიანისთვის (როგორც თვითონ მითხრა), რომელმაც შეისწავლა ისლანდიური ენა და თარგმნა ისლანდიური საგები. პირველივე ლექციაზე ვუთხარი, რომ ავადმყოფურად მიყვარს ბიორკი და ჩემი ბლოკნოტიც კი ვაჩვენე ბიორკის სურათით. მან აბსოლუტურად მშვიდად მიპასუხა, რომ მისი ყოფილი ბოიფრენდი სწორედ იმ ჯგუფში უკრავდა, სადაც სოლო კარიერის დაწყებამდე ბიორკი მღეროდა. ისლანდიაში რომ დავბრუნდები, – რომელიც ჩოხატაურზე პატარაა, – რასაც მეტყვით, ბიორკს იმას გადავცემო. გავატანე ჩემი წიგნი და ცრემლებით დასველებული წერილი. ახლაც ცრემლი მომადგა. ასე დაიწყო ჩემი ახალი დარდი. ამჟამად ბიორკი ლონდონში ცხოვრობს იქ, სადაც ვსწავლობდი და ვწვალობდი. მინდა მის შესახებაც დავწერო წიგნი, თუ შევძელი, რასაკვირველია.
– ე.წ. ცოცხალი მუსიკის მოყვარულებს მიაჩნიათ, რომ მუსიკაში ბევრი ელექტრული ხმები, „ალტერნატივიდან“ ჩამოცილების ნიშანია. თქვენ რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?
– მუსიკალური ალტერნატივის რაობას მხოლოდ ტექნიკური ფაქტორით არ განვსაზღვრავ, მაგრამ ვეთანხმები ნიაზ დიასამიძეს, რომლისგანაც არაერთხელ მომისმენია, რომ კონცერტზე არაცოცხალი შესრულება მსმენელის შეურაცხყოფაა...
– სამწუხაროდ, ჩვენში პოლიტიკური ამინდი ყველაფერს უკავშირდება, თუმცა რაც საქართველოში ხდება, პოლიტიკურ ამინდს კი არა, უამინდობას უფრო დავარქმევდი.
– დათო, როგორ უყურებთ ე.წ. პოპსას და რეპს (ჰიპ-ჰოპს)?
– ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ყველაფერში თავისუფლებაა და მათ შორის მუსიკაშიც. თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ რეპის ენა უნდა არსებობდეს, მეც მოვალე ვარ, რომ სხვის აზრსა და არჩევანს პატივი ვცე. თავისუფლება იმის აუცილებლობაცაა, რომ სხვის თავისუფლებასა და არჩევანს პატივი სცე. თუმცა, პირადად რეპისთვის დრო ნაკლებად მრჩება...
– თქვენი ოჯახის შესახებ...
– მყავს მეუღლე მაკა კეკელიძე და ქალიშვილი ანა-მარიამი.
– რამდენჯერ ყოფილხართ შეყვარებული და თუ შეგიძლიათ გამოყოთ რომელიმე შემთხვევა?
– იმდენჯერ ვყოფილვარ შეყვარებული, რამდენჯერაც ვინმე მომწონებია. ვერც ვიხსენებ წამს, როცა არ ვყოფილვარ შეყვარებული.
– რას ნიშნავს თქვენთვის გამოთქმა „ლამაზი ქალი“?
– ჩემთვის ლამაზი ქალი შეიძლება სიცოცხლის საზომიცაა. როცა აღმოვაჩენ, რომ ლამაზი ქალი აღარ მაღელვებს, ჩავთვლი, რომ მკვდარი ვარ.
– დათო, რას უსურვებთ ჟურნალ „ვარსკვლავებს“ და ქართველ ვარსკვლავებს?
– ბოლოს, მინდა ვიხუმრო იმის გათვალისწინებით, რომ ნებისმიერი ხუმრობა სიმართლის დიდ მარცვალს შეიცავს და ყველას ვუსურვო ის, რაც ყველას გვაკლია – ვიტამინები!
თუ უშნო ხუმრობა გამომივიდა, არ გეწყინოთ. შემიძლია აქვე გამოვასწორო და გისურვოთ ის, რასაც საკუთარ თავს ვუსურვებ – თავისუფლებას!!!
გამოქვეყნდა 2000 წლის 22 ნოემბერს, ჟურნალ „ვარსკვლავებში“



No comments:
Post a Comment